გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.08.2018
საქმის ნომერი
330210017002218205
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
29.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/35427-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე სს ”თ-----------”

წარმომადგენელი ლო-–-----–---

მოპასუხე ოქ---------–---------

დავის საგანი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე

დავალიანების გადახდევინება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნაა:

 

მოპასუხე ო----------–-----ოვს მოსარჩელე სს ”თ-----------ს” სასარგებლოდ დაეკისროს:

 

1.1. 2012 წლის 30 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 5003.93 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 2487.13 ლარი, პროცენტი - 472.45 ლარი, ჯარიმა- 2000 ლარი და დაზღვევა 44.35 ლარი;

1.2. 2017 წლის 8 სექტემბრიდან საბანკო კრედიტის 2012 წლის 30 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 2487.13 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 24.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 50.77 ლარს.

სს „თ-----------’’ და ო----------–-----ოვს შორის 2012 წლის 30 მარტს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებლზე გაიცა კრედიტი 3920 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24.5%-ით, კრედიტის ვადა - 919 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 5 რიცხვში ყოველთვიურად 176.77 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე გრაფიკის ყოველი დარღვევისას 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ G----ში.

 

ო----------–-----ოვმა 2012 წლის 30 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია. ასევე, მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ შეასრულა თანხის გადახდის ვალდებულება.

 

2017 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით ო----------–-----ოვს 2012 წლის 30 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 21809.81 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 2487.13 ლარი, პროცენტი 472.45 ლარი, ჯარიმა 18805.88 ლარი და დაზღვევა 44.35 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნები და აღნიშნა, რომ ჯარიმის ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში არის შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ო----------–-----ოვმა ცნო სარჩელი ძირითადი თანხის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 30 მარტს სს „თ-----------ა“ და ო----------–-----ოვს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3920 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24.5%-ით. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ G----ში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2--------------;

3.1.2. სს „თ-----------ს“ მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით N2-------------- გაცემული კრედიტის თანხა მსესხებელმა აითვისა და მისი დავალიანება შეადგენს - 21 809.81 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 2487.13 ლარი, პროცენტი 472.45 ლარი, ჯარიმა 18 805.88 ლარი და დაზღვევა 44.35 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- გადახდების ისტორია.

-

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2012 წლის 30 მარტის N2-------------- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე გრაფიკის ყოველი დარღვევისას 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება N2--------------;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ-----------ს” სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 867-ე, 361-ე, 868-ე, 408-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

დადგენილია რომ მხარეებს სს "თ-----------ა” და ო----------–-----ოვს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხის თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო ო----------–-----ოვმა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი მის მიმართ დაყენებული მოთხოვნის შესაბამისად, 2487.13 ლარის ნაწილში (დავალიანების ძირითადი თანხის ნაწილში).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სასარჩელო მოთხოვნის 2487.13 ლარის ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ან ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

6.2. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, რომლის გაუხდელი ოდენობა შეადგენს 44. 35 ლარს. ამ თანხის გადახდის ვალდებულება მოვალეს უნდა დაეკისროს კრედიტორის სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობისათვის 2012 წლის 30 მარტის ხელშეკრულებით განისაზღვრა საპროცენტო განაკვეთი - წლიური 24.5%.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ დარიცხული პროცენტის ოდენობა გონივრული და თანაზომიერია სესხის ძირითად თანხასთან მიმართებაში.

 

6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

მოსარჩელე ითხოვს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური პროცენტის დაკისრებას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით საპროცენტო სარგებლის სახით დადგენილია წლიური 24.5%, რასაც სასამართლო მიიჩნევს გარიგების ისეთ პირობად, რაც საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო შინაარსისაა. სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო შინაარსის გარიგებას ადგილი აქვს იმ დროს, როდესაც გარიგების კონკრეტული პირობები არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და ამით არათანაბარ პირობებში აყენებს მას გარიგების მონაწილე მეორე მხარესთან მიმართებაში.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მოიხმობს საკასაციო პალატის მიერ განხილულ საქმეზე (სუსგ №ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი), გაკეთებულ განმარტებას, ხელშემკვრელ მხარეთა შორის არსებული სესხისა და იმ პირობის სამართლიანობის შესახებ, რომელიც სესხისთვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს: ”სარჩელის მოთხოვნას მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის (პროცენტის) შემცირება წარმოადგენს. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გამსესხებელი, რომელიც ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარე იყო, უდავო იყო, რომ სწორედ მან განსაზღვრა სესხის სარგებელი სადავო ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პირობას ფიზიკური პირი დაეთანხმა, ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლებოდა, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინააღმდეგოდ: ”თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე”. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება”.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ. უფლებათა ბოროტად გამოყენებისგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ აღნიშნული.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს მხარეთა შორის შეთანხმებული წლიური სარგებლის ოდენობა. შემცირებისას სასამართლო ითვალისწინებს თავად ბანკის მიერ საანაბრე ხელშეკრულებებისთვის დადგენილ სარგებლის ოდენობას და მიიჩნევს რომ წლიური საპროცენტო სარგებელი ხელშეკრულებაში უნდა შემცირდეს 9%-მდე.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს ”თ-----------ა” და ო----------–-----ოვს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. ასევე კრედიტორის მიერ შემცირებული პირგასამტეხლო, რომელიც შეუსაბამოა ძირითადი ვალდებულების მოცულობასთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ 2017 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით 2012 წლის 30 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 18 805.88 ლარი შემცირდეს 50-ჯერ და მოპასუხეს გადასახდელად პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 376.11 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 204.96 ლარი. სს „თ-----------ს“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 46.93 ლარის გადახდა.

 

საქრთველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს ბიუჯეტიდან სარჩელის ცნობის გამო, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 74.61 ლარის ოდენობით.

 

იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4%, რაც შეადგენს 162.06 ლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ”თ-----------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ო----------–-----ოვს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 2012 წლის 30 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 2487.13 ლარის, პროცენტის - 472.45 ლარის, დაზღვევის - 44.35 ლარის, პირგასამტეხლოს - 376.11 ლარის გადახდა.

1.1. დაეკისროს მოპასუხე ო----------–-----ოვს 2017 წლის 8 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირითად თანხაზე 2487.13 ლარზე წლიური 9%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 18.65 ლარს.

2. დაეკისროს მოპასუხე ო----------–-----ოვს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 46.93 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და 162.06 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.

 

2.1. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ”თ-----------” 2017 წლის 21 სექტემბერს №- საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 204.96 ლარიდან 74.61 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაკა ჭედია