გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.10.2018
საქმის ნომერი
330210017002034549
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
05.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/20480-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

05 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

 

მოსარჩელე - სს ,,დ-------------------–-------------------------’’

წარმომადგენელი - ა------------------ი

მოპასუხე - ნ--------------–-–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების სახით გადახდილი 12 365.1 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-12, 2018 წლის 05 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი):

1.1.1. 2016 წლის 02 აპრილს, ქ.თბილისში, თბილისის ზღვის ახალ გზაზე ვაზისუბნის მხრიდან ვარკეთილის მიმართულებით ,,ფ---–-------ის’’ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებით (სარეგისტრაციო (სახელმწიფო) №A-----) მოძრაობისას მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება და შეეჯახა მასთან დაზღვეულ შპს ,,ე-----ის’’ კუთვნილ ,,ფ----ის’’ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებას (სარეგისტრაციო (სახელმწიფო) № N-----)

1.1.2. მოპასუხის მიერ მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად შპს ,,ე-----ის’’ კუთვნილ ,,ფ----ის’’ მარკის ავტომობილზე მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 12 365.1 ლარი;

1.1.3. სრულად შეასრულა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება და აუნაზღაურა დამზღვევს 12 389.99 ლარის ოდენობით ზიანი, რამაც წარმოუშვა უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება პასუხისმგებელი პირისაგან/მოპასუხისაგან;

1.1.4. გარდა აღნიშნული თანხისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოში გადახდილი აქვს მომსახურების საფასური - 21 ლარი, რომლის ანაზღაურებაც ასევე უნდა დაევალოს მოპასუხეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც არ ცნო სარჩელი. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, დაეთანხმა ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას 3 965 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში.

შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ.69-77, 2018 წლის 05 ოქტომბრის სხდომის ოქმი):

2.1.1. მოსარჩელის მიერ სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და მისთვის ზიანის ანაზღაურება არ ნიშნავს, რომ ეს თანხა სრულად უნდა დაეკისროს მოპასუხეს;

2.1.2. მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილია მხოლოდ ინვოისი და ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტები - ქვითრები, თუმცა აღნიშნული დოკუმენტებით არ ირკვევა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასა და დამდგარ შედეგს შორის;

2.1.3. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2016 წლის 11 აპრილის და 2016 წლის 13 ივნისის ინვოისები, მაშინ როდესაც არც ზიანის და არც ამ ზიანის ღირებულების შესახებ ძირითადი მტკიცებულება მის მიერ არ არის წარმოდგენილი. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი, რომელსაც მოსარჩელე აფუძნებს სასარჩელო მოთხოვნას, მასვე აკისრებს მტკიცების ტვირთს;

2.1.4. ავტოსატრანსპორტო შემთხვევიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ინვოისში მითითებული ყველა ნაწილის დაზიანება. შესაბამისად, ზიანი უნდა დაანგარიშდეს წინა მარჯვენა ფრთის სათუნუქე სამუშაოების, წინა ბალკის, წინა ბალკის დემონტაჟი-მონტაჟის, კაპოტის სათუნუქე სამუშაოს, ძარის ზომებში მოყვანის, წინა მარჯვენა ფრთის სამღებრო სამუშაოების, კაპოტის ეკრანის სამღებრო სამუშაოების, წინა ბალკის სამღებრო სამუშაოების, კაპოტის სამღებრო სამუშაოების, წინა ბამპერის, აბლიცოვკას, წინა ბამპერის დემონტაჟი-მონტაჟის, წინა მარჯვენა ფარის, წინა მარჯვენა ფარის კანტის, წინა მარჯვენა ფარის შეცვლის, წინა მარჯვენა ფრთის მტვერდამცავის და წინა მარჯვენა ფრთის მტვერდამცავის შეცვლის სამუშაოების და მათი ღირებულების გათვალისწინებით, რაც ჯამში მოსარჩელის მიერვე წარმოდგენილი ინვოისის თანახმად შეადგენს 3 965 ლარს (2018 წლის 05 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი.11.20 სთ);

2.1.5. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ინვოისში (ს.ფ. 37) მითითებული ზემოაღნიშნული დეტალების და ასევე მათი შეკეთებისთვის აუცილებელი სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში, კერძოდ, 3 965 ლარის ნაწილში (2018 წლის 05 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი. 11.20 სთ);

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2015 წლის 29 მაისს სს „დ-------------------–-------------------------სა’’ და შპს ,,ე-----ს’’ შორის დაიდო სახმელეთო საშუალებათა დაზღვევის ხელშეკრულება და აღნიშნულის საფუძველზე მზღვეველმა გასცა №M---------- სადაზღვევო პოლისი.

ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეული იქნა შპს ,,ე-----ის’’ კუთვნილი ავტომანქანა ,,F---------’’ სახელმწიფო სარეგისტრაციო ნორმით №N-----.

სადაზღვევო კომპანიამ იკისრა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაზღვევის პოლისი და დანართი №1 (ს.ფ. 21-23)

- დაზღვევის ხელშეკრულება, ხელშეკრულების საერთო პირობები (ს.ფ. 24-36)

 

3.1.2. 2016 წლის 02 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთმანეთს შეეჯახნენ ,,ფ---–-------ის’’ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №A-----, რომელსაც მართავდა ნ--------------–-–---–ი და ავტომანქანა ,,F---------’’ სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №N-----, რომელსაც მართავდა მ--------–----------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების ცნობა (ს.ფ. 17-19)

- ცნობა (ს.ფ. 20)

 

3.1.3. 2016 წლის 02 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მ--------–----------ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე 2016 წლის 08 ივნისის დადგენილებით შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დადგენილება (ს.ფ. 13-14)

 

3.1.4. 2016 წლის 02 აპრილს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად ცნობილ იქნა ნ--------------–-–---–ი და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევის გამო იგი დაჯარიმდა 250 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი, ელექტრონული ქვითარი (ს.ფ. 15-16)

 

3.1.5. შპს ,,ს-------------------ის’’ 2016 წლის 11 აპრილის და 2016 წლის 13 ივნისის ინვოისების თანახმად, შპს ,,ე-----ის’’ კუთვნილ ავტომობილზე ,,F---------’’ (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №N-----) გაწეული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა ჯამში 12 553.6 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ინვოისები (ს.ფ. 37-38)

 

3.1.6. მოსარჩელემ სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე დამზღვევს - შპს ,,ე-----ს’’ აუნაზღაურა მის კუთვნილ ავტომობილზე ,,F---------’’ (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №N-----) მიყენებული ზიანი 12 389.99 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტები (ს.ფ. 39-41)

- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 42-44)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2016 წლის 02 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელესთან დაზღვეული ავტომობილისთვის - ,,F---------’’ (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №N-----) მიყენებული ზიანი შეადგენს 3 965 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი.

მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლურ პრინციპს. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ნ--------------–-–---–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო. მოპასუხე მიიჩნევს, რომ მის მიერ მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა შეადგენს 3 965 ლარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სადაზღვევო კომპანიას, რომელმაც დაზღვეულს აუნაზღაურა მესამე პირის მიერ მიყენებული ზიანი, გააჩნია მოთხოვნის უფლება მესამე პირის მიმართ, ამასთან, მესამე პირის ვალდებულება არ არის ავტომატურად, რეგრესის წესით აანაზღაუროს სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილი თანხა, არამედ მესამე პირის ვალდებულება გამომდინარეობს დელიქტური პასუხისმგებლობიდან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

დელიქტური ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, მტკიცების შესაბამისი სქემის გათვალისწინებით, სადაც ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროს.

დელიქტურ დავებზე მტკიცების ტვირთის განაწილებას გარკვეული თავისებურება ახასიათებს, კერძოდ, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სადავოდ გახადა ზიანის მოცულობა, კერძოდ, მისი მითითებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ინვოისში მითითებული ყველა დაზიანება არ არის გამოწვეული მისი ბრალით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ასეთ პირობებში, სწორედ მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, კონკრეტულად თუ რა დაზიანებები მიიღო დაზღვეულმა ავტომანქანამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. მასვე უნდა დაესაბუთებინა კონკრეტული დაზიანებების ღირებულება.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შპს ,,ს-------------------ის’’’ მიერ ინვოისებში აღნიშნული ყველა დაზიანება გამოწვეული იყო ნ--------------–-–---–ის ბრალით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევით.

საქმის მასალებში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 27 მაისის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ავტომობილზე ,,V--------------’’-ზე მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს - 935 ლარს, ხოლო ავტომობილზე ,,F---------’’ მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 12 660 ლარს. აღნიშნული დასკვნაში მითითებულია, რომ ,,წარმოდგენილ ავტომანქანას დაზიანებული და გამოსაცვლელი აქვს ძრავის სახურავის ეკრანი, წინა ბალკა, წინა ბამპერი, რადიატორის მოპირკეთების ბადე, წინა მარჯვენა მაშუქი, წინა მარჯვენა ფრთის კანტი, წინა მარჯვენა ფრთის მტვერდამცავი, წყლის რადიატორი, ანტიფრიზი, გაგრილების ელექტრო ვინტილიატორი, წყლის რადიატორის მილი, ინტერქულერის რადიატორის მილი, ზეთის გაგრილების რადიატორი, ძრავის გამაძლიერებელი, გადაცემათა კოლოფის კოჟუხი, ძრავის სადები ბალიში, გადაცემათა კოლოფის კრონშტეინი, გადაცემათა კოლოფის ზეთი. სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს: ძრავის სახურავი, მარცხენა წინა გვერდულა’’ (ს.ფ. 94).

საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია 2016 წლის 5 აპრილის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ,,წარმოდგენილი ავტომობილის ,,ფ---- D----’’ ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მას წინ მარჯვენა ნაწილში აღენიშნება მარჯვნიდან მარცხნივ მოქმედი ძალით განვითარებული ავარიული ხასიათის მექანიკური სახის დაზიანებები, რის შედეგადაც მას დაზიანებული აქვს: წინა ბამპერი, წინა მოპირკეთება, წინა მარჯვენა ფრთა და ძრავი სახურავი, ჩამსხვრეული აქვს წინა მარჯვენა მაშუქი. საბურავები დაბერილ მდგომარეობაშია’’. ამავე დასკვნის თანახმად, ,,წარმოდგენილ ავტომობილების საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია’’ (ს. ფ. 100).

სასამართლო მიუთითებს, რომ ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებულ ყველა სხვა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-633-966-07). განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები ასახავენ ავტომობილების მდგომარეობას ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მათი ვიზუალური დათვალიერების შეფასებით. თუმცა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებითაც, რომელიც მართალია წარმოდგენილია მოპასუხის მიერ, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ მითითებული დაზიანებები გამოწვეულია სწორედ მოპასუხის ბრალით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დადგენილი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით, არ გულისხმობს მოვალის არათანაზომიერ ვალდებულებას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამიტომ, კრედიტორი ვალდებულია კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით მოახდინოს ზიანის მოცულობის შესაძლებელი მინიმალიზაცია. ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება საბაზრო ღირებულებით. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სადავო გახადა არა მითითებული საბაზრო ღირებულებები, არამედ კონკრეტული დაზიანებების მის მიერ მიყენების ფაქტი. მისი განმარტებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევისგან გამომდინარე შეუძლებელი იყო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ინვოისში მითითებული ყველა ნაწილის დაზიანება. შესაბამისად, ზიანი უნდა დაანგარიშდეს წინა მარჯვენა ფრთის სათუნუქე სამუშაოების, წინა ბალკის, წინა ბალკის დემონტაჟი-მონტაჟის, კაპოტის სათუნუქე სამუშაოს, ძარის ზომებში მოყვანის, წინა მარჯვენა ფრთის სამღებრო სამუშაოების, კაპოტის ეკრანის სამღებრო სამუშაოების, წინა ბალკის სამღებრო სამუშაოების, კაპოტის სამღებრო სამუშაოების, წინა ბამპერის, აბლიცოვკას, წინა ბამპერის დემონტაჟი-მონტაჟის, წინა მარჯვენა ფარის, წინა მარჯვენა ფარის კანტის, წინა მარჯვენა ფარის შეცვლის, წინა მარჯვენა ფრთის მტვერდამცავის და წინა მარჯვენა ფრთის მტვერდამცავის შეცვლის სამუშაოების და მათი ღირებულების გათვალისწინებით, რაც ჯამში მოსარჩელის მერვე წარმოდგენილი ინვოისის თანახმად შეადგენს 3 965 ლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოპასუხემ ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სწორედ ცნობის გამო უნდა მოხდეს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რამდენადაც მოსარჩელემ სასამართლოს ვერ დაუდასტურა მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარ ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებები, ისევე როგორც მისი ოდენობა.

შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2016 წლის 02 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელესთან დაზღვეული ავტომობილისთვის - ,,Fiat Dolbo’’ (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №N-----) მიყენებული ზიანი შეადგენს 3 965 ლარს.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 799-ე, 820-ე, 821-ე, 832-ე, 992-ე მუხლი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 820-821-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.

ამავე კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სწორედ ზემოაღნიშნული განასხვავებს სუბროგაციას რეგრესისაგან, კერძოდ, რეგრესის დროს ხდება არა პირის შეცვლა უკვე არსებულ ვალდებულებაში, არამედ ამ შემთხვევაში კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დასრულებულია და წარმოიშობა ახალი ვალდებულება. რეგრესის დროს ერთი ვალდებულება ცვლის მეორეს, ხოლო სუბროგაციის შემთხვევაში ვალდებულებაში იცვლება მხოლოდ კრედიტორი, თვით ვალდებულება კი უცვლელი რჩება. სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან, სწორედ ამიტომ მისი დადგომა არ განაპირობებს ახალი ვალდებულების წარმოშობას. ეს არსობრივი ნიშანი განასხვავებს სუბროგაციას რეგრესული ვალდებულებისაგან, რომელიც წარმოიშობა სხვა ვალდებულების შესრულების (შეწყვეტის) შედეგად და ამით ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულების ხასიათს იძენს. სუბროგაციის დროს ახალი ვალდებულება კი არ წარმოიშობა, არამედ დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებული ძირითადი ვალდებულება აგრძელებს არსებობას. ასეთ დროს ხდება ვალდებულებით ურთიერთობაში პირების შეცვლა კანონის საფუძველზე, კრედიტორის უფლებების სხვა პირზე გადასვლის გზით, კერძოდ, მზღვეველი ცვლის ზიანის მიმყენებლის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დამზღვევს. ამდენად, სუბროგაციის დროს მოთხოვნის დათმობის კანონისმიერ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც განასხვავებს მას ცესიისაგან (სკ-ის 199-ე მუხლი), რა დროსაც მოთხოვნის დათმობა ხდება გარიგების ძალით. ამასთან, იმისდა მიუხედავად, თუ მოთხოვნის დათმობის რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგია ის, რომ მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. მოთხოვნის დათმობით არ ხდება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ კრედიტორს შეუძლია, თავდაპირველი კრედიტორის კუთვნილი მოთხოვნა წაუყენოს მოვალეს, ხოლო, მოვალე უფლებამოსილია ახალ კრედიტორს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც მას გააჩნდა თავდაპირველი კრედიტორის მიმართ (იხ. სუსგ №ას-581-549-2011, Nას-380-364-2016).

ამდენად, სუბროგაციის პრინციპის რეალიზაცია დამოკიდებულია მესამე პირის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფლებაზე. თუმცა გამოსარკვევია, მოიაზრებს, თუ არა კანონმდებელი ახალი კრედიტორის უფლებას იმავე მოცულობით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება მესამე პირისაგან.

სასამართლო მიიჩნევს, რომ სუბროგაციის ფრაგმენტული განხილვა მხოლოდ სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში ვერ იქნება მისი მიზნების შესატყვისი, კერძოდ, უზრუნველყოს ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობა და ამავდროულად გამორიცხოს მზღვეველის უსაფუძვლო გამდიდრება.

სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი უკავშირებს ერთმანეთს დაზღვევის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების და მისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ავტომატური გადმოტანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია.

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზიანის ცნება და მისი მოცულობითი ნაწილი, რომელიც ორივე სამართლებრივ ურთიერთობაში განსხვავებული შინაარსით მოქმედებს. ამის გათვალისწინებით, დოქტრინაში ერთმანეთისაგან მიჯნავენ სადაზღვევო-სამართლებრივ ზიანს და სამოქალაქო-სამართლებრივ ზიანს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში.

სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლში ასახული ზიანის ანაზღაურება, როგორც უფლების გადასვლის წინაპირობა, სადაზღვევო ზიანის მნიშვნელობით მოიაზრება, რომლის მოცულობას განაპირობებს მხარეთა ნება. ამ პირობებით ზიანის ანაზღაურება წარმოდგენს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შედეგს და არ არის მიმართული დელიქტური რესტიტუციისაკენ. ამდენად, სახელშეკრულებო შესრულებით მესამე პირის ავტომატური ბოჭვა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებული მოცულობა შედავებადი კატეგორიაა და ვერ იქნება უპირობოდ გაზიარებული ზიანის კონტექსტში.

სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი შესაძლებლობას ანიჭებს მზღვეველს წარუდგინოს მოთხოვნა მესამე პირს უკვე დელიქტურ-სამართლებრივი ურთიერთობების ჭრილში და ამავე ურთიერთობის ფარგლებში მოვალეს ანიჭებს დელიქტისთვის დამახასიათებელი შესაგებელის უფლებას, მათ შორის ზიანის მოცულობაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის/მოპასუხის პასუხისმგებლობა გამომდინარეობს დელიქტიდან, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელს შეუძლია სადაზღვევო კომპანიას წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან, მათ შორის სადავო გახადოს ზიანის მოცულობა.

სადაზღვევო ხელშეკრულება მხარეთა ნების შედეგია, სადაც ისინი საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავენ სახელშეკრულებო პირობებს. მათ შორის მომსახურების ხარისხი წარმოადგენს შეთანხმების საგანს, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს საპირისპირო ვალდებულების მოცულობაზე. ხელშეკრულების მხარეების ამგვარი შეთანხმება მესამე პირზე არ ვრცელდება და მისი პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას შემოიფარგლება საბაზრო ღირებულებით, ან სხვა ფორმით ზოგადად დამკვიდრებული ტარიფებით.

დელიქტური ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, მტკიცების შესაბამისი სქემის გათვალისწინებით, სადაც ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროს.

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით დადგენილი პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით, არ გულისხმობს მოვალის არათანაზომიერ ვალდებულებას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამიტომ, კრედიტორი ვალდებულია კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით მოახდინოს ზიანის მოცულობის შესაძლებელი მინიმალიზაცია. დანაკლისის განსაზღვრის სტანდარტი შემოიფარგლება საბაზრო ღირებულების შეფასების კრიტერიუმით.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აქვს შპს „ს-------------------ის’’ მიერ შედგენილი გაანგარიშების ცხრილი, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ უზრუნველყო საკუთარი ვალდებულების შესრულება დაზღვევის ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მიმართ. ამგვარი მოდელით ზიანის მოცულობას განაპირობებს მხარეთა შეთანხმება, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით (ერთ შემთხვევაში მომსახურების ხარისხი, რასაც უკავშირდება შესატყვისი სადაზღვევო პრემია). ამ სქემით ზიანის ანაზღაურება მისაღებია დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებისათვის, თუმცა ვერ იქნება ავტომატურად მბოჭავი მესამე პირებისათვის, რომელთა სამართლებრივი მდგომარეობა გამომდინარეობს დელიქტიდან და არა ვალდებულებითი ურთიერთობიდან.

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ინ ნაწილის მიღმა, რომელიც ცნო მოპასუხემ, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების სფეროში შემავალი, სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. შესაბამისად, არ არსებობს დელიქტურ-სამართლებრივი ვალდებულების სავალდებულო ელემენტი და ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს.

შესაბამისად, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 3 965 ლარის დაკისრების ნაწილში, ამასთან, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მოთხოვნილი ოდენობით ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3 965 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 371 ლარის ოდენობით (ს.ფ. 56). მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო (32%) და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სწორედ ამ ნაწილში, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟიდან 118.72 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვლება გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 49-ე მუხლებისა. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის საფასურის (ს.ფ. 45) ანაზღაურება 21 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,დ-------------------–-------------------------ს’’ სარჩელი მოპასუხე ნ--------------–-–---–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე ნ--------------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,დ-------------------–-------------------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 3 965 ლარის ანაზღაურება;

3. მოპასუხე ნ--------------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,დ-------------------–-------------------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის საფასურის ანაზღაურება 21 ლარის ოდენობით;

4. მოსარჩელე სს ,,დ-------------------–-------------------------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟიდან 118.72 ლარი, რომელიც გადახდილია 6/12/2017 წლის №7416 საგადახდო დავალებით შემდეგ რეკვიზიტებზე - მიმღები: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი