გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/21027-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით 28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - შპს ,,ს---–----------------------------------------–--–ი’’
წარმომადგენელი - ნ-------–-----–--, ე----------------–--ე
მოპასუხე - შპს ,,ი----------------------ი’’
წარმომადგენელი - ბ--------–---–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 27 671.86 ლარის ოდენობით;
1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება 2017 წლის 01 ივლისიდან 2017 წლის 12 ივლისამდე 1 661 ლარის ოდენობით;
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-17, 2018 წლის 28 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
1.1.1. 2016 წლის 10 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მომსახურების შესახებ №3---, რომლითაც მან იკისრა ვალდებულება გაეწია მოპასუხისათვის სამშენებლო მასალების გადმოცემა/ტესტირებასთან დაკავშირებული ლაბორატორიული მომსახურება, სანაცვლოდ კი მოპასუხემ აიღო ვალდებულება გადაეხადა მოსარჩელისთვის გაწეული მომსახურების საფასური, შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტისა და ანგარიშფაქტურის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა;
1.1.2. 2016 წლის ივლისში მის მიერ მოპასუხისთვის განხორციელდა 82.60 ლარის და 2 796.22 ლარის ღირებულების მომსახურების გაწევა;
1.1.3. 2016 წლის აგვისტოში მის მიერ მოპასუხისთვის განხორციელდა ოთხი სხვადასხვა მომსახურების გაწევა, რომელთა ღირებულებაც შესაბამისად შეადგენდა 2 932.30 ლარს, 1 691.34 ლარს, 1 292.1 ლარს და 2 142.88 ლარს;
1.1.4. 2016 წლის სექტემბერში მის მიერ მოპასუხისთვის განხორციელდა ორი სხვადასხვა დასახელების მომსახურების გაწევა, რომელთა ღირებულებაც შესაბამისად შეადგენდა 59 ლარს და 3 653.68 ლარს;
1.1.5. 2016 წლის ოქტომბერში მის მიერ მოპასუხისთვის განხორციელდა ორი სხვადასხვა დასახელების მომსახურების გაწევა, რომელთა ღირებულებაც შესაბამისად შეადგენდა 1 545.80 ლარს და 575.30 ლარს;
1.1.6. 2016 წლის ნოემბერში მის მიერ მოპასუხისთვის განხორციელდა ორი სხვადასხვა დასახელების მომსახურების გაწევა, რომელთა ღირებულებამაც შესაბამისად შეადგინა 4 360.10 ლარი და 295 ლარი;
1.1.7. 2016 წლის დეკემბერში მის მიერ განხორციელდა 6 792.08 ლარის მომსახურების გაწევა;
1.1.8. 2016 წლის განმავლობაში მან მოპასუხეს გაუწია ჯამში 27 672.60 ლარის მომსახურება;
1.1.9. 2017 წლის 7 ივნისს მასსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა მიმდინარე დავალიანების (27 671.86 ლარის) გადახდის გრაფიკი და გათვალისწინებულ იქნა აგრეთვე ის გარემოებაც, რომ წინა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე 0.74 ლარი მოპასუხეს ზედმეტად ჰქონდა მისთვის გადახდილი;
1.1.10. აღნიშნული შეთანხმებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ შეთანხმების (გრაფიკის) დარღვევად ჩაითვლებოდა როგორც მინიმუმ ერთი ვადის გადაცილება, ისე ყოველთვიურ ულუფაზე ნაკლების გადახდა;
1.1.11. 2017 წლის 7 ივნისის შეთანხმების თანახმად, ამ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა გადასახდელი თანხის 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
1.1.12. მოპასუხემ დაარღვია 2017 წლის 7 ივნისის შეთანხმებით განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.
შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 157-166, 2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი):
2.1.1. 2016 წლის 10 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მომსახურების შესახებ და 2017 წლის 07 ივნისს გაფორმდა შეთანხმება გადახდის გრაფიკის შესახებ და მოსარჩელე პერიოდულად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას;
2.1.2. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს;
2.1.3. მასსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ორმხრივი ვალდებულება. მას ვალდებულება წარმოეშობოდა მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულების შემდგომ. შესაბამისად, მისი მხრიდან გარიგების ნამდვილობა დამოკიდებული იყო მოსარჩელის მიერ პირობის შესრულებაზე;
2.1.4. მის მიერ შესასრულებელი სამუშაოების დაწყებამდე მოსარჩელემ წარმოადგინა დასკვნა შესასყიდ ვულკანურ წიდაზე, რომლის თანახმადაც მასალა იყო კარგი და მისი გამოყენება შეიძლებოდა გზის სამოსის ქვეშაგებლის მოსაწყობად;
2.1.5. მოსარჩელის მიერ გაცემული დასკვნის მიმართ არსებული ნდობიდან გამომდინარე მან გამოიყენა მითითებული მასალა და შეასრულა სამუშაოები. ჩატარებული სამუშაოების შემდეგ მოსულმა წვიმებმა კი გამოაშკარავა, რომ ეს მასალა გამოირჩეოდა მაღალი გაჯიჯვების უნარით;
2.1.6. მოსარჩელის ამ შეცდომის გამო, იგი იძულებული გახდა დატკეპნილი 8 000 კუბური მეტრი მასალა მოეჭრა და გადაეყარა. უკვე შესრულებული სამუშაო კი ჩატარდა თავიდან, რის გამოც მიღებულმა ზიანმა შეადგინა 300 000 ლარი;
2.1.7. ვინაიდან მოსარჩელეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, მას არ წარმოშობია მოსარჩელისთვის თანხის გადახდის ვალდებულება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.2016 წლის 10 აგვისტოს მოსარჩელეს, როგორც დამკვეთს, და მოპასუხეს, როგორც შემსრულებელს, შორის დაიდო №3--- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება დამკვეთისთვის ,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-68) დიდი დ-----ი-დ-----ი-გ----------ბ------ის ს/გზის კმ 35+560 - კმ 41-000 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების’’ პროექტის ფარგლებში გაეწია ლაბორატორიული მომსახურება, რაც გულისხმობდა სამშენებლო მასალების გამოცდა/ტესტირებას. დამკვეთმა იკისრა შემსრულებლისთვის შეთანხმებული საზღაურის გადახდის ვალდებულება.
ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, მომსახურების ღირებულება შეადგენს ლაბორატორიული სამუშაოების ფასების ჩამონათვალში (დანართი №1) მითითებულ თანხას, ხოლო ასფალტბეტონის თითოეულ რეცეპტზე 400 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება დამკვეთის მიერ განხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის შემდეგ შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისის, მიღება-ჩაბარების აქტის) საფუძველზე, მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 79-83)
3.1.2. 2017 წლის 7 ივნისს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმადაც განისაზღვრა, რომ დამკვეთსა და შემსრულებელს შორის 2016 წლის 10 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დამკვეთის არსებული დავალიანება შემსრულებლის წინაშე 2017 წლის 5 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 27 671.86 ლარს.
აღნიშნული შეთანხმებით ასევე განისაზღვრა დამკვეთის მიერ თანხის სამ ეტაპად გადახდის გრაფიკი. კერძოდ, დამკვეთს პირველი გადახდა უნდა განეხორციელებინა 2017 წლის 1 ივლისს 7 671.86 ლარის ოდენობით, მეორე გადახდა 2017 წლის 15 ივლისს 10 000 ლარის, ხოლო მესამე გადახდა 2017 წლის 30 ივლისს ასევე 10 000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება (ს.ფ.110)
- მიღება-ჩაბარების აქტები, საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ. 84-109)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხის მიერ დაირღვა 2017 წლის 7 ივნისის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც გამოიხატა გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობაში. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხე შპს ,,ი----------------------ის’’ მიერ გადასახდელი დავალიანება შეადგენს 27 671.86 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).
განსახილველ შემთხვევაში მართალია მოპასუხემ სადავო არ გახადა მხარეთა შორის 2017 წლის 7 ივნისის შეთანხმების დადების და მასში მითითებული თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, მაგრამ მან სადავო გახადა 2016 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების ფაქტი, რის გამოც მიუთითა, რომ მას არ წარმოშობია მოსარჩელისთვის თანხის გადახდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისთვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ/წარმოშობენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. მარტივი აღიარება სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). კაუზალური ვალის აღიარება ასევე მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ და ბუნებრივია, უნდა შეიცავდეს დაპირების ელემენტს, ამასთან, იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა) (იხ. სუსგ ას-572-531-2017).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 7 ივნისს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმადაც დამკვეთსა და შემსრულებელს შორის 2016 წლის 10 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დამკვეთის არსებული დავალიანება შემსრულებლის წინაშე 2017 წლის 5 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 27 671.86 ლარს. შესაბამისად, მოპასუხის მიერ 2017 წლის 7 ივნისის ხელშეკრულებით აღიარებულია მოსარჩელის წინაშე შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა, ამასთანავე, იგი წარმოდგენილ შესაგებელში დაეთანხმა მხარეთა შორის აღნიშნული შეთანხმების დადების ფაქტს და სათანადო წესით სადავო არ გაუხდია მისი ნამდვილობა. მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება კი თავისთავად წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას, რის შემდეგადაც მოპასუხეს წარმოეშვა მოსარჩელისთვის თანხის გადახდის ვალდებულება მათ მიერ გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად. შესაბამისად, სათანადო მტკიცებულების არ არსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მას არ ეკისრება თანხის გადახდის ვალდებულება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების არაჯეროვანი შეუსრულებლობის გამო.
სასამართლო მიუთითებს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი. ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენეტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (იხ., სუსგ Nას-839-890-2011, 08.11.2011წ.; სუსგ №ას-226-213-2015, 18 მაისი, 2015 წ.).
შესაბამისად, მოპასუხეს 2017 წლის 7 ივნისს გაფორმებული ახალი, დამოუკიდებელი შეთანხმებით წარმოეშვა მოსარჩელისთვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება. ამ ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვალდებულების მოცულობის გადახდის ვალდებულებით, მოპასუხე პრაქტიკულად დაეთანხმა მანამდე არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტს და აღიარა მის წინაშე შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა. ამასთან, გასათვალისწინებელია იცის, რომ წარმოდგენილ შესაგაბელში მოპასუხემ მხოლოდ აბსტრაქტულად მიუთითა მოსარჩელის მიერ ზიანის მიყენების ფაქტზე იმ პირობებში, როდესაც იგი დაეთანხმა მხარეთა შორის 2017 წლის 7 ივნისის შეთანხმების დადების და მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტობრივ გარემოებებს და არსებითად სადავო არ გაუხდია სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხის მოცულობა და მისი გადაუხდელობის ფაქტი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა 2017 წლის 07 ივნისის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც გამოიხატა გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობაში. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხე შპს ,,ი----------------------ის’’ მიერ გადასახდელი დავალიანება შეადგენს 27 671.86 ლარს.
3.2.2. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დავალიანება 1 661 ლარი არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული. შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხის მხრიდან 2017 წლის 7 ივნისის შეთანხმების დარღვევის ფაქტი. მხარეთა შორის სადავოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. მოპასუხე ითხოვს მის შემცირებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, არაგონივრული და არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და მიიჩნევს, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დავალიანება არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული და არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).
სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
როგორც უკვე აღინიშნა, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების „მნიშვნელოვანი“, თუ „უმნიშვნელო“ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შეთხვევაში, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ №ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).
პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დავალიანება 1 661 ლარი არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული, შესაბამისად არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 341-ე, 361-ე, 400-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისთვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებიდან (რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას), გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
6.2. საქმის მასალების თანახმად, მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მოთხოვნით ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას, კერძოდ მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისგან გადაუხდელი დავალიანების - 27 671.86 ლარის გადახდას.
იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას).
სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 10 აგვისტოს მოსარჩელეს, როგორც დამკვეთს, და მოპასუხეს, როგორც შემსრულებელს, შორის დაიდო №3--- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ხელშეკრულებით შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება დამკვეთისთვის ,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-68) დიდი დ-----ი-დ-----ი-გ----------ბ------ის ს/გზის კმ 35+560 - კმ 41-000 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების’’ პროექტის ფარგლებში გაეწია ლაბორატორიული მომსახურება, რაც გულისხმობდა სამშენებლო მასალების გამოცდა/ტესტირებას. ხოლო დამკვეთმა იკისრა ვალდებულება შემსრულებლისთვის შეთანხმებული საზღაურის გადახდისა.
ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 7 ივნისს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმადაც განისაზღვრა, რომ დამკვეთსა და შემსრულებელს შორის 2016 წლის 10 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დამკვეთის არსებული დავალიანება შემსრულებლის წინაშე 2017 წლის 5 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 27 671.86 ლარს. აღნიშნული შეთანხმებით ასევე განისაზღვრა დამკვეთის მიერ თანხის სამ ეტაპად გადახდის გრაფიკი. კერძოდ, დამკვეთს პირველი გადახდა უნდა განეხორციელებინა 2017 წლის 1 ივლისს 7 671.86 ლარის ოდენობით, მეორე გადახდა 2017 წლის 15 ივლისს 10 000 ლარის, ხოლო მესამე გადახდა 2017 წლის 30 ივლისს ასევე 10 000 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. შესაბამისად, ვინაიდან ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულებაა, ამდენად იგი ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში კი სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე.
ამასთან, ვინაიდან ვალის კონსტიტუციური აღიარება თავადაა ახალი ხელშეკრულება და მიუხედავად იმისა, რომ მის საფუძვლად არსებული სამართალურთიერთობა შეიძლება იყოს საცილო, ბათილი ან ხანდაზმული, თავად ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომელიც აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მოთხოვნებს და გარიგებს ნამდვილობის ზოგად პირობებს, დამოუკიდებლად წარმოშობს მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, ვალიდ აღიარებისას მხარეები დებენ ახალ ხელშეკრულებას და სწორედ მისი შესრულების ვალდებულებას კისრულობენ სამომავლოდ, მიუხედავად იმისა, აღარების საფუძვლად არსებული სამართალურთიერთობა რა მდგომარეობაში აღმოჩნდება შემდგომში.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის 2017 წლის 7 ივნისს დადებული შეთანხმება თავისი შინაარსით წარმოადგენს სწორედ მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე შესასრულებელი ვალდებულების აღიარებას და აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ წინაპირობებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა 2017 წლის 07 ივნისის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც გამოიხატა გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობაში. შესაბამისად, განისაზღვრა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხე შპს ,,ი------------------------’’ მიერ გადასახდელმა დავალიანებამ შეადგინა 27 671.86 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არსებობს დავალიანების გადახდევინების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 27 671.86 ლარის ანაზღაურება.
6.3. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულებულა ჯეროვნად.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით განსაზღვრულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო არ წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალს და არ უნდა მომხდარიყო მისი შემცირება, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლო - 1 661 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილია 880 ლარი (ს.ფ. 111) და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 150 ლარი (ს.ფ.129). ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 880 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებასთან მიმართებით გადახდილი ბაჟიდან 50 ლარის ანაზღაურება, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების საფუძველი (ს.ფ. 130-134).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს "ს---–----------------------------------------–--–ის" სარჩელი შპს "ი----------------------ის'' მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შპს "ი----------------------ს'' მოსარჩელე შპს "ს---–----------------------------------------–--–ის" სასარგებლოდ დაეკისროს 27 671.86 ლარის ანაზღაურება;
3. მოპასუხე შპს "ი----------------------ს" მოსარჩელე შპს "ს---–----------------------------------------–--–ის" სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება 1 661 ლარის ოდენობით;
4. მოპასუხე შპს "ი----------------------ს" მოსარჩელე შპს "ს---–----------------------------------------–--–ის" სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 880 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;
5. მოსარჩელეს დაუბრუნდეს შპს "ლ----–----ის" (ს/ნ 4--------) მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, რომელიც გადახდილია 21/08/2017 წლის № 1503252532 საგადახდო დავალებით, მიმღების ანგარიში - 300 773 150, მიმღების ბანკი/ხაზინა-ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE 22;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი