გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/19082-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ხათუნა ბუცხრიკიძე
მოსარჩელე - შპს „ს---–--“
წარმომადგენელი - ს-------- შ-------–---–ი
მოპასუხე - მ--- ვ------–---–ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე მ--- ვ------–---–ს მოსარჩელე შპს „ს---–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 5153.85 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 3000 ლარს, პროცენტი - 715.61 ლარს, პირგასამტეხლო - 1438.24 ლარს.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს „ს---–--სა“ და მ--- ვ------–---–ს შორის 2018 წლის 18 იანვარს ელექტრონული ფორმით დაიდო N1------1 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მ--- ვ------–---–ს გადაეცა სესხი 3000 ლარი შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 365 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 71.2%, სესხის დაფარვა გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები - 355.28 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მსესხებლის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 17 თებერვალს, გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შენატანის თანხები გადახდილ არ იქნა. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მსესხებელი დღემდე არ ასრულებს ნაკირს ვალდებულებებს.
2018 წლის 06 ივნისის მდგომარეობით მსესხებლის ფულადი ვალდებულება შეადგენს 5153.85 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3000 ლარი, პროცენტი -715.61 ლარი, პირგასამტეხლო - 1438.24 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 შპს „ს---–--სა“ და მ--- ვ------–---–ს შორის 2018 წლის 18 იანვარს ელექტრონული ფორმით დაიდო N1------1 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მ--- ვ------–---–ზე გაიცა სესხი 3000 ლარი შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 365 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 71.2%, სესხის დაფარვა გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები - 355.28 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- N1------1 ხელშეკრულება;
3.1.2 შპს „ს---–--ს“ მიერ 2018 წლის 18 იანვრის ხელშეკრულებით გაცემული კრედიტის თანხა მსესხებელმა აითვისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საგადახდო ისტორია.
3.1.3. მსესხებელმა საკრედიტო ვალდებულებები დაარღვია და 2018 წლის 17 თებერვლის შემდგომ გადახდები აღარ განუხორციელებია.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. 2018 წლის 18 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 5153.85 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3000 ლარი, პროცენტი -715.61 ლარი, პირგასამტეხლო - 1438.24 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა.
2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „ს---–--ს“ მიერ 2018 წლის 18 იანვრის ხელშეკრულება შეწყდა ვადამდე - 26.06.2018 წელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არ დგინდება სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებული საბანკო კრედიტის ვადამდე შეწყვეტის პირობები (გადახდის ვადის ზედიზედ ორჯერ გადაცილების შემდგომ მოვალის გაფრთხილება და ორკვირიანი ვადის მიცემა). შესაბამისი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი და არც მხარეები მიუთითებენ ამ გარემოებაზე. მოსარჩელე ზოგადად განმარტავს, რომ მოპასუხემ დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვადა. სარჩელის წარდგენის გზით მოსარჩელემ ცალსახად გამოავლინა ნება, შეეწყვიტა ხელშეკრულება, ხოლო მოპასუხე არ არის თანახმა, დავალიანების დაფარვაზე, სასამართლო ხელშეკრულებას შეწყვეტილად მიიჩნევს 26.06.2018 წლიდან - სარჩელის სასამართლოში აღძვრის მომენტიდან. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოყვება. მოცემულ შემთხვევაში, მ--- ვ------–---–ი სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზეც უარს აცხადებს დავალიანების დაფარვაზე და ეთანხმება მხოლოდ სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდას, ამდენად, აშკარაა, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრა შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ს---–--ს“ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 411-ე, 412-ე, 408-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.
დადგენილია, რომ შპს „ს---–--ს“ და მ--- ვ------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, შპს „ს---–--მ“ იკისრა ვალდებულება კლიენტის სასარგებლოდ გაეცა საკრედიტო თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო თავის მხრივ - მ--- ვ------–---–მა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, კერძოდ, განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ Nას-1560-1463-2012).
2018 წლის 18 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა გადახდის ვადის გადაცილებისათვის შეადგენს 1438.24 ლარს.
სასამართლო, დარღვეული ვალდებულების მოცულობის, ასევე ვადაგადაცილების პერიოდის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ 2018 წლის 18 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა 350 ლარამდე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
2018 წლის 18 იანვრის ხელშეკრულების 13.2 პუნქტის თანახმად, მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით, რაც შესაბამისად წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, შპს „ს---–--ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 111,46 ლარი, მოპასუხე მ--- ვ------–---–ს კი შპს „ს---–--ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 10,5 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე, 268-ე, 270-ე, 414-416 მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ს---–--ს“ სარჩელი მოპასუხე მ--- ვ------–---–ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მ--- ვ------–---–ს შპს „ს---–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 4065,61 ლარის გადახდა საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3000 ლარი, პროცენტი - 715,61 ლარი, პირგასამტეხლო - 350 ლარი.
3. დანარჩენ ნაწილში შპს „ს---–--ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ს---–--ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 111,46 ლარი, რომელიც გადახდილი იქნა სს „თ----- ბ-----“ 19.06.2018 წლის N--- საგადასახადო დავალებით შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბ----- კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300 773 150;
5. მ--- ვ------–---–ს შპს „ს---–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 10,5 ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილებაზე შესაძლებელია კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
10. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანა დაიშვება, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია