გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2018
საქმის ნომერი
330210118002523254
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/19757-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი - ხათუნა ბუცხრიკიძე

მოსარჩელე - ს---–-----------–--–---–ი

მოპასუხე - მ-----–--–---–-----ი

წარმომადგენელი - ზ-------------–---ი

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს ნოტარიუს ა-–--–- მ----ს მიერ 2018 წლის 31 მაისს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი.

 

სარჩელი შემდეგ ფაქტობრივ საფუძვლებს ემყარება: 2017 წლის 1------- მ-----–--–---–-----მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ს---–------------–---–--ათვის და ს-------- კა------თვის თანხის გადახდის დაკისრება. 2018 წლის 3------- საქმეზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დკამაყოფილდა და ს---–-----------–--–---–ს დაეკისრა 8700 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში. 2018 წლის 31 მაისს ნოტარიუსმა ან–--–-------მ, რომლისთვისაც უცნობი იყო მხარეებს შორის დავის სასამართლოში მიმდინარეობის შესახებ, იმავე ხელშეკრულებაზე გასცა სააღსრულებო ფურცელი. 2018 წლის 5 ივნისს დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემა გათვალისწინებული იყო თავად ხელშეკრულებით. მოპასუხე არ იყო ვალდებული, დალოდებოდა სასამართლო დავის დასრულებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 21 თებერვალს ს---–-----------–--–---–ს (მოვალე) და მ-----–--–---–-----ს (კრედიტორი) შორის დაიდო ვალის აღიარების N1-------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოვალემ აღიარა კრედიტორის მიმართ არსებული ვალდებულება 8700 აშშ დოლარი. ხელშეკრულება დამოწმებულია ნოტარიუს ან–--–-------ს მიერ და ითვალისწინებს, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- N1-------- სააღსრულებო ფურცელი.

 

3.1.2. კრედიტორმა იმავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი აღძრა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3-------- გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ს---–-----------–--–---–ს მის სასარგებლოდ დაეკისრა 8700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. კრედიტორს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

გადაწყვეტილება მოვალემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და არ არის შესული კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 30.05.2018 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

 

3.1.3. ნოტარიუს ან–--–-------ს მიერ 2018 წლის 31 მაისს გაიცა N1-------- სააღსრულებო ფურცელი 2017 წლის 21 თებერვლის ვალის აღიარების N1-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებაზე. სააღსრულებო ფურცლით მოვალედ მითითებულია ს---–-----------–--–---–ი, ხოლო აღსასრულებელი ვალდებულება შეადგენს 8700 აშშ დოლარს.

 

სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- N1-------- სააღსრულებო ფურცელი;

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს შორის სადავო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ს---–-----------–--–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„ნოტარიატის შესახებ“ კანონი, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის N71 ბრძანება, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას.

 

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის N71 ბრძანების 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ სანოტარო აქტის აღსასრულებლად, რომლის საფუძველზე დადგენილი ვალდებულების აღსრულება კანონმდებლობის შესაბამისად დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და არ არის გასული ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტის ჩანაწერი „ვალდებულების აღსრულება კანონმდებლობის შესაბამისად დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე“ გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემა სამოქალაქო კოდექსის ან სხვა საკანონმდებლო აქტის შესაბამისად უნდა იყოს დასაშვები კონკრეტულ ვალდებულებაზე, არამედ იმის გარკვევასაც, ხომ არ არსებობს სააღსრულებო ფურცლის გაცემის გამომრიცხავი გარემოებები.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მათ შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა. კრედიტორი არ დაელოდა მის სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას და მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილია წარმოდგენილი, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ გადაწყვეტილება სწორედ ვალის აღიარების N1-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნას შეეხება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის, მართლმსაჯულების და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით. სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები.

 

სასამართლო წინამდებარე გადაწყვეტილების ფარგლებში მიზანშეწონილად არ მიიჩნევს სამართლებრივ სახელმწიფოში სასამართლო ხელისუფლების როლისა და მნიშვენლობის განხილვას, მაგრამ ხაზგასმით მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე სწორედ სასამართლოს აკისრია პირის დარღვეულ თუ სადავოდ ქცეულ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება. სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულებით. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება. „სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არამარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც (იხ. სუსგ №ას-536-510-2013)“. „პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია (იხ. სუსგ №ას-710-1011-09).“

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ რადგან ვალის აღიარების ხელშეკრულება ითვალისწინებდა ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემას, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის შემდეგ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეეძლო მიემართა ნოტარიუსისათვის, მიუხედავად სასამართლოში დავის მიმდინარეობისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება განიხილოს რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ. ამასთანავე, მხარეებს არ ერთმევათ უფლება, გაყიდონ ან სხვა გზით გაასხვისონ დავის საგანი, ანდა დათმონ თავიანთი მოთხოვნა.

 

აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ თუ პირი მიმართავს სასამართლოს საკუთარი დარღვეული, სადავოდ ქცეული უფლების ან კანონიერი ინტერესის დასაცავად, სარჩელის განსახილველად მიღების შემდეგ, იგი არ არის უფლებამოსილი იმავე საკითხზე სხვა ორგანოს მიმართოს და ამგვარად ეცადოს დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, მათ შორის, არ დაიშვება სადავო ვალდებულებასთან დაკავშირებით ნოტარიუსისათვის მიმართვა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. მხარე ვალდებულია, დაელოდოს სადავო საკითხზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, დაემორჩილოს აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სამართლებრივ შედეგს.

 

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპული კონვენციის (კონვენცია) მე-6 მუხლი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, კონვენცია იცავს და აღიარებს უფლებებს, რომლებიც პრაქტიკული და ეფექტიანია და არა თეორიული და მოჩვენებითი (IBRAHIM AND OTHERS v. THE UNITED KINGDOM, para 272). სასამართლოს განმარტებით, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ყველას ანიჭებს უფლებას სამოქალაქოსამართლებრივ უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებული მოთხოვნით მიმართონ სასამართლოს. ამგვარად იგი განამტკიცებს „სასამართლოს უფლებას“, რომლის მხოლოდ ერთი ნაწილია სასამართლოს ხელმისაწვდომობა. სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს სავალდებულო ძალის მქონე გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. აღნიშნული უფლება მოჩვენებითი იქნებოდა ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას რომ დაეშვა საბოლოო, სავალდებულო ძალის მქონე სასამართლო გადაწყვეტილების აუმოქმედებლობა ერთი მხარის საზიანოდ. მე-6 მუხლის მიზნებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება განხილულ უნდა იქნას როგორც სამართალწარმოების შემადგენელი ნაწილი (BURDOV v. RUSSIA, para 34; AMAT-G LTD AND MEBAGISHVILI v. GEORGIA, para 47).

 

სასამართლო განმარტავს, რომ არა მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეფექტიანი მექანიზმის არარსებობა აქცევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას მოჩვენებითად, არამედ იმის დაშვებაც, რომ სასამართლოში დავის მიმდინარეობის მიუხედავად, პირმა მიმართოს სხვა ორგანოს ან სუბიექტს და სასამართლოს გვერდის ავლით ეცადოს მისთვის სასურველი შედეგის მიღება. თუ დავუშვებთ, რომ კრედიტორმა, სასამართლოში სადავოდ ქცეულ ვალდებულებასთან დაკავშირებით, სასამართლოსაგან დამოუკიდებლად მოახდინოს აღსრულება ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის გზით, მართლმსაჯულების განხორცილება იქცევა მოჩვენებითად, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება - ფორმალურ აქტად, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე კონვენციის მე-6 მუხლს. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ კრედიტორმა აირჩია საკუთარი ინტერესების დაცვა სასამართლოს მეშვეობით და იგი ვალდებული იყო, დალოდებოდა სადავო საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას და აღესრულებინა აღნიშნული გადაწყვეტილება (სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნოტარიუსმა სააღსრულებო ფურცელი გასცა ისეთ პირობებში, როცა ვალდებულების აღსრულება არ დაიშვებოდა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და სადავო სააღსრულებო ფურცელი უნდა გაუქმდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ვალდებულია, სრულად აუნაზღაუროს მოსარჩელეს სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - ჯამში 690 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3----–--- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს---–-----------–--–---–ის სარჩელი მოპასუხე მ-----–--–---–-----ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ნოტარიუს ან–--–-------ს მიერ 31.05.2018 წელს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი;

 

3. მ-----–--–---–-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 640 ლარისა და 50 ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია