გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22284-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - სს ,,დ-------------------–-------------------------’’
წარმომადგენელი - ა------------------ი
მოპასუხე - დ------------ე, გ-----------------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროს მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების სახით გადახდილი 7 767.53 ევროს ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-12, 2018 წლის 05 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი):
1.1.1. 2016 წლის 29 ნოემბერს თბილისში, ლ--------------ის ქუჩაზე მოპასუხე დ------------ის საკუთრებაში არსებული ,,ა----ის’’ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებით (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი №F------) მოძრაობისას, გ-----------------ემ ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება და დაეჯახა სს ,,დ-------------------–-------------------------ში’’ დაზღვეულ სს ,,მ-----------------------------–-----–------------ის’’ კუთვნილ ,,ბ--’’-ს მარკის ავტომობილს (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი №R------);
1.1.2. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული დაზიანების გამო სს ,,მ-----------------------------–-----–------------ის’’ კუთვნილი 13 876.14 ევროდ ღირებული ,,ბ--’’-ს მარკის ავტომობილი არ დაექვემდებარა აღდგენას. მისი ნარჩენი ღირებულება კი განისაზღვრა 2 775.23 ევროს ოდენობით;
1.1.3. სრულად შეასრულა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება რაც გამოიხატა იმაში, რომ დამზღვევს აუნაზღაურა 22 417.93 ლარის ოდენობით მიყენებული ზიანი;
1.1.4. გარდა აღნიშნული თანხისა, მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოში გადახდილი აქვს მომსახურების საფასური - 21 ლარი, რომლის ანაზრაურებაც ასევე უნდა დაევალოთ სოლიდარულად მოპასუხეებს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე დ------------ემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი. გ-----------------ეს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია.
შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ.43-52, 2018 წლის 05 ოქტომბრის სხდომის ოქმი):
2.1.1. მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სს ,,მ-----------------------------–-----–------------ის’’ კუთვნილი ,,ბ--’’-ს მარკის ავტომანქანის ღირებულება შეადგენდა 13 876.14 ევროს;
2.1.2. მოსარჩელის მითითებით დაზიანებული ავტომობილის ღირებულება გახდა 2 775.2 ევრო, თუმცა უცნობია რის საფუძველზე ასკვნის მოსარჩელე აღნიშნულს;
2.1.3. მოსარჩელის მითითებით, დ------------ემ ავტომანქანა ,,ა----ი A-’’ სამართავად გადასცა გ-----------------ეს, რომელსაც არ ჰქონდა მართვის მოწმობა და სწორედ ამ ავტომობილით დაეჯახა იგი სს ,,მ-----------------------------–-----–------------ის’’ კუთვნილ ავტომობილს, თუმცა აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება;
2.1.4. დ------------ემ ავტოსაგზაო შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ,,ა----ი A-’’ დაუტოვა მის სიმამრს, მ--–----------------ს. ამ უკანასკნელმა კი ზეპირსიტყვიერი შეთანხმების შესაბამისად საბოლოო შესყიდვის პირობით ეს ავტომანქანა გადასცა გ-----------------ეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 29 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანა მარკა/მოდელი - ,,ა----ი A-’’ (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №F------), რომელსაც მართავდა მართვის მოწმობის არმქონე მძღოლი გ-----------------ე შეეჯახა მის წინ მოძრავ თ------------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, მარკა/მოდელი- B----- (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნორმით №R------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების ცნობა (ს.ფ.18-20)
- დადგენილება (ს.ფ. 13-15)
3.1.2. 2016 წლის 29 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თ------------ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2017 წლის 06 მარტის დადგენილებით, შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დადგენილება (ს.ფ. 13-15)
3.1.3. 2016 წლის 29 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ იყო დამოკიდებული ავტომობილ B------ის (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნორმით №R------) მძღოლზე - თ------------ეზე და მის მოქმედებაში არ იკვეთებოდა საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა.
აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად ცნობილ იქნა გ-----------------ე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის მესამე ნაწილის დარღვევის გამო იგი დაჯარიმდა 1 000 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი, ელექტრონული ქვითარი (ს.ფ. 16-17)
- ექსპერტიზის დასკვნა, დანართი №1 (ს.ფ. 21-23)
3.1.4. ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომანქანა მარკა/მოდელი ,,B-----’’ (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №R------) სს ,,მ-----------------------------–-----–------------ის’’ მიერ დაზღვეული იყო სს ,,დ-------------------–-------------------------ში’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 25)
3.1.5. დაზიანებამდე ავტომობილის მარკა/მოდელი ,,B-----’’ (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნორმით №R------) ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 13 879.14 ევროს, ხოლო დაზიანების შემდეგ მისმა თავისუფალმა საბაზრო ღირებულებამ საორიენტაციოდ შეადგინა 2 775.23 ევრო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დასკვნა (ს.ფ. 26)
3.1.6. მოსარჩელემ სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე დამზღვევს სს ,,მ-----------------------------–-----–------------ს’’ აუნაზღაურა ავტომობილზე მარკა/მოდელი ,,B-----’’ (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნორმით №R------) მიყენებული ზიანი 22 417.93 ლარის (7 767 ევროს) ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტები (ს.ფ. 27-28)
- საგადახდო დავალებები, გრაფიკები (ს.ფ. 29-30, 31-32)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ავტომობილი ,,ა----ი A-’’ (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №F------), ავტოსაგზაო შემთხვევის დროს რეგისტრირებული იყო დ------------ის სახელზე.
საქმის მასალებში წარმოდგენილია 2017 წლის 23 ივნისის ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმადაც, ავტომობილი ,,ა----ი A-’’ (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №F------), 2016 წლის 02 თებერვლიდან რეგისტრირებულია დ------------ის სახელზე. აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სასამართლოს წარმოდგენილი ცნობის საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ ავტომობილი ,,ა----ი A-’’ (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №F------), ავტოსაგზაო შემთხვევის დროს რეგისტრირებული იყო დ------------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა (ს.ფ. 24)
3.2.2. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა შეადგენს 7 767.53 ევროს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სადაზღვევო კომპანიას, რომელმაც დაზღვეულს აუნაზღაურა მესამე პირის მიერ მიყენებული ზიანი, გააჩნია მოთხოვნის უფლება მესამე პირის მიმართ, ამასთან, მესამე პირის ვალდებულება არ არის ავტომატურად, რეგრესის წესით აანაზღაუროს სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილი თანხა, არამედ მესამე პირის ვალდებულება გამომდინარეობს დელიქტური პასუხისმგებლობიდან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
დელიქტური ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, მტკიცების შესაბამისი სქემის გათვალისწინებით, სადაც ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროს.
დელიქტურ დავებზე მტკიცების ტვირთის განაწილებას გარკვეული თავისებურება ახასიათებს, კერძოდ, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში მოსარჩელემ უზრუნველყო ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის დადასტურება წარმოდგენილი უტყუარი წერილობითი მტკიცებულებებით. კერძოდ, დადგენილია, რომ დაზიანებამდე ავტომობილის მარკა/მოდელი ,,B-----’’ (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნორმით №R------) ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 13 879.14 ევროს, ხოლო დაზიანების შემდეგ მისმა თავისუფალმა საბაზრო ღირებულებამ საორიენტაციოდ შეადგინა 2 775.23 ევრო. ამასთანავე, დადგენილია, რომ მოსარჩელემ სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე დამზღვევს სს ,,მ-----------------------------–-----–------------ს’’ აუნაზღაურა ავტომობილზე მარკა/მოდელი ,,B-----’’ (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნორმით №R------) მიყენებული ზიანი 22 417.93 ლარის (7 767.53 ევროს) ოდენობით.
ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოპასუხეებს არ განუხორციელებიათ კვალიფიციური შედავება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობასთან მიმართებით და სადავო არ გაუხდიათ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობის გონივრულობა. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა შეადგენს 7 767.53 ევროს.
3.2.3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე სოლიდარულად პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ გ-----------------ე და დ------------ე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების თაობაზე პასუხისმგებლობის სუბიექტთა დიფერენცირება სამართალურთიერთობის როგორც ფაქტობრივი ისე იურიდიული ელემენტების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მოპასუხეთა სამართლებრივი კავშირი და ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ გამხდარა მოპასუხე გ-----------------ის ბრალეულობის და, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით მისი პასუხისმგებლობის საკითხი. დადგენილია, რომ 2016 წლის 29 ნოემბერს მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად ცნობილ იქნა გ-----------------ე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის მესამე ნაწილის დარღვევის გამო იგი დაჯარიმდა 1 000 ლარით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-----------------ე როგორც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციისას მოქმედი ბრალეული პირი, განსახილველ შემთხვევაში უპირობოდ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს.
წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხე დ------------ის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია, რომ მან ავტოსაგზაო შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ,,ა----ი A-’’ დაუტოვა მის სიმამრს, მ--–----------------ს. ამ უკანასკნელმა კი ზეპირსიტყვიერი შეთანხმების შესაბამისად საბოლოო შესყიდვის პირობით ეს ავტომანქანა გადასცა გ-----------------ეს.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე _ არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს კვლავ „მფლობელი“ (არაპირდაპირი) და „მოსარგებლე“ (პირდაპირი მფლობელი).
უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი).
ამავდროულად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა უნდა გამოირიცხოს, თუ ზიანი გამოწვეულია თუნდაც ნივთის ექსპლუატაციის დროს, მაგრამ სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით და არა მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე. პასუხისმგებლობის მთლიან ან ნაწილობრივ გამომრიცხველ გარემოებად უნდა ჩაითვალოს როგორც დაუძლეველი ძალა (სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი), ასევე დაზარალებულის ბრალი.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სახეზე არ გვაქვს დაზარალებულის ბრალი და დაუძლეველი ძალა. ამასთან, დამდგარი ზიანი პირდაპირ მომდინარეობს ავტომობილის, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე. როგორც ზემოთ აღინიშნა, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სუბიექტური შემადგენლობის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ პასუხისმგებლობა ზიანისათვის ყოველთვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რომელიც კანონიერი საფუძვლებით ფლობს სატრანსპორტო საშუალებას. აქვე აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების მფლობელად არ ჩაითვლება პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას მფლობელის ნებართვის გარეშე ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე (მძღოლები, მემანქანეები და სხვა) ანდა, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ავტომობილი ,,ა----ი A-’’ (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №F------), ავტოსაგზაო შემთხვევის დროს რეგისტრირებული იყო დ------------ის სახელზე. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის თანახმად, იგი წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციისას მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელ სუბიექტს, ვინაიდან, საქმის მასალებით არ დასტურდება ამავე ნორმით გათვალისწინებული მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოების არსებობა.
სასამართლო კვლავ მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას დელიქტური ვალდებულების ზოგადი და კერძო შემთხვევის მარეგულირებელი ნორმების ურთიერთმიმართების თაობაზე, რომლის თანახმადაც დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე - სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-254-239-2010, 20 ივლისი, 2010წ; №ას-39-38-10, 15 ივლისი, 2010 წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე სოლიდარულად პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ გ-----------------ე და დ------------ე.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო 317-ე, 992-ე, 999-ე, 463-ე, 464-ე, 832-ე 326-ე, 408-ე, 409-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ზიანის მიყენების საფუძველზე, შესაბამისად, საქმე გვაქვს არასახელშეკრულებო ზიანთან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მოცემული მუხლით პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის გამო პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ - სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივი სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია. ამავდროულად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა უნდა გამოირიცხოს, თუ ზიანი გამოწვეულია თუნდაც ნივთის ექსპლუატაციის დროს, მაგრამ სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით და არა მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე. პასუხისმგებლობის მთლიან ან ნაწილობრივ გამომრიცხველ გარემოებად უნდა ჩაითვალოს როგორც დაუძლეველი ძალა (სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი), ასევე დაზარალებულის ბრალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა, ასევე განსაზღვრულია მის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტთა წრე. კერძოდ, დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა შეადგენს 7 767.53 ევროს. ასევე დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე სოლიდარულად პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ გ-----------------ე და დ------------ე.
სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით) (იხ. სუსგ №ას-581-549-2011, Nას-380-364-2016). ამდენად, სუბროგაციის პრინციპის რეალიზაცია დამოკიდებულია მესამე პირის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილებაზე.
განსახილველ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე დამზღვევს სს ,,მ-----------------------------–-----–------------ს’’ აუნაზღაურა ავტომობილზე მარკა/მოდელი ,,B-----’’ (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნორმით №R------) მიყენებული ზიანი 22 417.93 ლარის (7 767.53 ევროს) ოდენობით. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბროგაციის პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელეს წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მოპასუხეთა მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
აღნიშნულიდან, ასევე სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ სოლიდარულად ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 670 ლარის ოდენობით (ს.ფ. 34), ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ როგორც მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 670 ლარის, ასევე შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის საფასურის (ს.ფ. 33) ანაზღაურება 21 ლარის ოდენობით, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,დ-------------------–-------------------------ს'' სარჩელი მოპასუხეების - დ------------ის და გ-----------------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეებს - გ-----------------ეს და დ------------ეს მოსარჩელე სს ,,დ-------------------–-------------------------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7 767.53 ევროს ექვივალენტი ლარში ანაზღაურება;
3. მოპასუხეებს - გ-----------------ეს და დ------------ეს მოსარჩელე სს ,,დ-------------------–-------------------------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის საფასურის ანაზღაურება 21 ლარის ოდენობით;
4. მოპასუხეებს - გ-----------------ეს და დ------------ეს მოსარჩელე სს ,,დ-------------------–-------------------------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 670 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი