გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.09.2018
საქმის ნომერი
330210017002131797
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/28125-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - შპს „ავ-------------–ი“

წარმომადგენელი - გი---------ა

 

მოპასუხეები - ეკ-----–-------ე, რე------------–-–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს - ეკ-----–-------ესა და რე------------–-–---–ს შპს „ავ-------------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის - 2053.96 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხეებს - ეკ-----–-------ესა და რე------------–-–---–ს შპს „ავ-------------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის - 2053.96 ლარის 0,3%-ის ოდენობით 2017 წლის 09 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2017 წლის 02 აგვისტოს შპს „ავ-------------–სა“ და ეკ-----–-------ეს შორის გაფორმდა სესხისა და სესხის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება №4--, რომლის თანახმადაც ეკ-----–-------ემ მოსარჩელისაგან აიღო სარგებლიანი სესხი - 5000 ლარის ოდენობით. სესხის სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად 5%-ს. ამასთან, მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელად ეკისრებოდა ჯარიმა გაცემული სესხის 0.3%-ის ოდენობით. სესხი გაიცა 6 თვის ვადით. მოპასუხეს ჯამში უნდა დაებრუნებინა - 5910.54 ლარი ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ავტომანქანა - BMW 118 I.

 

2017 წლის 02 აგვისტოს მოსარჩელესა და რე------------–-–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №4--, რომლის თანახმად რე------------–-–---–მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა (თავდებობა) იმ შემთხვევაში თუ ეკ-----–-------ე არ შეასრულებდა 2017 წლის 02 აგვისტოს №4-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს.

 

მოპასუხეს 2017 წლის 02 სექტემბრიდან არ გადაუხდია სესხი და მასზე დარიცხული პროცენტი, რის გამოც მოსარჩელის მიერ ამოღებულ იქნა სესხის უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც 2017 წლის 09 ოქტომბერს რეალიზებულ იქნა - 3 966.40 ლარად. ამასთან, მოსარჩელის დავალიანება 2017 წლის 09 ოქტომბრის (ავტომანქანის რეალიზების დრო) მდგომარეობით შეადგენდა შემდეგს: სესხის ძირი - 5000 ლარი; 2 თვის შენატანი - 465.35 ლარი (02.09.2017-02.10.2017 პერიოდზე) და პირგასამტეხლო - 2017 წლის 02 სექტემბრიდან 2017 წლის 09 ოქტომბრამდე ჯამში 555 ლარი (ვადაგადაცილების 37 დღეზე დღეში 15 ლარი). ამდენად, დავალიანება ჯამში შეადგენდა - 6020.36 ლარს, რასაც გამოაკლდა ავტომანქანის რეალიზაციისას მიღებული თანხა - 3966.40 ლარი და დარჩა დავალიანება სესხის ძირი თანხის სახით - 2053.96 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე რე------------–-–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში.

 

რაც შეეხება მოპასუხე ეკ-----–-------ეს, მან სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ასევე ნაწილობრივ - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში. ამასთან, მიუთითა, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

მოპასუხეებმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს მიღებული გადაწყვეტილების განაწილვადებისა და დავალიანების გადახდის დაწყების გადავადების თაობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 02 აგვისტოს შპს „ავ-------------–სა“ და ეკ-----–-------ეს შორის გაფორმდა სესხის და სესხის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება №4--, რომლის თანახმად ეკ-----–-------ეს სესხის სახით გადაეცა - 5 000 ლარი. სესხი გაიცა ერთი წლის ვადით 02.08.2017წ.-დან 02.08.2018წ.-მდე. სესხი იყო პროცენტიანი, კერძოდ - ყოველთვიური სარგებელი შეადგენდა - 5%-ს. ხელშეკრულებით, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო - სესხის ან სესხის პროცენტის დაგვიანების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ოდენობის 0.3%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განაცხადი ავტოსალომბარდო სესხზე (იხ. ს.ფ. 17);

- 02.08.2017წ. სესხის და სესხის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება №4-- (იხ. ს.ფ. 20-23);

- სალაროს გასავლის ორდერი (იხ. ს.ფ. 26)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მხარეთა შორის 02.08.2017წ. გაფორმებული №4-- სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მსესხებელი - ეკ-----–-------ე ვალდებული იყო შპს „ავ-------------–ისათვის“ გადაეფორმებინა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა - BMW 118 I, რომელიც მსესხებელს დროებით სარგებლობაში განკარგვის (მართვის) უფლებით გადაეცემოდა. შესაბამისად, აღნიშნული ავტომანქანა აღირიცხა შპს „ავ-------------–ის“ საკუთრებაში.

 

ამასთან, ხელშეკრულების 4.12. პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხისა და მასთან დაკავშირებული სესხის სარგებლის ვადაში დაფარვის შემთხვევაში, კრედიტორი ვალდებული იყო მსესხებელისათვის კვლავ გადაეფორმებინა სესხის უზრუნველყოფის საგანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის და სესხის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება №4-- (იხ. ს.ფ. 20-23);

- რეგისტრაციის მოწმობა (იხ. ს.ფ. 18)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3. 02.08.2017წ. ხელშეკრულების 4.14. პუნქტის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მსესხებლის სხვა ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი პირადი ქონებიდან მოითხოვოს და მოახდინოს სესხის, სესხის სარგებლის და ასევე პირგასატეხლოს ამოღება იმ შემთხვევაში თუ მსესხებელმა დააზიანა სესხის უზრუნველყოფის საგანი და შეუძლებელია ან არ ყოფნის ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად მიღებული/ამოღებული თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს სრულად დაფარვას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის და სესხის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება №4-- (იხ. ს.ფ. 20-23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.4. 2017 წლის 02 აგვისტოს შპს „ავ-------------–სა“ და რე------------–-–---–ს შორის გაფორმდა №4-- თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც რე------------–-–---–მა იკისრა ვალდებულება სოლიდარული თავდებობით უზრუნველეყო შპს „ავ-------------–სა“ და ეკ-----–-------ეს შორის 02.08.2017წ. გაფორმებული სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

 

აღნიშნული ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, თავდებობის თანხის ოდენობა შეადგენდა - 5 000 ლარს, ასევე მასზე დარიცხულ სარგებელსა და პირგასამტეხლოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის ხელშეკრულება №4-- (იხ. ს.ფ. 24-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.5. მოპასუხე ეკ-----–-------ისა და რე------------–-–---–ის მიერ დარღვეულ იქნა 02.08.2017წ. სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რის გამოც შპს „ავ-------------–მა“ მოახდინა სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ავტომობილის - BMW 118 I, რეალიზაცია. ავტომობილი 2017 წლის 09 ოქტომბერს რეალიზებულ იქნა - 3 966.40 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება №4--/17 (იხ. ს.ფ. 28-29);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.6. სესხის უზრუნველყოფის საგნის - ავტომობილის BMW 118 I, რეალიზაციის დროისათვის (2017 წლის 09 ოქტომბერი) ეკ-----–-------ისა და რე------------–-–---–ის დავალიანება შპს „ავ-------------–ის“ მიმართ შეადგენდა შემდეგს: სესხის ძირი - 5000 ლარი; 2 თვის პროცენტი - 465.35 ლარი (02.09.2017წ.-02.10.2017წ. პერიოდზე) და პირგასამტეხლო - 2017 წლის 02 სექტემბრიდან 2017 წლის 09 ოქტომბრამდე, ჯამში 555 ლარი (დღეში 15 ლარი 37 დღიან ვადაგადაცილებაზე). შესაბამისად, დავალიანების ოდენობა სულ შეადგენდა - 6020.36 ლარს.

 

ამდენად, აღნიშნულ თანხას გამოაკლდა ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა - 3 966.40 ლარი და გადასახდელი დავალიანება დარჩა სესხის ძირი თანხის სახით - 2053.96 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 16.10.2017წ. ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ავ-------------–ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხეებმა - ეკ-----–-------ემ და რე------------–-–---–მა სარჩელი ცნეს 02.08.2017წ. სესხის და სესხის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 2053.96 ლარის მოთხოვნის ნაწილში (იხ. სხდომის ოქმი), რაც ზემოთ დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს შპს „ავ-------------–სა“ და ეკ-----–-------ეს შორის გაფორმდა სესხის და სესხის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება №4--, რომლის თანახმად ეკ-----–-------ეს სესხის სახით გადაეცა - 5 000 ლარი. სესხი გაიცა ერთი წლის ვადით 02.08.2017წ.-დან 02.08.2018წ.-მდე. სესხი იყო პროცენტიანი, კერძოდ - ყოველთვიური სარგებელი შეადგენდა - 5%-ს. ხელშეკრულებით, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო - სესხის ან სესხის პროცენტის დაგვიანების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ოდენობის 0.3%-ის ოდენობით.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორეს მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მსესხებელს შპს „ავ-------------–თან“ დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია. კერძოდ, მას 2017 წლის 02 სექტემბრიდან არ გადაუხდია სესხი და მასზე რიცხული პროცენტი, რის გამოც მოხდა სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ავტომობილის რეალიზაცია, რის შედეგადაც დაიფარა სესხზე რიცხული სარგებელი, ძირი თანხის ნაწილი და რეალიზაციის დროისათვის (09.10.2017წ.) დარიცხული პირგასამტეხლო, ჯამში - 3966.40 ლარის ოდენობით. თუმცა, ვინაიდან ამ დროისათვის მსესხებლის დავალიანება ჯამში შეადგენდა - 6 020.36 ლარს, გადასახდელი კვლავ დარჩა სესხის ძირი თანხის სახით - 2053.96 ლარი.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირი თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, კი თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

თავდებობის ხელშეკრულება ცალმხრივია და კრედიტორს მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თავდების მიმართაც. ამიტომ თავდებობის ხელშეკრულებაში თავდები შეიძლება გამოდიოდეს მოვალის როლშიც. მას ძირითად მოვალესთან ერთად ეკისრება პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულებისათვის. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ იგი მიიღოს კრედიტორმა და დარწმუნდეს, რომ ამ დოკუმენტში გამოხატული ნება ნამდვილად გამომდინარეობს ხელშეკრულების მხარისაგან. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, ასევე საჭიროა თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს შპს „ავ-------------–სა“ და რე------------–-–---–ს შორის გაფორმდა №4-- თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც რე------------–-–---–მა იკისრა ვალდებულება სოლიდარული თავდებობით უზრუნველეყო შპს „ავ-------------–სა“ და ეკ-----–-------ეს შორის 02.08.2017წ. გაფორმებული სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. აღნიშნული ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, თავდებობის თანხის ოდენობა შეადგენდა - 5 000 ლარს, ასევე მასზე დარიცხულ სარგებელსა და პირგასამტეხლოს.

 

ამდენად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე რე------------–-–---–ი (თავდები პირი) ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს მოსარჩელის წინაშე და ვალდებულია სოლიდარულად გადაიხადოს შპს „ავ-------------–ის“ მიმართ 2017 წლის 02 აგვისტოს სესხის და სესხის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს შპს „ავ-------------–სა“ და ეკ-----–-------ეს შორის გაფორმებული სესხის და სესხის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ან სესხის პროცენტის დაგვიანების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ოდენობის 0.3%-ის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს: მოპასუხეებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის - 2 053.96 ლარის 0,3%-ის ოდენობით 2017 წლის 09 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის - 2 053,96 ლარის 0,03%-ის გადახდა ნაცვლად მოთხოვნილი 0,3%-სა, 2017 წლის 09 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების მიღების დღემდე, შესაბამისად 2018 წლის 17 სექტემბრამდე, სასამართლო ითვალისწინებს საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, მასზედ, რომ საპროცენტო სარგებლის გადაუხდელობის გამო მოსარჩელის მიერ დაუყოვნებლივ განხორციელდა უზრუნველყოფის საგნის ავტომობილის რეალიზაცია, რითაც პირველ რიგში დაიფარა პირგასამტეხლო სრულად და იმ დროისთვის დარიცხული სარგებელიც.

 

6.5. რაც შეეხება მოპასუხეთა შუამდგომლობას მიღებული გადაწყვეტილების განაწილვადების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

დასახელებული ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობისა და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვისა გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე შეცვალოს გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების პირობები და საშუალება, რაც სასამართლოს შეფასებით, საფუძვლად დაედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ ზემოთ ხსენებულ ღონისძიებათა გამოყენებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე რე------------–-–---–ი იმყოფება პატიმრობაში, ხოლო მოპასუხე ეკ-----–-------ე უთითებს, რომ მას აქვს ნაკისრი სოლიდური ფინანსური ვალდებულებები, რომელსაც ყოველთვიურად იხდის. კერძოდ, აქვს სესხი სს „თიბისი ბანკში“ და რამდენიმე სხვა საკრედიტო დაწესებულებებში. ასევე, დალომბარდებული აქვს ოქროები. ამასთან, იხდის ოჯახის კომუნალურ თუ სხვა გადასახადებს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული გარემოებები წარმოადგენს მოპასუხე მხარის ქონებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელ იმ საფუძვლებს, რაც შესაძლოა საფუძვლად დაედოს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების 12 თვით განაწილვადებას. ამასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განაწილვადებული თანხის გადახდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ყოველთვიური თანაბარი გადახდებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილია - 265 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ. კერძოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 2053.96 ლარის მოთხოვნის ნაწილში. ამდენად, შპს „ავ-------------–ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელშიც მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი, ანუ - 61.62 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, მოპასუხეებს ეკ-----–-------ესა და რე------------–-–---–ს მოსარჩელე შპს „ავ-------------–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 6.38 ლარის ოდენობით სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად (პირგასამტეხლოს - ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში), ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ავ-------------–ის“ სარჩელი მოპასუხეების - ეკ-----–-------ისა და რე------------–-–---–ის მიმართა თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხეებს - ეკ-----–-------ესა და რე------------–-–---–ს შპს „ავ-------------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 2017 წლის 02 აგვისტოს №4-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 2 053.96 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხეებს - ეკ-----–-------ესა და რე------------–-–---–ს შპს „ავ-------------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 2017 წლის 02 აგვისტოს №4-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის - 2 053.96 ლარის 0.03%-ის ოდენობით 2017 წლის 09 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების მიღების დღემდე - 2018 წლის 17 სექტემბრამდე.

2. მოპასუხეებს - ეკ-----–-------ესა და რე------------–-–---–ს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდა გაუნაწილვადდეთ 12 თვის ვადით - გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ყოველთვიური თანაბარი ოდენობის თანხის გადახდებით.

 

3. მოპასუხეებს - ეკ-----–-------ესა და რე------------–-–---–ს შპს „ავ-------------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 6.38 ლარის გადახდა.

 

4. შპს „ავ-------------–ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 16 ოქტომბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 265.00 ლარიდან - 61.62 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №5.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე