გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.10.2018
საქმის ნომერი
240310116001529360
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240310116001529360

(3/75-2016)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი ვასილ გოგინავა

მოსარჩელე - შემოსავლების ს---------ი

წარმომადგენელი - მა-----ა გე–--ე

მოპასუხე - ი/მ ირ-- თო-----

მოპასუხე - მა-------ი თო-----

მოპასუხე - ან------–ი თო-----

წარმომადგენელი - გუ---- სა-----ა, რო--- მა----–-ა

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1ი/მ ირ-- თო-----ს, მა-------ი თო-----სა და ან------–ი თო-----ს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

 

მოსარჩელემ საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

შ--------–---ს ს---------ის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით 2016 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით ი/მ ირ-- თო-----ს (პ/ნ 2----------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 100226.66 ლარის ოდენობით. შ--------–---ს ს---------ის მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 22 იანვრის N1019 ბრძანების შესაბამისად ჩატარდა ი/მ ირ-- თო-----ს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, რომელიც დაიწყო 2016 წლის 22 იანვარს და დასრულდა 2016 წლის 25 მარტს. ინვენტარიზაციის შედეგად ი/მ ირ-- თო-----ს (პ/ნ2----------) ობიექტში გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით 2432.25 ლარის ოდენობით და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 387734.24 ლარის ოდენობით. 2016 წლის 29 მარტის N------- შეტყობინებით ი/მ ირ-- თო-----ს ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2016 წლის 8 აპრილს. 2016 წლის 30 ივნისს ი/მ ირ-- თო-----ს მიმართ გამოიცა მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N------- ბრძანება, რომელსაც ირ-- თო----- გაეცნო 2016 წლის 13 ივლისს. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით გადასახადის გადამხდელს უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. ინვენტარიზაციის დაწყების შემდგომ, 2016 წლის 27 იანვარს ი/მ ირ-- თო-----მ მის საკუთრებაში არსებული მ--------–ის რაიონის სოფელ დ---------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით- 4--1--3--0--. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დაარეგისტრირა მისი ძმისშვილის მა-------ი თო-----ს სახელზე, ხოლო ამ უკანასკნელმა ასევე ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე - მისი ბაბუის ან------–ი თო-----ს სახელზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, შემოწმების დასრულებამდე უძრავი ქონების გასხვისება მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას, რის გამოც მოპასუხეები წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. აღნიშნეს, რომ უძრავი ქონების ჩუქება არც ერთ შემთხვევაში მიზნად არ ისახავდა გადასახადისგან თავის არიდების მცდელობას. ჩუქების ხელშეკრულებები არ დადებულა მოჩვენებითად, იგი დაიდო სწორედ ჩუქების მიზნით, რასაც ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მა-------ი თო----- დღესაც ცხოვრობს ირ-- თო-----ს მიერ ნაჩუქარ სახლში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოება დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ი/მ ირ-- თო----- (პ/ნ2----------) მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2013 წლის 4 დეკემბრიდან. მისი საქმიანობის საგანია საცალო ვაჭრობა სასურსათო პროდუქტებით. იურიდიული მისამართია-მ--------–ი, სოფელი ტ--–---ი;

 

3.2.2.შ--------–---ს ს---------ის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით 2016 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით ი/მ ირ-- თო-----ს (პ/ნ2----------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 100226.66 ლარის ოდენობით;

 

3.2.3.საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით ი/მ ირ-- თო-----ს (პ/ნ2----------) ქონებაზე 2016 წლის 29 მარტის N------- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2016 წლის 8 აპრილს.

 

3.2.4. შ--------–---ს ს---------ის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2016 წლის 30 ივნისს ი/მ ირ-- თო-----ს მიმართ გამოიცა მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N------- ბრძანება, რომელსაც ირ-- თო----- გაეცნო 2016 წლის 13 ივლისს.

 

3.2.5. შ--------–---ს ს---------ის მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 22 იანვრის N1019 ბრძანების შესაბამისად ჩატარდა ი/მ ირ-- თო-----ს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია დაიწყო 2016 წლის 22 იანვარს და დასრულდა 2016 წლის 25 მარტს.

 

3.2.6.ინვენტარიზაციის შედეგად ი/მ ირ-- თო-----ს (პ/ნ2----------) ობიექტში გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით 2432.25 ლარის ოდენობით და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 387734.24 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე 2016 წლის 25 მარტს შედგა -საგადასახადო სამართალდარღვევის N------ და N------ ოქმები, რომლებითაც ინდ/ მეწარმე ირ-- თო-----ს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმის გადახდა 38 773.43 ლარის და 1216.13 ლარის ოდენობით.

 

3.2.7.2016 წლის 27 იანვრამდე ი/მ ირ-- თო-----ს საკუთრებაში ირიცხებოდა მ--------–ის რაიონის სოფელ დ---------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით-4--1--3--0--.

 

3.2.8. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დაწყების შემდგომ, 2016 წლის 27 იანვარს ი/მ ირ-- თო-----მ მის საკუთრებაში არსებული მ--------–ის რაიონის სოფელ დ---------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით-4--1--3--0--.ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აჩუქა მის ძმისშვილს მა-------ი თო-----ს (პ/ნ 6----------).

 

3.2.9. 2016 წლის 20 მაისს მა-------ი თო-----მ თავის მხრივ, აღნიშნული უძრავი ქონება (ს/კ 4--1--3--0--) აჩუქა ბაბუას ან------–ი თო-----ს (პ/ნ 2----------).

 

აღნიშნული გარემოებები დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

-2016 წლის 29 მარტის N------- შეტყობინება;

-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

-შ--------–---ს ს---------ის მონიტორინგის დეპარტამენტის N1019 ბრძანება (22.01.2016 წ.)

-შ--------–---ს ს---------ის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის N------- ბრძანება (30.06.2016 წ.);

-საგადასახადო სამართალდარღვევის N------ (25.03.2016წ) და N------ (25.03.2016 წ)ოქმები;

-მხარეთა განმარტებები

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე,მე-19; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე, მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-269-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელი - სარჩელის ისეთი ფორმაა რომლითაც დგინდება უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არ არსებობა. იგი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. შესაბამისად, წარმოდგენილ სარჩელს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად წაეყენება დამატებითი წინაპირობა - კანონიერი ინტერესი. კერძოდ, სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება, ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში. ამასთან აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის და მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომაც კანონით დაცულ მის ინტერესს შეეხება.

 

განსახილველ შემთხვევაში, შ--------–---ს ს---------მა აღძრა რა, სარჩელი სასამართლოში და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად, ითხოვა სამართლებრივი ურიერთობის არსებობის აღიარება, კერძოდ, მოპასუხეების ი/მ ირ-- თო-----ს, მა-------ი თო-----სა და ან------–ი თო-----ს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება. მიუთითა, რომ მოპასუხე ი/მ ირ-- თო-----ს, ხოლო შემდგომ მა-------ი თო-----ს მიერ უძრავი ქონების გასხვისება მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას, შესაბამისად, სახეზეა მოსარჩელის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება, რაც ასაბუთებს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები, ხოლო 246.2 მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

მითითებული ნორმის თანახმად, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია არის მათი განსხვავება. შესაბამისად, ცრუმაგიერად აღიარებისათვის აუცილებელია ორი სამართლებრივი წინაპირობის არსებობა-პირთა გამიჯვნა პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს და ეს პირი გამოყენებული უნდა იქნეს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ--------–---ს ს---------ის მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 22 იანვრის N1019 ბრძანების საფუძველზე, იმავე დღეს, 2016 წლის 22 იანვარს ი/მ ირ-- თო-----ს სავაჭრო ობიექტში, რომელიც მდებარეობს მ--------–ის რაიონის სოფელ ტ--–---ში, დაიწყო სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია. ამ პერიოდისათვის ირ-- თო-----ს სახელზე ირიცხებოდა მ--------–ის რაიონის სოფელ დ---------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით-4--1--3--0--, რომელიც 2016 წლის 27 იანვარს აჩუქა მის ძმისშვილს მა-------ი თო-----ს, ხოლო ამ უკანასკნელმა აღნიშნული უძრავი ქონება თავის მხრივ, 2016 წლის 20 მაისს აჩუქა ბაბუას (ირ-- თო-----ს მამას) ან------–ი თო-----ს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-3-ე პუნქტების თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს;ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან:ა) ნათსავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო:პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ)პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

ირ-- თო-----, მა-------ი თო----- და ან------–ი თო-----, როგორც ნათესავები, წარმოადგენენ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულ ურთიერთობაში მყოფ პირებს, რაც განსაზღვრავს მათ ურთიერთდამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ. კერძოდ, მოპასუხე მა-------ი თო----- არის ირ-- თო-----ს ძმისშვილი, ხოლო ან------–ი თო------ირ-- თო-----ს მამა, შესაბამისად, მა-------ი თო-----ს ბაბუა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სუბიექტების მიერ განხორციელებული ოპერაციები, კერძოდ, ირ-- თო-----ს სავაჭრო ობიექტში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დაწყებიდან 5 დღეში, მის საკუთრებაში არსებული ერთადერთი უძრავი ქონების გაჩუქება ახლო ნათესავზე -ძმისშვილზე, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მისსავე ახლო ნათესავზე- ბაბუაზე, პრაქტიკულად ერთგვაროვანია და ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, რის გამოც მათი განსხვავება ერთმანეთისაგან პრაქტიკულად შეუძლებელია. ურთიერთდამოკიდებული პირების მიერ შესრულებული ოპერაციების მიზანს წარმოადგენდა გადასახადებისათვის თავის არიდება, ვინაიდან მათ შორის განხორციელებული ოპერაციები შედეგობრივად მიმართული იყო უძრავი ქონების გარიდების გზით ირ-- თო-----ს კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობისაკენ და გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდებისაკენ.

 

ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ--------–---ს ს---------ის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 22 იანვრის N1019 ბრძანების საფუძველზე ი/მ ირ-- თო-----ს კუთვნილ ობიექტში ჩატარებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად ინდ/მეწარმის მიმართ გამოიცა საგადასახადო სამართალდარღვევის N------ და N------ ოქმები, რომლებითაც ინდ/ მეწარმე ირ-- თო-----ს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმის გადახდა 38 773.43 ლარის და 1216.13 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგად ი/მ ირ-- თო-----ს ობიექტში გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით 2432.25 ლარის ოდენობით და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 387734.24 ლარის ოდენობით.

 

იმ პირობებში, როცა ირ-- თო-----სათვის ცნობილი იყო მის სავაჭრო ობიექტში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ღირებულების აღურიცხავი მატერიალური ფასეულობების არსებობის ფაქტი, რაც ინვენტარიზაციის შედეგად უდავოდ გამოვლინდებოდა, ხოლო ინვენტარიზაციის შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მის საკუთრებაში არსებული ერთადერთი უძრავი ქონების ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გასხვისება, უდავოდ მეტყველებს იმაზე, რომ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით კავშირში შევიდა ისეთ პირებთან, რომელთა განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებით, ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველია გარიგების მოჩვენებითი ხასიათი, ხოლო მათ შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულებები მოჩვენებითი ხასიათის არ ყოფილა, ვინაიდან ირ-- თო-----მ რეალურად გადასცა ქონება და მჩუქებლები მა-------ი თო----- და ან------–ი თო----- ამჟამადაც ცხოვრობენ ნაჩუქარ სახლში.

 

აღნიშნულ მოსაზრებას სასამართლო ვერ გაიზიარებს. სასამართლოს მოსაზრებით, ხელშეკრულების მოჩვენებითი ხასიათი კი არ განსაზღვრავს გადასახადისაგან თავის არიდების მიზანს, არამედ გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით ქონების განრიდება, რასაც ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში.

 

ის გარემოება, რომ ერთ-ერთი მოპასუხე ცხოვრობს ნაჩუქარ სახლში, ცხადია, არ გამორიცხავს გადასახადის გადამხდელის მიზანს, ქონება აარიდოს მისი ვალდებულების შესრულების მიზნით მოსალოდნელი ღონისძიებების გატარებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საგადასახადო ვალდებულების შესრულების არიდების მიზნით, გარიგების მონაწილეების მოქმედების თვალთმაქცურობა მრავალი ფორმით შეიძლება გამოიხატოს, როდესაც გადასახადის გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმგვარად, რომ მათი განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია.

გადასახადის გადამხდელის მიერ მის საკუთრებაში არსებული ერთადერთი ქონების გასხვისებით მისსავე ოჯახის წევრზე, მიზანი-თავი აარიდოს გადასახადის გადახდას, მიღწეულია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შ--------–---ს ს---------ის სარჩელი სამართლებრივი საფუძვლის მქონე და დასაბუთებულია, რის გამოც ის უნდა დაკმაყოფილდეს, საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრისა და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, აღიარებული უნდა იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად: ი/მ ირ-- თო-----, მა-------ი თო----- და ან------–ი თო-----.

 

6.2. სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე) ამოღებულია; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

შ--------–---ს ს---------ი მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღუსრულებლობა ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ბიუჯეტის ინტერესებს, კერძოდ, ვერ განხორციელდება გადასახადის გადამხდელის მიერ პრაქტიკულად აღიარებული საგადასახადო ვალდებულებების სრულად განსაზღვრა და აღნიშნულიდან გამომდინარე შუამდგომლობს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიიქცეს წინამდებარე სასარჩელო განცხადებაზე გამოტანილი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სს კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღუსრულებლობა ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ბიუჯეტის ინტერესებს, კერძოდ, ქონება, რომელიც გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ერთადერთი საშუალებაა, არ იმყოფება გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში, აღრიცხულია სხვა პირის სახელზე, რაც არ გამორიცხავს მესაკუთრის მხრიდან დავის მიმდინარეობის პროცესში (ზემდგომ ინსტანციებში საქმის განხილვის პერიოდში) გასხვისების შესაძლებლობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულით ვერ განხორციელდება გადასახადის გადამხდელის მიერ პრაქტიკულად აღიარებული საგადასახადო ვალდებულებების დროულად და სრულად განსაზღვრა, რის გამოც სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს შუამდგომლობას, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

 

ამდენად, შ--------–---ს ს---------ის შუამდგომლობა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

’’სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით: საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები- სარჩელზე გადასახადის, მოსაკრეფლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შ--------–---ს ს---------ი ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ერთი მხარის განთავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამდენად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ, 100 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, მე-13, მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.დაკმაყოფილდეს შ--------–---ს ს---------ის სასარჩელო მოთხოვნა.

 

ი/მ ირ-- თო-----, მა-------ი თო----- და ან------–ი თო----- ცნობილ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

2.დაეკისროს მოპასუხეებს ი/მ ირ-- თო-----ს, მა-------ი თო-----სა და ან------–ი თო-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

3.გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდეს დაუყონებლივ.

 

4.გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) მხარისათვის მისი ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სენაკი, შოთა რუსთაველის ქუჩა 247).

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუ პორტის ქუჩა 32) სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სენაკი, შოთა რუსთაველის ქუჩა 247) 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია