გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.09.2018
საქმის ნომერი
330210018002290470
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/3509-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 სექტემბერი,2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე - სს „-–---------------

წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი

მოპასუხე - ა---–------------------ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ა---–------------------ისათვის 2017 წლის 01 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 1-------) გამომდინარე - 22 973.12 ლარის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა - 19 000 ლარი, პროცენტი - 2 753.12 ლარი, ჯარიმა - 1000 ლარი, აღსრულების ხარჯი - 220 ლარი.

1.2. აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით მოხდეს მოპასუხე ა---–------------------ის საკუთრებაში არსებული გირავნობით დატვირთული ავტომანქანის ( B-----, საიდენტიფიკაციო ნომერი: 5----------------, სახელმწიფო ნომერი - L------) რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, ან გირავნობის საგნის რეალიზაციის მიზნით ვერ იქნება მოძიებული გირავნობის საგანი, აღსრულება მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე;

1.3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

(მოსარჩელემ 2018 წლის 03 სექტემბერს გამართულ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა პირგასამტეხლოს ნაწილში (2017 წლის 01 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება # 1-------) და პირგასამტეხლო ნაცვლად - 6153 ლარისა მოითხოვა - 1000 ლარი. მტკიცებულება: 15.02.2018 წლის სარჩელი, 2018 წლის 03 სექტემბრის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ა---–------------------მა წარმოდგინილი წერილობითი შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით აღნიშნა, რომ სარჩელით მოთხოვნილი საპროცენტი სარგებელი და პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და სარჩელს ცნობდა ნაწილობრივ, მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის ნაწილში.

 

(მტკიცებულება: 07.03.2018 წლის შესაგებელი; 13.09.2018 წლის სასამართლო მთავარი სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „-–--------------ა“ და ა---–------------------ს შორის 2017 წლის 01 სექტემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (# 1-------), მოქმედების ვადა განისაზღვრა 01.03.2018 წელი. კრედიტის თანხა შეადგენდა 19 000 ლარს, პროცენტი განისაზღვრა 48%-ით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0.41% -ით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 01.09.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (# 1-------);

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2017 წლის 01 სექტემბერს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „-–--------------ა“ და ა---–------------------ს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება (#1-------), რომლის საფუძველზე სს „-–----------------ს სასარგებლოდ დაიტვირთა ა---–------------------ის საკუთრებაში არსებული ავტომობილი: M-----, საიდენტიფიკაციო ნომერი: 5----------------, სახელმწიფო ნომერი - L------.

 

სასამართლო ეყრნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01.09.2017 წლის გირავნობის ხელშეკრულება (# 1-------);

- 24.01.2018 წლის სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა (#4----------------);

- 11.10.2017 წლის სს „-–----------------ს ამონაწერი ანგარიშდან - საავტომობილო ლომბარდზე გაწეული ხარჯის - სააღსრულებო მომსახურების საფასურის შესახებ;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე ა---–------------------მა 2017 წლის 01 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკულება პირველად დაარღვია 2017 წლის 02 ოქტომბერს, მოპასუხის დავალიანება (29.01.2018 წლის ცნობა) სს „-–----------------ს წინაშე 2017 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს:

 

· 2017 წლის 01 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 1-------) გამომდინარე - 22 973.12 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 19 000 ლარი, პროცენტი - 2 753.12 ლარი, ჯარიმა - 1000 ლარი, აღსრულების ხარჯი - 220 ლარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, ცნობა დავალიანების შესახებ, ამონაწერები ანგარიშიდან) საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 01.09.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (# 1-------);

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- 01.09.2017 წლის გირავნობის ხელშეკრულება (# 1-------);

- 11.10.2017 წლის სს „-–----------------ს ამონაწერი ანგარიშდან - საავტომობილო ლომბარდზე გაწეული ხარჯის - სააღსრულებო მომსახურების საფასურის შესახებ;

- 29.01.2018 წლის ცნობა დავალიანების შესახებ;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, სს „-–----------------ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. მოპასუხე ა---–------------------ისათვის 2017 წლის 01 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 1-------) გამომდინარე - 22 973.12 ლარის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა - 19 000 ლარი, პროცენტი - 2 753.12 ლარი, ჯარიმა - 1000 ლარი, აღსრულების ხარჯი - 220 ლარი.

 

5.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

5.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

5.3. აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით მოხდეს მოპასუხე ა---–------------------ის საკუთრებაში არსებული გირავნობით დატვირთული ავტომანქანის ( B-----, საიდენტიფიკაციო ნომერი: 5----------------, სახელმწიფო ნომერი - L------) რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, ან გირავნობის საგნის რეალიზაციის მიზნით ვერ იქნება მოძიებული გირავნობის საგანი, აღსრულება მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.

 

5.3.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის თანახმად, რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის.

 

5.3.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

5.3.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

2017 წლის 01 სექტემბრის გირავნობის ხელშეკრულების 7.3 მუხლის შესაბამისად, თუ ბანკის მიერ გირავნობის რეალიზაციის მომენტისთვის გირავნობის საგნის ღირებულება იქნება უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე ნაკლები, აღსრულება მიექცეს დამგირავებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.

 

2017 წლის 01 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულების 3.3 მუხლის შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილია წარადგინოს მოთხოვნა, დაიწყოს იძულებითი აღსრულება უზრუნველყოფის საგანზე და თუ უზრუნველყოფის საგანი ან მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად დასაფარად, ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისაგან ვალდებულების შესრულება მისი ნებისმიერი სხვა ქონებით.

 

5.4. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

სარჩელით სს "-–--------------- ითხოვს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ მხარეთა შეთანხმებას შეიცავს 2017 წლის 01 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ასევე, ხელშეკრულების 11.3 მუხლის თანახმად, ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის 4%-ისა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 844 ლარი.

 

სასამართლო ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის განაწილების წესს. მოსამარჩელემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში, კერძოდ 6153.23 ლარის ნაცვლად, მოითხოვა - 1000 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 154.60 ლარი. მოპასუხემ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე (შესაგებლით) სარჩელი ცნო 19 000 ლარის ფარგლებში (ძირითადი თანხის ნაწილში), მოთხოვნის ან ნაწილში პროპორციული ბაჟი - 570 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ხოლო დარჩენილი თანხის - 119.4 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „-–----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე ა---–------------------ს სს „-–----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 01 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 1-------) გამომდინარე - 22 973.12 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 19 000 ლარი, პროცენტი - 2 753.12 ლარი, ჯარიმა - 1000 ლარი, აღსრულების ხარჯი - 220 ლარი.

3. აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით მოხდეს მოპასუხე ა---–------------------ის საკუთრებაში არსებული გირავნობით დატვირთული ავტომანქანის ( B-----, საიდენტიფიკაციო ნომერი: 5----------------, სახელმწიფო ნომერი - L------) რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, ან გირავნობის საგნის რეალიზაციის მიზნით ვერ იქნება მოძიებული გირავნობის საგანი, აღსრულება მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.

4. დაეკისროს მოპასუხე ა---–------------------ს მოსარჩელე სს „-–----------------ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 119.4 ლარის გადახდა.

5. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „-–--------------“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 724.6 ლარი, რაც სს „-–----------------ს 3--------- წლის №5--------- საგადასახდო დავალებით, ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, ანგარიშზე 300773150.

6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში საჩივრდება კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კლეგიის მეშვეობით გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე