გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.10.2018
საქმის ნომერი
330210117001963564
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
05.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/15322-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - სს ,,ვი---------------------ა"

წარმომადგენელი - გვ--–---------–---–ი

 

მოპასუხე - მა-–----------–---ი

წარმომადგენელი - ია--------ე

 

დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მა-–----------–---ს სს ,,ვი---------------------ას’’ სასარგებლოდ დაეკისროს - 2015 წლის 02 თებერვლის №612.1173677.003 საკრედიტო ხელშეკრულებიდან და 2015 წლის 02 თებერვლის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4430.86 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3733.22 ლარი და პროცენტი - 697.64 ლარი.

 

1.2. მოპასუხე მა-–----------–---ს სს ,,ვი---------------------ას’’ სასარგებლოდ დაეკისროს - 2017 წლის 12 ივნისიდან (სარჩელის შეტანის თარიღი) 2015 წლის 02 თებერვლის №612.1173677.003 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 3733.22 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 18.80% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 58.48 ლარს.

 

1.3. მოპასუხე მა-–----------–---ს სს ,,ვი---------------------ას’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 12 ივნისიდან (სარჩელის შეტანის თარიღი) 2015 წლის 02 თებერვლის №612.1173677.003 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 3733.22 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს - 0.05%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 1.8 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

სს „ვი---------------------ასა’’ და მა----–-----------–--ეს შორის 2015 წლის 02 თებერვალს დაიდო №612.1173677.003 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 4 480 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18.80%-ით, კრედიტის ვადა - 1463 დღე - 2019 წლის 04 თებერვლამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2015 წლის 02 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, თავდების განცხადების საფუძველზე, სს „ვი---------------------ასა’’ და მა-–----------–---ს შორის 2015 წლის 02 თებერვალს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მა-–----------–---მა ძირითად მსესხებელ - მა----–-----------–--ესთან ერთად იკისრა ვალდებულება სოლიდარულად შეესრულებინა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა - 7 855.88 ლარი.

 

მა----–-----------–--ემ და მა-–----------–---მა დაარღვიეს №612.1173677.003 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2016 წლის 04 აპრილს და აღნიშნულის შემდეგ აღარ მომხდარა თანხის გადახდა. ასევე, მოპასუხეებმა ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილეს კრედიტის დაბრუნების ვადას და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებენ თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.

 

შესაბამისად, 2016 წლის 01 დეკემბრის მდგომარეობით, მა----–-----------–--ესა და მა-–----------–---ს №612.1173677.003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 5 792.27 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 3 733.22 ლარი, პროცენტი - 526.87 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა - 1 532.18 ლარი.

 

მოსარჩელე, ასევე განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში, კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის სს ,,ვი---------------------ას’’ სასარგებლოდ 2015 წლის 02 თებერვლის №612.1173677.003 საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5792.27 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3733,22 ლარი, პროცენტი - 526.87 ლარი და ჯარიმა - 1532.18 ლარი. ასევე, 2016 წლის 01 დეკემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2015 წლის 02 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 3733.22 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 18.80% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 58.48 ლარს.

 

2018 წლის 26 სექტემბერს სს „ვი---------------------ას“ წარმომადგენელმა - გვ--–---------–---–მა განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლითაც დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოთხოვა მოპასუხე მა-–----------–---ისათვის სს ,,ვი---------------------ას’’ სასარგებლოდ 2015 წლის 02 თებერვლის №612.1173677.003 საკრედიტო ხელშეკრულებიდან და 2015 წლის 02 თებერვლის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4 430.86 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3733,22 ლარი და პროცენტი - 697.64 ლარი; ასევე, 2017 წლის 12 ივნისიდან (სარჩელის შეტანის თარიღი) 2015 წლის 02 თებერვლის №612.1173677.003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 3733.22 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 18.80% სარგებლის გადახდის დაკისრება, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 58.48 ლარს და 2017 წლის 12 ივნისიდან (სარჩელის შეტანის თარიღი) 2015 წლის 02 თებერვლის №612.1173677.003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 3733.22 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს - 0.05%-ის გადახდის დაკისრება, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 1.8 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა (იხ. შუამდგომლობა).

 

მოსარჩელემ, წარმოდგენილ განცხადებაში, ასევე დამატებით განმარტა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, მოსარჩელემ დაკარგა ის სარგებელი, რომელიც უნდა მიეღო ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში და სარგებელი, რომელსაც ბანკი მიიღებდა მიღებული სარგებლის შემდგომი დაკრედიტების შემთხვევაში.

 

ამასთან, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, ძირითადი მსესხებელი მა----–-----------–--ე არის გარდაცვლილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მა-–----------–---მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის (3 733.22 ლარი) ნაწილში. ამასთან, სარგებლის ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი მოსაზრებით იმ დროიდან როდესაც კრედიტორმა დავალიანების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა მოვალეს, სსკ-ის 873-ე მუხლის შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად. მოქმედი კანონმდებლობა, კი არ ითვალისწინებს მოვალის ვალდებულებას გადაიხადოს პროცენტი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 02 თებერვალს სს „ვი---------------------ასა’’ და მა----–-----------–--ეს შორის დაიდო №612.1173677.003 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 4 480 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18.80%-ით, კრედიტის ვადა - 1463 დღე - 2019 წლის 04 თებერვლამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე ერთჯერადად 20 ლარი, ამას დამატებული ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, საპროცენტო განაკვეთის სახით დარიცხული თანხის გაანგარიშება ხდება კრედიტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად 365 დღისაგან შემდგარ წელიწადზე გაანგარიშებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 02.02.2015წ. საკრედიტო ხელშეკრულება, გადახდის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 17-21);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

3.1.2. 02.02.2015წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 02 თებერვალს სს „ვი---------------------ასა“ და მა-–----------–---ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მა-–----------–---მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა შეესრულებინა მა----–-----------–--ის მიერ 02.02.2015წ. საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. თავდების მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრა - 7 855.88 ლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2019 წლის 04 აგვისტომდე.

 

ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, თავდები კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს ძირითადი ვალისთვის, მსესხებლის მიერ გადასახდელი პროცენტისათვის, საკომისიოსათვის, პირგასამტეხლოსათვის, ბანკისთვის მიყენებული ზიანისათვის, ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო/აბიტრაჟის ხარჯებისათვის.

 

ხელშეკრულების 4.6. პუნქტის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია წაუყენოს თავდებს მოთხოვნა მსესხებლის მიმართ იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშე, თუ მსესხებელმა გადააცილა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრულ გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული ან საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ვადამდე შეწყდა (მიუხედავად შეწყვეტის მიზეზისა და საფუძვლისა), ან მსესხებლის გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 02.02.2015წ. თავდებობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 22-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

3.1.3. მა----–-----------–--ისა და მა-–----------–---ის მიერ დარღვეულ იქნა 02.02.2015 საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, 2016 წლის აპრილის შემდგომ აღარ მომხდარა აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ანგარიშიდან (იხ. ს.ფ. 25-26);

- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 27);

 

3.1.4. ძირითადი მსესხებელი მა----–-----------–--ე არის გარდაცვლილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 59)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს „ვი---------------------ას“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 411-ე, 417-418-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე, 891-892-ე, 895-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 3733.22 ლარის მოთხოვნის ნაწილში (იხ. სხდომის ოქმი), რაც ზემოთ დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი, ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადენილია, რომ სს „ვი---------------------ასა’’ და მა----–-----------–--ეს შორის 2015 წლის 02 თებერვალს დაიდო №612.1173677.003 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი - 4 480 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18.80%-ით, კრედიტის ვადა - 1463 დღე - 2019 წლის 04 თებერვლამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20 ლარი, ამას დამატებული ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთი მხრივ, მოსარჩელე ხოლო მეორე მხრივ მსესხებელი - მა----–-----------–--ე შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა გამოიწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მოვალის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს დავალიანების სრულად დაფარვა.

რაც შეეხება მოპასუხის მითითებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 873-ე მუხლზე, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ უფლებას ანიჭებს კრედიტის გამცემს შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა თუკი კრედიტის ამღები გადააცილებს ზედიზედ, გადახდის სულ ცოტა ორ ვადას, რაც თავისთავად არ წარმოადგენს კრედიტორის უპირობო ვალდებულებას მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისთანავე, აღნიშნულ პუნქტში მითითებული პირობების დაცვით, შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა. შესაბამისად, ვინაიდან სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელეს არ უსარგებლია სსკ-ის 873-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებით, სასამართლო მიიჩნევს რომ მხარეთა შორის საკრედიტო ურთიერთობა შეწყვეტილად ითვლება სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის დღიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, კი თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

თავდებობის ხელშეკრულება ცალმხრივია და კრედიტორს მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თავდების მიმართაც. ამიტომ თავდებობის ხელშეკრულებაში თავდები შეიძლება გამოდიოდეს მოვალის როლშიც. მას ძირითად მოვალესთან ერთად ეკისრება პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულებისათვის. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ იგი მიიღოს კრედიტორმა და დარწმუნდეს, რომ ამ დოკუმენტში გამოხატული ნება ნამდვილად გამომდინარეობს ხელშეკრულების მხარისაგან. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, ასევე საჭიროა თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

02.02.2015წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 02 თებერვალს სს „ვი---------------------ასა“ და მა-–----------–---ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მა-–----------–---მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა შეესრულებინა მა----–-----------–--ის მიერ 02.02.2015წ. საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა - 7 855.88 ლარი.

 

ამდენად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მა-–----------–---ი (თავდები პირი) ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს მოსარჩელის წინაშე და ვალდებულია სოლიდარულად გადაიხადოს სს „ვი---------------------ას“ მიმართ 2015 წლის 02 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია მხოლოდ თავდები პირის - მა-–----------–---ის მიმართ. დადგენილია, ასევე რომ ძირითადი მსესხებელი მა----–-----------–--ე არის გარდაცვლილი. ხოლო, თავდებმა 02.02.2015წ. თავდებობის ხელშეკრულებით მა----–-----------–--ის ვალდებულებებისათვის სს „ვი---------------------ას“ მიმართა პასუხისმგებლობა იკისრა სოლიდარულად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლი, კი კრედიტორს აძლევს უფლებას ვალდებულების შესრულების შესახებ მოთხოვნა წაუყენოს თავდებ პირს მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე.

 

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა თავდები პირის - მა-–----------–---ისათვის სესხის ძირი თანხისა და ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, სარჩელის აღძვრამდე დაანგარიშებული საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე წარმოადგენს მოპასუხე მა-–----------–---ისათვის სს ,,ვი---------------------ას’’ სასარგებლოდ 2017 წლის 12 ივნისიდან (სარჩელის შეტანის თარიღი) 2015 წლის 02 თებერვლის №612.1173677.003 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 3733.22 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური - 18.80% სარგებლის გადახდის დაკისრება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას აწესრიგებს, განსაზღვრავს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (total reparation-ის პრინციპი). ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა, თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ მსესხებელზე გაიცა სარგებლიანი სესხი. შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. ამდენად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

 

ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვერ იქნებოდა მოსარჩელისათვის სავარაუდო, რომ მის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ბანკის მიერ აუცილებლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით (18.80%) მოხდებოდა მისი ისევ სესხად გაცემა. მით უფრო, უდავოა, რომ ბანკი კრედიტს გასცემს სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთებით და არა ყოველთვის აუცილებლად ამ კონკრეტული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სარწმუნოდ და დამაჯერებლად ვერ მიიჩნია, მოსარჩელის დასაბუთება მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით და მიაჩნია რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს - 2015 წლის 12 ივნისიდან (სარჩელის შეტანის თარიღი) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დავალიანების ძირ თანხაზე წლიური 10%-ის გადახდა, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა (2019 წლის 04 თებერვლისა).

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 02 თებერვალს შპს „ვი---------------------ასა“ და მა----–-----------–--ეს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადად 20 ლარი და ამას დამატებული ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირ თანხაზე - 3733.22 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს - 0.01%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 236.92 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე - 150 ლარი. ასევე, აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 3733.22 ლარის მოთხოვნის ნაწილში. ამდენად, სს ,,ვი---------------------ას“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი, ანუ - 112 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, მოპასუხე მა-–----------–---ს მოსარჩელე სს „ვი---------------------ას“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 158.31 ოდენობით, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

მოპასუხეს, ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარი და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის გადახდა.

 

ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე სს „ვი---------------------ამ“ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, რის შედეგადაც შემცირდა წარმოდგენილი სარჩელის ფასი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს შემცირებული მოთხოვნის ოდენობის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი - 10.84 ლარის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს“.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 150 ლარი. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ შუამდგომლობაზე ზედმეტად გადახდილი 100 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით, სს ,,ვი---------------------ას” წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და მოპასუხე მა-–----------–---ს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომლის რეკვიზიტებია: - ქა-–---------–-------------–---–-----------------ა, საკადასტრო კოდი: 01.12.01.0--.0--.01.0--.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ვი---------------------ას“ სარჩელი მა-–----------–---ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე მა-–----------–---ს სს ,,ვი---------------------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს - 2015 წლის 02 თებერვლის №612.1173677.003 საკრედიტო ხელშეკრულებიდან და 2015 წლის 02 თებერვლის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4430.86 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3733.22 ლარი და პროცენტი - 697.64 ლარი.

 

1.2. მოპასუხე მა-–----------–---ს სს ,,ვი---------------------ას’’ სასარგებლოდ დაეკისროს - 2015 წლის 02 თებერვლის №612.1173677.003 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 3 733.22 ლარზე წლიური 10% სარგებლის გადახდა, 2017 წლის 12 ივნისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა (2019 წლის 04 თებერვლისა).

 

1.3. მოპასუხე მა-–----------–---ს სს ,,ვი---------------------ას’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 02 თებერვლის №612.1173677.003 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირი თანხის - 3733.22 ლარის 0.01%-ის ოდენობით, 2017 წლის 12 ივნისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა.

 

2. მოპასუხე მა-–----------–---ს სს ,,ვი---------------------ას’’ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 158.31 ლარის გადახდა. ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარისა და აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის გადახდა.

 

3. სს ,,ვი---------------------ას’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 16 თებერვალს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 236.92 ლარიდან - 122.84 ლარი (საგადახდო დავალება №18) და 2017 წლის 16 თებერვალს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 150 ლარიდან - 100 ლარი (საგადახდო დავალება №19), რომლებიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150,4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე