გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.08.2018
საქმის ნომერი
330210017001980915
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/16620-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

3 აგვისტო, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

მოსარჩელე - თ---------- ღ-------–---–ი

წარმომადგენელი - მ-----– გ-------ი

მოპასუხეები - ქ------- ლ---–---–ი, ვ-------- კ-------ე

წარმომადგენელი - მ----- ჭ-----ე

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებისათვის 20 200,00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის (48 643,60 ლარი, სარჩელის შეტანის მდგომარეობით) პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება, (24 321,00 ლარი პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება თითოეულისათვის).

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 2014 წლის 5 მარტს გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ კუთვნილი შპს „პ-----ოს“ საწესდებო კაპი----–ის 50% წილიდან 25% წილი მიჰყიდა ქ------- ლ---–---–ს, ხოლო 25% - ვ-------- კ-------ეს, წილის შემსყიდველების მიერ 2016 წლის 31 დეკემბრამდე 200 000,00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის პირობით.

 

2014 წლის 6 მარტს მოსარჩელის კუთვნილი წილი გადავიდა მოპასუხეთა საკუთრებაში. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის ფასის გადაცემის შესახებ უნდა შემდგარიყო სანოტარო წესით დამოწმებული აქტი, თუმცა ასეთი დოკუმენტი არ არსებობს, ვინაიდან მოპასუხეებს თანხა საერთოდ არ გადაუხდიათ.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო მთლიანი თანხის 10%, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. გარდა ამისა, ვადის გადაცილების შემთხვევაში მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,01%, რაც შეადგენს 20 აშშ დოლარს თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2017 წლის 10 იანვარს პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მყიდველებმა თ---------- ღ-------–---–ს 50% წილი დაუბრუნეს, თუმცა მათ პირგასამტეხლო არ გადაუხდიათ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ მოპასუხეებს ორგანიზაციიდან რაიმე სარგებელი არ მიუღიათ, ხოლო წილი მოსარჩელეს მათ დააბრუნეს 2016 წლის თებერვალში. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს ნასყიდობის საფასურიდან, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით და არა ამჟამინდელი კურსით, რამდენადაც კურსის ცვალებადობაზე საფასური ხელშეკრულების მიხედვით დამოკიდებული არ არის. ამასთან, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 5 მარტს გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით, ერთის მხრივ, შპს „პ-----ოს“ დამფუძნებელ პარტნიორს თ---------- ღ-------–---–სა და ფიზიკურ პირებს ქ------- ლ---–---–სა და ვ-------- კ-------ეს შორის. რომლის თანახმად, თ---------- ღ-------–---–მა მისი კუთვნილი საზოგადოების საწესდებო კაპი----–ის 50% წილიდან 25%-იანი წილი მიჰყიდა ქ------- ლ---–---–ს, ხოლო 25%-იანი წილი - ვ-------- კ-------ეს.

 

წილების მესაკუთრედ მეწარმეთა რეესტრში აღირიცხნენ მყიდველები ქ------- ლ---–---–სა და ვ-------- კ-------ე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 31-33).

ხელშეკრულება (ს.ფ. 44-49).

2014 წლის 06 მარტის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ . 50-51).

 

3.1.2. ხელშეკრულების თანახმად, წილების ფასი გადახდის განვადებით შეადგენდა 200 000,00 აშშ დოლარს, აღნიშნულ თანხას მყიდველები გადაიხდიდნენ არაუგვიანეს 2016 წლის 31 დეკემბრისა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 31-33).

ხელშეკრულება (ს.ფ. 44-49).

 

3.1.3. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე.

 

მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ყოველი მხარე ვალდებული იქნებოდა დაებრუნებინა, ის რაც ამ ხელშეკრულებით მიიღეს. ვალდებულების დამრღვევ მხარეს კონტრაჰენტის სასარგებლოდ ასევე გადახდებოდა პირგასამტეხლო, რაც შეადგენდა ერთჯერადად გადასახდელი თანხის 10%-ს.

 

ამასთან, ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველების მიერ ვადის გადაცილების შემთხვევაში, მყიდველებს დაერიცხებოდათ პირგასამტეხლო ხელშეკრულებით განსაზღვრული გადაუხდელი თანხის 0,01%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის სრულად გადახდამდე ან ამ ხელშეკრულებით მიღებული წილების უკან გადაცემამდე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 31-33).

ხელშეკრულება (ს.ფ. 44-49).

 

3.1.4. მყიდველებმა გამყიდველს თ---------- ღ-------–---–ს დაუბრუნეს ნასყიდობის საგანი საკუთრებაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 11 იანვრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ . 52-53).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მყიდველებმა დაარღვიეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რაც გამყიდველს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოუშობს.

 

მხარეთა შორის სადავო არ არის გარემოება, რომ ნასყიდობის საფასური, ფულადი თანხის სახით, მყიდველებს არ გადაუხდიათ.

 

მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ ნასყიდობის საფასური ანაზღაურებული იქნა შპს „ი----–-“-ის 5%-იანი წილის მოსარჩელეზე გადაცემით. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ყოფილა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების (რომელზედაც საუბარია უდავო ფაქტობრივ გარემოებებში) პირობა, რამდენადაც მოპასუხეები შესაგებელს ამყარებენ ამ გარემოებაზე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნა იმსჯელოს აღნიშნულთან დაკავშირებით.

 

მოპასუხე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 27 იანვრისა და 2016 წლის 02 დეკემბრის ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ი----– +“-ის თაობაზე (ს.ფ. 100-103). ასევე წარმოდგენილია სამეწარმეო საზოგადოების კაპი----–ში წილის გასხვისების თაობაზე 2014 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულებები (იხ. ს.ფ. 104-110). სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად შპს „ი----– +“-ის 5%-იანი წილის მყიდველს წარმოადგენს არა მოსარჩელე თ---------- ღ-------–---–ი, არამედ გიორგი ქოიავა. ასევე ამონაწერებით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 100-103) შპს „ი----– +“-ის პარტნიორად ირიცხება არა მოსარჩელე თ---------- ღ-------–---–ი, არამედ გიორგი ქოიავა. სამართლებრივი კავშირი აღნიშნულ პირებს შორის წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება. შესაბამისად, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს დაედასტურებინათ, რომ მათ ნასყიდობის თანხის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელეს გადასცეს შპს „ი----– +“-ის 5%-იანი წილი.

 

ამდენად, სსსკ-ის 102-ე და მე-4 მუხლების მოქმედების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მყიდველებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე წილის საფასურის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 508-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლის მიხედვით, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში. ამავე კოდექსის 506-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ჩვეულებრივი ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავდება იმით, რომ განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია, გადასცეს მყიდველს ნივთი ფასის გადახდამდე, ხოლო შემდგომ კი მყიდველის მიერ ფასის გადახდა უნდა მოხდეს ნაწილ-ნაწილ. ამდენად, განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მყიდველი ნივთის მესაკუთრე ხდება ხელშეკრულების დადებისთანავე, თუმცა მას გადახდილი აქვს ნივთის ფასის მხოლოდ ნაწილი. განვადებით ნასყიდობა, ისევე როგორც ნასყიდობის ხელშეკრულება კონსესუალურია, იგი დადებულად ითვლება მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების მიღწევის მომენტიდან და მისი ძალაში შესვლა არ არის დაკავშირებული ნასყიდობის საგნის რეალურად გადაცემასთან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა გადახდის განვადებით წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, თ---------- ღ-------–---–მა ქ------- ლ---–---–სა და ვ-------- კ-------ეს მიჰყიდა შპს „პ-----ოს“ წილები, ჯამში 50%.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ წილების მესაკუთრედ მეწარმეთა რეესტრში აღირიცხნენ მყიდველები ქ------- ლ---–---–სა და ვ-------- კ-------ე.

 

შესაბამისად, გამყიდველის მიერ სსკ-ის 477-ე მუხლით დადგენილი, ნივთის გადაცემის ვალდებულება შესრულებული იქნა, რის საფუძველზეც მყიდველს წარმოეშვა თანხის გადახდის ვალდებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნასყიდობის ფასის გადახდა მხარეებმა განავადეს შეთანხმებით, ამასთან, მყიდველებს თანხა, მათ შორის არც ნაწილობრივ, არ გადაუხდიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 508-ე მუხლი განსაზღვრავს განვადებით ნასყიდობის დროს ვალდებულების შეუსრულებლობისას ორმხრივი რესტიტუციის შემთხვევას. სსკ-ის 508-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველი იტოვებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევისათვის, როცა მყიდველი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, უარის თქმისას ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მყიდველებმა გამყიდველს დაუბრუნეს წილები, რომლებიც მიიღეს ხელშეკრულებით.

 

მოსარჩელე წინამდებარე სარჩელით ითხოვს ვალდებულების დარღვევისათვის მოპასუხეებისათვის პირგასამტეხლოს 20 200,00 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო დამრღვევ მხარეს უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს, როგორც ფიქსირებულს, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დასარიცხს, ხელშეკრულებით მიღებული წილების უკან გადაცემამდე. დადგენილია მყიდველების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,01% და ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო 10%, ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს თითოეული მოპასუხისათვის 2000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში ღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 288,96 ლარის ანაზღაურება, დაკმაყოფილებული მოთხოვნის (4000 აშშ დოლარის შესაბამისად), ხოლო დანარჩენი (1170,34 ლარი) ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 384 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება, იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. თ---------- ღ-------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. ვ-------- კ-------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.

 

3. ქ------- ლ---–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.

 

4. ვ-------- კ-------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 144,48 ლარის ანაზღაურება.

 

5. ქ------- ლ---–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 144,48 ლარის ანაზღაურება.

 

6. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ იურიდიული მომსახურების ხარჯის 384 ლარის ანაზღაურება.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე