გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N3/5137-17 7 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - შ--------–----ე
წარმომადგენელი - ქ------------------ე
მოპასუხე - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
წარმომადგენელი - მ------------–---–ი, მ------------–---–ი
მესამე პირი - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ს---------------ე
მესამე პირები - ა---–----–-----ე, ლ------------ე, ნ----------------ი
წარმომადგნელები - ნ-------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 26 ივნისის N0----- ბრძანების ბათილად ცნობა ა---–----–-----ის, ნ----------------ის და ლ------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირები - ა---–----–-----ე, ლ------------ე, ნ----------------ი არ დაეთანხმნენ სარჩელს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3.2. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელის განმარტებით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 31 დეკემბრის N2---- ბრძანება და მის საფუძველზე გამოცემული Nნ/0-------- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა კანონმდებლობის დაცვით იქნა გაცემული.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 22 მაისის N2---- ბრძანებით ქალაქ ბ---------ში, კ--------ს ქუჩა N29-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მტკიცებულება: სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გენერალური დირექტორის 2015 წლის 22 მაისის N2---- ბრძანება, დანართი (ტომი 1, ს.ფ. 195, 196).
4.2. ქალაქ ბ---------ში, კ--------ს ქუჩა 29-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლზე რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოების განხორციელების ნებართვის მიღების მოთხოვნით სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შ--------–----ემ 2015 წლის 10 აგვისტოს N2--- წერილით მიმართა, რომელსაც შესაბამისი საპროექტო დოკუმენტები ერთვოდა. საკითხის სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე განხილვის შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ არსებობდა პროექტის გადამუშავებისა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის საჭიროება. კერძოდ, განმცხადებელს განემარტა, რომ რეკონსტრუქცია-გაფართოების პროექტი იყო გადასამუშავებელი სახელოვნებათმცოდნეო კვლევის რეკომენდაციებისა და შენობის ავთენტური ელემენტების და კვანძების შენარჩუნებით, არ იყო წარდგენილი არსებული შენობის მეორე სართულის გეგმა-ანაზომი, არსებული ფასადის ანაზომი, არსებული შენობის ჭრილი 1-1, ასევე, თანამესაკუთრეებისა და მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების თაობაზე. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების და ურბანული მემკვიდრეობის სექციის 2015 წლის 6 ოქტომბრის და 17 ნოემბრის სხდომაზე განხილვის შედეგად ქალაქ ბ---------ში, კ--------ს ქუჩა 29-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლზე რეკონსტრუქცია-გაფართოების პროექტზე სანებართვო მოწმობის გაცემას უარი ეთქვა იმაზე მითითებით, რომ არ იყო გათვალისწინებული წინამორბედი საბჭოს შენიშვნები.
მტკიცებულება: სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 17 აგვისტოსა და 15 ოქტომბრის წერილები (ტომი 1, ს.ფ. 153, 171); შ--------–----ის განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 172); სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების და ურბანული მემკვიდრეობის სექციის 2015 წლის 6 ოქტომბრის და 17 ნოემბრის სხდომის ოქმების ამონაწერები (ტომი 1, ს.ფ. 193, 194).
4.3. ქალაქ ბ---------ის, კ--------ს ქუჩის მაცხოვრებლებისა და მათი წარმომადგენლების განცხადებებით 2015 წლის ივლისსა და აგვისტოში სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ეცნობა, რომ ქალაქ ბ---------ში, კ--------ს ქუჩა N29-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები აზიანებდა მათ საკუთრებასა და საცხოვრებელ პირობებს. განმცხადებლებმა ზედამხედველობის სამსახურის დაუყონებლივ რეაგირება, მშენებლობის წარმოების შეჩერება, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი და ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირების ჩართვა მოითხოვეს. აღნიშნული შინაარსის წერილები ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც წარედგინა.
მტკიცებულება: ქალაქ ბ---------ში, კ--------ს ქუჩის მცხოვრებლების განცხადებები (ტომი 1, ს.ფ. 165-166, 246-247); ,,ა------------–---–---------------------------ის“ წერილები (ტომი 1, ს.ფ. 240-242, 243-244, 245).
4.4. სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ნ----------------ის და ა---–----–-----ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შ--------–----ეს, კ-------–----ეს, ე--------------------ს და ბ--–--------–-–---–ს ქალაქ ბ---------ში, კ--------ს ქუჩა N29-ში და ქ. ბ---------ში, ჯ--------ის ქუჩა N2-ში მდებარე უძრავ ნივთზე ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოების წარმოება აეკრძალათ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განჩინებით, ბ--–--------–--–---–ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შ--------–----ეს, კ-------–----ეს, ე--------------------ს და ბ--–--------–-–---–ს ქალაქ ბ---------ში, კ--------ს ქუჩა N29-ში და ქ. ბ---------ში, ჯ--------ის ქუჩა N2-ში მდებარე უძრავ ნივთზე ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოების წარმოება აეკრძალათ გარდა სახურავის შეკეთების სამუშაოების წარმოებისა.
მტკიცებულება: სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინება (ტომი 1, ს.ფ. 135-139); თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განჩინება (ტომი 1, ს.ფ. 143-146).
4.5. ქალაქ ბ---------ში, კ--------ს ქუჩა 29-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლზე რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოების განხორციელების ნებართვის მიღების მოთხოვნით სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შ--------–----ემ და ბ--–--------–--–---–მა 2015 წლის 22 დეკემბერს Nგ-4206 განცხადებით მიმართეს და წარადგინეს საპროექტო დოკუმენტაცია.
მტკიცებულება: შ--------–----ის და ბ--–--------–--–---–ის 2015 წლის 22 დეკემბერის Nგ-4206 განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 178).
4.6. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 31 დეკემბრის N2---- ბრძანებით შ--------–----ის და ბ--–--------–--–---–ის 2015 წლის 22 დეკემბრის განცხადების საფუძველზე ქალაქ ბ---------ში, კ--------ს ქუჩა 29-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოების ნებართვა და Nნ/0-------- სანებართვო მოწმობა გაიცა 2016 წლის 30 ნოემბრამდე მოქმედების ვადით.
მტკიცებულება: სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 31 დეკემბრის N2---- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 190); Nნ/0-------- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 191).
4.7. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 31 დეკემბრის N2---- ბრძანება ნ----------------ისა და ა---–----–-----ის წარმომადგენელს ნ-------------–---–ს 2016 წლის 11 აგვისტოს გაეგზავნა.
მტკიცებულება: მიმართვა (ტომი 1, ს.ფ. 163).
4.8. 2016 წლის 25 აგვისტოს ნ----------------მა და ა---–----–-----ემ ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს, რომლითაც ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 21 ივნისის N----- გადაწყვეტილების და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 31 დეკემბრის Nნ/0-------- სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვს. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის განჩინებით ნ----------------ის და ა---–----–-----ის სარჩელზე სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 31 დეკემბრის Nნ/0-------- სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება იმაზე მითითებით, რომ არ იყო გამოყენებული ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
მტკიცებულება: ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის განჩინება (ტომი 1, ს.ფ. 211-214).
4.9. 2017 წლის 3 მაისს ა---–----–-----ემ, ნ----------------მა და ლ------------ემ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს, რომლითაც სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 31 დეკემბრის N2---- ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს. ზეპირი მოსმენის სხდომაზე საჩივრის ავტორებმა დააზუსტეს მოთხოვნა და დამატებით Nნ/0-------- სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვეს.
მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 233-237); საჩივრის განმხილველი კომისიის სხდომის N1 ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 109-121).
4.10. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 26 ივნისის N0----- ბრძანებით ა---–----–-----ის, ნ----------------ის და ლ------------ის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 31 დეკემბრის N2---- ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული Nნ/0-------- სანებართვო მოწმობა და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა დაევალა. ბრძანების თანახმად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინების მოქმედების პირობებში სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 31 დეკემბრის N2---- ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული Nნ/0-------- სანებართვო მოწმობის საფუძველზე დაინტერესებული მხარეების - შ--------–----ისა და ბ--–--------–--–---–ის მიერ ქალაქ ბ---------ში, კ--------ს ქუჩა N29-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოების განხორციელება არათუ შეუძლებელი იყო, არამედ მისი შესრულება გამოიწვევდა სამართალდარღვევას (გარდა სახურავის შეკეთების სამუშაოებისა).
მტკიცებულება: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 26 ივნისის N0----- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 102-108).
4.11. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 31 დეკემბრის N2---- ბრძანება ბ---------ში, კ--------ს ქუჩა N29-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია-გაფართოებაზე ნებართვის თაობაზე გამოცემულია საქმის განხილვაში დაინტერესებული პირების ჩართვისა და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსათვის ცნობილი იყო ბ---------ში, კ--------ს 29-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ამავე ქუჩაზე მცხოვრები პირების პრეტენზიებთან დაკავშირებით (პუნქტი 4.3), თუმცა 2015 წლის 31 დეკემბრის N2---- ბრძანების მიღებამდე საქმის წარმოებასთან დაკავშირებით შესაბამისი პირების ინფორმირებისა თუ მათი საქმეში ჩართვის, ან/და განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მათი პოზიციის მიღების თაობაზე საქმის მასალებიდან არ ირკვევა. ასევე, არ ირკვევა, რომ 2015 წლის 31 დეკემბრის N2---- ბრძანების მიღებამდე საქმის განმხილველმა ორგანომ გამოიკვლია შესათანხმებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ახალციხის რაიონულ სასამართლოში არსებულ დავებთან (N3/110-16 და N 2/578-15 საქმეებზე განჩინებები - ტომი 1, ს.ფ. 41-43, 135-139) დაკავშირებული მდგომარეობა და შეაფასა მისი მნიშვნელობა განსახილველი საკითხისადმი, არ ირკვევა, რომ გამოიკვლია სანებართვო სამუშაოებზე წარდგენილი პროექტი და მისი შესაბამისობა საპროექტო ობიექტზე არსებულ მდგომარეობასთან. აღნიშნულზე მეტყველებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 ნოემბრის N0-------- დასკვნა, რომლითაც შეფასებულია ბ---------ში, ჯ--------ის ქუჩა N2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (იგივე საცხოვრებელი სახლი მოქცეულია კ--------ს 29-შიც, რაც დასტურდება მხარეთა განმარტებებით (2018 წლის 11 აპრილისა და 21 მაისის ოქმები) და N2/578-15 საქმეზე 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინების (ტომი 1, ს.ფ. 135-139) მონაცემებით) მდგომარეობა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით: 1. ქ. ბ---------ში, ჯ--------ის ქუჩა N2-ში არსებული საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია გაფართოების პროექტი არ შეესაბამება მოქმედ სამშენებლო სტანდარტებს; 2. ქ. ბ---------ში, ჯ--------ის ქუჩა N2-ში წარმოებული მშენებლობა არ შეესაბამება მისი მშენებლობისთვის გაცემულ პროექტს; 3. ქ. ბ---------ში, ჯ--------ის ქუჩა N2-ში პროექტის გვერდის ავლით სამშენებლო სამუშაოების ჩატარება დაუშვებელია და შესაძლოა გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები (ტომი 2, ს.ფ. 2-35).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი
7. სამართლებრივი შეფასება
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2017 წლის 26 ივნისის N0----- ბრძანების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
მითითებული ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, მისი კანონიერების შეფასებისათვის უნდა იქნეს დადგენილი, არსებობდა თუ არა ა---–----–-----ის, ნ----------------ის და ლ------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებისა და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 31 დეკემბრის N2---- ბრძანების და მის საფუძველზე გაცემული Nნ/0-------- სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველი, კერძოდ, აღნიშნული აქტი იყო თუ არა გამოცემული კანონის დაცვით საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევისა და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის საფუძველზე.
ა---–----–-----ის, ნ----------------ისა და ლ------------ის ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად დაშვების პირობებთან (რომლის არარსებობის მტკიცება სასარჩელო მოთხოვნის ძირითადი საფუძველია) დაკავშირებით უნდა მიეთითოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის 1-თვიან ვადას ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანო აღადგენს, თუ ამ ვადის გაშვება დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით მოხდა. დადგენილია, რომ, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 31 დეკემბრის N2---- ბრძანება ა---–----–-----ისა და ნ----------------ის წარმომადგენელს 2016 წლის 11 აგვისტოს გაეგზავნა (პუნქტი 4.7) და ამავე თვეში - 2018 წლის 25 აგვისტოს ახალციხის რაიონულ სასამართლოს წარედგინა სარჩელი მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით, ადმინისტრაციული საჩივარი კი აღნიშნულ სარჩელზე სასამართლო წარმოების 2016 წლის 6 აპრილის განჩინებით შეწყვეტის შემდეგ 2017 წლის 3 მაისს იქნა წარდგენილი (პუნქტები 4.8 და 4.9). ამდენად, ცხადია, რომ ადმინისტრაციული საჩივრის 1 თვის ვადაში წარუდგენლობა შეცდომით - სადავო აქტის პირდაპირ სასამართლოში გასაჩივრებით იყო განპირობებული, რაც ვადის დარღვევის საპატიო მიზეზს წარმოადგენდა და საჩივრის განმხილველ ორგანოს დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველს აძლევდა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებას ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი უზრუნველყოფს.
დასახელებული კანონის მიხედვით, ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან (,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტი).
ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რომლებიც (რომელიც) განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ, მემორიალურ, ეთნოლოგიურ, მხატვრულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან სხვა ღირებულებას (,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლი).
,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე აკრძალულია (24-ე მუხლი).
ძეგლზე დასაშვები კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები შეიძლება იყოს: ა) დაზვერვა; ბ) გაწმენდა; გ) კონსერვაცია; დ) რესტავრაცია; ე) რეკონსტრუქცია; ვ) ადაპტაცია. ზ) უძრავი ძეგლის ცვლილება (,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები). უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა დასაშვებია მხოლოდ ძეგლზე ამ კანონით დაშვებული სამუშაოების (რეკონსტრუქციის) ფარგლებში და ძეგლის აღდგენის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ძეგლის ინტერესები ან თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და არ არსებობს ამ საფრთხის თავიდან აცილების სხვა შესაძლებლობა. უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება დასაშვებია მხოლოდ ძეგლის ადაპტაციის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეს არ გამოიწვევს ძეგლის დაზიანებას ან მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულების შემცირებას. აკრძალულია მოძრავი ძეგლის გადაკეთება ან დანაწევრება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ძეგლის შენარჩუნებისათვის ან რეაბილიტაციისათვის (,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი).
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა გაიცემა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ხოლო უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე კვლევით სამუშაოებზე, თუ ეს სამუშაოები გულისხმობს ძეგლზე ფიზიკურ ზემოქმედებას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვებს გასცემს სამინისტრო ან სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. ნებართვა გაიცემა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ვადით, სამუშაოთა მოცულობის, სირთულის, გარემო პირობების, ასევე ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკის გათვალისწინებით (,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლი).
უძრავი ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი უნდა შემუშავდეს კვლევითი სამუშაოების საფუძველზე (,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი). იგი (გარდა მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემთხვევისა) შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
ა) განმარტებითი ბარათი (პრობლემის დეტალური აღწერა და მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა, შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება);
ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:1000 ან 1:2000);
გ) საპროექტო ობიექტისა და მისი საერთო ხედების ამსახველი ფოტომასალა, საპროექტო ნაწილის განშლა მიმდებარე ნაგებობებთან ერთად, დაზიანების არსებობის შემთხვევაში – ლოკალური დაზიანების ამსახველი ფოტომასალა, საარქივო ფოტომასალა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების ფოტომონტაჟი;
დ) ძეგლის ანაზომები (კროკები, გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:100, 1:50));
ე) სახელოვნებათმცოდნეო კვლევის შედეგები (ბიბლიოგრაფიული კვლევის ანალიზი, ნატურაში კვლევის ანალიზი, შესწავლილი ბიბლიოგრაფიული და საარქივო მასალის ჩამონათვალი);
ვ) კვლევითი სამუშაოებისას არქეოლოგიური კვლევის ჩატარების შემთხვევაში – არქეოლოგიური კვლევის შედეგები (საკვლევი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა, არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ძეგლების განლაგების სქემა და ანაზომი, შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის მიერ ხელმოწერით, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:25, 1:20), ტექსტური აღწერილობა, არქეოლოგიური კვლევის შედეგების ანგარიში);
ზ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის ხელმოწერით, ლაბორატორიული ანალიზი, ლითოგრაფიული ჭრილები და რეკომენდაციები);
თ) არსებული სამშენებლო მასალების ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები), კვლევა სამუშაოებისას გამოსაყენებელი მასალის ძეგლზე არსებულ მასალასთან თავსებადობის შესახებ;
ი) ზონდირების შემთხვევაში – ზონდაჟების განლაგების სქემა, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა;
კ) არქიტექტურული დეტალების განლაგების სქემები, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა;
ლ) კონსტრუქციული დეტალების განლაგების სქემა, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა;
მ) სადემონსტრაციო მასალა (გეგმები, ფასადები, ჭრილები (მასშტაბი 1:50, 1:100, 1:200), ფრაგმენტები და დეტალები (მასშტაბი 1:20, 1:10)), ფოტომონტაჟი და პროექტის დასაბუთება (,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი).
ნ) სამუშაო პროექტი (არქიტექტურული სამუშაო ნახაზები, შაბლონები (მასშტაბი 1:100, 1:50, 1:1), კონსტრუქციული მუშა ნახაზები და გაანგარიშებები);
ო) სამუშაო გეგმა, მისი დასაბუთება, პროცესის თანმიმდევრობის ჩვენებით; სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი;
პ) სამუშაოთა ჩატარების ორგანიზების პროექტი;
ჟ) მოსალოდნელი შედეგების აღწერა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებების მიხედვით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 31 დეკემბრის N2---- ბრძანება ბ---------ში, კ--------ს ქუჩა N29-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია-გაფართოებაზე ნებართვის თაობაზე არ შეესაბამება მითითებულ ნორმებს, გამოცემულია საქმის განხილვაში დაინტერესებული პირების ჩართვისა და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშე (პუნქტი 4.10). ამდენად, გასაჩივრებული ბრძანებით სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 31 დეკემბრის N2---- ბრძანება და მის შესაბამისად გაცემული სანებართვო მოწმობა მართლზომიერად იქნა ცნობილი ბათილად.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება მოსარჩელეს შესრულებული აქვს სარჩელის წარდგენის ეტაპზე (ტომი 1, ს.ფ. 70-71).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ--------–----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია