გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.08.2018
საქმის ნომერი
330210017002219571
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/------17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 აგვისტო, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

მოსარჩელე - თ----- ლ----ე

მოპასუხე- ნ----ა კ------–-–--ლი

წარმომადგენელი - ვ----– მ-----–-–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ნ----ა კ------–-–--ლისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 1--- ლარის გადახდის დაკისრება.

 

1.2. მოპასუხე ნ----ა კ------–-–--ლისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 1--- ლარისა და ყოველთვიური პროცენტის 15 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ მან ნ----ა კ------–-–--ლს სესხის სახით გადასცა 400 აშშ დოლარი და 500 ლარი, რომელიც მოპასუხემ არ დაუბრუნა. მოსარჩელის განმარტებით ეს თანხები სხვისგან ჰქონდა ნასესხები და მათი გასტუმრების მიზნით ლომბარდში დაალომბარდა მამიდაშვილის ოქროს ნივთები და აიღო 600 აშშ დოლარი, რომლის პროცენტსაც დღემდე იხდის. მოპასუხე იყო მისი მეგობარი, ამიტომ ენდობოდა და სესხის თაობაზე წერილობითი შეთანხმება არ დადებულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი, არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ გარემოებებს და განმარტა, რომ არანაირი ვალი არ გააჩნია მოსარჩელის მიმართ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ დგინდება თ----- ლ----ესა და ნ----ა კ------–-–--ლს შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად - სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით სესხის ხელშეკრულება დაიდო ზეპირი ფორმით, რასაც ადასტურებს სატელეფონო მიმოწერის მასალებით. მოპასუხემ სადაოდ გახადა სესხის მიღების ფაქტი, ასევე არ დაადასტურა წარმოდგენილი სატელეფონო მიმოწერის ნამდვილობა. ამდენად, მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება სათანადო მტკიცებულებით, რის გამოც მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება სსკ 624-ე მუხლის დანაწესს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის პირველი ნაწილით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო 625-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი ადგენს, რომ მხარეებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ მათი შინაარსი და დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ შეუძლიათ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ხელშეკრულების ნამდვილობის პირობებს, ანუ იმ დროს, საიდანაც ხელშეკრულება ითვლება დადებულად და მხარეებს წარმოეშობათ უფლებები და მოვალეობები. მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების დადების მომენტის განსაზღვრას, რადგან სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშობათ მხარეებს სახელშეკრულებო უფლებები და იბოჭებიან ნაკისრი ვალდებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის, თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მუხლის აღნიშნული ნაწილი ადგენს ხელშეკრულების ნამდვილობის მხოლოდ ორ პირობას — მხარეთა შეთანხმებას არსებით პირობებზე და მოთხოვნილი ფორმის დაცვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად - სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ 624-ე მუხლი ადგენს სესხის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადების შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნული ნორმა ასევე აწესებს გარკვეულ სტანდარტს სადავოობისას სასესხო ურთიერთობის ნამდვილობის დადასტურების თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმის თანახმად - ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამდენად, ზეპირ სასესხო ურთიერთობაში შესვლით გამსესხებელი სწევს რისკს, რაც სადავოობის შემთხვევაში მის საზიანოდ მოქმედებს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ (გამსესხებელმა) სწორედ ასეთი რისკი გასწია და ვერ შეძლო სასამართლოში სასესხო ურთიერთობის დადასტურება. ის მტკიცებულებები, რაც წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ არარელევანტურია მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დასადასტურებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოპასუხეს არ ეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. თ----- ლ----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე