გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.09.2018
საქმის ნომერი
330310016001401950
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/4545-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

 

მოსარჩელე - გ--------ი რ------ი

წარმომადგენელი - კ--- კ------

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - მ-----ა ი--–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 20 მაისის №1----------- გადაწყვეტილება ,,გ--------ი რ------ის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე;

 

1.2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლბრივი აქტი - წარდგინება გ--------ი რ------ისათვის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 29 იანვრის N39 ბრძანებულებით ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გ--------ი რ------ს, დაბადებულს 1--- წლის 12 თებერვალს საქართველოში, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ,,საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 29 იანვრის N39 ბრძანებულება (ს.ფ. 87);

 

3.2. 2015 წლის 07 აპრილს გ-------- რ------მა N1--------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის და მიგრაციის სამსახურს და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 15 აპრილის N1--------- გადაწყვეტილებით გ-------– რ------ს დაევალა წარედგინა ცნობა შესაბამისი ორგანოებიდან, რომ არ ითვლებოდა და არც არასდროს ითვლებოდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქედ. გ-------– რ------ს ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის წარსადგენად განესაზღვრა ვადა - 2015 წლის 5 მაისამდე ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტის დადგენილ ვადაში წარუდენლობის შემთხვევაში განცხადება დატოვებული იქნებოდა განუხილველად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილი იქნა შვეიცარიის საელჩოს საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთან სექციის 2014 წლის 6 ნოემბრის N4----კს ცნობა, რომლის თანახმად გ--------ი რ------ი (დაბადებული 12.02.1---წ.) არ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა დადგენილი წესით არ მიუღია რფ-ის 2--------- წლის ,,რფ-ის მოქალაქეობის შესახებ’’ კანონისა და 31.05.2002 წლის N62-ფზ ,,რფ-ის მოქალაქეობის შესახებ’’ კანონის თანახმად.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2015 წლის 07 მაისს მიღებულ იქნა N1---------/1 გადაწყვეტილება გ--------ი რ------ის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

 

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გ--------ი რ------ის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 7 მაისის N1---------/1 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (დასკვნა) გამოცემა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შესახებ გ-------- რ------ის განცხადებასთან დაკავშირებით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 15 აპრილის N1--------- გადაწყვეტილება (სფ 94-95)

-შვეიცარიის საელჩოს საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთან სექციის 2014 წლის 6 ნოემბრის N4----კს ცნობა (ს.ფ. 84-86);

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 07 მაისის N1---------/1 გადაწყვეტილება (ს.ფ. 96-97);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 106-118);

 

3.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ხელახლა განიხილა 2015 წლის 07 აპრილის N1--------- განცხადება გ--------ი რ------ის (დაბ: 12.02.1---წ. ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების თაობაზე.

 

ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2016 წლის 9 თებერვლის წერილით გ-------– რ------ს დაავალა რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ დადასტურებული ინფორმაციის წარდგენა, გ-------– რ------ი იყო თუ არა როდესმე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე გაიცა გ-------– რ------ზე რუსეთის ფედერაციის პასპორტი N7-------4. გ-------– რ------ს ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის წარსადგენად განესაზღვრა ვადა - 2016 წლის 2 მაისამდე.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილი იქნა განცხადება, რომლითაც განუმარტა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ სხვა დოკუმენტის წარდგენა, გარდა უკვე წარდგენილი შვეიცარიის საელჩოს საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთან სექციის 2014 წლის 6 ნოემბრის N4----კს ცნობისა არ შეეძლო; ამასთან მიუთითა, რომ თანახმა იყო გამოეთხოვათ გ-------– რ------ის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი ორგანოებიდან და მოთხოვნის შემთხვევაში მზად იყო წარედგინა თანხმობა შესაბამისი ფორმით;

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის და მიგრაციის სამსახურის უფროსმა 2016 წლის 04 მაისს N0-------- წერილით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სადაც ითხოვა რუსეთის ფედერაციის კომპეტენტურ ორგანოებთან შუამდგომლობა და ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, გ--------ი რ------ი ითვლებოდა თუ არა ოდესმე რუსეთის ფედერაციის მოქალაქედ, ფლობდა თუ არა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას გ--------ი კ----–---ის ძე რ------ი (დაბ.: 12.02.1--- წ.), ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე გაიცა გ--------ი რ------ზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი N7---------.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 20 მაისს მიღებულ იქნა №1----------- გადაწყვეტილება ,,გ--------ი რ------ის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე;

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის 2016 წლის 30 მაისის N0------- წერილით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს წარედგინა რუსეთის ფედერაციის N2---/კდ ნოტის ასლი, რომლის თანახმად ,,რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ’’ 2002 წლის 31 მაისის ფედერალური კანონის 30-ე, 31-ე და 32-ე მუხლების, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2002 წლის 14 ნოემბრის N1325 ბრძანებულებით დამტკიცებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის საკითხების განხილვის წესის შესახებ დებულების 51-ე, 52-ე პუნქტების შესაბამისად, განცხადება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების ფედერაციის მოქალაქეობის ქონა/ არქონის შემოწმების შესახებ უნდა იყოს წარდგენილი თავად ამ პირების მიერ ფედერალური მიგრაციის სამსახურის ორგანოებში. რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ მუდმივად მცხოვრებ პირებს ამ საკითხებთან დაკავშირებით შეუძლიათ მიმართონ რუსეთის ფედერაციის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს. ამასთან დაკავშირებით ნოტაში მითითებულ პირებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობისადმი კუთვნილების/არკუთვნილების შესახებ ცნობების მისაღებად, საჭიროა დადგენილი წესით მიმართონ რუსეთის ფედერაციის კომპეტენტურ ორგანოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2016 წლის 9 თებერვლის წერილი (სფ 128-130)

- გ-------– რ------ის განცხადება (სფ 133-134)

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის და მიგრაციის სამსახურის უფროსმა 2016 წლის 04 მაისს N0-------- წერილი (ს.ფ. 135);

-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის 2016 წლის 30 მაისის N0------- პასუხი (ს.ფ. 140);

- რუსეთის ფედერაციის N2---/კდ ნოტი (ს.ფ 104);

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 20 მაისის N1----------- გადაწყვეტილება (ს.ფ.21-22);

 

3.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 დეკემბრის საოქმო განჩინებით შვეიცარიის საელჩო საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია გ--------ი კ----–---ის ძე რ------ი (დაბ: 12.02.1--- წ.) ითვლება თუ არა, ან ითვლებოდა თუ არა ოდესმე რუსეთის ფედერაციის მოქალაქედ და შვეიცარიის საელჩო საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იმის შესახებ გ--------ი კ----–---ის ძე რ------ი (დაბ: 12.02.1--- წ.) ფლობდა თუ არა ოდესმე რუსეთის ფედერაციის პასპორტს.

 

შვეიცარიის საელჩო საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია საკონსულო სამსახურის 2018 წლის 01 თებერვლის N2--/კს პასუხის თანახმად, რუსეთის ფედერაციის 2006 წლის 27 ივლისის N152-ფზ „ფერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ფედერალური კანონის მიზანს წარმოადგენს ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას. აღნიშნული ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა სუბიქეტის თანხმობის გარეშე პერსონალური მონაცემების გავრცელება წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო აქტს. ამასთან დაკავშირებით გ--------ი კ----–--- ძე რ------ს აუცილებლად უნდა მიემართა უშუალოდ ინტერესთა სექციის საკონსულო სამსახურისთვის რუსეთის მოქალაქეობის კუთვნილებასთან დაკავშირებით და რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტით დოკუმენტირების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

 

2018 წლის 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (რეგ. N2------) განცხადებით მომართა გ-------– რ------მა და შვეიცარიის საელჩო საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია საკონსულო სამსახურის 2018 წლის 01 თებერვლის N2--/კს მომართვის პასუხად, თანხმობა განაცხადა შესაბამისი ორგანოს გაეცა მისი პერსონალური ინფორმაცია მოქალაქეობის შესახებ.

 

აღნიშნულის საფუძველზე შვეიცარიის საელჩო საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია საკონსულო განყოფილების მიერ 2018 წლის 17 მაისს N1--- წარმოდგენილ იქნა ცნობა, რომლის თანახმად გ--------ი კ----–--- ძე რ------ი დაბ. 12.02.1--- არ არის და არასდროს არ ყოფილა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 დეკემბრის საოქმო განჩინება (ს.ფ.214-216);

- შვეიცარიის საელჩო საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია საკონსულო სამსახურის 2018 წლის 01 თებერვლის N2--/კს პასუხი (ს.ფ 231-236);

- გ-------- რ------ის 2018 წლის 29 მარტის N2------ განცხადება (ს.ფ. 242);

- შვეიცარიის საელჩო საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია საკონსულო განყოფილების 2018 წლის 17 მაისის N1--- ცნობა (ს.ფ. 248-252);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ--------ი რ------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს კონსტიტუცია;

5.2. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

5.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

5.4. საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულება”;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 20 მაისის №1----------- გადაწყვეტილება ,,გ--------ი რ------ის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხის მიმართ კერძოდ - გ--------ი რ------ისათვის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ.

 

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნა, რომელიც დამოუკიდებლად წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. იგი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოქალაქეობა ნიშნავს პირის პოლიტიკურ სამართლებრივ კავშირს საქართველოს სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობათა ერთიანობით, ემყარება ადამიანის ღირსების პატივისცემას, მისი უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა ამ პუნქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

თავის მხრივ, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს.

 

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით და ბ) ნატურალიზაციით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნატურალიზაციის სახეებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება; გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება; დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.

 

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე დასკვნის მომზადებას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევით, რაც დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას წარმოადგენს. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად სააგენტოს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულება’’ მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით სააგენტოს მოტივირებული დასკვნა პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობის შესახებ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულება’’ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასა და შეწყვეტას და განსაზღვრავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდეგში – კანონი) შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა (საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, გამარტივებული წესით მინიჭება, საგამონაკლისო წესით მინიჭება, აღდგენის წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა) და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის (საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა), აგრეთვე საპატიო მოქალაქეობის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის, მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების, მათი კონტროლისა და მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოების წესებს.

 

მოცემული დებულების მე-5 მუხლის საფუძველზე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს, გარდა საქართველოს იმ მოქალაქისა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა, შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 29 იანვრის N39 ბრძანებულებით ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაბადებულს 1--- წლის 12 თებერვალს, საქართველოში, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 07 აპრილს გ-------- რ------მა N1--------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის და მიგრაციის სამსახურს და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 15 აპრილის N1--------- გადაწყვეტილებით გ-------- რ------ს დაევალა წარედგინა ცნობა შესაბამისი ორგანოებიდან, რომ არ ითვლებოდა და არც არასდროს ითვლებოდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქედ. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილი იქნა შვეიცარიის საელჩოს საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთან სექციის 2014 წლის 6 ნოემბრის N4----კს ცნობა, რომლის თანახმად გ--------ი რ------ი (დაბადებული 12.02.1---წ.) არ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა დადგენილი წესით არ მიუღია რფ-ის 2--------- წლის ,,რფ-ის მოქალაქეობის შესახებ’’ კანონისა და 31.05.2002 წლის N62-ფზ ,,რფ-ის მოქალაქეობის შესახებ’’ კანონის თანახმად.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 7 მაისის N1---------/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და შესაბამისი მითითების მიუხედავად, სადავო 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ისევ განუხილველად იქნა დატოვებული გ-------- რ------ის განცხადება, ისევ შესაბამისი ცნობის წაუდგენლობის გამო. განცხადების განუხილველად დატოვების საფუძვლად მითითებულია განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტის წარუდგენლობის გამო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლი.

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. აღნიშნული დანაწესის კონკრეტულ გამოხატულებას წარმოადგენს ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების მე-13 მუხლის მეორე პუნქტი, რომლის თანახმად, თუ სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

მითითებული ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაინტერესებული პირის განცხადების განუხილველად დატოვების უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობა დაკავშირებულია არამხოლოდ დადგენილ ვადაში დოკუმენტი/ინფორმაციის წარუდგენლობასთან, არამედ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტის ან ინფორმაციის შესაბამისობის დადგენასთან. მოცემულ შემთხვევაში ვერ დგინდება, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია სწორედ ამგვარი შესაბამისობის დადგენის შედეგად.

 

სასამართლო აღნიშნას, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სადავო გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ განსაზღვრულ ვადაში გ-------– რ------მა ვერ უზრუნველყო არამართლზომიერად მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლის წარდგენა, ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის თაობაზე და ცნობა შესაბამისი ორგანოებიდან, რომ გ-------- რ------ი არასდროს არ ითვლებოდა რუსეთი ფედერაციის მოქალაქედ. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ გ-------- რ------მა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს წაუდგინა შვეიცარიის საელჩოს საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთან სექციის 2014 წლის 6 ნოემბრის N4----კს ცნობა, თუმცა ადმინისტრაციული ორგანომ საკითხის ფორმალური მიდგომით, ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე ისევ დატოვა განცხადება განუხილველი, რომ განმცხადებლისათვის კვლავ გაუგებარი დარჩა კიდევ რისი წარდგენის ვალდებულება ჰქონდა მას, როდესაც მის მიერ წარდგენილ იქნა სწორედ იმ ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილი იყო დაედასტურებინა მოსარჩელის რუსეთის ფედერაციისადმი კუთვნილების საკითხი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სხვა საშუალება აღარ გააჩნდა დამატებით წარდეგინა სააგენტოში რაიმე მტკიცებულება გარდა მოცემული ცნობისა.

 

ადმინისტრაციული წარმოები პროცესში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის და მიგრაციის სამსახურის უფროსმა 2016 წლის 04 მაისს N0-------- წერილით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სადაც ითხოვა რუსეთის ფედერაციის კომპეტენტურ ორგანოებთან შუამდგომლობა და ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, გ--------ი რ------ი ითვლებოდა თუ არა ოდესმე რუსეთის ფედერაციის მოქალაქედ, ფლობდა თუ არა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას გ--------ი კ----–---ის ძე რ------ი (დაბ.: 12.02.1--- წ.), ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე გაიცა გ--------ი რ------ზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი N7---------. აღნიშნულის შემდგომ სააგენტომ ისე, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი არ მიუღია პირდაპირ გამოსცა სადავო ინდივიდუალური აქტი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 20 მაისის №1----------- გადაწყვეტილება ,,გ--------ი რ------ის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე;

 

სასამართლო ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობას გ-------- რ------ის მხრიდან მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო სადავო გადაწყვეტილების მიღებისას უფლებამოსილი იყო ემსჯელა არა დადგენილ ვადაში დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის საფუძვლით განცხადების განუხილველად დატოვებაზე, არამედ წარდგენილი დოკუმენტაციის შინაარსობრივი შემოწმებისა და დაინტერესებული პირის მოთხოვნასთან მათი შესაბამისობის დადგენით საკითხის გადაწყვეტაზე.

 

6.4. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 7 მაისის N1---------/1 გადაწყვეტილება გ-------- რ------ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. მიუხედავად სასამართლოს მითითებისა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიიღი იგივე გადაწყვეტილება და იმავე საფუძვლით დატოვა განუხილველად გ-------- რ------ის განცხადება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სასამართლო აქტების სავალდებულოობასთან დაკავშირებით სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია მიუთითოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე, ადმინისტრაციულ საქმეზე№ბს-110-103(2კ-13). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული ქტის გამოცემის მეშვეობით. სასამართლოს განმარტებით, ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება, არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათი გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული.

 

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნულის უგულებელყოფა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების არსებით დარღვევად, არამედ, ამავდროულად როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის არაღსრულება, რაც სასამართლო აქტების სავალდებულობის შესახებ კონსტიტუციური დანაწესის იგნორირებას ნიშნავს.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას შეეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არცერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი).

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები კი რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 20 მაისის №1----------- გადაწყვეტილება. ამათან სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, არსებითად გადაწყვიტოს სადავო საკითხი, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მომზადება წარმოადგენს სააგენტოს უფლებამოსილებას, მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციულ ორგანოს ფაქტობრივად ადმინისტრაციულ წარმოება არ ჩაუტარებია და გ-------- რ------ის განცხადებაზე არსებითად არ უმსჯელია. სწორედ ამიტომ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს უნდა დაევალოს გ-------- რ------ის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ განცხადებაზე არსებითად მსჯელობა; ამასთან, საკითხის არსებითად განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალსიწინოს ის გარემოება, სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შვეიცარიის საელჩო საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია საკონსულო განყოფილების მიერ 2018 წლის 17 მაისს N1--- წარმოდგენილ იქნა ცნობა, რომლის თანახმად გ--------ი კ----–--- ძე რ------ი დაბ. 12.02.1--- არ არის და არასდროს არ ყოფილა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. ამ გარემოების შეფასების შემდეგ, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს ხომ არ არსებობს მოქალაქეობის აღდგენის სამართლებრივი საფუძველი;

 

6.6. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის გ-------- რ------ისათვის მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების თაობაზე დასკვნის მომზადების დავალების ნაწილში, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსთვის განცხადების განხილვის დავალება, გულისხმობს სწორედ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას, რაც ამ ეტაპზე გამორიცხავს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ-------- რ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2016 წლის 20 მაისის N1----------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს დაევალოს გ-------- რ------ის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ განცხადებაზე არსებითად მსჯელობა;

 

3 .მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს დაეკისროს გ-------- რ------ის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე