გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/14312-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 20-8 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი - ხატია გაგელიძე
მოსარჩელე - თე----–-----ა
მოსარჩელის წარმომადგენელი - და------–-----ა
მოპასუხე - ლე----------–---–ი
მოპასუხის წარმომადგენლები - ვასი-–---------------–-------–-------------------ძე
დავის საგანი - სერვიტუტის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
გაუქმდეს 20-3 წლის 22 აპრილს დადებული სერვიტუტის ხელშეკრულება მესაკუთრე თე----–-----ასა და უფლებამოსილ პირ ლე----------–---–ს შორის და მოხდეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა - გაუქმდეს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სერვიტუტი მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თ---–---------------------------------–------, №--- დაზუსტებული ფართობი 1500 კვ.მ., საკადასტრო კოდი: №0-.--------------
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 20-3 წლის 22 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა სერვიტუტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დატვირთა უფლებამოსილი პირის - ლე----------–---–ის სასარგებლოდ. რომელსაც უნდა აეშენებინა კერძო სახლი, ახლა კი მრავალსართულიანი კორპუსის ჩადგმა განიზრახა, რაც მიუღებელია მხარისთვის. სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ტერიტორია დასახლებულია კერძო მოსახლეებით და ის ფაქტობრივი ვიწრო გზა, რომელიც დაიტვირთა სერვიტუტით, ვერ მოემსახურება ერთზე მეტ ადამიანს და შესაბამის სატრანსპორტო საშუალებებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარეს აღარ აქვს ხელშეკრულების გაგრძელების სურვილი და ითხოვს გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ლე----------–---–მა არც წარმოდგენილ შესაგებელში და არც სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 20-3 წლის 22 აპრილს ერთის მხრივ თე----–-----ასა (მესაკუთრე) და მეორეს მხრივ ლე----------–---–ს (უფლებამოსილი პირი) შორის დაიდო სერვიტუტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უფლებამოსილი პირის საკუთრებაში არსებული 0-.1------------ ნაკვეთის სასარგებლოდ სერვიტუტით დაიტვირთა ქ. თ---–----------------–--------------------------------------------–----------ის მიმდებარედ (ნაკვ. 19/87) 206 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
მესაკუთრემ წინამდებარე ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება, უფლებამოსილ პირს მიანიჭოს სერვიტუტით დატვირთულ მიწის ნაკვეთზე შეუზღუდავად შეღწევის უფლება.
ხელშეკრულებით უფლებამოსილ პირს ეკრძალება:
- მასზე ნაგებობის აღმართვა;
- ნებისმიერი კომუნიკაციის გაყვანა;
- ნარგავების დარგვა;
- მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დონე არ ასწიოს მესაკუთრის ნაკვეთის და სერვიტუტით დატვირთული ნაკვეთის დონეზე მაღლა, რათა არ მოხდეს წვიმის, მდინარის ან სხვა ნალექის შეღწევა-შესვლა მესაკუთრის ტერიტორიაზე. ხელშეკრულების შესაბამისად, სერვიტუტის უფლება წარმოიშობოდა ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან.
3.2.2. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად დგინდება, რომ სერვიტუტის უფლება დადგენილი წესით დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
3.2.3. ის ფაქტი, რომ ლე----------–---–ის მიწის ნაკვეთზე შენდება არა კერძო საცხოვრებელი სახლი, არამედ დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, დგინდება საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებებით.
3.2.4. იმის დასამტკიცებლად, რომ მოპასუხის მიწის ნაკვეთზე მისასვლელი სხვა გზა არ არსებობს გარდა სერვიტუტით დატვირთულისა, მოპასუხის დაკვეთით მომზადდა ექსპერტიზის დასკვნა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22/12/20-7 წლის №0-------- დასკვნის შესაბამისად, ქ. თ---–--–-----------------------------------ში მდებარე №0-.1------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფაქტობრივი მდგომარეობით გააჩნია ერთადერთი მისასვლელი (დამაკავშირებელი საჯარო გზასთან) საავტომობილო და საფეხმავლო გზა, რომელიც მდებარეობს მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და რომელიც წარმოადგენს მოხრეშილ გზას. აღნიშნული გზის ნაწილი გადის საჯარო რეესტრში №0-.------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სრულად დატვირთულია (რეგისტრირებულია) სერვიტუტით, ხოლო დარჩენილი ნაწილი გადის №0-.----1.0--.2--, №0-.----1.0--.263 და №0-.----1.0--.087 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე. აღნიშნული გზის ნაწილი ხსენებული მიწის ნაკვეთების იმ მონაკვეთებში მდებარეობს, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით დატვირთულია (რეგისტრირებულია) სერვიტუტით. (ს.ფ. 146-149)
3.2.5. იმის გამოსარკვევად, არის თუ არა სხვა მისასვლელი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, გარდა სერვიტუტით დატვირთულისა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა.
19.09.2018წ. №00------- დასკვნის შესაბამისად, ქ. თ---–--–----------------------------ში მდებარე №0-.1------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი ალტერნატიული საავტომობილო და საფეხმავლო გზა (ისე, რომ ამ გზამ არ გაიაროს №0-.----1.0--.087 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე) შესაძლებელია მოეწყოს ორი ვარიანტით, ისე როგორც ეს დანართ №1 და №2-ზე არის ნაჩვენები.
№1 ვარიანტით გზის მოწყობის შემთხვევაში №0-.1------------ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა შესაძლებელია მოეწყოს აღნიშნული ნაკვეთის ჩრდილოეთ მხარეს არსებული საჯარო გზიდან №0-.----1.0--.139 და №0-.----1.0--.140 მიწის ნაკვეთების გავლით, ხოლო №2 ვარიანტით გზის მოწყობის შემთხვევაში №0-.1------------ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა შესაძლებელია მოეწყოს აღნიშნული ნაკვეთის დასავლეთით არსებული საჯარო გზიდან №0-.-------------; №0-.----1.0--.2--; №0-.----1.0--.263 და №0-.----1.0--.062 მიწის ნაკვეთების გავლით.
ამავე დასკვნის მიხედვით, სამშენებლო ნორმებისა და წესების „სნ და წ 2.07.0--89“ პუნქტი #6, ცხრილი 8-ის მიხედვით, ქ. თ---–--–----------------------------ში მდებარე საკ. კოდით №0-.1------------ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი ფაქტობრივად არსებული გზა თავისი გაბარიტული ზომებით აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს და იგი განეკუთვნება ქალაქში არსებული მეორეხარისხოვანი ერთზოლიანი საავტომობილო გზების კატეგორიას. (ს.ფ. 161-171)
3.2.6. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომლის მიხედვითაც, მოპასუხეს ეკისრებოდა ვალდებულება მხოლოდ კერძო სახლი აეშენებინა მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე და რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება ეჭვქვეშ დააყენებდა სერვიტუტის უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ზემოდასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას და ეს არის უნივერსალური მიდგომა მტკიცების ტვირთის განაწილების მიმართ. ამავე დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ მათი პოზიციების გასამყარებლად წარმოდგენილ იქნა ექსპერტიზის დასკვნები. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ის ფაქტი, რომ შესაძლოა არსებობდეს სხვა მისასვლელი №0-.1------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, არ არის საფუძველი უკვე არსებული სერვიტუტის ხელშეკრულების გაუქმებისა. მხარეებმა სადავო ხელშეკრულების დადებისას გაითვალისწინეს ის უფლება-მოვალეობები, რაც მათ მიიჩნიეს სხელშეკრულების არსებით პირობად. პირობა, აშენდეს მხოლოდ კერძო სახლი იმ მიწის ნაკვეთზე, რომლის სასარგებლოდაც იქნა დატვირთული მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის ნაწილი, ხელშეკრულების გაფორმების დროს უნდა მიჩნეულიყო არსებითად და მისი გაწერა უნდა მომხდარიყო მხარეთა შეთანხმების ეტაპზე. მოცემული ხელშეკრულებით კი მსგავსი ხასიათის შეზღუდვა არ არის მითითებული. ასეთ შეზღუდვას არც კანონი ითვალისწინებს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უკვე არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობებში, მოსარჩელის მიერ მითითებული საფუძვლით ხელშეკრულების გაუქმება არ არის დასაბუთებული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სერვიტუტის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 248-ე, 249-ე, 352-ე, 405-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 248-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები.
სამოქალაქო კოდექსის 249-ე მუხლის პირველი ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ სერვიტუტი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როცა იგი უფლებამოსილ პირს უქმნის თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეღავათს.
მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრული სადავო ურთიერთობა არის სანივთოსამართლებრივი სარგებლობის უფლება. კერძოდ, სახეზეა მიწის სერვიტუტი, რომელიც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ანიჭებს უფლებამოსილებას, განსაზღვრული სახით ისარგებლოს სხვა მიწის ნაკვეთით. თავის მხრივ, უფლებრივი დატვირთვის შინაარსის თანახმად, დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ უნდა ითმინოს მიწის ნაკვეთის გამოყენების ცალკეული ფაქტები.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა ზოგადად განსაზღვრა ამ ტიპის ურთიერთობებისთვის მხარეთა შესაძლებლობა, დააწესონ გარკვეული შეზღუდვები, ხოლო რა იქნება ეს შეზღუდვა, მათი შეთანხმების საგანია. მათ შორის, მოსარჩელის მითითება, რომ შეთანხმება არსებობდა მოპასუხესთან აეშენებინა მხოლოდ მისთვის განკუთვნილი კერძო სახლი და არა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, ასახული უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებაში, სხვა შემთხვევაში, აღნიშნული მისი მტკიცების საგანია. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ამ სახის შეზღუდვას უფლებამოსილი პირისთვის.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ სახეზეა სერვიტუტის ისეთი სახე, როგორიცაა მიწის ნაკვეთის სერვიტუტი, დგინდება ხელშეკრულების შინაარსითაც. შესაბამისად, თუ მიწის ნაკვეთთან ერთად მითითებული იქნებოდა მისი არსებითი შემადგენელი ნაწილიც, რომელზეც გავრცელდებოდა მხოლოდ ეს უფლება, მაშინ სასამართლო იმსჯელებდა ამ ნაწილში. მოცემულ შემთხვევაში კი მხარეთა შორის არსებობს ხელშეკრულება, დადებული უფლებამოსილი პირის საკუთრებაში არსებული 0-.1------------ ნაკვეთის სასარგებლოდ. ამდენად, მხარის მითითება ხელშეკრულების გაუქმებაზე ამ მოტივით, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება ხელშეკრულების მოშლის პირობებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები სახეზე არაა განსახილველ დავაში, ისევე როგორც მხარის უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის საფუძველზე.
სერვიტუტის გაუქმების წინაპირობად განხილულ უნდა იქნეს ის შემთხვევა, როდესაც სახეზე აღარ იქნებოდა მიწის სერვიტუტის არსებობის პირობები, რასაც მოცემულ სადავო ურთიერთობაში ადგილი არ აქვს. ასეთ პირობად კანონმდებელმა სამოქალაქო კოდექსის 249.1 მუხლით განსაზღვრა შეღავათი, რასაც უნდა უქმნიდეს სერვიტუტის არსებობა უფლებამოსილ პირს თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობისას.
მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები ცალსახად ადგენს, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელად აუცილებელია არსებობდეს დამხმარე გზა, სხვა შემთხვევაში მასთან მიღწევა შეუძლებელი იქნება. სადავოა, ეს გზა იქნება მხოლოდ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილი თუ სხვა მეზობელი მიწის ნაკვეთების. სასამართლო აფასებს წარმოდგენილ დასკვნებს და ადგენს, რომ უკვე არსებული სერვიტუტის საგანი არის ის გზა, რაც უზრუნველყოფს მოპასუხის ნაკვეთამდე მიღწევადობას, დამატებით სხვა გზების მოწყობის საჭიროება კი სასამართლოს მოსაზრებით, არ არის სახეზე. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, მისი მარწმუნებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაუფასურებაზე, არაა დადასტურებული სათანადო მტკიცებულებით და ვერ იქნება გაზიარებული.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სერვიტუტის ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივი თუ ფაქტობრივი საფუძველი და ამდენად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს მასზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ლე----------–---–ს (პ/ნ 1----------) დავის საბოლოო გადაწყვეტამდე აეკრძალა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი თ---–------------------------------------ (ს/კ №0-.1------------) საამშენებლო სამუშაოების (მშენებლობის) წარმოება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სს კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. თე----–-----ას სარჩელი ლე----------–---–ის მიმართ, ხელშეკრულებიდან გასვლისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.06.20-7 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ლე----------–---–ს (პ/ნ 1---------2) დავის საბოლოო გადაწყვეტამდე აეკრძალა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი თ---–------------------------------------ (ს/კ №0-.1------------), საამშენებლო სამუშაოების (მშენებლობის) წარმოება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სვიანაძე