გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2018
საქმის ნომერი
160210018002525130
კატეგორია
დავის ტიპი
სულ შრომის სამართლებრივი დავებიდან ქალთა და არასრულწლოვანთა შრომასთან დაკავშირებული დავები
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210018002525130

საქმე №2-641-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე

მოსარჩელე: ზა----------–--ე

წარმომადგენლები: რე--------–----ე, ალ--------------------ე

მოპასუხე: სს ,,RM--------“

წარმომადგენლები: ლა–-----–---–---–ი

დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე სს ,,RM--------“-ს დაეკისროს ზა-----------–-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 43 125 (დარიცხული) ლარის ანაზღაურება. მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის 46 875 ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტებით, მოსარჩელე 2010 წლის 13 აპრილიდან მუშაობდა შპს ,,ეკ---–---ი“-ს დირექტორის თანამდებობაზე. ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1875 ლარს (დარიცხული). 2014 წლის 1 მაისის მდგომარეობით, მოსარჩელეს ეკუთვნოდა 22 თვის ხელფასი - 41 250 ლარი, ასევე ერთი თვის გამოუყენებელი შვებულების თანხა 1875 ლარის ოდენობით. ამასთანავე ვინაიდან მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა 2014 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე და შპს ,,ეკ---–---ი“-ს ამონაწერში ცვლილება განხორციელდა 2014 წლის 1 ივლისს, ივარაუდება, რომ ზა-----------–-ძე დირექტორის მოვალეობას ახორციელებდა 2014 წლის 1 ივლისამდე, შესაბამისად მას ეკუთვნოდა ხელფასი ხსენებულ ვადაში. ამდენად მოპასუხის დავალიანება შეადგენს ჯამში 46 875 ლარს.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, შპს ,,ეკ---–---ი“-მ, რომლის უფლებამონაცვლე არის მოპასუხე სს ,,RM--------“, ბუღალტერ ფი----------–------------ს მეშვეობით აღიარა სახელფასო დავალიანების არსებობა ზა-----------–-ძის მიმართ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მან წარადგინა როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი, ისე მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი (ხანდაზმულობის) შესაგებელი და განმარტა, რომ მოპასუხეს არ აქვს სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ. ამასთანავე მოსარჩელეს არასოდეს მიუმართვს მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიღების მოთხოვნით. ხოლო შპს ეკ---–---ი“-ს ბუღალტერის ფი----------–------------ს მიერ შედარების აქტის გაცემით არ მომხდარა მოპასუხის მიერ თანხის ვალად აღიარება და არც მისი გადახდის შესრულებაზე გამოუთქვამს მოპასუხეს მზადყოფნა.

 

მოსარჩელე ითხოვს 2012-2014 წლების სახელფასო დავალიანებას, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სახელშერულებო მოთხოვნებისათვის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე ზაურ მიქაბერიძის სარჩელი არის ხანდაზმული.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მიუხედავად ხანდაზმულობისა, არ არსებობს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანება. თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება, რომ ზა-----------–-ძისათვის შპს ,,ეკ---–---ი“-ს და სს ,,RM--------“-ის მიერ ჩარიცხულია თანხები სადავო პერიოდში, ჯამში იმაზე მეტია, ვიდრე უნდა მიეღო მას შრომის ანაზღაურების სახით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2010 წლის 13 აპრილს ერთის მხრივ შპს ,,ეკ---–---ი“, საწესდებო კაპიტალის 100% წილის მესაკუთრე პარტნიორის სს ,,მა-------–ი“-ს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის გენერალურ დირექტორ გიორგი დევაძეს და მეორეს მხრივ ზა-----------–-ძეს შორის დაიდო სასამსახურო ხელშეკრულება N 385. ზა----------–--ეს დაეკისრა შპს ,,ეკ---–---ი“-ს ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლებამოსილება. მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 1875 ლარით (დარიცხული ხელფასი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი, 13.09.2018)

- 2010 წლის 13 აპრილის სასამსახურო ხელშეკრულება საზოგადოების დირექტორთან N 385 (ს.ფ 15-21)

 

3.1.2. ზა-----------–-ძე დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა 2014 წლის 19 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შპს ,,ეკ---–---ი“-ს 100%-ი წილის მფლობელი პარტნიორის გადაწყვეტილება (ს.ფ. 104)

 

3.1.2. სს ,,RM--------“ -ი წარმოადგენს შპს ,ეკ---–---ი“-ს უფლებამონაცვლეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 26-28)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სარჩელი 2014 წლის 10 აპრილამდე არსებულ მოთხოვნებზე არის ხანდაზმული, ხოლო 2014 წლის 10 აპრილის შემდეგ არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების არსებობა. 2014 წლის 10 აპრილის შემდეგ მოსარჩელეს ხელფასის სახით მიღებული აქვს 5875 ლარი, იგი მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობდა 2014 წლის 19 ივნისამდე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ თვითონვე უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მის მიერ მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს 2012 - 2014 წლების სახელფასო დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრებას, მოპასუხე აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. მოსარჩელემ წარმოადგინა სარჩელი და სასამართლოს განჩინება, რომლითაც ირკვევა, რომ მოსარჩელე ზა----------–--ემ ანალოგიური მოთხოვნით პირველად სარჩელით მიმართა სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 138-ე მუხლის ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

სამოქალაქო კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება.

 

ამავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან

 

სასამართლო განმარტავს, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნები, რომლისთვისაც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადაა გათვალისწინებული. ვალდებულების პერიოდულად, დროის განსაზღვრულ შუალედებში (მაგ. ყოველთვე, კვარტალში ერთხელ, თვის კონკრეტულად განსაზღვრულ კალენდარულ დღეს) შესრულების დადგენა მოთხოვნის უფლებას ცალკეულად, ყოველი შესრულებისათვის დამოუკიდებლად წარმოშობს და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც კონკრეტული შესრულების დარღვევიდან აითვლება. ვალდებულების ერთდროული ან ნაწილ-ნაწილ შესრულება მხარეთა შეთანხმებაზე (ნასყიდობა გადახდის განვადებით - სკ. 507 მუხლი), ან შესასრულებელი ვალდებულების არსზეა (მაგ. სარჩოს, პენსიის, ხელფასის გადახდის მოთხოვნის უფლება) დამოკიდებული.

 

განსაზღვრული პერიოდებით შესასრულებელი ვალდებულებების ხანდაზმულობის ვადის ათვლა გარკვეული სპეციფიკით ხასიათდება. ასეთ შემთხვევაში, თითოეული შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია. ამგვარ მოთხოვნებზე შესაძლებელია მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის კუთვნილი თანხის ანაზღაურება. ვადის გამოთვლის აღნიშნული წესი ზოგადია და გამოიყენება განსაზღვრული პერიოდებით შესასრულებელ ვალდებულებათა მიმართ. ამასთან, კანონით შეიძლება გამონაკლისი წესი დადგინდეს (სკ.656-ე მუხლი). მნიშვნელოვანია, რომ ხანდაზმულობის ვადის ასეთი გამოთვლა დაწესებულია მხოლოდ ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც განსაზღვრულია ვალდებულების ცალკეული ნაწილის (მოქმედების) შესრულების კონკრეტული დრო.

 

მოცემულ შემთხვევაში დავა უკავშირდება ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებას, აღნიშნული კი წარმოადგენს მოთხოვნას, რომელიც გამომდინარეობს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს 20112-14 წლების სახელფასო დავალიანების დაკისრებას. დადგენილია, რომ მოსარჩელის შრომის ანაზღაურება 2012-2014 წლებში შეადგენდა თვეში 1875 ლარს, მას ხელფასი ერიცხებოდა ყოველთვიურად. მოსარჩელე ვერ აკონკრეტებს, თუ რომელი თვის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს, იგი ზოგადად უთითებს 2012-2014 წლების პერიოდს. ამდენად ზემოთ ასახული მსჯელობიდან გამომდინარე, ამგვარ სარჩელზე შესაძლებელია მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის კუთვნილი თანხის ანაზღაურება. ვინაიდან დგინდება, რომ მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილს, შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს ამ თარიღიდან წინა 3 წლის პერიოდში სახელფასო დავალიანება, კერძოდ მას შეუძლია მოითხოვოს 2014 წლის 10 აპრილის შემდეგ არსებული დავალიანების ანაზღაურება. დანარჩენ პერიოდზე სარჩელი ხანდაზმულია.

 

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

მოსარჩელემ სასამართლოში წარმოადგინა შედარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ზა----------–--ე და შპს ,,ეკ---–---ი“-ს ბუღალტერი ფი----------–------------. შედარების აქტი დათარიღებულია 2014 წლის 1 მაისით და 2016 წლის 1 აგვისტოთი. მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული აქტებით მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობა. დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე, 2016 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით ზა-----------–-ძეს 2010 წლის 13 აპრილის N385 სასამსახურო ხელშეკრულების თანახმად, ხელფასის სახით ეკუთვნის 41250 ლარი, რასაც ემატება ერთი თვის გამოუყენებელი შვებულების თანხა 1875 ლარი, ჯამში 43125.

 

აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს მოპასუხე და განმარტავს, რომ სახელფასო დავალიანების შესახებ წარმოდგენილი ბუღალტრის მიერ გაცემული შედარების აქტი ვალის აღიარების დოკუმენტად მიჩნევა არ არის მართებული. მასში არ არის პირდაპირ მითითება დავალიანების შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არასდროს არ უღიარებია სახელფასო დავალიანების არსებობა. იგი წარმოადგენს მხოლოდ საბუღალტრო დოკუმენტს.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2013 წლის 15 თებერვლით დათარიღებული შპს ,,ეკ---–---ი“-ს დირექტორ ზა----------–--ის ბ---------------ბ, რომლის მიხედვით, ბუღალტერ ფი----------–------------ს დაეკისრა ფინანსური მენეჯერის ფუნქციები. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ბუღალტრის მიერ მესამე პირებთან ურთიერთობაში შედგენილი ფინანსური დოკუმენტაცია (მათ შორის შედარების აქტები, წერილები, უწყისები და სხვ.) მიჩნეულ იქნას, როგორც შპს ,,ეკ---–---ი“-ს სახელით შედგენილი და გაცემული დოკუმენტაცია, ხოლო მასში მითითებული გასაცემი ფულადი თანხების (სახელფასო, ნარდობრივი, საგადასახადო დავალიანება და სხვ) დაფიქსირება გათვალისწინებული იქნეს, როგორც შპს ,,ეკ---–---ი“-ს უფლებამოსილი პირის მიერ, მესამე პირების წინაშე გაცემული დაპირება ზემოთაღნიშნულ დოკუმენტაციაში მითითებული დავალიანების პირველივე ეკონომიკური შესაძლებლობის გაჩენისთანავე გასტუმრების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზა----------–--ე იყო შპს ,,ეკ---–---ი“-ს დირექტორი და არა მესამე პირი. იგი თავად წარმოადგენდა შპს ,,ეკ---–---ი“-ს მესამე პირებთან ურთიერთობაში. ფი----------–------------ს მიერ საზოგადოების დირექტორის მიმართ გაცემული აქტი (მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლისათვის ზა----------–--ე აღარ იყო შპს ,,ეკ---–---ი“-ს დირექტორი, მაგრამ დოკუმენტი გაცემულია დირექტორის შრომის ანაზღაურების შესახებ) არ წარმოადგენს მოპასუხე ორგანიზაციის მიერ მოსარჩელის მიმართ ვალდებულების არსებობის აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, იგი არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ვალდებულების არსებობის აღიარების მტკიცებულებად, რომელიც საფუძვლად დაედებოდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას.

 

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევდა აღნიშნულ შედარების აქტს ვალდებულების არსებობის აღიარებად, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, თავად მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი, რომელზეც მოსარჩელე მხარე განმარტავს (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი, 13.09.2018), რომ მასში არის ასახული მოპასუხის მიერ ზა-----------–-ძისათვის 2012-2014 წლებში ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია. მოსარჩელე მხარემ ასევე დაადასტურა, რომ ეს თანხები მოპასუხეს მიღებული აქვს შპს ,,ეკ---–---ი“-ში, დირექტორის პოზიციაზე გაწეული სამსახურისათვის. აღნიშნული ამონაწერით დგინდება, რომ მოსარჩელეს 2012-2014 წლებში ხელფასის სახით მიღებული აქვს 35 559, 43 ლარი. ამასთანავე იგივე ამონაწერით დგინდება, რომ მოსარჩელეს ხელფასის თანხა ჩაერიცხა 2014 წლის მაისში და ივნისის თვეში - 1950-1950 ლარის ოდენობით, ხოლო აპრილის თვეში 1975 ლარი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ეკ---–---ი“-ს ბუღალტრის მიერ გაცემული შედარების აქტი არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ვალის არსებობის აღიარების ხელწერილი.

 

რაც შეეხება, მოსარჩელის მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობის ხანგრძლივობას, დადგენილია, რომ მოსარჩელე გათავისუფლდა შპს ,,ეკ---–---ი“-ს დირექტორის თანამდებობიდან 2014 წლის 19 ივნისს, შპს ,,ეკ---–---ი“-ს 100% წილის მფლობელი პარტნიორის გადაწყვეტილებით. მოსარჩელე უთითებს, რომ იგი მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობდა 1 ივლისამდე, მაგრამ არ წარმოადგენს აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებას. მხოლოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი არასაკმარისი მტკიცებულებაა აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში ძირითადი მტკიცების ტვირთი აწევს დამსაქმებელს, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს დასაქმებული საერთოდ განთავისუფლებულია მტკიცების მოვალეობისაგან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სამტკიცებელია მინიმუმ მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობის ფაქტი. ამდენად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზა-----------–-ძე მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობდა 2014 წლის 19 ივნისამდე.

 

ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხეს არ გააჩნია მოსარჩელის მიმართ 2014 წლის 10 აპრილის შემდეგ სახელფასო დავალიანება, ხოლო 2014 წლის 10 აპრილამდე, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მტკიცებულებების გამოკვლევის და სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი;

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 31-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 137-ე, 316-317-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს, რომ შრომა თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ზა----------–--ე 2010 წლის 13 აპრილიდან 2014 წლის 19 ივნისამდე მუშაობდა შპს ,,ეკ---–---ი“-ში დირექტორის პოზიციაზე, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1875 ლარს (დარიცხული).

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ არ მომხდარა მისთვის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების გაცემა 46 125 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხე მიუთითებს, რომ მას არ გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმის მტკიცების ტვირთი, რომ ხელფასის გაცემა მოსარჩელეზე ნამდვილად ხდებოდა, გააჩნია მოპასუხე მხარეს, რომელიც ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, თავად მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ზა-----------–-ძის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი მტკიცებულების სახით, რომელშიც მოსარჩელის განმარტებით ასახულია მოსარჩელისათვის შპს ,,ეკ---–---ი“-ში დირექტორის პოზიციაზე შესრულებული სამუშაოსათვის ხელფასის სახით ჩარიცხული თანხები, სადავო 2012-2014 წლების პერიოდში.

 

მოპასუხე აცხადებს, რომ სარჩელი ხანდაზმულია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი უფლება, უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად. უშუალოდ შრომითი უფლების დაცვის თაობაზეც დაუშვებელია საწინააღმდეგო მოცემულობის დადგენა. შრომითი უფლების რეალიზაციაც ისევე უნდა იყოს შეზღუდული და შემოფარგლული დროის გონივრული მონაკვეთით, როგორც სხვა სამოქალაქო უფლებები. შესაბამისად, სასამართლო მიმართავს ხანდაზმულობის სამართლებრივ ინსტიტუტს (მით უმეტეს, მოპასუხე სწორედ რომ აპელირებს სარჩელის ხანდაზმულობას) .

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. თუკი პირმა თავისი დაუდევრობის, გულგრილობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

კონკრეტული ურთიერთობისა თუ მოვლენის შემდგომ ხანგრძლივი დროის გასვლა, განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. სწორედ ამიტომ, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო კანონმდებლობით დაწესებულია ხანდაზმულობის ვადები, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გასვლა კი სპობს სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობას.

 

ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი და მისი გამოყენების წინაპირობები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან. დადგენილია, რომ ზა-----------–-ძემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2017 წლის 10 აპრილს. გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილიდან, სარჩელი 2014 წლის 10 აპრილამდე არსებულ მოთხოვნებზე არის ხანდაზმული.

 

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი არ იქნება ხანდაზმული, თუ წარმოდგენილი იქნებოდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ვალის არსებობის ფაქტს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ვალდებულების არსებობის აღიარების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, შპს ,,ეკ---–---ი“-ს ბუღალტრის მიერ საბუღალტრო დოკუმენტი არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ვალის აღიარების ხელწერილად.

 

მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმული არ არის სარჩელი 2014 წლის 10 აპრილის შემდეგ არსებულ მოთხოვნებზე. დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს ,,ეკ---–---ი“-ში მუშაობდა 2014 წლის 19 ივნისამდე. დადგენილია, რომ 2014 წლის აპრილი-მაისი-ივნისის თვეში მოსარჩელეს მოპასუხისაგან მიღებული აქვს ხელფასის სახით, ჯამში 5875 ლარი. დადგენილია, რომ ზა----------–--ის შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1875 ლარს (დარიცხული). ამდენად, არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულების არსებობა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

6.3. აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, რადგან საქართველოს კანონის "სახელმწიფო ბაჟის შესახებ” მე-5 მუხლის I ნაწილის ,,ა” პუნქტით თანახმად, ის გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან, ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამასთან, მოსარჩელე გათავისუფლებულია ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, მოსარჩელისათვის ბაჟის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე- 8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. არ დაკმაყოფილდეს ზუ--------–--ის სარჩელი მოპასუხე სს ,,RM--------“- ის მიმართ სახელფასო დავალიანების დაკისრების თაობაზე;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: პაატა ფხალაძე