გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 3-----------------
N 2/13688-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.08.2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეა ბერაია
სხდომის მდივანი: ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე ნ-------- კ-----ე
წარმომადგენელი მ------ შ-------–---–ი
მოპასუხე სსიპ ,,თ---–-------------------–---–--------–-----------–-–-------------------------
წარმომადგელი ნ----- ბ--------ა
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა; სამსახურში აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ,,თ---–-------------------–---–--------–-----------–-–----------------------იის“ რექტორის 2016 წლის 28 აპრილის N---- ბრძანება ნ-------- კ-----ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;
1.2. მოსარჩელე ნ-------- კ-----ე აღდგენილ იქნას სსიპ ,,თ---–-------------------–---–--------–-----------–-–----------------------იის“ საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე;
სარჩელის საფუძვლები
მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხესთან თ---–-------------------–---–--------–-----------–-–----------------------იის რექტორის 2013 წლის 2 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მოპასუხის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სასწავლო პროცესის ჩაშლის მცდელობას და თითქოს მოწვეულ პროფესორს მოსარჩელემ შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც გამოიწვია კონსერვატორიის იმიჯის შელახვა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება უკანონოა.
მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე წამოდგენილი შესაგებლებით სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ მოპასუხემ დაარღვია მოპასუხე ვანო სარაჯიშვილის კონსერვატორიის ეთიკის კოდექსი, კერძოდ, მე-3 მუხლის ,,ეთიკის კოდექსის პრინციპები და სტანდარტები“ 3.1.4. ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი. მოპასუხე მიუთითებს, რომ მისი ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ დასაბუთებული და კანონიერია, ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთი ეთიკის ნორმის დარღვევას.
ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მუშაობს მოპასუხესთან თ---–-------------------–---–--------–-----------–-–----------------------იის პროფესორის თანამდებობაზე და იღებს შესაბამის ანაზღაურებას. პარალელურად, მოსარჩელე, კონსერვატორიის რექტორის 2013 წლის 2 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე იკავებდა საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებას და აღნიშნული თანამდებობა იყო არაანაზღაურებადი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2013 წლის 2 აგვისტოს ბრძანება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. მოპასუხის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე გაათავისუფლეს საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლად მითითებულ იქნა მოსარჩელის მიერ, მოპასუხის ეთიკის კოდექსით დადგენილი ეთიკის ნორმების დარღვევა.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- 2016 წლის 28 აპრილის N---- ბრძანება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული იყო არა შრომით არამედ დავალების ხელშეკრულება, გამომდინარე აქედან, მოპასუხეს გააჩნდა მოსარჩელესთან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი, რის გამოც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-3 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 710-ე და 720-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო. დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს. ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული.
უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე მუშაობს მოპასუხესთან თ---–-------------------–---–--------–-----------–-–----------------------იის პროფესორის თანამდებობაზე და იღებს შესაბამის ანაზღაურებას. პარალელურად, მოსარჩელე, კონსერვატორიის რექტორის 2013 წლის 2 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე იკავებდა საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობას და აღნიშნული თანამდებობა იყო არაანაზღაურებადი. (იხ. 3.1.1. უდავო ფაქტ. გარემოება). მოპასუხის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე გაათავისუფლეს საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა არ ითვალისწინებდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის შრომითი ანაზღაურების გადახდას მის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული ხელშეკრულება არ წარმოადგენს შრომით ხელშეკრულებას და იგი მისი სამართლებრივი ბუნებით არის დავალების ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ დავალების ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, კანონი იმპერატიულად არ ავალდებულებდა მოპასუხეს მოსარჩელისთვის გადაეხადა ანაზღაურება დავალების შესრულებისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მოპასუხეს ნებისმიერ დროს შეეძლო შეეწყვიტა მოსარჩელესთან დადებული დავალების ხელშეკრულება მოსარჩელის თანხმობისა და შრომის კოდექსით გათვალისწინებული რაიმე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. შესაბამისად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის და მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის -მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს ნ-------- კ-----ის სარჩელი სსიპ თ---–-------------------–---–--------–-----------–-–----------------------იის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის თაობაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
თეა ბერაია