გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.08.2018
საქმის ნომერი
330210018002611701
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
28.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/25649 - 18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - თ--------–-–--ა

წარმომადგენლები - მ-------–---------ა

მოპასუხე - ლ--------–----–---–ი

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრი

წარმომადგენელი - მ-------–-----ე

დავის საგანი - არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. არასრულწლოვანი ლ-–-----–----–---–ის (დაბადებული 2-----–-–-----------------ს) და ა-–--------------–----–---–ის (დაბადებული 2----–-–---------------ს) საცხოვრებელ ადგილად, მოსარჩელის, თ--------–-–--ას საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;

 

1.2. მოპასუხე ლ--------–----–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილების - ლ-–-----–----–---–ის, დაბადებული 2-----–-–-----------------ს (პ/ნ 0----------) და ა-–--------------–----–---–ის, დაბადებული 2-----–-–---------------ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ, ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150-150 (ას ორმოცდაათი-ასორმოცდაათი) ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 31 აგვისტოდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე;

 

მოსარჩელე თ--------–-–--ა და მოპასუხე ლ---------–----–---–ი 2014 წლის 15 დეკემბრიდან იმყოფებოდნენ საქორწინო ურთიერთობაში. მათ შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–-----------------ს დაბადებული ლ-–-----–----–---–ი და 2----–-–---------------ს დაბადებული ა-–--------------–----–---–ი. ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში, მხარეებს შორის იყო დაძაბული ურთიერთობა. მოპასუხე მხარე თ--------–-–--ას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ძალადობას მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა ორსულობის პერიოდშიც. მხარეები ხშირად ჩხუბობდნენ და წყვეტდნენ თანაცხოვრებას, თუმცა შემდეგ კვლავ რიგდებოდნენ. მოპასუხე ლ--------–----–---–ი ძირითადად იყო აგრესიული და მისი მხრიდან ძალადობის ფაქტს თ--------–-–--ას მიმართ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებითაც, რამაც ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითი გავლენა იქონია. მოსარჩელე ცნობილ იქნა ოჯახში ძალადობის ფაქტზე მსხვერპლად და ირიცხება თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში. მხარეები 2017 წლის 04 ოქტომბრიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდაში და არ უწევს მათ მატერიალურ დახმარებას. არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ბავშვების, ლ-–-----–----–---–ის და ა-–--------------–----–---–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, თ--------–-–--ას საცხოვრებელი ადგილი.

(სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ლ--------–----–---–ი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილების, ლ-–-----–----–---–ის და ა-–--------------–----–---–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, მოპასუხეს სურს შეუზღუდავად ჰქონდეს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობა. ლ--------–----–---–ი თავისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად სულ 60 (სამოცი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მესამე პირის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის წარმომადგენელი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და თანახმაა არასრულწლოვანი ბავშვების, 2----–-–-----------------ს დაბადებული ლ-–-----–----–---–ის და 2----–-–---------------ს დაბადებული ა-–--------------–----–---–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, თ--------–-–--ას საცხოვრებელი ადილი. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესებს, იცხოვრონ მშვიდ, კეთილსაიმედო და მათი განვითარებისათვის უსაფრთხო გარემოში.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. მოსარჩელე თ--------–-–--ა და მოპასუხე ლ--------–----–---–ი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 2014 წლის 15 დეკემბრიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–-----------------ს დაბადებული ლ-–-----–----–---–ი და 2----–-–---------------ს დაბადებული ა-–--------------–----–---–ი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 17);

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი).

 

4.1.2. თ--------–-–--ა და ლ--------–----–---–ი 2017 წლის 04 ოქტომბრიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მხარეთა შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა. 2018 წლის 02 აგვისტოს მოპასუხე ლ--------–----–---–ის მიმართ, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 02 აგვისტოს გამოცემული შემაკავებელი ორდერი N0----- (ს.ფ. 19).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი).

 

4.1.3. თ--------–-–--ა 2018 წლის 29 აგვისტოდან დღემდე, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, სარგებლობს სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ერთეულის - თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის სერვისებით, გარდა სადღეღამისო საცხოვრისის მომსახურებისა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ 2018 წლის 03 სექტემბერს გაცემული ცნობა N0------ (ს.ფ. 65).

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.2.1. მოსარჩელე თ--------–-–--ა არ არის დასაქმებული და მატერიალური შემოსავალი არ გააჩნია. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2018 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით, თ--------–-–--ას 2017 წლის 01 იანვრიდან შემოსავლები არ უფიქსირდება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 11 სექტემბერს გაცემული ცნობა N2----------- (ს.ფ. 47);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი).

 

4.2.2. მოპასუხე ლ--------–----–---–ი დასაქმებულია შპს ,,ა--------–-“ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლად და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 375 (სამას სამოცდათხუთმეტი) ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ა----------“ მიერ 2018 წლის 07 სექტემბერს გაცემული ცნობა N22 (ს.ფ. 41).

 

4.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2018 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით, 2017 წლის 01 იანვრიდან ლ--------–----–---–ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 375 ლარს, 2017 წლის აპრილის თვეში - 350 ლარს, მაისის თვეში - 1000 ლარს, ივნისის თვეში - 1175 ლარს, აგვისტოს თვეში - 400 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 337.5 ლარს, თებერვლის თვეში - 725 ლარს, მარტის თვეში - 1275 ლარს, აპრილის თვეში - 400 ლარს, ივნისის თვეში - 375 ლარს, ივლისის თვეში - 750 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 11 სექტემბერს გაცემული ცნობა N2------------ დანართი (ს.ფ. 47-49).

 

4.2.4. უძრავ ნივთებზე ელექტრონული წიგნის მონაცემებით ლ--------–----–---–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

2018 წლის 13 სექტემბერს ნ-------–--ეს და ლ--------–----–---–ს შორის დაიდო უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ლ--------–----–---–ს დროებით სარგებლობაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, 9----------------, 18 კვ.მ. ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა განისაზღვრა 150 (ას ორმოცდაათი) ლარით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 07 სექტემბერს გაცემული ცნობა N3----- (ს.ფ. 45);

- 2018 წლის 13 სექტემბრის უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 42-43);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. მოპასუხე ლ--------–----–---–მა ცნო სარჩელი არასრულწლოვანი შვილების, ლ-–-----–----–---–ის და ა-–--------------–----–---–ის საცხოვრებელ ადგილად დედის, თ--------–-–--ას, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, რაც წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

5.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანთა ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1201-ე, 1202-ე, 1205-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. მოსარჩელე თ--------–-–--ამ მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების, 2----–-–-----------------ს დაბადებული ლ-–-----–----–---–ის და 2----–-–---------------ს დაბადებული ა-–--------------–----–---–ის საცხოვრებელ ადგილად დედის, თ--------–-–--ას საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება - მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად: 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი.

 

მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, არასრულწლოვანი ბავშვები უწყვეტად ცხოვრობენ დედასთან, თ--------–-–--ასთან და ეს უკანასკნელი ზრუნავს მათ აღზრდა-განვითარებაზე. დადგენილია, რომ ბავშვები იზრდებიან მათთვის შესაბამის კეთილსაიმედო, მზრუნველ გარემოში. მხარეებს შორის სადავო არ არის არასრულწლოვანი ლ-–-----–----–---–ის და ა-–--------------–----–---–ის საცხოვრებელი ადგილი და მოპასუხე თანახმაა, არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მხარემ ცნო საქმის მომზადების სტადიაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამდენად, სარჩელი არასრულწლოვანი ბავშვების, ლ-–-----–----–---–ის და ა-–--------------–----–---–ის საცხოვრებელი ადგილის დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

7.2. მოსარჩელე თ--------–-–--ამ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები, 2----–-–-----------------ს დაბადებული ლ-–-----–----–---–ი და 2----–-–---------------ს დაბადებული ა-–--------------–----–---–ი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ლ-–-----–----–---–ი და ა-–--------------–----–---–ი ცხოვრობებ დედასთან - თ--------–-–--ასთან და ძირითადად იმყოფებიან მის რჩენა-კმაყოფაზე. არასრულწლოვანთა აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს.

 

მხარეები, თ--------–-–--ა და ლ--------–----–---–ი 2017 წლის 04 ოქტომბრიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მხარეთა შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა. 2018 წლის 02 აგვისტოს, მოპასუხე ლ--------–----–---–ის მიმართ, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი. დადგენილია, რომ მოსარჩელე ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2018 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით, თ--------–-–--ას, 2017 წლის 01 იანვრიდან შემოსავლები არ უფიქსირდება.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მასალებით, მოპასუხე ლ--------–----–---–ი ქ. თბილისში, 9-----------------–- ცხოვრობს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე და მისი ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 150 (ას ორმოცდაათი) ლარს. მოპასუხე მხარის სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება. ლ--------–----–---–ი დასაქმებულია შპს ,,ა--------–-“ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლად და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 375 (სამას სამოცდათხუთმეტი) ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2018 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით, 2017 წლის 01 იანვრიდან ლ--------–----–---–ის სახელზე ფიქსირდება მატერიალური შემოსავლის მიღება. მოპასუხეს სხვა ოჯახი არ აქვს შექმნილი და მის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვების უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვების უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვნები. შესაბამისად, ლ--------–----–---–ს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები საარსებო მინიმუმით მაინც. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით. ამასთან, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა არ ამცირებს არასრულწლოვანთა მოთხოვნილებებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვთა საუკეთესო ინტერესები. შესაბამისად, მშობლის მცირე შემოსავლის არსებობის შემთხვევაშიც, დადგენილი უნდა იქნეს ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვის რჩენისა და აღზრდისათვის. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა იყოს რეალურად აღსრულებადი და მშობელს არ უნდა დაეკისროს იმგვარი საალიმენტო ვალდებულება, რომ სასამართლო გადაწყვეტილება წინასწარვე იყოს განწირული აღუსრულებლობისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

ამდენად, დადგენილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში თითოეული არასრულწლოვანისათვის 80 (ოთხმოცი) ლარი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან ასევე მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. მოპასუხე მხარემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ, რის გამო იგი უნდა გათავისუფლდეს მოთხოვნის ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ხოლო ალიმენტის გადახდის შესახებ მოთხოვნასთან მიმართებით, მოპასუხე ლ--------–----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ--------–-–--ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. არასრულწლოვანი ბავშვების, 2----–-–-----------------ს დაბადებული ლ-–-----–----–---–ის (პირადი N0----------) და 2----–-–---------------ს დაბადებული ა-–--------------–----–---–ის (პირადი N0----------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, თ--------–-–--ას (პირადი №0----------) საცხოვრებელი ადგილი.

 

1.2. ლ--------–----–---–ს (პირადი №0----------) დაეკისროს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების: 2----–-–-----------------ს დაბადებული ლ-–-----–----–---–ის (პირადი N0----------) და 2----–-–---------------ს დაბადებული ა-–--------------–----–---–ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ, თვეში 80-80 ლარის, სულ 160 (ას სამოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 31 აგვისტოდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

2. მოპასუხე ლ--------–----–---–ს (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა