გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.07.2018
საქმის ნომერი
330310017002237512
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/8841-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 ივლისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

 

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

 

მოსარჩელე - რ-----------–---–ი

წარმომადგენელი - კ------------ე

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია

წარმომადგენლები - ლ-----------–-–---–ი, ნ--------------–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის მოსარჩელე რ-----------–---–ის სასარგებლოდ 17850 (ჩვიდმეტიათასრვაასორმოცდაათი) ლარის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2014 წლის 29 სექტემბრის კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ №3-- ხელშეკრულებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაზე - “MITSUBISHI L200”, გამოშვების წელი 2008, საბალანსო ღირებულებით 44968 ლარი, სახელმწიფო №S------, მატერიალურ პასუხიმგებელ პირებად, სოლიდარულად, განისაზღვრნენ - რ-----------–---–ი და ზვ-------------ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 29 სექტემბრის კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ №3-- ხელშეკრულება (ს.ფ.115-116).

 

3.2. 2016 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 89-ე კილომეტრზე, ლაკბეს ხიდთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული ავტომობილი „MITSUBISHI L200”, სახელმწიფო №S------, რომელსაც მართავდა - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს სახმელეთო ოპერაციების დაგეგმარების განყოფილების უფროსი რ-----------–---–ი.

 

რ-----------–---–ის მიმართ შედგა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი №ე-------, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, რ-----------–---–ი დაჯარიმდა 250 ლარით.

 

2016 წლის 23 ნოემბრის ალკოტესტის თანახმად, რ-----------–---–ი არ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №ე------- (ს.ფ.19);

- ალკოტესტი (ს.ფ.20);

- შემთხვევის ადგილის აღწერის გეგმა (ს.ფ.21);

- რ-----------–---–ის 2016 წლის 23 ნოემბრის ახსნა-განმარტება (ს.ფ.22).

 

3.3. 2016 წლის 23 ნოემბერს 13:32 საათზე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მართვისა და კონტროლის ცენტრს დაუკავშირდა რ-----------–---–ი და აცნობა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანთან შეემთხვა ავტოსაგზაო შემთხვევა.

 

აღნიშნული ინფორმაციის შესახებ 15:52 საათზე პროგრამა EFLOW-ში მომზადდა №2------ შეტყობინება და გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. ამასთან, 2016 წლის 24 ნოემბერს პროგრამა EFLOW-ში მომზადდა სამსახურებრივ-საინფორმაციო №3-- კრებსი, სადაც შეტანილ იქნა ინფორმაცია ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დირექტორის 2013 წლის 24 ივლისის №3-- ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს გადაეგზავნა 10:13 საათზე №2------ შეტყობინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2018 წლის 9 მარტის №M------------- წერილი (ს.ფ.144-152).

 

3.4. 2016 წლის 03 დეკემბერს, რ-----------–---–მა საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოს და მოითხოვა 2016 წლის 23 ნოემბრის Nე------- საჯარიმო ქვითრის გაუქმება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 06 დეკემბრის N2---------- დადგენილებით, რ-----------–---–ს უარი ეთქვა განცხადების (საჩივრის) დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რ-----------–---–ის განცხადება (ს.ფ.42);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 06 დეკემბრის N2---------- დადგენილება (ს.ფ.24-25).

 

3.5. რ-----------–---–მა 2016 წლის 16 დეკემბერს საჩივრით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა 2016 წლის 23 ნოემბრის Nე------- საჯარიმო ქვითრის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 06 დეკემბრის N2---------- დადგენილების ბათილად ცნობა.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის პირველი თებერვლის განჩინებით, რ-----------–---–ის საჩივარი განსჯადობით გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა რ-----------–---–ის საჩივარი. გაუქმდა 2016 წლის 23 ნოემბრის Nე------- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 06 დეკემბრის N2---------- დადგენილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რ-----------–---–ის 2016 წლის 16 დეკემბრის საჩივარი (ს.ფ.38-40);

- თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის პირველი თებერვლის განჩინება (ს.ფ.31-33);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის სხდომის ოქმი (ს.ფ.43-44).

 

3.6. რ-----------–---–მა განახორციელა დაზიანებული ავტომობილის - „MITSUBISHI L200”, სახელმწიფო №S------, შეკეთება.

 

ი/მ დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორ „და--------------ის“ 2017 წლის 10 ნოემბრის №0------დ.რ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დამკვეთის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალების ნაწილისა და მისი ახსნა-განმარტებების შედეგად დადგინდა, რომ მანქანა გადავარდა სიმაღლიდან, ჩავარდა რკინა-ბეტონის არხში, მანქანამ მიიღო მრავალმხრივი დაზიანებები, კერძოდ, ავტომობილი ამობრუნდა და სახურავით დაეცა რკინა-ბეტონზე. ავარიის შემდეგ ჩაემტვრა საქარე და გვერდითა მინები, დაემსხვრა ფარები და სარკეები, დეფორმაცია განიცადა მანქანის ძარამ მთლიანად, კარებებმა, გატყდა ე.წ. „შიტოკი“, ჩაეშალა ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი. დარტყმის შედეგად დაზიანდა სავალი ნაწილის ელემენტები, ძრავისა და კოლოფის ქვედა სამაგრები და სხვა. რ-----------–---–მა დაზიანებული ნაწილები ჩაანაცვლა ძირითადად ახლით და ავტომობილი გადაღება ორჯერ.

 

გაწეული ხარჯების განსაზღვრის მიზნით, დამოუკიდებელმა ექსპერტმა მოიძია ინფორმაცია, ავტოსათადარიგო ნაწილების ღირებულების დადგენის მიზნით, როგორც მაღაზიებიდან, ასევე, მეორადი ნაწილების შესაძენი (დასაშლელი) პუნქტებიდან. მოკვლევისას გამოიკვეთა, რომ აღნიშნული ავტომობილის ნაწილების მოძიება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული მისი წლოვანებისა და ღირებულების გათვალისწინებით.

 

აღნიშნული დასკვნის თანახმად, ხარჯი გაიწია შემდეგი ოდენობით: (1) მოტორის ქვედა სამაგრების შეძენა-დაყენება - 250 ლარი; (2) სიჩქარეთა კოლოფების ქვედა სამაგრები (შეძენა-დაყენება) – 300 ლარი; (3) სიჩქარეთა კოლოფის შეცვლა - 2500 ლარი; (4) ხიდის შეცვლა - 2500 ლარი; (5) რადიატორის შეცვლა - 400 ლარი; (6) ძრავის სახურავის შეცვლა - 450 ლარი; (7) „შიტოკის“ შეცვლა - 300 ლარი; (8) საქარე მინა - 350 ლარი; (9) გვერდითი მინები - 800 ლარი; (10) სარკეების (გვერდითი და შიდა) შეცვლა - 500 ლარი; (11) ყველა ფარების დაყენება - 1200 ლარი; (12) მარცხენა კარებების გასწორება - 500 ლარი; (13) მარჯვენა კარებების შეძენა-დაყენება - 1000 ლარი; (14) მანქანის სახურავისა და საყრდენების გასწორება-დამუშავება - 3000 ლარი; (15) „აბივკის“ აღდგენა-განახლება - 300 ლარი; (16) გადაღებვა მთლიანად, ორჯერ - 3000 ლარი; (17) სავალი ნაწილის სხვადასხვა ელემენტები - 500 ლარი.

 

დასკვნის მიხედვით, რ-----------–---–ის მიერ 2016 წლის 23 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „MITSUBISHI L200”, სახელმწიფო №S------, დასკვნის შედგენის დროისათვის გამართულ მუშა მდგომარეობაშია და მისი აღდგენა-შეკეთება-გამართვისათვის გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა საორიენტაციოდ შეადგენს 17850 (ჩვიდმეტიათასრვააორმოცდაათი) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რ-----------–---–ის 2017 წლის 14 აპრილის სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.47-48);

- რ-----------–---–ის 2017 წლის 2 ივნისის სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.49-50);

- ი/მ დამოუკიდებელი ექსპერტი, აუდიტორი „და--------------ის“ 2017 წლის 10 ნოემბრის №0------დ.რ. ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.58-70).

 

3.7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №1------ ბრძანებით რ-----------–---–ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2017 წლის 8 ივლისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №1------ ბრძანებიდან (ს.ფ.14).

 

3.8. რ-----------–---–მა 2017 წლის 24 ივლისის განცხადებით, შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას აცნობა, დაზიანებული ავტომანქანის - „MITSUBISHI L200”, სახელმწიფო №S------, აღდგენის შესახებ.

 

2017 წლის 24 ივლისიდან ავტომანქანა - „MITSUBISHI L200”, სახელმწიფო №S------, იმყოფება შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დაცვის ქვეშ არსებულ ობიექტზე (მის: ქ. თ----------------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რ-----------–---–ის 2017 წლის 24 ივლისის განცხადება (ს.ფ.53-54);

- №107 შემოვლის ფურცელი (ს.ფ.15);

- შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2018 წლის 27 თებერვლის №M------------- წერილი (ს.ფ.163).

 

3.9. შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს 2018 წლის 20 თებერვლის №4----- კორესპონდენციით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ეთხოვა, დაედგინა, 2016 წლის 23 ნოემბრის შემდეგ, ავტომანქანაზე - „MITSUBISHI L200”, სახელმწიფო №S------, შეიცვალა და შესწორდა თუ არა შემდეგი სათადარიგო ნაწილები: მოტორის ქვედა სამაგრები, გადაცემათა კოლოფი, ხიდი, ძრავის სახურავი, რადიატორი, ბამპერი, საქარე მინა, გვერდითი მინები, სარკეები (შიდა და გარე), წინა და უკანა ფარები, მარცხენა კარებების გასწორება, მარჯვენა კარებები, მანქანის სახურავის და საყრდენების გასწორება და დამუშავება, შიდა „აბივკების“ აღდგენა, გადაღებვა ორჯერ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ასევე, ეთხოვა, დაედგინა, სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები შესრულდა თუ არა ხარისხიანად და რამდენად მიზანშეწონილი იყო აღნიშნული სამუშაოების შესრულება ავტომობილის პირვანდელი მდგომარეობის დასაბრუნებლად, ასევე, ეთხოვა განესაზღვრა მთლიანად გაწეულ ხარჯების ოდენობა თანხობრივად.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2018 წლის 28 თებერვლის №5--------- კორესპონდენციის თანხმად, ვინაიდან ექსპერტების მიერ ვერ მოხდება დაზიანებული დეტალების პირვანდელი მდგომარეობის ნახვა, შესაბამისად, შეუძლებელია შესრულებული სამუშაოების და აღდგენის შედეგად გაწეული ხარჯების განსაზღვრა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს 2018 წლის 20 თებერვლის №4----- კორესპონდენცია (ს.ფ.111-113);

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2018 წლის 28 თებერვლის №5--------- კორესპონდენცია (ს.ფ. 166).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რ-----------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 976-ე, 979-ე მუხლები; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი, მე-8, მე-10, 125-ე მუხლები; „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანება; „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ-----------–---–ი იყო საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს სახმელეთო ოპერაციების დაგეგმარების განყოფილების უფროსი, რომლზეც მოხდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის - “MITSUBISHI L200”, გამოშვების წელი 2008, საბალანსო ღირებულებით 44968 ლარი, სახელმწიფო №S------ - განპიროვნება. აღნიშნულთან დაკავშირებით კი შედგა 2014 წლის 29 სექტემბრის კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ №3-- ხელშეკრულება, რომლითაც მოცემულ ავტომობილზე მატერიალურ პასუხიმგებელ პირებად, სოლიდარულად, განისაზღვრნენ - რ-----------–---–ი და ზვ-------------ა.

