გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 041210018002472926
N 2/150-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.09.2018 წელი ქ. ზესტაფონი
თერჯოლის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი: თამარ აბულაძე
მოსარჩელე: შპს ,,----------------------ი",წარმომადგენელი : თ-------------,მოპასუხე: შ-----------------
წარმომადგენელი: თ-----------------
დავის საგანი: ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შ---------------ეს მოსარჩელე შ.პ.ს ,,----------------------ი"-ს, სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 975.71 აშშ დოლარის გადახდა;
1.2 მოპასუხე შ---------------ეს მოსარჩელე შ.პ.ს ,,----------------------ი"-ს, სასარგებლოდ დაეკისროს სარგებლის 686.24 აშშ დოლარის გადახდა;
1.3. მოპასუხე შ---------------ეს მოსარჩელე შ.პ.ს ,,----------------------ი"-ს, სასარგებლოდ დაეკისროს ავტომობილის შეფასების აქტის მომზადებისათვის გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება;
1.4. ვინაიდან გირავნობის საგანმა ვერ უზრუნველყო დავალიანების სრულად დაფარვა, თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხე შ---------------ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ, მოპასუხემ პასუხი აგოს მთელი თავისი ქონებით.
1.5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის პოზიცია
2016 წლის 19 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხე შ---------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N კ---–---------- ხელშეკრულება შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა 5%-იანი სარგებლის დარიცხვით სესხი 1655 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 18 თვის განმავლობაში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა შ---------------ის კუთვნილი ავტომანქანა - ბე ემ ვე 523.
მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გირავნობის საგანი გადაეცა მოსარჩელეს. 2017 წლის 28 მარტს გირავნობის საგანი გაიყიდა 2654 ლარად (1085 აშშ დოლარი). აღნიშნული თანხით გაიქვითა სესხის ძირი 679.29 აშშ დოლარი და სარგებელი 405.71 აშშ დოლარი.
მოპასუხეს დარჩა დავალიანება სესხის ძირითადი თანხა 975.71 აშშ დოლარი, რომელსაც ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5% და 2017 წლის 28 მარტიდან სარჩელის აღძვრამდე დარიცხული სარგებლის ოდენობა შეადგენს 686.24 აშშ დოლარს, რაც უნდა აანაზღაუროს მოპასუხემ მის საკუთრებაში არსებული ქონებით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შ---------------ემ როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლოს სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ მას რაიმე დავალიანება არ გააჩნია. სესხის აღებიდან ერთი თვის განმავლობაში მან გირავნობის საგანი გადასცა მოსარჩელეს და შეთანხმების შესაბამისად მას უნდა შეეწყვიტა პროცენტის დარიცხვა. ავტომანქანის ჩაბარებით მის მიერ სრულად მოხდა სესხის დაფარვა.
მოსარჩელემ მის გარეშე მოახდინა ავტომანქანის გასხვისება, რისი უფლებაც არ ჰქონდა. გაასხვისა გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასზე ნაკლებად, ისე, რომ არ წარმოუდგენია მტკიცებულება რაც გამოიწვევდა მისი ღირებულების დაკარგვას.
ავტომანქანა იქნა რეალიზებული დაბალ ფასად მის ღირებულებასთან შედარებით, რაც არ აცნობეს მოპასუხეს და გააუარესეს მისი მდგომარეობა.
ამასთანავე გირავნობის საგანი, რომელიც გაყიდა მოსარჩელემ, სრულად უზრუნველყოფდა სესხის თანხას. ავტომანქანით სრულად იქნა დაფარული სესხის თანხა და მას მოსარჩელის მიმართ რაიმე დავალიანება არ გააჩნია;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 19 ოქტომბერს შ---------------ესა და შ.პ.ს. ,,----------------------ი"-ს, შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №კ---–----------. გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ და მოპასუხეზე გაიცა სესხი 1655 აშშ დოლარის ოდენობით. განისაზღვრა სესხის სარგებელი/ პროცენტი 5 %-ის ოდენობით ყოველთვიურად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება №კ---–----------;
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტება - სას. სხდ. ოქმი
3.1.2. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ №კ---–---------- ხელშეკრულების თანახმად სესხი უზრუნველყოფილი იქნა შ---------------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით ,,ბე ემ ვე 523’’, სარეგისტრაციო ნომერი B------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გირავნობის ხელშეკრულება №კ---–----------;
- მხარეთა ახსნა-განმარტება - სას. სხდ. ოქმი.
3.1.3. გირავნობის საგანი ავტომანქანა ,,ბე ემ ვე 523’’, სარეგისტრაციო ნომერი B------ მოპასუხე შ---------------ის მიერ ჩაბარდა მოსარჩელეს 2016 წლის 30 ნოემბერს, რაზედაც შედგა მიღება-ჩაბარების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სესხის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი
-მიღება - ჩაბარების აქტი;
- მხარეთა განმარტება.
3.1.4. ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის სესხის უზრუნველყოფის საგნის - შ---------------ის კუთვნილი ავტომანქანა ,,ბე ემ ვე 523’’, სარეგისტრაციო ნომერი B------ - პირველადი შეფასების აქტი არ შემდგარა, ხოლო გირავნობის საგნის მოსარჩელისათვის გადაცემის მომენტისათვის, 2016 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, შეფასებულია 3000 ლარად, ხოლო ლიკვიდური ფასი შეადგენს 2500 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2018 წლის 16 აგვისტოს მიმართვა შ---------------ეს;
- მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში;
- მხარეთა ახსნა განმარტება .
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე შ---------------ეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გრაფიკის შესაბამისად ვალდებულება არ შეუსრულებია, თანხა არ გადაუხდია. რის გამოც მას გაეგზავნა გაფრთხილება 2017 წლის 02 მარტს , რომ კომპანიის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების დაფარვის მიზნით გირავნობის საგანი გადაეცა სარეალიზაციოდ კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
გაფრთხილებები მოპასუხე შ---------------ის მიმართ;
-მოსარჩელის განმარტება.
3.2.2. ვინაიდან მოპასუხის მიერ დაირღვა შეთანხმება სესხის ანაზღაურების შესახებ, მოსარჩელე შპს ,,----------------------ი“-ს გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელის N28/03/17-1 გადაწყვეტილებით განხორციელდა გირავნობის საგნის შ---------------ის კუთვნილი ავტომანქანა ,,ბე ემ ვე 523’’, სარეგისტრაციო ნომერი B------ რეალიზაცია ფიზიკურ პირ დ--------------–---–ზე 2654 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-გადაწყვეტილება N28/03/17-1;
- მოსარჩელის განმარტება.
3.2.3 გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად დაიფარა მოპასუხის მიერ აღებული სესხის სარგებელი 405.71 აშშ დოლარი და სესხის ძირი შემცირდა 679.29 აშშ დოლარით. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს ერიცხება დავალიანება ძირი თანხა 975.71 აშშ დოლარი და სარგებელი 686.24 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ინფორმაცია დავალიანების შესახებ
მოსარჩელის განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შ.პ.ს. ,,----------------------ი"-ს, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 276-ე, 278-ე, 283-ე, 361-ე, 403-ე, 623-625-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას შ.პ.ს. ,,----------------------ი"-ს მიმართ არანაირი დავალიანება აღრ გააჩნია, ხელშეკრულების უზრუნველყოფის საგანი ჩაიბარა მოსარჩელე მხარემ სესხის არების მეორე თვესვე, შეთანხმების თანახმად მას პროცენტი აღარ უნდა დარიცხვოდა. ავტომანქანის ღირებულება კი სრულად უზრუნველყოფდა არსებული დავალიანების დაფარვას.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2016 წლის 19 ოქტომბერს 2016 წლის 19 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხე შ---------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N კ---–---------- ხელშეკრულება შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა 5%-იანი სარგებლის დარიცხვით სესხი 1655 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 18 თვის განმავლობაში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის დაიდო სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში 2016 წლის 19 ოქტომბერს 2016 წლის 19 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხე შ---------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N კ---–---------- ხელშეკრულება და გირავნობის საგნით მოპასუხის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთით - ავტომანქანით ,,ბე ემ ვე 523’’, სარეგისტრაციო ნომერი B------ უზრუნველყოფილი იქნა მოგირავნის მოთხოვნა, გირავნობის საგანი მოსარჩელეს გადაეცა მფლობელობაში 2016 წლის 30 ნოემბერს.
მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მხარეთა შორის შეთანხმებას, რომ ავტომანქანის მოსარჩელისათვის გადაცემით მოსარჩელეს უნდა შეეწყვიტა პროცენტის დარიცხვა და სესხი გასტუმრებულად უნდა ჩათვლილიყო. მოპასუხის მიერ გირავნობის საგნის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა კი არ ნიშნავს მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულებას.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება მოსარჩელის მიერ არ შესრულდა. მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით დადგენილი თანხის გადახდის პირობები და დავალიანება არ გადაიხადა. შესაბამისად მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულება და მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების ფარგლებში მოითხოვა სესხის დაფარვა, შესაბამისად მოპასუხე ვალდებულია დააბრუნოს სესხის სახით აღებული თანხა.
სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს წარმოეშვა გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება.
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N კ---–---------- ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე უფლებამოსილია საკუთარი არჩევანით გამოიყენოს ამ პუნქტის გათვალისწინებული რომელიმე უფლება: ა) გადაიფორმოს საკუთარ სახელზე გირავნობის საგანი; ბ) მოითხოვოს და განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია უშუალოდ პირდაპირი მიყიდვის გზით გაასხვისოს გირავნობის საგანი მის მიერ დამოუკიდებლად შერჩეულ მესამე პირზე; გ) მოითხოვოს და განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია სპეციალური სავაჭრო დაწესებულების მეშვეობით; დ)განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია აუქციონის წესით მის მიერ ორგანიზებულ აუქციონზე ან მის მიერ შერჩეული პირის მეშვეობით.
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N კ---–---------- ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად მოსარჩელის მიერ თავისი არჩევანით გამოყენებული იქნა ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ,,მოითხოვოს და განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია უშუალოდ პირდაპირი მიყიდვის გზით გაასხვისოს გირავნობის საგანი მის მიერ დამოუკიდებლად შერჩეულ მესამე პირზე“.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია, თუ არსებობს ამის შესახებ მოგირავნისა და დამგირავებელის შეთანხმება. უშუალოდ მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია გირავნობის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა შეთანხმება, რომ მოსარჩელე მხარეს შეეძლო მოეხდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია, რაც მან განახორციელა. სამოქალაქო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აცნობა მოპასუხე მხარეს გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ.
მოსარჩელის მიერ გირავნობის საგანი რეალიზებული იქნა მოსარჩელე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. გირავნობის საგნის რეალიზაცია განხორციელდა 2017 წლის 28 მარტს 2654 ლარად. გირავნობის საგნის რეალიზაცია მოპასუხე მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა და კანონიერ ძალაშია. მოპასუხე მხარეს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
გაზიარებული ვერ იქნება მოპასუხე მხარის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის დაცული ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვის წესები, არაგონივრულია ავტომანქანის შეფასება. მას მითითებული გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
კონკრეტულ შემთხვევაში, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების საფუძველზე, ქონების ფასებს ყოველთვის განსაზღვრავს და არეგულირებს ბაზარი და საბაზრო ფასი არის ყველაზე რეალური და სარწმუნო. ამდენად, სასამართლო ეყრდნობა ავტომანქანის შეფასების აქტს, რომლის თანახმად 2016 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით გირავნობის საგნის საბაზრო ღირებულება შეადგენს 3000 ლარს, ხოლო მისი ლიკვიდური ღირებულებაა 2500 ლარი. მოვალე შმგი ფორჩხიძის კუთვნილი ავტომანქანა გაიყიდა 2017 წლის 28 მარტს იმ დროისათვის არსებული საბაზრო ფასების შესაბამისად 2654 ლარად, რაც იმ დღეს მოქმედი ვალუტის კურსით შეადგენდა 1085 აშშ დოლარს და მოპასუხე მხარის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება შემცირდა სარგებელი 405.71 აშშ დოლარით, ხოლო ძირი თანხა 679.29 აშშ დოლარით.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში კი საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N კ---–---------- ხელშეკრულების 6.3 6.4 მუხლების თანახმად მხარეთა შეთანხმებით დადგენილია, რომ იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზე, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხის მიერ შეუსრულებელი დარჩენილი ფულადი ვალდებულება.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების 3.7 პუნქტის თანახმად განისაზღვრა სარგებელი სესხით სარგებლობისათვის ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე ყოველთვიურად - 5%.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ მოითხოვა შ---------------ის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი ძირითადი თანხის 975.71 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული სარგებელის 686.24 აშშ დოლარის ანაზღაურება.
სასამართლოს შეფასებით მხარეთა შორის დადებული გარიგება ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მხარეთა მიერ სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის ნაწილში, როგორც ამორალური, ზნეობას შეუსაბამო გარიგება.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
უზენაესმა სასამართლომ მსგავს შემთხვევებში განმარტა შემდეგი: ,, მხარეთა მიერ შეთანხმებულ 6 პროცენტიან სარგებელთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს მართლაც გამოვლენილი აქვთ მსგავსი ნება. რა თქმა უნდა, არსებობს მხარეთა ნების ავტონომია, რომელიც ყოლთვის ანგარიშგასაწევია სამოქალაქო სამართალურთიერთობათა შეფასების დროს, მიუხედავად ამისა, ნების გამოვლენა არ არის შეუზღუდავი. არსებობს მთელი რიგი გარემოებები, რომლებიც გარკვეული თვალსაზრისით ზღუდავენ მხარეთა ნებას. აღნიშნულის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მთელი რიგი ნორმები, რომლებიც არარად მიიჩნევენ მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებას. ასეთ ნორმებს განეკუთვნება თუნდაც მოჩვენებითი, თვალთმაქცური, ან კანონსაწინააღმდეგო გარიგებები, ასევე ზნეობის საწინააღმდეგო ნორმები. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. იმ შემთხვევაში თუ მხარეთა მიერ დაწესებული პროცენტი მნიშვნელოვნად აღემატება ზოგადად კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაწესებულ ოდენობას შესაძლებებლია, ასეთი ნების გამოვლენა ბათილადაც ჩაითვალოს’’. (იხ. უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 9 თებერვლის Nას-231-216-2014 განჩინება)
განსახილველ შემთხვევაში გარიგების დადებისას მხარეთა ნების გამოვლენის ნამდვილობა ეჭვს არ იწვევს თუმცა ამგვარი გარიგება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის განვითარების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, რომელიც კეთილსინდისიერებაზეა დამყარებული.
აღნიშნული პირობებით გარიგების დადებისას მხარე ვერც კი აცნობიერებს სამომავლო უმძიმეს ეკონომიკურ შედეგებს ან გარკვეული მძიმე მდგომარეობის გამო თანხმდება გარიგების კაბალურ პირობებს. ორივე შემთხვევაში გარიგების შინაარსით ირღვევა საზოგადოდ აღიარებული ზნეობრივი ნორმები და სამოქალაქო ბრუნვის გონივრული განვითარების პრინციპი.
მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სარგებელი, ყოველთვიური 5% და გირავნობის საგნის რეალიზაციით აღებული თანხით დაიფარა სწორედ 5%-ის გათვალისწინებით პროცენტის თანხა.
მოცემულ შემთხვევაში ყოველთვიური 5%, ანუ წლიური 60% არის ძალზედ მაღალი, არაგონივრული, არ შეესაბამება და ბევრად აღემატება ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს - წელიწადში მაქსიმუმ 36% -ს (თვეში საშუალოდ 3%). სასამართლოს მიაჩნია, რომ წლიური 36%, ანუ ყოველთვიური 3% გონივრული პროცენტია და ამის ზევით უნდა ჩაითვალოს ბათილად მისი ამორალური ხასიათის გამო. სესხი ვადაგადაცილებაშია 2017 წლის 28 მარტიდან და ამ მომენტიდან დავალიანების ძირ თანხაზე 975.71 აშშ დოლარზე მოსარჩელემ მოპასუხეს ყოველთვიურად დაარიცხა სარგებელი 5%-ის გათვალისწინებით, 14 თვისა და 2 დღის მანძილზე და ბუნებრივია ამ ვითარებაში პროცენტი აღარ არის კლებადი და ამ პერიოდის მანძილზე იგი წარმოადგენს ფიქსირებულ წლიურ 60 %-ს.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით მოპასუხეს სესხის სარგებლის სახით უნდა დაეკისროს ნაცვლად ყოველთვიური 5%-სა, რაც წლიური პროცენტის სახით შეადგენს 60% -ს, ძირითადი თანხის წლიური 36% - ყოველთვიური 3%, თანხით 29.27%.
6.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა და უთანხმოება უნდა გადაწყდეს მხარეთა მოლაპარაკების გზით, ხოლო დავის ან/და უთანხმოების მოლაპარაკებათა გზით მოგვარების შეუძლებლობის შემთხვევაში, იგი უნდა განიხილოს და გა დაწყვიტოს საქართველოს სასამართლომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გარკვეული თანხის გადახდა, მან მითითებული ნორმების საფუძველზე პასუხი უნდა აგოს მთელი თავისი ქონებით და გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში წარმოშობილი ხარჯებისა და დანახარჯების- გირავნობის საგნის შეფასების აქტის მომზადების თანხის 100 ლარისა ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესაბამისი ოდენობის სახელმწიფო ბაჟი 1385.51 აშშ დოლარზე, ანუ 53.76 ლარის ოდენობით გადახდა (კურსი 01 აშშ დოლარი = 2.47 ლარს). მოსარჩელის მიერ გადახდილი 64 ლარიდან გადახდა, ბაჟის ნაწილი 10.24 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე შპს ,,----------------------ი"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე შ---------------ეს (პ/ნ 2----------) დაეკისროს მოსარჩელე შპს ,,----------------------ი"-ს (ს/კ 4--------) სასარგებლოდ 2016 წლის 19 ოქტომბრის სესხისა და გირავნობის შესახებ N KULE16003892 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1385.51 აშშ დოლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირი თანხაა 975.71 აშშ დოლარი, სარგებელი (3%) 409.80 აშშ დოლარი.
3. სარჩელი სარგებლის 276.44 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხე შ---------------ეს (პ/ნ 2----------) დაეკისროს მოსარჩელე შპს ,,----------------------ი"-ს (ს/კ 4--------) სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 53.76 ლარის და ავტომობილის შეფასების აქტის მომზადებისათვის გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.
5. მოსარჩელე შპს ,,----------------------ი"-ს (ს/კ 4--------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 10.24 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თერჯოლის მაგისტრი სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თერჯოლის მაგისტრი სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელენე ოსაძე