გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.09.2018
საქმის ნომერი
330210018002260296
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
12.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№2/13512-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე ამ--------------

მოპასუხე თა----------–---–-

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე თა----------–---–-სათვის მოსარჩელე ამ--------------ს სასარგებლოდ 452 ლარის გადახდის დაკისრება.

 

2017 წლის 4 ივნისს მოსარჩელე ამ--------------ს კუთვნილ მანქანას „ფორდ ექსფლორერი“, რომელიც იყო გაჩერებულ მდგომარეობაში შეეჯახა ავტომანქანა ოპელი, რომელსაც მართავდა თა----------–---–-. მოპასუხემ მიატოვა შემთხვევის ადგილი, ხოლო თავისი ბრალეულობა აღიარა საპატრულო პოლიციისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში.

 

2017 წლის 13 ივლისს მოსარჩელე ამ--------------მ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტიზის ჩასატარებლად და მიყენებული ზიანის ოდენობის დასადგენად, რომლის მიხედვითაც მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობამ შეადგინა 452 ლარი, ხოლო მომსახურების საფარური შეადგენდა - 121 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე თ-----------–---–მა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ 200 ლარის ნაწილში და განმარტა, რომ ავტომანქანა შეჯახებამდეც იყო დაზიანებული და ექსპერტიზის მიერ მითითებული თანხა არა ასახავს მანქანის შესაკეთებელ რეალურ ფასს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ავტოსატრანსპორტო საშუალება ფორდი, სახელმწიფო ნომრით D------ წარმოადგენს ამ--------------ს საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა.

 

3.1.2. ავტოსატრანსპორტო საშუალებას _ ოპელ-ვექტრას, სახელმწიფო ნომრით V------, რომელიც შეეჯახა მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანას, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მართავდა თა----------–---–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საჯარიმო ქვითარი

- მოპასუხის ახსნა-განმარტება

 

3.1.3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის თანახმად, თა----------–---–- მიჩნეულ იქნა დამრღვევ პირად მანევრირების წესების დარღვევისათვის და დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის 250 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საჯარიმო ქვითარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 241.5 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი 200 ლარის ნაწილში. ის სადავოდ ხდის 252 ლარის ნაწილში მოთხოვნას და აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ავტომანქანას ამ ავტოსაგზაო შემთხვევამდე ჰქონდა დაზიანებები, რომელიც ექსპერტმა ზიანის ოდენობაში გაითვალისწინა და რაც მისი ასანაზღაურებელი არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე თა----------–---–-ს აღიარება საკმარისი საფუძველია 200 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურებისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ცალსახად დასტურდება, რომ ამ--------------ს ავტომანქანას დაზიანებები მიყენებული აქვს სწორედ მოპასუხის ავტომანქანის უკუსვლით შეჯახების შედეგად, რის გამოც გახდა საჭირო უკანა მარცხენა მაშუქის შეცვლა, უკანა მარცხენა მოლდინგის და უკანა მარცხენა მაშუქის ქვედა პლასტმასის მოპირკეთება, ასევე უკანა ბამპერის პლასტმასის მოპირკეთება. შესაბამისად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ავტომობილს დასჭირდა დაშლა/აწყობა, რისი ხარჯიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგენს 30 ლარს. ეს ხარჯიც მოპასუხის მიერ საგზაო წესების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობაში უნდა იყოს გათვალისწინებული.

 

მოთხოვნის საფუძვლად წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის კუთვნილი დაზიანებული ავტომანქანის ვიზუალური დათვალიერებისას ექსპერტმა დაადგინა, რომ მასზე აღინიშნებოდა წარსულში ჩატარებული სათუნუქე, საპლასტმასე და საფითხნი/სამღებრო სამუშაოების ჩატარების კვალი, რაც აისახა მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობაში. ამდენად, ექსპერტმა დაადგინა კონკრეტულ ავტოსაგზაო შემთხვევამდე, მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანების ფაქტი, რაც გამოავლინა სათუნუქე, საპლასტმასე და სამღებრო სამუშაოების წარსულში ჩატარების კვალით. ექსპერტმა მიყენებული ზიანის ოდენობაში ასახა ამ სამუშაოების ხარჯიც. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, დასკვნაში ასახული სამღებრო და სათუნუქე სამუშაოებისათვის გათვალისწინებული ხარჯი 200 ლარის ოდენობით მოიცავს მანამდე არსებული დაზიანებების ღირებულებასაც. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ხარჯებიდან შეუძლებელია იმ ხარჯის გამიჯვნა, რაც კონკრეტული საგზაო შემთხვევიდან გამომდინარე პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად არის აუცილებელი.

 

ექსპერტიზის დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ ზიანის თანხის ოდენობა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის იზრდება 5%-ით. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენს 11.5 (230*5%) ლარს. ეს ხარჯიც, სადავო საგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებების აღდგენის ღირებულებაში უნდა იყოს გათვალისწინებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 241.5 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 414-ე, მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია ზიანი - მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანება. ასევე სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება - თა----------–---–-ს მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - თა----------–---–-ს მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად მოსარჩელე ამ--------------ს კუთვნილი ავტომობილის დაზიანება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი მის მიმართ დაყენებული მოთხოვნის შესაბამისად, 200 ლარის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სასარჩელო მოთხოვნის 200 ლარის ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

მოცემულ შემთხვევაში თა----------–---–-ს მიერ ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან მიყენებული ზიანის ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე თა----------–---–-ს ბრალეულ მოქმედებას მოჰყვა ნივთის დაზიანება, რის გამოც იგი ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ამ შემთხვევაში ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რაც დაზარალებულს ჰქონდა დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის მიმართ, რომლის ოდენობა შეადგენს 241.5 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ამ-------------- უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის მიმყენებლისაგან ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესასრულებლად 241.5 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

ამ--------------ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 4.59 ლარის გადახდა.

 

საქრთველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს ბიუჯეტიდან სარჩელის ცნობის გამო, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 22.12 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.3 თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე თ-----------–---–ს მოსარჩელე ამ--------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 75.85 ლარის გადახდა სასამართლოს გარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ამ--------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1. დაეკისროს მოპასუხე თ-----------–---–ს მოსარჩელე ამ--------------ს სასარგებლოდ 241.5 ლარის გადახდა;

 

2. დაეკისროს მოპასუხე თ-----------–---–ს მოსარჩელე ამ--------------ს სასარგებლოდ 4.59 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

2.1. დაეკისროს მოპასუხე თ-----------–---–ს მოსარჩელე ამ--------------ს სასარგებლოდ 75.85 ლარის გადახდა სასამართლოს გარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად;

 

2.2. დაუბრუნდეს მოსარჩელე ამ--------------ს 2018 წლის 08 მაისს N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან 22.12 ლარი;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამასთან, თუ საჩივრის ფასი არ აღემატება 2000 ლარს სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე მაკა ჭედია