გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/102-17წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე
მოსარჩელე - სს ,,მ-----------------------------–-- G---------’’
წარმომადგენელი- ვ-–-------- ს-----ე
მოპასუხე - ზ---- ა-----–-----–ი
წარმომადგენელი - მ--–------ გ----------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს სს ,,მ-----------------------------–-- G---------’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 4810. 44 აშშ დოლარის (13182.04 ლარის, თანახმად სარჩელის შედგენის დღისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის 1აშშ დოლარი=2.7403 ლარი) გადახდა.
1.2. მოპასუხეს სს ,,მ-----------------------------–-- G---------’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის 600.20 აშშ დოლარის (1644.72 ლარის, თანახმად სარჩელის შედგენის დღისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის 1აშშ დოლარი=2.7403ლარი) გადახდა.
მოპასუხე ზ---- ა-----–-----–ს სს ,,მ-----------------------------–-- G---------’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება წარმოდგენილი ქვითრების შესაბამისად.
სარჩელის გარემოებები:
მოსარჩელესა და ზ---- ა-----–-----–ს შორის 2016 წლის 28 აპრილს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, საკრედიტო ხელშეკრულება და გირავნობის ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზე გაიცა სასყიდლიანი სესხი - 5927 აშშ დოლარი, წლიური 60 % -ის ოდენობით, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო, დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულების 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული იქნა მოპასუხის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,მ--------- ბ--–-'' 3-- C--, სახ. ნომრით A------ (შემდგომში - L------).
მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულებები დაარღვია 2016 წლის 28 ივნისიდან, მას გაეგზავნა შეტყობინებები. 2016 წლის 30 ივლისს მოვალემ შეასრულა მოთხოვნა და უზრუნველყოფის საგანი გადასცა კრედიტორს, რის შემდეგაც შეწყდა პირგასამტეხლოს დარიცხვა.
2016 წლის 27 ოქტომბერს მოხდა ა/მანქანის რეალიზაცია 9600 ლარად. ავტომობილის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის გამოკლებით, მოპასუხის დავალიანება საფინანსო ორგანიზაციის მიმართ შეადგენს 4810.44 აშშ დოლარს, რომელიც წარმოადგენს ძირითად თანხას.
ვინაიდან ორგანიზაციის საქმიანობაა სესხების გაცემა. მოპასუხის მიერ სესხის დროულად დაფარვის შემთხვევაში კომპანია ამ სახსრებს მიმართავდა ახალი სესხის გასაცემად და მიიღებდა მოგება, რის გამოც მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს დავალიანების ცნობის გაცემიდან, სარჩელის აღძვრის დროისათვის მოსარჩელის მიუღებელი შემოსავლის თანხა, დავალიანების სესხის ძირ თანხაზე წლიური 60%-ის გათვალისწინებით, რაც შეადგენს 600.20 აშშ დოლარს.
2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ მოთხოვნა დაუსაბუთებელი და არაადეკვატურია. არ მომხდარა ავტომობილის საბაზრო ფასის განსაზღვრა და კანონდარღვევით მოხდა მისი რეალიზაცია, ხოლო მიღებული თანხა არასწორად ჩაითვალა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოში. მოითხოვს, სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და ასევე პროცენტის თანხა.
სასამართლო სხდომაზე კი, მოპასუხის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ა/მანქანა უნდა გასხვისებულიყო აუქციონზე, რადგან გირავნობის თანხა განსაზღვრული იყო 6000 აშშ დოლარით, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფდა მოპასუხის დავალიანების დაფარვას, ხოლო მას მხოლოდ 560 აშშ დოლარი დარჩებოდა გადასახდელი პროცენტის სახით. ამასთან აშკარად კანონშეუსაბამოა როგორც პროცენტის, ისე პირგასამტეხლოს ოდენობაც. რის გამოც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოსარჩელესა და ზ---- ა-----–-----–ს შორის 2016 წლის 28 აპრილს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება #A4847, ასევე №A4847 საკრედიტო ხელშეკრულება და №A1287 გირავნობის ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზე გაიცა სასყიდლიანი სესხი - 5927 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 60%-ის დარიცხვით, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო, დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულების 1%-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.
უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული იქნა მოპასუხის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,მ--------- ბენც'’ 3--C--, სახ. ნომრით - A----- (შემდგომში L------).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (ს/ფ 19-22),-საკრედიტო ხელშეკრულებები (ს/ფ 23-24),-გირავნობის ხელშეკრულება (ს/ფ 27-30).
3.2. მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულებები დაარღვია 2016 წლის 28 ივნისიდან.
2016 წლის 30 ივლისს მოვალემ უზრუნველყოფის საგანი გადასცა კრედიტორს, რის შემდეგაც შეწყდა პირგასამტეხლოს დარიცხვა. ხოლო 2016 წლის 27 ოქტომბერს ავტომანქანა გაიყიდა 9600 ლარად, რაც გააკლდა არსებული დავალიანების თანხას.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-შეტყობინება (ს/ფ 32),-2016 წლის 30 ივლისის ბრძანება (ს/ფ 34),-ნასყიდობის ხელშეკრულება (ს/ფ 37-38)
3.4. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. 2017 წლის 18 იანვრისათვის (სასესხო დავალიანება სარჩელის აღძვრის თარიღამდე) მოპასუხის დავალიანება შეადგენს ძირითადი თანხის სახით 4810.44 აშშ დოლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-ბუღალტრული ამონაწერი სესხზე (ს/ფ 42).
3.5. საქმეში არსებული დაანგარიშების მიხედვით, სარჩელის სასამართლოში წარდგენის დროისათვის მოსარჩელის მიუღებელი შემოსავალია 600 აშშ დოლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაანგარიშება სასამართლო სარჩელისათვის (ს/ფ 50).
3.6. წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, ზ---- ა-----–-----–მა, როგორც ავტომანქანის მფლობელმა სრული უფლება მიანიჭა სს ,,მისო ჯეოკაპიტალს’’, რათა მას მოეხდინა ავტომანქანის (გირავნობის საგნის) რეალიზაცია და მოეხდინა კრედიტორის უფლებების სრული დაკმაყოფილება, ან ავტომანქანა გადაეფორმებინა თავის სახელზე. მანვე დაადასტურა, რომ ა/მანქანის დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობას იღებდა საკუთარ თავზე და მოსარჩელის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ექნებოდა.
ავტომანქანა შეფასებული იყო ავტოექსპერტის, ასევე გარე ექსპერტის მიერ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილი (ს/ფ 35),- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება
3.7. ა/მანქანის გადაცემის და ვიზუალური დათვალიერების აქტის თანახმად, 2016 წლის 30 ივლისს ზ---- ა-----–-----–ის საკუთრებაში არსებული ა/მანქანის ,,მ--------- ბ--–- 3-- C--, სახ. ნომრით A------ (შემდგომში - L------) სს,,მისო ჯეოკაპიტალისათვის’’ გადაცემის მომენტში მანქანა იყო ცარიელი, იმყოფებოდა სრულ კომპლექტაციაში, თუმცა გაფუჭებული იყო ძრავი და მანქანა არ იქოქებოდა. აქტს ხელს აწერენ ზ---- ა-----–-----–ი და კრედიტორის წარმომადგენლები დავით ჩხობაძე და დავით კინწურაშვილი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-აქტი (ს/ფ 36)
3.8. სესხის ამონაწერის თანახმად, ზ---- ა-----–-----–ისაგან ზ/აღნიშნულ სესხზე მოსარჩელის მიერ მიღებული მატერიალური სიკეთე შეადგენს 3986.71 აშშ დოლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი (ს/ფ 42)
3.9. მოსარჩელესა და ფ/პ გ--- მ----–----–--ეს შორის 2016 წლის 09 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ა/მანქანის - ,,მ--------- ბ--–-’’ 3-- C--, სახ. ნომრით A------- გადმოყვანა სამტრედიიდან ქუთაისში განხორციელდა ევაკუატორით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-გადაზიდვის ხელშეკრულება (ს/ფ 44-45),-მიღება-ჩაბარების შესახებ (ს/ფ 46-47)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 361-ე, 394-ე, 403-ე, 408-ე, 411-ე, 416-ე, 417-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულებები. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მ-----------------------------–--ს და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება. რის გამოც სასამართლოს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას ვალდებულების შესრულების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ა/მანქანა (გირავნობის საგანი) შეფასებული იყო 6000 აშშ დოლარად და ვინაიდან მისი გასხვისება არ მომხდარა აუქციონზე, გაიყიდა არარეალურ ფასად. ეს მოსაზრება მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ საფუძველს, ამიტომ სასამართლოს თვლის, რომ სარჩელი - სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის საჭირო, თუ აშკარაა, რომ მას რაიმე შედეგი არ მოჰყვება, ან როცა არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით ამართლებენ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაუყოვნებლივ გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
6.4. ეროვნული ბანკის მიერ 2016 წლის აპრილისთვის სესხზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტაზე ფიზიკური პირისათვის განსაზღვრული იყო 9,8 %-ით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 0.82%. მოსარჩელემ სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი (წლიური 60%) განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.
6.5. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყოველთვიური პროცენტი არამართლზომიერია. მიუხედავად იმისა, რომ მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულების დარღვევის შედეგად მისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად, მან დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სარგებლის სახით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ მის მიერ მოთხოვნილი სარგებლის პროცენტის მართლზომიერება სსკ-ის 325-ე და 102-ე მუხლების შესაბამისად ვერ დაამტკიცა. ამიტომ მისი მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ იმ საპროცენტო სარგებლის ფარგლებში, რაც ეროვნული ბანკის საბაზრო განაკვეთების მიხედვით უცხოურ ვალუტაში 2016 წლის მდგომარეობით, კერძოდ, აპრილისათვის, საშუალოდ არ აღემატებოდა 10%-ს. შესაბამისად მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100.03 აშშ დოლარის გადახდა (7 თვის წლიური 10%).
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესაბამისი ოდენობის სახელმწიფო ბაჟის 403.69 ლარის ანაზღაურება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში შესაბამისი ბაჟი 41.11 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის და ა/მანქანის დათვალიერება/შემოწმებაზე გადახდილი 20 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელეს ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელის უზრუნველყოფისათვის ზედმეტად გადახდილი 100 ლარი.
8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო მოპასუხე ზ---- ა-----–-----–ის კუთვნილ წილს უძრავ ქონებაზე, რომლის მახასიათებლებია: რაიონი ს-----------, სოფელი ო------, ს/კ 3----------- - უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „მ-----------------------------–-- G----------ის“ (ს/კ 4--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხე ზ---- ა-----–-----–ს (პ/ნ 6----------) სს „მ-----------------------------–-- G----------ის“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის 4810.44 (ოთხიათას რვაასათი აშშ დოლარის და 44 ცენტი) აშშ დოლარის გადახდა;
1.2. მოპასუხე ზ---- ა-----–-----–ს (პ/ნ 6----------) სს „მ-----------------------------–-- G----------ის“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის თანხის - 100.03 აშშ დოლარის გადახდა;
2. მოპასუხე ზ---- ა-----–-----–ს (პ/ნ 6----------) სს „მ-----------------------------–-- G---------’’-ის (ს/კ 4--------) სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაეკისროს 403.69 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 41,11 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
2.1. მოპასუხე ზ---- ა-----–-----–ს სს „მ-----------------------------–-- G---------’’-ის (ს/კ 4--------) სასარგებლოდ ასევე დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის და ა/მანქანის დათვალიერება/შემოწმებაზე გადახდილი 20 ლარის ანაზღაურება;
3. მოსარჩელე სს „მ-----------------------------–-- G---------“-ს დაუბრუნდეს სარჩელის უზრუნველყოფისათვის ზედმეტად გადახდილი 100 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშიდან: საგადახდო დავალება N 1484647017, გადახდის თარიღი - 17/01/2017 წ. გადამხდელის ბანკი: სს „თიბისი ბანკი“ TBCBGE22, მიმღები: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის ანგარიში/სახაზინო კოდი 300183150;
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო მოპასუხე ზ---- ა-----–-----–ის კუთვნილ წილს უძრავ ქონებაზე, რომლის მახასიათებლებია: რაიონი ს-----------, სოფელი ო------, ს/კ 3----------- - დარჩეს უცვლელად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე