გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/888-2018
130210018002588442
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი
მოსარჩელე - მ--------------–---–ი
წარმომადგენელი - გ--------------–---–ი
მოპასუხე - ა-----– გ---–--–---–ი
წარმომადგენელი - მ-----–---------–--ე
დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელე მ--------------–---–ი ითხოვს შეწყდეს მასსა და მოპასუხე ა-----– გ---–--–---–ს შორის ქორწინება.
1.2. მოპასუხე ა-----– გ---–--–---–ს დაეკისროს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის - 2018 წლის 24 აპრილს დაბადებული ა---------– გ---–--–---–ის რჩენისათვის 150 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ თანახმა შეწყდეს მასსა და მ--------------–---–ს შორის არსებული ქორწინება, ვინაიდან მათი ოჯახის შენაჩუნება შეუძლებელია.
2.2. მოპასუხე ა-----– გ---–--–---–ი არ არის წინააღმდეგი შვილის რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი, მაგრამ მოთხოვნილი თანხა 150 ლარი არის ძალიან ბევრი, ვინაიდან არის უმუშევარი, არა აქვს სტაბილური შემოსავალი, ასეთი თანხის დაკისრების შემთხვევაში იგი ვერ უზრუნველყოფს ვერც ალიმენტის გადახდას და ვერც საკუთარი თავის რჩენას (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი). ა-----– გ---–--–---–ი თანახმაა ალიმენტის სახით გადაიხადოს 50 ლარი, რათა მისმა ფინანსურმა შესაძლებლობებმა მისცეს იმისი საშუალება, რომ ირჩინოს თავიც და გადაიხადოს ალიმენტიც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ--------------–---–ი და ა-----– გ---–--–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2017 წლის 04 აგვისტოდან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
ქორწინების მოწმობა.
3.1.2. მ--------------–---–ს და ა-----– გ---–--–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთ შვილი. 2018 წლის 24 აპრილს დაბადებული ა---------– გ---–--–---–ი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
დაბადების მოწმობა. მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და შვილი იზრდება მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ა-----– გ---–--–---–ს აქვს სტაბილური შემოსავალი. მუშაობს სოფელში კერძო პირთან ბაღის მომვლელად. მისი შემოსავალი საშუალოდ შეადგენს 600-700 ლარს.
მტკიცებულება:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლომ შეისწავლა საქმე, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნევს, რომ მ--------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა შეწყდეს მასსა და ა-----– გ---–--–---–ს შორის ქორწინება, ასევე ა-----– გ---–--–---–ს უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა მისი არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის თვეში 80 ლარის ოდენობით, მდგომარეობის შეცვლამდე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1127-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: “განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით”.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად “განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა”.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია, ვინაიდან მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, რაც გამორიცხავს მეუღლეებს შორის ერთად ცხოვრებას და ოჯახის შენარჩუნებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1132-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად “განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულდება ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მოთხოვნით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს 3 წლისა, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის საშუალებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1138-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად “სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაციას ახდენს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით”.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მარიამ მარღიშვილის და ა-----– გ---–--–---–ის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, უნდა შეწყდეს მოსარჩელე მ--------------–---–სა და მოპასუხე ა-----– გ---–--–---–ს შორის 2017 წლის 04 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო ასევე მიაპყრობს ყურადღებას მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით რომ მოპასუხეს არა აქვს სტაბილური შემოსავალი, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც მას უნდა დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის, იქნება თვეში 80 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ”პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.” ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ”სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად: `სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.~
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრვ, მაშინ მოსარჩელს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა’’.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან მოსარცელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხემ ქორწინების შეწყვეტის ნაწილში ცნო სარჩელი, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. რაც შეეხება ალიმენტის დაკისრების ნაწილში, მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადახდეს 11 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო kodeqsis 1127-ე, 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე მუხლებით, samoqalaqo საპროცესო კოდექსის, 248-249-ე, 257-ე, 352-ე 356-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1 . მ--------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს მოსარჩელე მ--------------–---–სა (პ/ნ 4----------) და მოპასუხე ა-----– გ---–--–---–ს (პ/ნ 4----------) შორის 2017 წლის 04 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება და გაუქმდეს სააქტო ჩანაწერი №5---------- ქორწინების შესახებ.
3. მოპასუხე ა-----– გ---–--–---–ს მოსარჩელე მარიმა მარღიშვილის სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის: 2018 წლის 24 აპრილს დაბადებული ა---------– გ---–--–---–ის რჩენისათვის ალიმენტი ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის13 აგვისტოდან, მდგომარეობის შეცვლამდე.
4. მოპასუხე ა-----– გ---–--–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 11 (თერთმეტი) ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
ნაირა გიგიტაშვილი