 

რ-----------–---–მა, 2016 წლის 23 ნოემბერს - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 89-ე კილომეტრზე, ლაკბეს ხიდთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილი („MITSUBISHI L200”, სახელმწიფო №S------) შეაკეთა, რაზეც გაწია ხარჯი 17850 (ჩვიდმეტიათასრვაასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

დავის საგანს წარმოადგენს სწორედ აღნიშნული თანხის ანაზღაურების დაკისრება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის.

 

სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლს, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ის არეგულირებს სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და მოქალაქის ურთიერთობას ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, თუმცა ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულია კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატება პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

შესაბამისად, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევაში, პირს შეუძლია მოითხოვოს თანხის დაბრუნება იმ პირისაგან, რომლის გამდიდრებაც (ქონების დაზოგვაც) მოხდა უსაფუძვლოდ. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამი პირობის კუმულატიურად არსებობის შემთხვევაში, კერძოდ, ა) სახეზე უნდა იყოს მოპასუხის გამდიდრება, ბ) ამის შესაბამისად, უნდა შემცირდეს მოსარჩელის ქონება და გ) არ უნდა არსებობდეს ქონების ერთი პირიდან მეორეზე გადასვლის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, გადამწყვეტია მესამე ელემენტი - თუ რა წინაპირობების გათვალისწინებით შეიძლება ჩაითვალოს, რომ ერთი პირიდან მეორეზე ქონების გადაცემა გამართლებული არ არის.

 

დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ 2016 წლის 23 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომობილი - „MITSUBISHI L200”, სახელმწიფო №S------.

 

ი/მ დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორ „და--------------ის“ 2017 წლის 10 ნოემბრის №0------დ.რ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დამკვეთის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალების ნაწილისა და მისი ახსნა-განმარტებების შედეგად დადგინდა, რომ მანქანა გადავარდა სიმაღლიდან, ჩავარდა რკინა-ბეტონის არხში, ავტომობილმა მიიღო მრავალმხრივი დაზიანებები, კერძოდ, ამობრუნდა და სახურავით დაეცა რკინა-ბეტონზე. ავარიის შემდეგ ჩაემტვრა საქარე და გვერდითა მინები, დაემსხვრა ფარები და სარკეები, დეფორმაცია განიცადა მანქანის ძარამ მთლიანად, კარებებმა, გატყდა ე.წ. „შიტოკი“, ჩაეშალა ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი. დარტყმის შედეგად დაზიანდა სავალი ნაწილის ელემენტები, ძრავისა და კოლოფის ქვედა სამაგრები და სხვა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელია დადგინდეს, კონკრეტულად რა დაზიანებები ჰქონდა ავტომობილს 2016 წლის 23 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

 

სასამართლო მოიხმობს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანების მე-7 მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებს, რომელთა თანახმად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევებზე რეაგირება ხორციელდება მინისტრის მიერ დამტკიცებული დისციპლინური წესდების მიხედვით.

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დისციპლინური გადაცდომის სახედ ითვლება ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა.

 

აღნიშნული დანაწესების შესაბამისად, უდავოა, რომ 2016 წლის 23 ნოემბერს 13:32 საათზე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მართვისა და კონტროლის ცენტრს დაუკავშირდა რ-----------–---–ი და აცნობა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანთან შეემთხვა ავტოსაგზაო შემთხვევა. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ 15:52 საათზე პროგრამა EFLOW-ში მომზადდა №2------ შეტყობინება და გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. ამასთან, 2016 წლის 24 ნოემბერს პროგრამა EFLOW-ში მომზადდა სამსახურებრივ-საინფორმაციო №3-- კრებსი, სადაც შეტანილ იქნა ინფორმაცია ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დირექტორის 2013 წლის 24 ივლისის №3-- ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს გადაეგზავნა 10:13 საათზე №2------ შეტყობინებით.

 

სასამართლო მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ის გარემოება, რომ რ-----------–---–ის მიმართ არ არსებობს გენერალური ინსპექციის დასკვნა ავტომობილის („MITSUBISHI L200”, სახელმწიფო №S------) დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში მყოფი სუბიექტია და შესაბამის დოკუმენტბრუნვას აწარმოებს, აქედან გამომდინარე, მას სრულად ხელეწიფებოდა იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც საკუთარი შეხედულების ფარგლებში, ამართლებს მის მიერ გაჟღერებულ პოზიციას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევის დღესვე ეცნობა ავტომობილის დაზიანების შესახებ. თუმცა, მოპასუხის მიერ არ ყოფილა არანაირი ქმედება განხორციელებული, მას არ ჩაუტარებია მოკვლევა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. შესაბამისად, სასამართლოს აზრით, დადგენილად უნდა იქნას მიჩნეული ი/მ დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორ „და--------------ის“ 2017 წლის 10 ნოემბრის №0------დ.რ. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები, რომ მოსარჩელემ თავის ხარჯებით შეაკეთა აღნიშნული ავტომობილი, კერძოდ, შესაბამისი სპეციალისტების დახმარებით: შეიძინა-დააყენა - მოტორის ქვედა სამაგრები, სიჩქარეთა კოლოფების ქვედა სამაგრები; შეცვალა - ხიდი, რადიატორი, ძრავის სახურავი, ე.წ. „შიტოკი, საქარე მინა, გვერდითი მინები, გვერდითი და შიგა სარკეები, დააყენა ფარები; გაასწორა - მარცხენა კარებები; შეიძინა-დააყენა - მარჯვენა კარებები; გაასწორა/დაამუშავა - მანქანის სახურავი და საყრდენები; აღადგინა/განაახლა ე.წ. „აბივკა“; გადაღება ავტომობილი ორჯერ და შეცვლა სავალი ნაწილების სხვადასხვა ელემენტები.

 

სასამართლო, ასევე, ვერ გაითვალისწინებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ავტომობილი არის გაუმართავ მდგომარეობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ მოხდა შეკეთებული ავტომობილის მიღება, რომელიც რ-----------–---–ის 2017 წლის 24 ივლისის განცხადების საფუძველზე, ამავე დღიდან, იმყოფება შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დაცვის ქვეშ არსებულ ობიექტზე (მის: ქ. თ----------------------). ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ რ-----------–---–ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან დათხოვნის საფუძველზე, შევსებული №107 შემოვლის ფურცელში, შესაბამის გრაფაში, კერძოდ, საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის (მომარაგების განყოფილება ან შესაბამისი დანაყოფის საფინანსო-სამეურნეო ქვედანაყოფი) დასახელების გასწვრივ დაფიქსირებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, თარიღის მითითებით (24.07.2017წ.), და დასმულია შესაბამისი ბეჭედი. აღნიშნული ცალსახად ადასტურებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ შეკეთებული ავტომობილის - „MITSUBISHI L200”, სახელმწიფო №S------, მიღების ფაქტს.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ეთხოვა, დაედგინა მხოლოდ 2016 წლის 23 ნოემბრის შემდეგ, ავტომანქანაზე - „MITSUBISHI L200”, სახელმწიფო №S------, შეიცვალა და შესწორდა თუ არა სათადარიგო ნაწილები. ასევე, ეთხოვა, დაედგინა, სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები შესრულდა თუ არა ხარისხიანად და რამდენად მიზანშეწონილი იყო აღნიშნული სამუშაოების შესრულება ავტომობილის პირვანდელი მდგომარეობის დასაბრუნებლად, ასევე, ეთხოვა განესაზღვრა მთლიანად გაწეულ ხარჯების ოდენობა თანხობრივად. მოპასუხეს არ დაუსვამს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, ვარგისი არი თუ არა ექსპლუატაციისათვის აღნიშნული ავტომობილი. შესაბამისად, მხოლოდ მითითება, რომ ავტომობილი იმყოფება შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დაცვის ქვეშ არსებულ ობიექტზე (მის: ქ. თ----------------------) 2017 წლის 24 ივლისიდან, ვერ ადასტურებს ავტომობილის გაუმართაობის ფაქტს.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით, მოთხოვნის დაკმაყოფილების პირველი ორი წინაპირობა. კერძოდ, 2016 წლის 23 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე მყოფი სადავო ავტომობილის ღირებულება შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომლის შეკეთებაზეც ხარჯი გასწია მოსარჩელემ და გამართულ, ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში დაუბრუნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, რომელსაც არ გამოუთქვამს არანაირი პრეტენზია ავტომობილის მიღებასთან დაკავშრებით.

 

განსახილველ შემთხვევა დავის საგანია, ასევე, ევალებოდა თუ არა რ-----------–---–ს დაზიანებული ავტომობილის შეკეთება.

 

რ-----------–---–ის მიმართ შედგა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი №ე-------, რომლის მიხედვით იგი დაჯარიმდა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, 250 ლარით. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის დადგენილებით გაუქმდა აღნიშნული აქტი.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხლს, რომლის თანახმად, აღნიშნული კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი; ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

 

აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლი ეხება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას და განსაზღვრავს აღნიშნულ დარღვევაზე სახდელის სახეს და ზომას. მოცემული ნორმის მე-10 ნაწილის მიხედვით (სადავო პერიოდისატვის მოქმედი რედაქცია) ამ მუხლის მე-6, 62, მე-7, 71, 72 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის დადგენილებით - 2016 წლის 23 ნოემბრის Nე------- ელექტრონული საჯარიმო ქვითარისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 06 დეკემბრის N2---------- დადგენილების გაუქმება, ცალსახად გამორიცხავს რ-----------–---–ის ბრალეულობას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომასთან დაკავშირებით. ამას, დამატებით ადასტურებს ის გარემოებაც, რომ რ-----------–---–ის მიმართ არ მომხდარა დისციპლინური სახდელის დადება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული ავტომობილის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით.

 

სასამართლო მიუთითებს 2014 წლის 29 სექტემბრის კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ №3-- ხელშეკრულებაზე, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაზე - “MITSUBISHI L200”, გამოშვების წელი 2008, საბალანსო ღირებულებით 44968 ლარი, სახელმწიფო №S------, მატერიალურ პასუხიმგებელ პირებად, სოლიდარულად, განისაზღვრნენ - რ-----------–---–ი და ზვ-------------ა. აღნიშნული ხელშეკრულება დადებულია საქართველოს შრომის კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე.

 

სასამართლო მოიხმობს 2014 წლის 29 სექტემბრისათვის მოქმედ საქართველოს შრომის კოდექსის 45-ე მუხლს, რომლის თანახმად, წერილობითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სახე და ფარგლები, თუ ეს გამომდინარეობს სამუშაოს სპეციფიკიდან. წერილობითი ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ შეიძლება დაიდოს სრულწლოვან დასაქმებულთან, რომელიც ახორციელებს მისთვის გადაცემული ფასეულობების შენახვას, დამუშავებას, გაყიდვას (გადაცემას), გადაზიდვას ან წარმოების პროცესში გამოყენებას.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმე №ას-344-322-2017, 11.10.2017წ.), სადაც განმარტებულია, რომ შრომითი მოვალეობის დარღვევისათვის დასაქმებულის პასუხისმგებლობის საფუძვლებს ადგენს თავად შრომის კოდექსი. პასუხისმგებლობის ფორმად კი, მოქმედი კანონმდებლობა განიხილავს, როგორც შრომითი ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოებ მეორად მოთხოვნებს (ზიანის ანაზღაურება), ისე _ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესაძლებლობას. მითითებულთაგან პირველი (ზიანი) მოწესრიგებულია შრომის კოდექსის 44-ე მუხლით, რომელიც დეკლარაციული ნორმაა (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) და ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამართლის ნორმათა გამოყენების პრინციპის მხედველობაში მიღებით, თუკი შრომის სპეციფიკის გათვალისწინებით სახეზე არ გვაქვს სპეციალური რეგულაცია, გამოიყენება სახელშეკრულებო მოთხოვნათა დარღვევისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მეორადი მოთხოვნის მარეგულირებელი წესი (სკ-ის 394-ე მუხლი), შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისათვის სახეზე უნდა იყოს ამ ინსტიტუტისათვის დამახასიათებელი სამივე ელემენტი: პირის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება; შედეგი - მიყენებული ზიანი; მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

ზემოაღნიშნული განმარტების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 45-ე მუხლი ითვალისწინებს დასაქმებული პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობას, როდესაც ის ფლობს/სარგებლობს დამსაქმებლის საკუთრებით, იგი არ განსაზღვრავს ასეთი პასუხისმგებლობის ფარგლებს და წინაპირობებს. ამასთან, 2014 წლის 29 სექტემბრის კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ №3-- ხელშეკრულებაც არ ითვალისწინებს წინაპირობებს ასეთი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის რ-----------–---–ისა და ზვ-------------ას მიმართ. შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ამ მოთხოვნების შესრულება უკვე ვალდებულების დარღვევაა. ქონებრივი პასუხისმგებლობის პირისთვის დასაკისრებლად კი საჭიროა სახეზე იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და ზიანს შორის. განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არსებობს რ-----------–---–ის ბრალეული ქმედება, შესაბამისად, 2014 წლის 29 სექტემბრის კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ №3-- ხელშეკრულება ვერ გახდებოდა საფუძველი მისთვის დაზიანებული სადავო ავტომობილის შეკეთების ხარჯების დაფარვისათვის.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რ-----------–---–ს არ ევალებოდა დაზიანებული ავტომობილის შეკეთება, რაც მას უფლებას აძლევს უსაფუძვლო გამდიდრების დანაწესების საფუძველზე მოითხოვოს თანხის დაბრუნება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისაგან.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებს, რომლთა თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა აწესრიგებს მოთხოვნის უფლების ფარგლებს შესრულების კონდიქციის დროს, კერძოდ, პირველ რიგში უნდა მოხდეს თვითონ მიღებულის ნატურით დაბრუნება, თუ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ხოლო, თუ ეს შეუძლებელია მხოლოდ ამის შემდგომ უნდა მოხდეს ნივთის ღირებულების გადახდა. საერთო ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოიშობა, თუ შეუძლებელია „მიღებულის“ დაბრუნება მისი თვისებების გამო ან სხვა გარემოებების გამო. დაბრუნების შეუძლებლობა ერთი მხრივ შეიძლება გამომდინარეობდეს „გადაცემული საგნის მდგომარეობიდან“.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ი/მ დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორ „და--------------ის“ 2017 წლის 10 ნოემბრის №0------დ.რ. ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, გაწეული ხარჯების განსაზღვრის მიზნით, დამოუკიდებელმა ექსპერტმა მოიძია ინფორმაცია, ავტოსათადარიგო ნაწილების ღირებულების დადგენის მიზნით, როგორც მაღაზიებიდან, ასევე, მეორადი ნაწილების შესაძენი (დასაშლელი) პუნქტებიდან. მოკვლევისას გამოიკვეთა, რომ აღნიშნული ავტომობილის ნაწილების მოძიება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული მისი წლოვანებისა და ღირებულების გათვალისწინებით. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, ავტომანქანა „MITSUBISHI L200”, სახელმწიფო №S------, აღდგენა-შეკეთება-გამართვისათვის გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა შეადგენს 17850 (ჩვიდმეტიათასრვააორმოცდაათი) ლარს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამრიგად, სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, არსებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, მოპასუხის მიერ კი არ მომხდარა საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტიცებულებების წარმოდგენა, რაც არის წინაპირობა სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებისა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 535,50 (ხუთასოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი, რომლის ანაზღაურება უნდა დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. რ-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მოსარჩელე რ-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 17850 (ჩვიდმეტიათასრვაასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 535,50 (ხუთასოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე