გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.09.2018
საქმის ნომერი
330310118002463587
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3225-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 სექტემბერი 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ნ------------–---–ი

 

მოპასუხე - ა-–---–- ღ------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ა-–---–- ღ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის თანხის 3 000( სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - ა-–---–- ღ------ეს წერილობითი ფორმით შესაგებელი სარჩელზე არ წარმოუდგენია, ამასთან არც სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურე - ა-–---–- ღ------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება - ,,საკონტრაქტო (პოფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა-–---–- ღ------ეს შორის, 2017 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულებას იღებდა წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა ,,სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო ,,სამინისტრო“ იღებდა ვალდებულებას გადაეხადა ,,სამხედრო მოსამსახურისთვის“ ანაზღაურება და უზრუნველყო იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, ხოლო 3.3. პუნქტის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურის კონტრაქტის მოქმედებისა და სამსახურის გავლის ვადა შეადგენდა 4 (ოთხ) წელს, რომელიც აითვლებოდა კონტრაქტის გაფორმების თარიღიდან.

 

აღნიშნული ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული იქნა სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობები, რომლის 7.3. პუნქტის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე, კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში, აენაზღაურებინა ,,სამინისტროსთვის“ ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 23 ოქტომბრის კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების ( გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ “ (ს.ფ. 14-21);

 

3.1.2. ა-–---–- ღ------ემ, 2018 წლის 1 მარტს, MOD 0 18 00210978 პატაკით მიმართა II რადიოლოკაციური ბატალიონის მეთაურს, მაიორ - ზ. ნ-----–--ეს და განუმარტა, რომ მიუხედავად მოსალოდნელი სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, რაც გამომდინარეობდა შესაბამისი ხელშეკრულებიდან, სურდა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 1 მარტის ა-–---–- ღ------ის პატაკი (ს.ფ. 22);

 

3.1.3. 2018 წლის 9 მარტს, მოსარჩელის მიერ მიღებული შეტყობინების თანახმად, მისი MOD 0 16 00152487 პატაკის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. გადაწყვეტილების მიღებამდე ა-–---–- ღ------ე ვალდებული იყო გაეგრძელებინა სამხედრო სამსახური, ამასთან მის მიერ ქვედანაყოფის თვითნებურად მიტოვება ორ დღე-ღამემდე ვადით წარმოშობდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების საფუძველს, ხოლო თვითნებურად მიტოვება ორ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველს. კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დადებული 2006 წლის 4 ნოემბრის №683 კონტრაქტის 2.3 პუნქტის შესაბამისად, ა-–---–- ღ------ის მიმართ განხორციელდებოდა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის (3 000 (სამი ათასი) ლარი) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისათვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2018 წლის 9 მარტს მოსარჩელის მიერ მიღებული შეტყობინება (ს.ფ. 49);

 

3.1.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 2 აპრილის MOD 4 18 00001785 ბრძანების მიხედვით, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ‘’თ’’ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკი) და ‘’საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის MOD 9 17 00000737 ბრძანების პირველი პუნქტის ‘’ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის II რადიოლოკაციური ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის სატრანსპორტო ჯგუფის მძღოლი (საშტატო კატეგორია ,,კაპრალ-სპეციალისტი“; შტატი №48/235-01), რიგითი - ა-–---–- ჯ--–---ის ძე ღ------ე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 2 აპრილის MOD 4 18 00001785 ბრძანება (ს.ფ. 23-24);

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.

 

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამსახედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს. ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ა-–---–- ღ------ისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის თანხის დაკისრების მოთხოვნა მხარეთა შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დავის საგანს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმებიდან გამომდინარეობს თუ არა მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენს კანონი.

სასამართლო განმარტავს, რომ სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები, განისაზღვრება სახელმწიფო შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილი იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურე - ა-–---–- ღ------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, ხოლო ამავე კონტრაქტის 3.3. პუნქტის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურის, კონტრაქტის მოქმედებისა და სამსახურის გავლის ვადა შეადგენდა 4 (ოთხ) წელს, რომელიც აითვალა კონტრაქტის გაფორმების თარიღიდან.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

მითითებული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე - ა-–---–- ღ------ეს შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის შესახებ, რომლის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

 

სასამართლოს მაიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულება, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა-–---–- ღ------ეს შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, აღნიშნული ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული იქნა სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობები, რომლის 7.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს ,,სამინისტროს“ ჯარიმის სახით - 3 000 (სამი ათასი) ლარი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 1 მარტს, ა-–---–- ღ------ემ პატაკით მიმართა II რადიოლოკაციური ბატალიონის მეთაურს, მაიორ - ზ. ნ-----–--ეს და განუმარტა, რომ მიუხედავად მოსალოდნელი სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, რაც გამომდინარეობდა შესაბამისი ხელშეკრულებიდან, სურდა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნა, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 2 აპრილის ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ბრიგადის მე-2 რადიოლოკაციური ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის სატრანსპორტო ჯგუფის მძღოლი (საშტატო კატეგორია ‘’კაპრალ-სპეციალისტი’’; შტატი 48/235-01), რიგითი - ა-–---–- ჯ--–---ის ძე ღ------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეუსრულებლობა, ხოლო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების (კონტრაქტის) სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი, რაც თავისთავად გულისხმობს ნების გამოვლენას კონტრაქტში მონაწილე პირებს შორის. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული კონტრაქტი დადებულად ითვლება თუ მხარეები, მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმგვარი პირობები, რაც მას ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს აუნაზღაუროს კონტრაქტით განსაზღვრული ფულადი თანხა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ა-–---–- ღ------ე პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან და სახეზეა მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოპასუხე - ა-–---–- ღ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ჯარიმის სახით - 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. ა-–---–- ღ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ივ. ღლონტი