გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/48-1-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 სე---------ი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - სს „დ-----------------------------“
წარმომადგენელი - გ----------------–---–ი
მოპასუხე - ე-------–---–----
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ე-------–---–----ს, სს „დ-----------------------------“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 4 177.53 ლარის გადახდა;
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2015 წლის 16 თებერვალს, ქ. თბილისში, გო----–---–----------–------------- - ის მიმდებარედ, მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა სს „დ-----------------------------ში“ დაზღვეული ქალაქ თბილისის საკრებულოს აპარატის კუთვნილი ავტომანქანა K------, სახელმწიფო ნომრით C------. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იქნა ემ------–---–----ს ბრალეულობით და ის დაჯარიმდა 250 ლარით.
სადაზღვევო კომპანიამ შეასრულა ქალაქ თბილისის საკრებულოს აპარატთან 2014 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების შესახენ N-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და აანაზღაურა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი 4 177.53 ლარის ოდენობით, რომლის მოთხოვნის უფლება მას წარმოეშვა დამრღვევი მძღოლის ემ------–---–----ს მიმართ.
მიუხედავად არაერთი მცდელობისა, დავა დასრულებულიყო მორიგებით, ე-------–---–---- უარს აცხადებს ზიანის ანაზღაურებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელზე დართული ახსნა - განმარტების თანახმად, დაზღვეულ ავტომობილს, შეჯახების შედეგად, დაუზიანდა მარჯვენა „კრილო“, მარჯვენა ფრთა და უკანა საბურავი. ამასთან, შპს "კ------------------------ს" 2015 წლის 19 თებერვლის ინვოისის თანახმად, მოთხოვნილი თანხები მოიცავს იმ ავტონაწილების ღირებულებასაც, რომელიც ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არც დაზიანებულა. ამასთან, ინვოისში მოცემულია იმ მომსახურების ღირებულებაც, რომელ მომსახურებასაც ავტომობილი არ საჭიროებდა და არც შეძენილ/შესაძენ ავტონაწილების ნუსხაში არ მითითებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 30 დეკემბერს, სს „დ-----------------------------“-ს და ქალაქ თბილისის საკრებულოს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N--, სადაზღვევო მომსახურების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხელშეკრულება მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-- (ს.ფ. 15-22)
-ტექნიკური პირობები - დანართი N3, დანართი N4, (ს.ფ. 24-30)
-ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის პოლისი N 1247416 (ს.ფ 31)
3.1.2. 2015 წლის 16 თებერვალს, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სს „დ-----------------------------ში“ დაზღვეული ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის კუთვნილი ავტომანქანა K------, სახელმწიფო ნომრით C------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები (ს. ფ. 31-35);
3.1.2. ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევად და ბრალეულ მძღოლად მიჩნეული იქნა ე-------–---–----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები
- საჯარიმო ქვითარი (ს. ფ. 31);
3.1.3. სს „დ-----------------------------მ“ ქ. თბილისის საკრებულოს საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო ანგარიშზე გადარიცხა დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის თანხა 4 1 77.53 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინვოისი (ს.ფ 39-40)
- საგადასახადო დავალება (ს. ფ. 42);
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მასზედ, რომ 2015 წლის 16 თებერვალს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სს „დ-----------------------------ში“ დაზღვეული ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა - 4 1 77.53 ლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავს და წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც (ინვოისი, საგადახდო ქვითარი), ირკვევა რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავ----------------------ს" აღდგენითი ღირებულების გაანგარიშება განხორციელდა შპს "კ------------------------ს" მიერ და ავტომანქანის აღდგენითი ღირებულება განისაზღვრა 4 177.53 ლარით.
მოპასუხე სადავოდ ხდის ზიანის მოცულობას და მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი სამუშაოების ღირებულება შეესაბამებოდა თუ არა დაზიანების ხარისხს და რეალურ საბაზრო ფასებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით დადგენილი ზიანის ანაზღაურების პრინციპი არ გულისხმობს მოვალის არათანაზომიერ ვალდებულებას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების მიზანი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამიტომ, კრედიტორი ვალდებულია კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით მოახდინოს ზიანის მოცულობის განსაზღვრა. ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება საბაზრო ღირებულებით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მის მიერ ანაზღაურებული ზიანის გაანგარიშება საბაზრო ღირებულების მიხედვით. ასეთად სასამართლო ვერ გაიზიარებს მის მიერ წარმოდგენილ შპს "კ------------------------ს" მიერ გაცემულ ინვოისს, მით უფრო საქმეში არ არის წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება დაზიანებების ხარისხის და დაზიანებამდე არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე მტკიცებულება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზღვეული ავტომანქანისათვის მიყენებული დაზიანებების შესახებ.
სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე და მოპასუხე გაწეული მომსახურების ღირებულების განსახვავებულ ოდენობაზე მიუთითებენ, სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღდგენილიყო დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებები, ისევე როგორც მისი ოდენობა, ხოლო მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებით დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი საბაზრო ღირებულება 1500 ლარია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 826-ე, 832-ე, 992-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 826-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი არ არის ვალდებული გადაუხადოს დამზღვევს წარმოშობილი ზიანის ოდენობაზე მეტი თანხა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადაზღვევო თანხა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღემატება სადაზღვევო ღირებულებას.
სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, როდესაც მზღვეველზე გადადის ის მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ, სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, რაც ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპით. სუბროგაციის მეშვეობით, დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სუბროგაციის პრინციპის რეალიზაცია დამოკიდებულია მესამე პირის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი უკავშირებს ერთმანეთს დაზღვევის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების და მისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ავტომატური გადმოტანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზიანის ცნება და მისი მოცულობითი ნაწილი, რომელიც ორივე სამართლებრივ ურთიერთობაში განსხვავებული შინაარსით მოქმედებს. აღნიშნულის გამო, უნდა განვასხვაოთ სადაზღვევო-სამართლებრივი ზიანი და სამოქალაქო-სამართლებრივი ზიანი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლში ასახული ზიანის ანაზღაურება, როგორც უფლების გადასვლის წინაპირობა, სადაზღვევო ზიანის მნიშვნელობით მოიაზრება, რომლის მოცულობას განაპირობებს მხარეთა ნება. ამ პირობებით ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შედეგს და არ არის მიმართული დელიქტური რესტიტუციისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი, შესაძლებლობას ანიჭებს მზღვეველს წარუდგინოს მოთხოვნა მესამე პირს უკვე დელიქტურ - სამართლებრივი ურთიერთობების ჭრილში და ამავე ურთიერთობის ფარგლებში მოვალეს უფლება აქვს წარადგინოს დელიქტისთვის დამახასიათებელი შესაგებელი, მათ შორის ზიანის მოცულობის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობა გამომდინარეობს დელიქტიდან, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელს შეუძლია სადაზღვევო კომპანიას წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან, მათ შორის სადავო გახადოს ზიანის მოცულობა.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით დადგენილი პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით, არ გულისხმობს მოვალის არათანაზომიერ ვალდებულებას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამიტომ, კრედიტორი ვალდებულია კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით მოახდინოს ზიანის მოცულობის შესაძლებელი მინიმალიზაცია, რათა გამოირიცხოს მზღვეველის უსაფუძვლო გამდიდრება. შესაბამისად, დანაკლისის განსაზღვრის სტანდარტი შემოიფარგლოს საბაზრო ღირებულების შეფასების კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ ბრალეული პირის ემ------–---–----ს მიერ ასანაზღაურებელი თანხა უნდა განისაზღვროს 4177.53 ლარით, რადგანაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი, სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ზემოთ დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე პირებს - მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები და ამ უფლებათა დაცვის საშუალებები. მოსარჩელის უფლებაა აღძრას საქმე, განსზაღვროს სარჩელის საგანი, საფუძველი და ა.შ. ანალოგიურად ვრცელდება პროცესის დისპოზიციურობა მოპასუხეზე, რომელსაც დასახელებული პრინციპის ფარგლებში შუძლია ცნოს სარჩელი.
მოპასუხე ემ------–---–----ს განმარტებით დადგენილია, რომ ავტომანქანის აღდგენითი ღირებულების მაქსიმალური საბაზრო ოდენობა 1 500 ლარია, რომლის ანაზღაურებაზეც ის თანახმობას აცხადებდა. შესაბამისად, სს "დ-----------------------------ს" მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და ე-------–---–----ს დაეკისროს 1500 ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 125.32 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, მოპასუხე ე-------–---–----ს სს „დ-----------------------------“-ს სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 45.11 ლარის გადახდა, ხოლო სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „დ-----------------------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ე-------–---–----ს, სს „დ-----------------------------“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 1 500 ლარის გადახდა;
3. სს „დ-----------------------------“-ს მოთხოვნა 2 677.53 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. ე-------–---–----ს, სს „დ-----------------------------“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 45 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, სარეზოლუციო ნაწილის 6-ე პუნქტში მითითებული წესების დაცვით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე