გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.09.2018
საქმის ნომერი
330210017002035977
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/20557-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით 28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

 

მოსარჩელე - შპს ,,ბ--------------ი''

წარმომადგენელი - ი----------–-–---–ი, გ----------–--ე

მოპასუხე - შპს ,,ჰ------''

წარმომადგენელი - შ--–-----------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების გადახდა 73 459.3 ლარის ოდენობით (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 28 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-11, 2018 წლის 28 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

1.1.1. მხარეებს შორის წლების განმავლობაში (2012 წლიდან) არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლიც საფუძველზეც იგი მოპასუხეს აწვდიდა ინერტულ მასალას, კერძოდ, ქვიშას და ღორღს;

1.1.2. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის მანძილზე მოპასუხე პერიოდულად ასრულებდა ვალდებულებას მთლიანად ან ნაწილობრივ, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში მან ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა და მისი დავალიანება სარჩელის აღძვრისას შეადგენდა 153 459.30 ლარს;

1.1.3. აღნიშნული დავალიანების არსებობა დასტურდება მოპასუხის მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით და საბუღალტრო ამონაწერით;

1.1.4. სარჩელის აღძვრის შემდეგ არსებული დავალიანებიდან მოპასუხის მიერ ნაწილის გადახდის შედეგად მისი დავალიანება შეადგენს 73 459.3 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი, თუმცა დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობასთან, ისე არსებული დავალიანების ოდენობასთან დაკავშირებით.

შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ.124-132, 2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი):

2.1.1. იგი დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის, ვალდებულების დარღვევის და დავალიანების არსებობის თაობაზე;

2.1.2. ვალდებულების შესრულების მიზნით მის მიერ 2017 წლის 23 აგვისტოს მოსარჩელისთვის გადახდილია 30 000 ლარი, ხოლო 2017 წლის 01 სექტემბერს გადახდილია 50 000 ლარი;

2.1.3. მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 73 459.3 ლარს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2012 წლიდან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა ინერტულ მასალას, კერძოდ, ქვიშასა და ღორღს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ. 18-78)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხე შპს ,,ჰ------ს’’ მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი თანხა შეადგენს 73 459.3 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები რომელთა თანახმადაც თავდაპირველად მიუთითა, რომ სარჩელის აღძვრის დროისთვის მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 153 459.3 ლარს. საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია შპს ,,ჰ------ს’’ მიერ 2017 წლის 23 აგვისტოს 30 000 ლარის, ხოლო 2017 წლის 01 სექტემბერს 50 000 ლარის მოსარჩელისთვის გადარიცხვის ქვითრები (ს.ფ. 133-134). აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისგან დავალიანების - 73 459.3 ლარის გადახდა. წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხემ თავადაც მიუთითა, რომ მისი დავალიანება სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოსარჩელის წინაშე შეადგენს სწორედ 73 459.3 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებ ობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს სადავო არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი და წარმოდგენილ შესაგებელში მან თავადვე აღიარა მოთხოვნილი ოდენობით მოსარჩელის მიმართ დავალიანების ქონის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ გადასახდელი დავალიანება შეადგენს 73 459.3 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები, გადახდის ქვითრები (ს.ფ. 18-78, 133-134)

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 477-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.2. საქმის მასალების თანახმად, მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მოთხოვნით ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას, კერძოდ მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისგან გადაუხდელი დავალიანების - 73 459.3 ლარის გადახდას.

იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას).

სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

დავის განხილვისას მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა და შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2012 წლიდან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა ინერტულ მასალას, კერძოდ, ქვიშასა და ღორღს.

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

მართალია განსახილველი დავის ფარგლებში მოპასუხემ არ ისარგებლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სარჩელის ცნობის უფლებით, მაგრამ მას არ გაუხდია სადავოდ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის და მოთხოვნილი თანხის ოდენობის თაობაზე, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხე შპს ,,ჰ------ს’’ მიერ გადასახდელი დავალიანება შეადგენს 73 459.3 ლარს.

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე არსებობს თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 4 604 ლარის ოდენობით (ს.ფ. 79-80). მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე ასევე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (ს.ფ. 86-87). ვინაიდან, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეამცირა 80 000 ლარით მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1 200.1 ლარი. ამასთან, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2 203.8 ლარის და უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი ბაჟის ანაზღაურება, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.

მოსარჩელემ ასევე მოითხოვა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 6 000 ლარის დაკისრება მოპასუხისთვის. წარმოდგენილია 2017 წლის 01 აგვისტოს ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების შესახებ და წარმომადგენლისთვის 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ს.ფ. 156-159). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მისი ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1 000 ლარის ოდენობით.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების საფუძველი (ს.ფ. 113-116; 178-180).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს ,,ბ--------------ის’’ სარჩელი შპს ,,ჰ------ს’’ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე შპს ,,ჰ------ს’’ მოსარჩელე შპს ,,ბ--------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 73 459.3 ლარის ანაზღაურება;

3. მოპასუხე შპს ,,ჰ------ს’’ მოსარჩელე შპს ,,ბ--------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2 203.8 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

4. მოსარჩელეს დაუბრუნდეს რ-------------- მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1 200.1 ლარი, რომელიც გადახდილია 02/08/2017 წელს №0 საგადასახადო დავალებით შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ანგარიში - 300 773 150, მიმღების ბანკი/ხაზინა-ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE 22. სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

5. მოპასუხე შპს ,,ჰ------ს’’ მოსარჩელე შპს ,,ბ--------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების საფასურის ანაზღაურება 1 000 ლარის ოდენობით;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი