გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010310016001574683
საქმე №3-805/16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - ჯემალ ბეჟანიძე
წარმომადგენელი -არჩილ ნადირაძე, არჩილ კაიკაციშვილი
მოპასუხე - შპს ქალაქ ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი
წარმომადგენელი - მერაბ დიმიტრაძე
მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
წარმომადგენელი - ნატალია ქორიძე, ნინო თოდუა,ნანა ოდიკაძე
მესამე პირი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - რუსუდან მუმლაური
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება და განათლების ატესტატის ნამდვილობის დადასტურება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ჯემალ ბეჟანიძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქალაქ ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მიმართ, რომლითაც მოითხოვა,იურიდიული პირების უფლებამონაცვლეობის (სამართალმემკვიდრეობის) დადგენა, შპს „ჩაღლარ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმსა“ (ს/კ 245420593) და შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს“ (ს/კ 245618675) შორის.
ქალაქ ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის (ს/კ 245420593) მიერ 2005 წელს ჯემალ ბეჟანიძის მიმართ გაცემული ნა №003348 ზოგადი საშუალო განათლების ატესტატის ნამდვილობის აღიარება.
1.2. სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ხოლო 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
1.3. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
მოსარჩელემ 2005 წელს დაასრულა შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის“ (ს/კ 245420593) სრული კურსი. მიღებული საგანმანათლებლო ატესტატის საფუძველზე ჯემალ ბეჟანიძე 2005 წელს ჩაირიცხა და სწავლა განაგრძო კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში, რომელიც წარმატებით დაასრულა 2009 წელს. ჯემალ ბეჟანიძე 2016-2017 სასწავლო წლიდან სწავლის გაგრძელებას აპირებს ვენის უნივერსიტეტში (ავსტრია) და შესაბამისად, დაიწყო ამ უნივერსიტეტში რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების შეგროვება და მომზადება. 2015 წლის 21 დეკემბერს ჯემალ ბეჟანიძემ განცხადებით (№5000213256) მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის დუბლიკატი. 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის განცხადება არ დაკმაყოფილდა და უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე. გადაწყვეტილების მიხედვით, მის მიერ დამთავრებული სკოლა-ლიცეუმის მიმართ არსებობს გარკვეული კითხვები, ლიცენზიისა და რეგისტრაციის შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა საშუალო განათლების ატესტატის ნამდვილობის დადასტურება, რაზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომელშიც ნამსჯელია, რომ ზოგადი განათლების №003348 ატესტატზე დასმულ ბეჭედში გამოსახულია საქართველოს მცირე გერბი, რის გამოც ვერ იქნა დადგენილი საგანმანათლებლო დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა. აღნიშნულის გარდა, მითითებულია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, ვერ იქნა დადგენილი ატესტატის გაცემის მომენტში ეწეოდა თუ არა შპს „ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი“ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ლიცენზირებულ რეჟიმში. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო მოსარჩელეს უარი ეთქვა ატესტატის ნამდვილობის დადასტურებაზე.
გადაწყვეტილებაში მითითებულია, ვერ მოხერხდა ამ სამ ლიცეუმს შორის სამართლებრივი კავშირის დადგენა, ხოლო ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ 2005 წელს ჯემალ ბეჟანიძემ დაამთავრა ლიცეუმი, გაცემული შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის“ მიერ, თითქოს არ არის კანონშესაბამისი და ცნობის გამცემი ლიცეუმი.
თავისი მიზნის მისაღწევად მოსარჩელე მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს ორ იურიდიულ პირს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტის დადგენას, რომელიც პირდაპირ კავშირშია ზოგადი საშუალო განათლების ატესტატის ნამდვილობის შემდგომ აღიარებასთან.
განსახილველ შემთხვევაში, ორი სამართალსუბიექტის იურიდიული კავშირის დადგენა არ მოითხოვს ინდივიდუალურ-ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა იმსჯელოს მათ სამართალურთიერთობისა და კავშირის თაობაზე.
იმისთვის, რომ გაცემული ატესტატის ნამდვილობა დარეგისტრირდეს ცენტრის ბაზაში და მოსარჩელემ მიიღოს შემდგომი დუბლიკატი, საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც უნდა დაეფუძნოს ზემოაღნიშნული ორი იურიდიული პირის სამართალურთიერთობის დადგენის საკითხს. შესაბამისად, საჭიროა მოსარჩელის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება და ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილება ატესტატის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
ვიდრე არ იქნება ჯემალ ბეჟანიძის ზოგადი საშუალო განათლების ატესტატის ნამდვილობა დადგენილი და აღიარებული, მოსარჩელეს მნიშვნელოვანი ზიანი ადგება სწავლა გააგრძელოს საზღვარგარეთ.
საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ დაამთავრა „ქალაქ ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმი“, გაცემული ატესტატის საფუძველზე სწავლა განაგრძო კავკასიის უნივერსიტეტში, რომელიც აგრეთვე წარმატებით დაასრულა, თუმცა ამჟამად დგას სამართლებრივი პრობლემის და იმ გარემოების წინაშე, რომელიც მნიშვნელოვნად აფერხებს მის შემდგომ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას.
მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად მიღწეულ იქნება ატესტატის ნამდვილობის აღიარება, გადაწყვეტილება გადაეცემა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელიც მოახდენს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას და მოსარჩელე მიიღებს ზოგადი საშუალო განათლების ატესტატის დუბლიკატს, რაც ორგანულადაა დაკავშირებული საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების საკითხთან. შესაბამისად, საქმეზე არსებობს მოსარჩელის მაღალი იურიდიული ინტერესი.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1. შპს „შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმის“ წარმომადგენლმა წერილობით შესაგაებელსა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი სცნო და დაადასტურა, რომ მოსარჩელე ჯემალ ბეჟანიძემ 2005 წელს დაასრულა შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების“ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის (ს/კ 245420593) სრული კურსი და მიიღო ზოგადი საშუალო განათლების ატესტატი, №003348.
თურქეთის რესპუბლიკის შპს „სასკოლო ინვენტარის საწარმო-სავაჭრო ფირმა „ჩაღლარის“ ქვესაწარმო - „რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმი ქალაქ ბათუმში“ (რეგისტრაციის ნომერი - 01/04-720), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ რეგისტრირებული იქნა 2005 წელს და მასზე გაიცა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ, საგანმანათლებლო ლიცენზია.
1996 წელში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მურათ სუნგუს მიერ დაფუძნებული იქნა მრავალპროფილიანი სკოლა - ლიცეუმი (ს/კ 245420593). ლიცენზიის მფლობელი იყო სასკოლო ინვენტარის საწარმო-სავაჭრო ფირმა „ჩაღლარი“, ხოლო ამ ფირმის წევრი იყო, მურათ სუნგუ. სასკოლო ინვენტარის საწარმო-სავაჭრო ფირმა „ჩაღლარის“ მიერ გაცემულია მინდობილობა, მურათ სუნგუზე, რომლითაც უფლება აქვს მინიჭებული, დააფუძნოს სკოლა-ლიცეუმი და ცვლილებები შეიტანოს ლიცეუმის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში. მურათ სუნგუმ დააფუძნა ახალი ფირმა, რომელმაც განახორციელა საგანმანათლებლო საქმიანობა და თავად სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაცია და ყველა სახელმწიფო ორგანიზაცია დარწმუნებული იყო, რომ სკოლა-ლიცეუმზე გაცემული იყო ლიცენზია. ის, რომ სხვა ფირმა იქნა დაფუძნებული და საგანმანათლებლო საქმიანობა შემდგომში სწორედ ამ ფირმის მიერ განხორციელდებოდა, აღარ იქნა გათვალისწინებული. ანუ, ფირმა„ ჩაღლარზე“ გაცემული ლიცენზია ვრცელდებოდა მურათ სუნგუს მიერ დაფუძნებულ სკოლა-ლიცეუმზე, რამდენადაც, ფაქტობრივად სკოლის ადმინისტრაცია აღიქვამდა დამფუძნებლად ლიცენზიის მფლობელ ფირმა „ჩაღლარს“, მაგრამ ფირმის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში დამფუძნებლად შეცდომით მითითებული იქნა არა ფირმა „ჩაღლარი“, არამედ ფიზიკური პირი - მურათ სუნგუ.
ეს სკოლა-ლიცეუმის იმდროინდელი მესვეურების გაუცნობიერებელი შეცდომაა, რადგანაც ძალიან ბევრი სამუშაო იქნა ჩატარებული ლიცენზიის მოსაპოვებლად და ლიცენზიის მოპოვების შემდეგ, ლიცენზიის არმქონე სუბიექტის მიერ ფირმის დაფუძნება და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება არ იყო დამფუძნებლების ინტერესი. უბრალოდ, აქ შეცდომა არის დაშვებული და სკოლა-ლიცეუმის დამფუძნებლად მითითებულია არა ლიცენზიის მფლობელი ფირმა „ჩაღლარი“, არამედ, ფიზიკური პირი მურათ სუნგუ.
ამის თაობაზე სკოლის დირექციამ გაიგო მხოლოდ მოსარჩელესთან დაკავშირებული პრობლემის წარმოშობის შემდეგ. მანამდე ყველას ეგონა და სკოლაც ისე ფუნქციონირებდა, რომ დამფუძნებელი იყო ფირმა „ჩაღლარი“.
2007 წელს შპს „ჩაღლარ საგანმანათლებლო დაწესებულებების რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმმა საქმიანობა შეაჩერა და საგანმანათლებლო საქმიანობა ყოველგვარი წყვეეტის გარეშე განაგრძო შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმმა“ ს/კ 245618675, (რომელსაც ამჟამად ეწოდება შპს „შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმი“) რომლის დამფუძნებულია შპს „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი“ და რომელსაც საგანმათლებლო საქმიანობის ლიცენზია გააჩნია.
ფაქტობრივი სამართლებრივი კავშირი შპს „ჩაღლარ საგანმანათლებლო დაწესებულებების რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმსა“ (ს/კ245618675) და შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს“ ს/კ 245420593 შორის ნამდვილად არსებობს. ფაქტობრივად შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის“ ს/კ ს/კ 245420593 სამართალმემკვიდრეა, შპს „ჩაღლარ საგანმანათლებლო დაწესებულებების რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“ (ს/კ245618675).
ატესტატზე აღბეჭდილი ლიცეუმის ბეჭედზე არსებული მცირე სახელმწიფო გერბი არის შეცდომა და ეს არ ნიშნავს, რომ ატესტატზე დასმული სკოლის ბეჭედი ყალბია, ამაში მოსარჩელეს ბრალეულობა საერთოდ არ არის.
საყოველთაოდ აღიარებული იყო, რომ ფირმა „ჩაღლარს“ გააჩნდა საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია და ის ფაქტი, რომ სკოლის დაფუძნებისას სადამფუძნებლო დოკუმეტაციაში დამფუძნებლის ვინაობის სწორად მითითება ვერ მოხდა, არ ნიშნავს, რომ სკოლა არალიცენზირებად რეჟიმში მუშაობდა.
სკოლა რომ ლიცენზირებად რეჟიმში მუშაობდა ფაქტობრივად, ამას ადასტურებს სკოლის ურთიერთობა სხვადასხვა სახელმწოფო ორგანოებთან., განათლების სამინისტრო მას გადასცემდა ატესტატის ფორმებს იმისთვის, რომ სკოლას ატესტატი გაეცა. სკოლა საყოველთაოდ აღიარებულ ლიცენზირებად რეჟიმში მუშაობდა და მისი სადამფუძნებლო დოკუმენტაცია თუ სწორად ვერ შედგა, არ ნიშნავს იმას, რომ სკოლა ამდენი წელი არალიცენზირებული იყო.
2.2. მესამე პირების - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლის მქონედ იქნა მიჩნეული, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
მოსარჩელემ 2015 წლის 21 დეკემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მიმართა განცხადებით და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემა.
ამ სამსახურის 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჯემალ ბეჟანიძის განცხადება და მას უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე, რადგანაც მის მიერ დამთავრებული სკოლა-ლიცეუმის მიმართ არსებობს გარკვეული კითხვები, ლიცენზიასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელის სახელზე გაცემულ ზოგად საშუალო განათლების ნა №003348 ატესტატში არ იყო მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივი ფორმა. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ქვეპუნქტის შესაბამისად, იურიდიული პირის საფირმო სახელწოდება, ანუ ფირმა არის სახელი, რომლითაც საქმიანობს მეწარმე სუბიექტი. ხოლო, ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად იურიდიული პირის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს „შპს“-ს შემთხვევაში - დამატებას „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება“ ან „შპს“. ამასთან, ზოგადი საშუალო განათლების ნა №003348 ატესტატზე დასმულ ბეჭედში გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი.
,,საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ეკრძალებათ სახელმწიფო გერბის გამოყენება შენობების ფასადებზე, ბეჭდებზე, შტამპებზე, ბლანკებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე.
შესაბამისად, ვერ იქნა დადგენილი საგანმანათლებლო დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა. აგრეთვე, ვერ იქნა დადგენილი აღნიშნული ატესტატის გაცემის მომენტში ეწეოდა თუ არა, შპს „ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმი“ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ლიცენზირებულ რეჟიმში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, ნამდვილობის დადასტურების წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცენტრის 2016 წლის 17 მარტის №266508 გადაწყვეტილებით ჯემალ ბეჟანიძეს უარი ეთქვა კუთვნილი ატესტატის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 4 სექტემბრის №38 გადაწყვეტილებით შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს“ (ს/კ 245618675) მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით 5 წლის ვადით. აღნიშნულ დაწესებულებას 2015 წლის 22 დეკემბრიდან ეწოდება - შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“.
ცენტრის 2016 წლის 17 მარტის №266508 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს განემარტა, რომ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება შესაძლებელი იქნებოდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი საგანმანათლებლო დოკუმენტისა და სრულყოფილი, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არსებული საარქივო მასალის ცენტრში წარდგენის შემთხვევაში.
ცენტრისათვის მოსარჩელის მიერ, განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე გახდა ცნობილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებით, ვერ ხერხდება სამ ლიცეუმს შორის სამართლებრივი კავშირის დადგენა, მათ მიმართ ლიცენზიის მიღებისა და რეგისტრაციის გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომადინარე, თუ კი აღმოხვრილი იქნება, მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზი, ცენტრში წარდგენილი იქნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი საგანმანათლებლო დოკუმენტი და სრულყოფილი, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არსებული საარქივო მასალა, ცენტრი თავიდან იმსჯელებს მოსარჩელის სახელზე გაცემული ატესტატის ნამდვილობის დადასტურებაზე.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს განათლების განათლების მინისტრის 1993 წლის 16 ნოემბრის №01-16-09/1476 წერილის თანახმად, აჭარის ა.რ. განათლების სამინისტროს კოლეგიამ 1994 წლის 25 თებერვალს №8 გადაწყვეტილებით ნება დართო თურქეთის რესპუბლიკის სასწავლო სახელოსნოებისა და ვაჭრობის სააქციონერო საზოგადოებას, ფირმა „ჩაღლარს“, ბათუმის ინგლისურენოვანი ლიცეუმის გახსნაზე. საექსპერტო და სალიცენზიო კომისიების დასკვნის საფუძველზე გადაწყდა, ქ. ბათუმში საერო ქართული, ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის ტიპის მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმის გახსნა.
რეგისტრაციის მოწმობისა და უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით დასტურდება, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 1996 წლის 20 თებერვალს გაცემული №01-17-07/176 ლიცენზიის მფლობელად უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში დაარეგისტრირა „სასკოლო ინვენტარის საწარმოოს სავაჭრო ფირმა ,,ჩაღლარის“ ქვესაწარმო, რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმი“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 1996 წლის 30 აგვისტოს №01/04-440 დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა, შპს „ქ. ბათუმის არასახელმწიფო საერო მრავალპროფილიანი ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა-ლიცეუმი“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 1997 წლის 7 ივლისის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა, თურქეთის რესპუბლიკის შპს „სასკოლო ინვენტარის საწარმო-სავაჭრო ფირმა „ჩაღლარის“ ქვესაწარმოდ დარეგისტრირებული, „რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმი ქალაქ ბათუმში“ (რეგისტრაციის ნომერი - 01/04-720).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2001 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა „სასკოლო ინვენტარის საწარმოოს სავაჭრო ფირმა ჩაღლარის“ ქვესაწარმო, რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმის რეგისტრაცია (რეგისტრაციის ნომერი - 01/04-720).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განათლების სამინისტროს 1996 წლის 20 თებერვლის №01-17-07/176 ლიცენზია;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 1996 წლის 30 აგვისტოს №01/04-440 დადგენილება;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 7 ივლისის დადგენილება;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2001 წლის 5 ოქტომბრის განჩინება;
3.1.2. მოსარჩელე ჯემალ ბეჟანიძემ 2005 წელს დაასრულა შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების“ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის (ს/კ 245420593) სრული კურსი და მიიღო ზოგადი საშუალო განათლების ატესტატი, ნა №003348. აღნიშნული ატესტატის საფუძველზე, მოსარჩელე 2005 წელს ჩაირიცხა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში, რომელიც დაასრულა 2009 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“ წერილი ჯ. ბეჟანიძის სახელზე;
- ზოგადი საშუალო განათლების ატესტატი, ნა №003348;
- №2-კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომი, №000052;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. 2007 წელს შპს „ჩაღლარ საგანმანათლებლო დაწესებულებების რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმმა“ საქმიანობა შეაჩერა და საგანმანათლებლო საქმიანობა განაგრძო შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმმა“ ს/კ 245618675, (რომელსაც ამჟამად ეწოდება შპს „შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმი“) რომლის დამფუძნებულია შპს „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი“ და რომელსაც საგანმათლებლო საქმიანობის ლიცენზია გააჩნია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2010 წლის 07 ივნისს შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლი დაწესებულებების ქალაქ ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმზე“ (ს/კ 245618675) №192 ბრძანებით გასცა ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზია;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 04 სექტემბრის №38 გადაწყვეტილებით შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს“ (ს/კ 245618675) მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით, 5 წლის ვადით.
აღნიშნულ დაწესებულებას 2015 წლის 22 დეკემბრიდან ეწოდება - შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“.
ამასთან, უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და საარქივო დოკუმენტაციის (№1330668, 22.12.2015 წ.) მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1996 წლის 20 თებერვალს გაცემული №01-17-07/176 ლიცენზიით ნება დართო ფირმა ,,ჩაღლარს“, დაეფუძნებინა ქ. ბათუმში ქართული ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის ტიპის მრავალპროფილიანი სკოლა სკოლა-ლიცეუმი, როგორც არასახელმწიფო საერო სასწავლებელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 04 სექტემბრის №38 გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. მოსარჩელემ 2015 წლის 21 დეკემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მიმართა განცხადებით და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მისი განცხადება და უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, ჯემალ ბეჟანიძის მიერ დამთავრებული სკოლა-ლიცეუმის მიმართ არსებობდა გარკვეული კითხვები, კერძოდ, სკოლა-ლიცეუმის ლიცენზიასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ვერ ხერხდებოდა სამ ლიცეუმს შორის სამართლებრივი კავშირის დადგენა, მათ მიმართ ლიცენზიის მიღებისა და რეგისტრაციის გათვალისწინებით.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება, ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, მოსარჩელემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 1-ლი აპრილის №01/78956/გ გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება.
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 1-ლი აპრილის №01/78956/გ გადაწყვეტილება.
3.1.6. მოსარჩელე ჯემალ ბეჟანიძემ განცხადებით მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს და მოითხოვა მისი კუთვნილი ზოგადი საშუალო განათლების ატესტატის ნამდვილობის დადასტურება.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 17 მარტის №266508 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ატესტატის ნამდვილობის დადასტურებაზე და განემარტა, რომ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება შესაძლებელი იქნებოდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი საგანმანათლებლო დოკუმენტისა და სრულყოფილი, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არსებული საარქივო მასალის ცენტრში წარდგენის შემთხვევაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის 2016 წ. 17.03. №266508 გადაწყვეტილება.
3.1.7. მოსარჩელემ 2016 წლის 28 მარტს განცხადებით მიმართა შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის საქართველოს-თურქეთის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს“, აცნობა მოთხოვნილ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები და მოითხოვა ინფორმაცია, სკოლა-ლიცეუმის ლიცენზიისა და რეგისტრაციის შესახებ. ასევე, იმის დადასტურება, რომ 2005 წელს, ლიცეუმის დამთავრების დროსა და ატესტატის გაცემის მომენტში, აღნიშნული ლიცეუმი ეწეოდა ზოგად საგანმანათლებლო საქმიანობას, ლიცენზირებულ რეჟიმში.
მოსარჩელემ 2016 წლის 13 აპრილის შპს „შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმის“ წერილით მიიღო შემდეგი სახის ინფორმაცია, რომ ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი გაცემულ იქნა შპს „ჩაღლარ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმის“ (ს/კ 245420593) მიერ; მოსარჩელის მხრიდან ნამდვილად იქნა დამთავრებული ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო პროგრამის სრული კურსი, შპს „ჩაღლარ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში“ (ს/კ 245420593), რაც დასტურდებოდა გაცემული ატესტატით. წერილის თანახმად, აღნიშნული ლიცეუმი ამჟამად აღარ ახორცილებს სამეწარმეო და საგანმანათლებლო საქმიანობას, ხოლო მისი ქონება, საქმიანობის დოკუმენტაცია გადაცემულია და ამჟამად ფლობს, შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“ (ს/კ 245618675).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯემალ ბეჟანიძის 2016 წლის 28 მარტის წერილი შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს;
- 2016 წლის 13 აპრილის შპს „შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმის“ წერილი.
3.1.8. ჯემალ ბეჟანიძემ 2016 წლის 28 ოქტომბერს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქალაქ ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მიმართ, რომლითაც მოითხოვა,იურიდიული პირების უფლებამონაცვლეობის (სამართალმემკვიდრეობის) დადგენა, შპს „ჩაღლარ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმსა“ (ს/კ 245420593) და შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს“ (ს/კ 245618675) შორის.
ქალაქ ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის (ს/კ 245420593) მიერ 2005 წელს ჯემალ ბეჟანიძის მიმართ გაცემული ნა №003348 ზოგადი საშუალო განათლების ატესტატის ნამდვილობის აღიარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯემალ ბეჟანიძის სასარჩელო განცხადება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ჯემალ ბეჟანიძის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმის მიერ (საიდენტიფიკაციო კოდი: 245420593) 2005 წელს ჯემალ ბეჟანიძის მიმართ გაცემული ნა №003348 ზოგადი საშუალო განათლების ატესტატის ნამდვილობის აღიარების შესახებ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია;
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე. შესაბამისად, უნდა დადგინდეს აღიარებითი სარჩელის წინაპირობები, კერძოდ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი; უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის საკითხი; ასევე უნდა დადგინდეს სარჩელის დასაშვებობა, ანუ მიკუთვნებითი/ვალდებულებითი სარჩელის შესაძლებლობა.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის თანახმად ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება; სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით; დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა; ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო; სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების საფეხურები – საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი). ამავე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს;
ამავე კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა საბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვთ ზოგადი განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულია ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა, კერძოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის) მიერ ზოგადი განათლების თავის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას.
ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა. ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქმნის ზოგადი განათლების სისტემას და სათანადო სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სრული ზოგადი განათლების მიღებას უზრუნველყოფს და აფინანსებს სახელმწიფო. ხოლო აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ კანონმდებლობა ითვალისწინებს სრული ზოგადი განათლების ატესტატის (დაკარგვის შემთხვევაში - დუბლიკატის) გაცემას.
ატესტატი გაიცემა აგრეთვე საბაზო განათლების მიღების შემდეგაც.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
სასამართლო განმარტავს, რომ საბაზო განათლების მიღების და გაცემული ატესტატის ნამდვილობის ფაქტის აღიარებით დგინდება, მხარის უფლების არსებობა-არარსებობის საკითხი.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეზე გაცემული, ზოგადი საშუალო განათლების ნა №003348 ატესტატის ნამდვილობის დადგენით ჯემალ ბეჟანიძე ჩაითვლება საშუალო განათლების სტატუსის მქონე პირად. კერძოდ, ამ აღიარების საფუძველზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი მოახდენს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას და მოსარჩელე მიიღებს ზოგადი საშუალო განათლების ატესტატის დუბლიკატს.
აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ აღიარებას ექვემდებარება უფლების არსებობა-არარსებობის ფაქტი, ამასთან სახეზეა მოსარჩელის იურიდიული (კანონიერი) ინტერესი.
რაც შეეხება მოსარჩელის იურიდიული ინტერესის შესაბამისად ჩამოყალიბებულ სასარჩელო მოთხოვნას, ის სარჩელის მიხედვით შესდგება ორი ნაწილისაგან, 2005 წელს შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის“ მიერ გაცემული ნა №003348 ზოგადი საშუალო განათლების ატესტატის ნამდვილობის აღიარება და შპს „ჩაღლარ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმსა“ და შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს“ შორის სამართლებრივი ურთიერთობის (სამართალმემკვიდრეობის, უფლებამონაცვლეობის) დადგენა.
სასამართლო ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის მეორე ნაწილი ამ დავის ფარგლებში არ განიხილება იმ მოცულობით და შინაარსით, რაც ამ ორი იურიდიული პირის სამართლებრივ ან ქონებრივ სამართალმემკვიდრეობას შეეხება, რამდენადაც ამ მხრივ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი არ არსებობს, არამედ იმ ფარგლებში, რაც უკავშირდება ამ სუბიექტების ერთმანეთის მიმართ სამართლებრივი კავშირის დადასტურებას, მხოლოდ იმ დონეზე, რაც საკმარისი იქნება ჯემალ ბეჟანიძეზე შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის“ მიერ 2005 წელს გაცემული ნა №003348 ზოგადი საშუალო განათლების ატესტატის ნამდვილობის დასადგენად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ჯემალ ბეჟანიძის სასარჩელო მოთხოვნას იურიდიული პირების უფლებამონაცვლეობის (სამართალმემკვიდრეობის) დადგენის თაობაზე, შპს „ჩაღლარ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმსა“ (ს/კ 245420593) და შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს“ (ს/კ 245618675) შორის, განიხილავს, როგორც საშუალო განათლების ატესტატის ნამდვილობის აღიარების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის შემადგენელ ნაწილს, რომელიც გულისხმობს მითითებულ ფარგლებში, ორი იურიდიული პირის სამართლებრივი კავშირის დადგენასაც.
6.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებულია „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის შესაბამისად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება:
ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი;
ამავე წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაიცემა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, სააგენტო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემას უზრუნველყოფს საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე. ხოლო ამავე წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია - შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი. ამასთან, ამავე წესის 7.16 მუხლის თანახმად, პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებისა და დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, საინფორმაციო სისტემა არა უგვიანეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემისათვის განსაზღვრული ვადისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ტერიტორიულს სამსახურს, რომელიც უარს ეტყვის განმცხადებელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2015 წლის 21 დეკემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მიმართა განცხადებით და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მისი განცხადება და უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, ჯემალ ბეჟანიძის მიერ დამთავრებული სკოლა-ლიცეუმის მიმართ არსებობდა გარკვეული კითხვები, კერძოდ, სკოლა-ლიცეუმის ლიცენზიასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ვერ ხერხდებოდა სამ ლიცეუმს შორის სამართლებრივი კავშირის დადგენა, მათ მიმართ ლიცენზიის მიღებისა და რეგისტრაციის გათვალისწინებით.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება, ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, მოსარჩელემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 1-ლი აპრილის №01/78956/გ გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა.
6.4. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე ჯემალ ბეჟანიძემ 2005 წელს დაასრულა შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების“ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის (ს/კ 245420593) სრული კურსი და მიიღო ზოგადი საშუალო განათლების ატესტატი, ნა №003348. აღნიშნული ატესტატის საფუძველზე, მოსარჩელე 2005 წელს ჩაირიცხა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში, რომელიც დაასრულა 2009 წელს. ამ ფაქტს ადასტურებენ და ის სადავოდ არ გაუხდიათ, როგორც მოპასუხეს, შპს „ქალაქ ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს“, ისე, საქმეში მესამე პირებს, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს.
მოსარჩელე ჯემალ ბეჟანიძისათვის ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა მიიჩნია, რომ ჯემალ ბეჟანიძის მიერ დამთავრებული სკოლა-ლიცეუმის მიმართ არსებობდა გარკვეული კითხვები, მის ლიცენზიასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კერძოდ, ვერ ხერხდებოდა სამ ლიცეუმს შორის სამართლებრივი კავშირის დადგენა, მათ მიმართ ლიცენზიის მიღებისა და რეგისტრაციის გათვალისწინებით.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით, სწორედ ამ საფუძვლით ეთქვა უარი ჯემალ ბეჟანიძეს სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.
6.5. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და საარქივო დოკუმენტაციის (№1330668, 22.12.2015 წ.) მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1996 წლის 20 თებერვალს გაცემული №01-17-07/176 ლიცენზიით ნება დართო ფირმა ,,ჩაღლარს“, დაეფუძნებინა ქ. ბათუმში ქართული ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის ტიპის მრავალპროფილიანი სკოლა სკოლა-ლიცეუმი, როგორც არასახელმწიფო საერო სასწავლებელი.
რეგისტრაციის მოწმობისა და უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით დასტურდება, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 1996 წლის 20 თებერვალს გაცემული №01-17-07/176 ლიცენზიის მფლობელად უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში დაარეგისტრირა „სასკოლო ინვენტარის საწარმოოს სავაჭრო ფირმა ,,ჩაღლარის“ ქვესაწარმო, რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმი“.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და მხარეებიც ადასტურებენ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 1997 წლის 7 ივლისის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა, თურქეთის რესპუბლიკის შპს „სასკოლო ინვენტარის საწარმო-სავაჭრო ფირმა „ჩაღლარის“ ქვესაწარმოდ დარეგისტრირებული, შპს „რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმი ქალაქ ბათუმში“ (რეგისტრაციის ნომერი - 01/04-720) და მასზე გაიცა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო ლიცენზია.
მოსარჩელე ჯემალ ბეჟანიძემ 2005 წელს შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების“ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის (ს/კ 245420593) სრული კურსი დაასრულა და მიიღო ზოგადი საშუალო განათლების ატესტატი, №003348. სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია განაგრძობდა საგანმანათლებლო საქმიანობას, შპს „სასკოლო ინვენტარის საწარმოოს სავაჭრო ფირმა ,,ჩაღლარის“ ქვესაწარმო, რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმის“ მიერ შექმნილი სასწავლებლის ბაზაზე, თუმცა, როგორც შემდეგ გამოირკვა, მას საქართველოს განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო ლიცენზია არ გააჩნდა.
2007 წელს შპს „ჩაღლარ საგანმანათლებლო დაწესებულებების რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმმა“ საქმიანობა შეაჩერა და საგანმანათლებლო საქმიანობა ყოველგვარი წყვეტის გარეშე განაგრძო შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმმა“ ს/კ 245618675, (ამჟამად მას ეწოდება შპს „შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმი“) რომლის დამფუძნებულია შპს „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი“ და რომელსაც საგანმათლებლო საქმიანობის ლიცენზია გააჩნია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2010 წლის 7 ივნისს შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლი დაწესებულებების ქალაქ ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმზე“ (ს/კ 245618675) №192 ბრძანებით გასცა ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზია.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 04 სექტემბრის №38 გადაწყვეტილებით შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს“ (ს/კ 245618675) მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით, 5 წლის ვადით.
აღნიშნულ დაწესებულებას 2015 წლის 22 დეკემბრიდან ეწოდება - შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“.
ამდენად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ნამდვილად არსებობს კავშირი შპს „ჩაღლარ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმსა“ (ს/კ 245420593), შპს „რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმი ქალაქ ბათუმში“ (რეგისტრაციის ნომერი - 01/04-720) და შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს“ (ს/კ 245618675) შორის, რამდენადაც ყველა მათგანის მიერ წარმოებდა, ერთი და იგივე საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა-გამგეობა.
თუმცა სასამართლო ამავდროულად აღნიშნავს, ერთმნიშვნელოვნად და უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელე ჯემალ ბეჟანიძე სწავლობდა და 2005 წელს სრული კურსი დაასრულა შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების“ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმში, რომელიც საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა კანონით სავალდებულო, საგანმანათლებლო ლიცენზიის გარეშე და მიიღო სწორედ ამ სასწავლებლის მიერ გაცემული, ზოგადი საშუალო განათლების ატესტატი, №003348.
დადგენილი და დადასტურებული ფაქტია ისიც, რომ ჯემალ ბეჟანიძე აღნიშნული ატესტატის საფუძველზე, 2005 წელს ჩაირიცხა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში, რომელიც დაასრულა 2009 წელს.
6.6. სასამართლო შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების“ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის მიერ მოსარჩელე ჯემალ ბეჟანიძიეზე გაცემული ზოგადი საშუალო განათლების ატესტატისა და შესაბამისი, მიღებული ზოგადი საშუალო განათლების აღიარების თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას, მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
სასამართლო განმარტავს, რომ საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, რაც დეკლარირებულია მოსარჩელე ჯემალ ბეჟანიძის მიერ შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების“ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმში სწავლის პერიოდში მოქმედ საქართველოს კანონში „განათლების შესახებ“.
მე-3 მუხლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღების თანაბარი უფლება. პროფესიული განათლების მიღების უფლების შეზღუდვა რაიმე ნიშნით ან მოტივით დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. განათლების მიღების უფლების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქმნის განათლების სისტემასა და სათანადო სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს. განათლების მიღება შეიძლება როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ექსტერნატის ფორმით.
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას განათლების სფეროში ატარებს საქართველოს განათლების სამინისტრო. ამ კანონით განსაზღვრულ, მრავალ უფლებამოსილებათაგან, საქართველოს განათლების სამინისტრო: აკონტროლებს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და განათლების სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების შესრულებას, ხელმძღვანელობს განათლების სისტემის მართვის ორგანოებს;
მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამინისტრო ლიცენზიას აძლევს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ასრულებენ უმაღლეს, უმაღლესისშემდგომ და სამხედრო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს; ახდენს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო, დაწყებით პროფესიულ და საშუალო პროფესიულ დაწესებულებათა აკრედიტაციას;
სამინისტრო უფლებამოსილია, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ატესტაციის საფუძველზე, გააუქმოს საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა უმაღლესისა) აკრედიტაცია; ასევე, უფლებამოსილია ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად სარჩელით მიმართოს შესაბამის სასამართლოს საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი საქმიანობის ლიცენზიის გასაუქმებლად;
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით მოცემულია საგანმანათლებლო დაწესებულების ატესტაცია და აკრედიტაციის მარეგულირებელი წესები, რომლის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულების ატესტაციის მიზანია შემოწმდეს ლიცენზიის პირობებისა და სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების დაცვის, მისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მდგომარეობა. საგანმანათლებლო დაწესებულების ატესტაციის საფუძველზე გაიცემა სახელმწიფო აკრედიტაციის მოწმობა, რომელიც ადასტურებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესრულებას და უფლებას აძლევს მას გასცეს სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი.
საგანმანათლებლო დაწესებულების ატესტაციასა და აკრედიტაციას ატარებენ ამ კანონით განსაზღვრული და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოები.
ამდენად, სასამართლო განმრტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სავალდებულო ლიცენზირების, აკრედიტაციის და ატესტაციის წესების შესაბამისად, მასზე კონტროლი სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს.
დადგენილია და უდავო, რომ სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს, ამ შემთხვევაში საქართველოს განათლების სამინისტროს (და აჭარის ა.რ. განათლების სამინისტროს) მიერ არ ყოფილა გამოვლენილი, რომ შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების“ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი ზოგად საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა, საგანმანათლებლო ლიცენზიის გარეშე, სადაც სწავლობდა მოსარჩელე და 2005 წელს სრული კურსი დაასრულა.
უფრო მეტიც, საქართველოს განათლების სამინისტრო (და აჭარის ა.რ. განათლების სამინისტრო), ასევე სხვა სახელმწიფო უწყებები აღიარებდნენ ამ საგანმანათლებლო დაწესებულებას და მასთან შედიოდნენ სამართლებრივ ურთიერთობაში, როგორც ლიცენზირებულ, აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რისი დასტურია ისიც, რომ სკოლა-ლიცეუმის კურსდამთავრებულებზე გაიცემოდა შესაბამისი განათლების ატესტატი, რომელიც მიღებული და აღიარებული იყო თავად განათლების სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ და როგორც მხარეები ადასტურებენ, მათი ნამდვილობა და ლეგიტიმურობა სადავო არასოდეს გამხდარა.
დადგენილია და უდავო ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მოსარჩელე ჯემალ ბეჟანიძის მიმართაც დადგა სამართლებრივი შედეგი ამ მხრივ, რამდენადაც 2005 წელს მასზე გაცემული ზოგადი საშუალო განათლების №003348 ატესტატის საფუძველზე სწავლა განაგრძო კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში, რომელიც დაასრულა 2009 წელს.
6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლით მოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებისა და კანონიერი ნდობის შესახებ განსაზღვრული რეგულაციები, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი.
სასამართლო მიიჩნევს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 2005 წელს ჯემალ ბეჟანიძეზე საჯარო უფლებამოსილების მატარებელი და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საგანმანთლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ზოგადი საშუალო განათლების №003348 ატესტატი წარმოადგენს სწორედ ისეთ დოკუმენტს, რომლის მიმართ არსებობდა მოსარჩელის კანონიერი ნდობა.
იმ გარემოების მიმართ, რომ სკოლა-ლიცეუმი საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა ლინეზირების გარეშე, მოსარჩელე ჯემალ ბეჟანიძის ბრალი არანაირად არ მდგომარეობს, მას არც რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედება განუხორციელებია და მისთვის ეს გარემოება უცნობიც იყო, რასაც ადასტურებს მოპასუხე მხარე. უფრო მეტიც, ამ გარემოების თაობაზე უცნობი იყო ასევე განათლების სამინსტროსა და თვით შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების“ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმისთვისაც, რომლის სამართალმემკვიდრედაც მიაჩნია თავი მოპასუხე, შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“ და რასაც თავადვე ამტკიცებს, კატეგორიულად.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასწავლებელსა და სამინისტროს (სახელმწიფოს) შორის სამართლებრივი ურთიერთობის დაურეგულირებლობის გამო ეჭვსქვეშ ვერ დადგება მოსარჩელის მიერ გაცემული ზოგადი საშუალო განათლების ატესტატისა და მიღებული ზოგადი საშუალო განათლების ნამდვილობის და აღიარების საკითხი. სასამართლო ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თვით ფაქტი, ჯემალ ბეჟანიძის მიერ შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების“ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმში ზოგადსაგანმანათლებლო კურსის გავლის და ატესტატის მიღების შესახებ, სადავო არ გამხდარა არც ერთი მხარის მიერ და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება.
6.8.სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ არსებობს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, აღიარებული იქნას ქალაქ ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმის მიერ 2005 წელს ჯემალ ბეჟანიძიეზე გაცემული ზოგადი საშუალო განათლების ატესტატის ნამდვილობა და მისი შესაბამისი, ზოგადი საშუალო განათლების მიღება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოპასუხე მხარეს, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს უნდა გადახდეს მოსარჩელე ჯემალ ბეჟანიძის სასარგებლოდ 100 ლარი, რაც მოსარჩელის მიერ წინასწარ იყო გადახდილი, სახელმწიფო ბაჟის სახით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, 22-ე, 23-ე, 32-ე და 33-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-250-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ჯემალ ბეჟანიძის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
2. აღიარებული იქნას ქალაქ ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის მიერ (ს/კ 245420593) 2005 წელს ჯემალ ბეჟანიძის მიმართ გაცემული ნა N003348 ზოგადი საშუალო განათლების ატესტატის ნამდვილობა;
3. მოპასუხე მხარეს, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს გადახდეს ჯემალ ბეჟანიძის სასარგებლოდ 100 ლარი, რაც მოსარჩელის მიერ წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე