გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210018002316699
N2/181-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თამარ თოდუა
მოსარჩელე შპს “მ------“
წარმომადგენელი ე----------------–---–ი
მოპასუხე მ-------------–ია
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე მ-------------–იას მოსარჩელე შპს „მ------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1723 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 600 ლარი, სარგებელი - 108 ლარი და პირგასამტეხლო - 1015 ლარი. ასევე, იურიდიული მომსახურების საფასურის 100 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2016 წლის 30 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე მ-------------–იას შორის გაფორმდა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 600 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, სესხი უნდა დაბრუნებულიყო სარგებელთან ერთად, რაც შეადგენს 108 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, რომლის დარიცხვა ხორციელდება სესხის დაფარვის თარიღის შემდგომი დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ძირისა და საკომისიოს 1,5%. მოპასუხემ არ შეასრულა მისთვის დაკისრებული სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. რის გამოც, მ-------------–იას დავალიანება შპს „მ------ს“ მიმართ შეადგენს 1723 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 600 ლარი, სარგებელი - 108 ლარი და პირგასამტეხლო - 1015 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირი თანხის 600 ლარის, სარგებლის -108 ლარის და პირგასამტეხლოს - 50 ლარის ნაწილში და განმარტა, რომ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და ის უნდა შემცირდეს 50 ლარამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 30 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე მ-------------–იას შორის გაფორმდა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 600 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა სარგებელი - 108 ლარის ოდენობით, ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, რომლის დარიცხვა ხორციელდება სესხის დაფარვის თარიღის შემდგომი დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ძირისა და საკომისიოს 1,5%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი, ახსნა-განმარტებები, სესხის ხელშეკრულება.
3.1.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ დაფარა სესხი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რის გამოც მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1723 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 600 ლარი, სარგებელი - 108 ლარი და პირგასამტეხლო - 1015 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ, მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმის მასალებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის უფლება თავად არის ადამიანის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უფლება, ამასთან, ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების აუცილებელი გარანტია, დაცვის საშუალება.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2016 წლის 30 დეკემბერს, მოსარჩელესა და მოპასუხე მ-------------–იას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 600 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. ამასთან, შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.
ვინაიდან, მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში, შპს „მ------ს“ მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ, პირგასამტეხლოს გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.
მხარეთა მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 1,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 50 ლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მ-------------–იას შპს „მ------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 25 ლარის გადახდა.
შპს „მ------ს“ უნდა დაუბრუნდეს შპს "პ------–----------------------------" მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 16.02.2018 წ. საგადასახადო დავალება N89) 21,87 ლარი, ხოლო 28,13 ლარი უნდა დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლები
გადაწყვიტა:
1. შპს „მ------ს“ სარჩელი მ-------------–იას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე მ-------------–იას შპს „მ------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 758 ლარის (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 600 ლარი, სარგებელი - 108 ლარი, პირგასამტეხლო - 50 ლარი) გადახდა.
3. შპს „მ------ს“ დაუბრუნდეს შპს "პ------–----------------------------" მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 16.02.2018 წ. საგადასახადო დავალება N89) 21,87 ლარი, ხოლო 28,13 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
4.მ-------------–იას შპს „მ------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 25 ლარის გადახდა.
5.გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე