გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/76-2018
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი ქეთევან მეიშვილი
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - ე----- უგ---–--ა
მოპასუხე - ზე---- მა-------–---–ი
დავის საგანი - ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის - პენსიის დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
დაეკისროს მოპასუხე - ზე---- მა-------–---–ს დაეკისროს ზედმეტად მიღებული სახელმწიფო პენსიის 90 ლარის დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარჩელის საფუძვლები:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფოს გასაცემლების დეპარტამენტიდან 2018 წლის 28 მარტს მიღებული №04/18163 კორესპონდენციითა და თანდართული რეესტრით, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2017 წლის მარტის თვეში უკან დასაბრუნებელი თანხების შესახებ, სს ,,ლიბერთი ბანკიდან“ მიღებული ინფორმაციით ე.წ. სადავო თანხების თაობაზე. ზემოაღნიშნულ კორესპოდენციაზე თანდართულ რეესტრში ხონის რაიონული განყოფილების ბენეფიციარს წარმოადგენდა აწ/გარდაცვლილი ზე-–--ო მა-------–---–ი, რომლის ოჯახის წევრმა ზე---- მა-------–---–მა (პ/ნ 5----------; ხონი, ს. ივ-------ი მე-9 I შეს. N5) ბენეფიციარის გარდაცვალების შემდეგ ზედმეტად მიიღო, ბანკიდან გაიტანა მის ანგარიშზე დარიცხული სახელმწიფო პენსია, თებერვლის თანხა - 90.00 ლარი. სახელმწიფო პენსიის მიმღები პირი ზე-–--ო მა-------–---–ი გარდაიცვალა - 21.01.2018 წელს. მისი ოჯახის წევრის ზე---- მა-------–---–ის მიერ ზედმეტად იქნა მიღებული მისი გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული თანხა 2018 წლის თებერვლის თვის სახელმწიფო პენსია 90 ლარი. საქმეზე წარმოდგენილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების მიერ ზე---- მა-------–---–ისათვის გაგზავნილი 2018 წლის 29 მარტის №04-06-09/812 და 2018 წლის 05 ივნისის №04-06-09/1243 გაფრთხილება და შეტყობინება. თუმცა მიუხედავად გაფრთხილებისა მისი მხრიდან ზედმეტად მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება არ მომხდარა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ზე---- მა-------–---–ის მიერ უკანონოდ აღებული სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) 90 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანის მიზნით წარმოდგენილია სარჩელი სასამართლოში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ზე---- მა-------–---–ს სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად გაეგზავნა ფოსტის საშუალებით და ჩაბარდა პირადად, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღის ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია. მოპასუხე ასევე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე შესაბამისად მისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ბენეფიციარი ზე-–--ო მა-------–---–ი (პ/ნ 5----------) გარდაიცვალა 21.01.2018 წელს. გარდაცვალებამდე იგი ღებულობდა სახელმწიფო გასაცემელს - პენსიას 180 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფოს გასაცემლების დეპარტამენტის წერილი №04/18163 - ს.ფ. 13.
- რეესტრი სახელმწიფო გასაცემლის მიმღები პირების გარდაცვალების შესახებ - ს.ფ.: 14-15;
3.1.2. პენსიის გაცემის შეჩერება მოხდა 01.02.2018 წელს, მაგრამ მიუხედავად ამისა 2018 წლის თებერვლის თვეში ზე-–--ო მა-------–---–ის საპენსიო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა 180.00 ლარი გატანილი იქნა ზე---- მა-------–---–ის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს, საიდანაც დაბრუნებულია 90.00 ლარი. ე.ი. ამ დროისათვის გარდაცვლილი პირის ზე-–--ო მა-------–---–ის პირად ბარათზე ხელწვდომა ჰქონდა მოპასუხე ზე---- მა-------–---–ს. ასეთის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კანონშესაბამისად მასზეა, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 (მტკიცების ტვირთი) მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება, სასამართლო სხდომის ოქმი;
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფოს გასაცემლების დეპარტამენტის წერილი №04/18163 - ს.ფ. 13.
- ამონაწერი საპენსიო თანხის ჩარიცხვის, გატანის და დაბრუნების შესახებ - ს.ფ.: 14-15;
- 29.03.2018 წლის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების №04-06-09/812 წერილი - ს.ფ.: 16;
- 05.06.2018 წლის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების №04-06-09/1243 წერილი - ს.ფ.: 17;
- რეესტრი სახელმწიფო გასაცემლის მიმღები პირების გარდაცვალების შესახებ - ს.ფ.: 21-22.
3.1.3. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების 2018 წლის 29 მარტის №04-06-09/812 და 2018 წლის 05 ივნისის №04-06-09/1243 წერილებით მოპასუხეს განემარტა და მოეთხოვა ზე-–--ო მა-------–---–ის გარდაცვალების შემდგომ ზედმეტად ჩარიცხული თანხის - 90.00 ლარის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე დაბრუნება, რაც მოპასუხის მხრიდან დღემდე არ შესრულებულა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება, სასამართლო სხდომის ოქმი;
- 29.03.2018 წლის და 05.06.2018 წლის სიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების შეტყობინებები - ს.ფ.: 16-17.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფატობრივ გარემოებებს მხარე სადავოდ არ ხდის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მოსარჩელის ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი;
5.2. ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე’’ 2006 წლის 10 თებერვლის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N46/ნ ბრძანება;
5.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ უკანონოდ მიიღო გარდაცვლილი ზე-–--ო მა-------–---–ის საპენსიო ანგარიშზე ჩარიცხული 2018 წლის თებერვლის თვის პენსია - 90 ლარი, რაც მას კანონით აღარ ეკუთვნოდა, რადგან პენსიის მიმღები გარდაიცვალა 2018 წლის 21 იანვარს.
6.2. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, პენსია არის პირისათვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ერთობლიობა; პენსიის მიმღებად კი, მოიაზრება სპეციალური სუბიექტი - პენსიონერი, ანუ პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს პენსია (კანონის მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი).
ამავე კანონის 17.1. მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება პენსიონერის გარდაცვალებისას მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
6.3. ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე’’ 2006 წლის 10 თებერვლის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N46/ნ ბრძანების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ პენსია ერიცხება მხოლოდ უშუალოდ პენსიონერს და არა მის უფლებამონაცვლეს, რადგან პენსიის დანიშვნის საფუძვლები (კანონის მე-5 მუხლი) ცალსახად სუბიექტურ, პერსონალურ ხასიათს ატარებენ, რის გამოც ამ სამართალურთიერთობაში უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია. შესაბამისად, იმისთვის, რომ რაიმე თანხა პენსიად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია სახეზე გვყავდეს პენსიონერი. განსახილველ შემთხვევაში კი, ზე-–--ო მა-------–---–ი პირი, რომელსაც პენსია ჰქონდა დანიშნული, გარდაიცვალა 21.01.2018 წელს, რის შემდეგაც, 2018 წლის თებერვლის თვეში კვლავ განხორციელდა შესაბამის ანგარიშზე 180.00 ლარის ჩარიცხვა. ამდენად, ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის ძალითაც სახელმწიფო ვალდებული იყო მოეხდინა პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა, აღარ ჰყავს მთავარი სუბიექტი - პენსიონერი. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უფლებამოსილ ორგანოს ექნებოდა სურვილი მოეხდინა გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრეთა ფინანსური უზრუნველყოფა და ჩარიცხავდა თანხას შესაბამის ანგარიშზე, მაინც ვერ მივიჩნევდით აღნიშნულ თანხას პენსიად ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, სამართალურთიერთობის სათანადო სუბიექტის არარსებობის გამო, რადგან მოპასუხე არ არის ის სპეციალური სუბიექტი, რომლის არსებობაც აუცილებელია, მოცემული კანონის ნორმების გამოყენებისათვის.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარმოებების გათვალისწინებით დადგენილია, რომ თანხა, რომელიც მიიღო მოპასუხემ აღარ მიიჩნევა პენსიად. ამდენად, გამოირიცხება ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დადგენილი შეზღუდვები ზედმეტად დარიცხული პენსიის თანხების უკან დაბრუნებათან დაკავშირებით.
შესაბამისად, ცალსახაა, რომ გარდაცვლილი პენსიონერის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა პენსიონერის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხვოს მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოყენებას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას.
სასამართლო განმარტავს, რომ განსახილევლ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა გამოყენებულ იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელთა თანახმადაც პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას,რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რასაც ცხადია მოჰყვებოდა მისი გამდიდრება, რაც, როგორც აღინიშნა, გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ თანხის გადარიცხვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის ქმედებასა და მოპასუხის გამდიდრებას შორის უდავოდ სახეზეა. ასევე, არ იკვეთება გამდიდრების ანაზღაურების გარეშე მითვისების შესაძლებლობის კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლები. სახელდობრ, განსახილველ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მოეხდინა პენსიონერის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. მისი გარდაცვალების შემდგომ კი, მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. ამდენად, სავსებით შესაძლებელია სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. ამავე კოდექსის 981 მუხლის შესაბამისად თუ მიმღებმა მიღებისას იცოდა, ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო მისთვის უცნობი იყო სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის არსებობა და ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყობს,ან გადაცემის თაობაზე მოთხოვნა მიღებულია სასამართლო წარმოებაში, მაშინ მიმღებს ეკისრება პასუხისმგებლობა ხარვეზის თაობაზე ცნობების მიღების ან სასამართლო წარმოებაში გადაცემის დროიდან _ 979-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 980-ე მუხლის საფუძველზე. სწორედ განსახილველ ვითარებას აქვს მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი: მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 90 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.
6.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ზე---- მა-------–---–ს, უნდა დაეკისროს 90 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით მხარები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების სარჩელი, მოპასუხე ზე---- მა-------–---–ის მიმართ ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის - პენსიის უკან დაბრუნების მოთხოვნით, დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ზე---- მა-------–---–ს დაეკისროს უკანონოდ მიღებული სახელმწიფო გასაცემლის - პენსიის 90 (ოთხმოცდაათი) ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (თანხის შეტანა მოხდეს შემდეგ ანგარიშებზე: ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE 24NB0330100200165022, სახელმწიფო შემოსულობების სახაზინო კოდი - 302009921);
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქ. №1) მეშვეობით.
მოსამართლე ლევან მეშველიანი