გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.09.2018
საქმის ნომერი
020210017002185850
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #020210017002185850 (2/2117-17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17.09.2018 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე ნა-------–----ა

წარმომადგენელი გი-------------ე

მოპასუხე მა-------------ა

წარმომადგენელი ფა-------------

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მა-------------- ნა-------–----ას სასარგებლოდ დაეკისროს ლე------------თვის გადახდილი მოპასუხის ვალი 1450 აშშ დოლარის ოდენობით ერუვნულ ვალუტაში.

 

1.2.მა-------------- ნა-------–----ას სასარგებლოდ დაეკისროს სს ბა----------------–ი მაქაცარიას სესხზე გადახდილი თანხის 11600 ლარის 1/3-ის 3000 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის მტკიცებით ნა-------–----ა წარმოადგენდა მა-------------- თავდებს ლე-----------ესთან და ლე-----------ეს მა--------------გან კუთვნილი თანხა 1450 ლარი გადაიხადა ნა-------–----ამ, რაც მას უნდა აუნაზღაუროს მარინა ხუბუამ.

 

მისივე მტკიცებით ნა-------–----ას მიერ სესხად მიღებული თანხის 1/3 ნაწილი 7000 ლარი გადაეცა მა--------------, შესაბამისად მან უნდა გაიღოს სესხის დასაფარად ნა-------–----ას მიერ გადახდილი თანხის 11600 ლარის 1/3 - 3866 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.

 

მოპასუხის მტკიცებით სარჩელი უსაფუძვლოა და ამავე დროს ხანდაზმული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მა-------------- ჰქონდა ლე-----------ის ვალი.

 

ამ ვალდებულების შესრულება ნა-------–----ას, როგორც თავდებს არ უკისრია. შესაბამისად მას მა-------------- დავალიანების გადახდის ვალდებულება ლე-----------ის სასარგებლოდ არ ჰქონია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში თავდებობის წერილობითი განცხადება და თავდებობის ხელშეკრულება წარმოდგენილი არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე–103–ე მუხლების დანაწესებით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-ხელწერილი

 

3.2. ნა-------–----ა და მარინა ხუბუა შეთანხმდნენ, რომ ნა-------–----ა სს ,,ბა---------------ადან“ გამოიტანდა სესხს, საიდანაც თანხის ნაწილს მიიღებდა მარინა ხუბუა, ხოლო დარჩენილი თანხას მოიხმარდა მსესხებელი. სანაცვლოდ იპოთეკით უნდა დატვირთულიყო მა-------------- დედის - ეთ---------ას საცხოვრებელი სახლი. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ ბანკიდან მიღებულ კრედიტს დაფარავდნენ ერთობლივად იმ თანხების პროპორციულად რა თანხასაც რეალურად პირადად მიიღებდნენ.

 

ყველა საჭირო დოკუმენტი შედგა. ბანკმა ნა-------–----აზე 08.10.2013 წ გასცა მოთხოვნილი სესხი საიდანაც მარინა ხუბუამ მიიღო 7000 ლარი.

 

ამ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ეთ---------ას კუთვნილი, უძრავი ნივთი. ბანკს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვითომ სესხის გაცემის მიზანი იყო ამ ქონების შეძენა.

 

მხარეები ცდილობდნენ შეესრულებინათ ბანკისთვის მიცემული პირობა, რომ სესხის გაცემიდან 7 დღეში ნივთის მესაკუთრედ აღირიცხებოდა შემძენი ნა-------–----ა, ხოლო ბანკი დარეგისტრირდებოდა პირველი რიგის იპოთეკარად. ამით ისინი, თავს იცავდნენ, ამ ვალდებულების დარღვევით მოსალოდნელი სანქციებისგან.

 

ეთ---------ამ და ნა-------–----ამ ნასყიდობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს 11.10.2013 წ.

 

ეს ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 05.06.2015 წ გადაწყვეტილებით. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

 

სესხის დაფარვის უზრუნველსაყოფად იპოთეკით იყო ასევე დატვირთული მოსარჩელის თანასაკუთრებაში ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ლესიჭინეში მდებარე უძრავი ნივთი ს/კ 46.05.35.1--, რაც მოგვიანებით დაექვემდებარა იძულებით აუქციონს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 05.06.2015 წ გადაწყვეტილება /საქმე # 020210014682536 (2/728-14)/

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 43.18.04.074, მომზადების თარიღი 26/01/2018

-შპს,,დავების განმხილველი ცენტრი" მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 29.05.2015 წ # 4329 გადაწყვეტილება

-თბილისის სააღსრულებო ბიუროს 19.06.2017 წ განკარგულება A16115811-018/001

 

3.3. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე 12.06.2015 წ ნა-------–----ამ ეს საცხოვრებელი სახლი მიჰყიდა ნონა თოდუას.

 

აღნიშნული ნასყიდობა, როგორც მოჩვენებით დადებული გარიგება ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 13.10.2015 წ. გადაწყვეტილებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 13.10.2015 წ გადაწყვეტილება /საქმე №020210015001046351 (2/713-15)/

 

3.4. სესხის აღებიდან 7 თვის მანძილზე მხარეები მათ მიერ მიღებული თანხების პროპორციულად იხდიდნენ სესხის გრაფიკით გათვალისწინებულ თანხებს.

 

მარინა ხუბუამ წარმოადგინა ნა-------–----ასგან მიღებული თანხის გასასტუმრებლად თანხების გადარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გადახდის ქვითრები

 

3.5. 2014 წლის მაისიდან ნა-------–----ამ შეწყვიტა შპს ,,ბა---------------ას" მიმართ ვალდებულებების შესრულება. თავის მხრივ მარინა ხუბუამ ამავე თარიღიდან შეწყვიტა ნა-------–----ას მიმართ ვალდებულების შესრულება.

 

13.01.2015 წლის მდგომარეობით სს ,,ბა----------------–ი“ ნა-------–----ას სესხზე გადახდილი თანხა სულ შეადგენს 10576,99 ლარს (ძირითადი 2617,98, სარგებელი 7631,30, პირგასამტეხლო 7631,20), ხოლო დავალიანება 18082,02 ლარს (ძირითადი 18082,02, პირგასამტეხლო 677,71).

 

პირგასამტეხლოს დარიცხვა გადახდის ვადის გადაცილებაზე ხდებოდა ნა-------–----ას ბრალით. იგი წარმოადგენდა ბანკის მსესხებელს და დროულად არ იხდიდა გრაფიკით გადახდისვადამოსულ თანხას, 7 თვის შემდეგ კი საერთოდ შეწყვიტა გადახდა. იგი ცდილობდა იძულებული გაეხადა მარინა ხუბუა მთლიანად დაეფარა გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები. ემუქრებოდა მას თვალთმაქცურად მის საკუთრებაში აღრიცხული, შემდეგ სხვა პირზე ასევე თვალთმაქცურად გასხვისებული ქონებიდან გამოსახლებით და ამ მიზნით ახორციელებდა შესაბამის მოქმედებებსაც - 28.11.2014 წელს მას წარუდგინეს ნა-------–----ას საკუთრებაში არსებული და მა-------------- მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის გამოთხოვის მოთხოვნა, თუმცა საბოლოოდ გამოსახლება არ განხორციელებულა და უძრავი ნივთი სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე დაუბრუნდა წინა მესაკუთრეს. ამჟამად, აღნიშნული ნივთი მა-------------- თანასაკუთრებაშია. მას ეკუთვნის მთელი ქონების 1/2 ნაწილი.

 

ნა-------–----ას სესხთან დაკავშირებით მუდმივმოქმედი არბიტრაჟის გადაწყვეტილებით დაეკისრა 18726,30 ლარი და ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ გადახდა უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით.

 

გადაწყვეტილება აღსრულდა. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 19.06.2017 წ განკარგულებით უძრავი ნივთი შეიძინა სს ,,თიბისი ბანკმა" 11100 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 05.06.2015 წ გადაწყვეტილება /საქმე # 020210014682536 (2/728-14)/

-შპს,,დავების განმხილველი ცენტრი" მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 29.05.2015 წ # 4329 გადაწყვეტილება

-თბილისის სააღსრულებო ბიუროს 19.06.2017 წ განკარგულება A16115811-018/001

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილება #2411632

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პირველი სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, სხვა ნაწილში კი სარჩელი ხანდაზმულია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 891-ე, 892-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103 მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას.

 

სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) უნდა შეიცავდეს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.

 

ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ # ას 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; შდრ. სუსგ საქმე #ას-973-1208-04).

 

მოცემულ შემთხვევაში 1450 აშშ დოლარის ოდენობით (ერუვნულ ვალუტაში) თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ ნა-------–----ა წარმოადგენდა მა-------------- თავდებს ლენა ცუბინიძესთან, რომელმაც მსესხებლის ნაცვლად შეასრულა ფულადი ვალდებულება კრედიტორის წინაშე, რაც ვერ დაამტკიცა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში თავდებობის წერილობითი განცხადება და თავდებობის ხელშეკრულება წარმოდგენილი არ არის.

 

რაც შეეხება მეორე მოთხოვნას სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას ამ ნაწილსი სარცელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 129-ე მუხლის პირველი ნაწილით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

იმავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მოცემული შემთხვევისთვის ნა-------–----ას უფლება დაირღვა მაშინ, როცა მარინა ხუბუამ მისთვის თანხის გადახდა შეწყვიტა - 2014 წლის მაისიდან, შესაბამისად სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა გავიდა 2017 წლის მაისის ბოლო დღეს.

 

სარჩელი აღძრულია 22.11.2017 წ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 210 ლარი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 05.02.2017 წ განჩინებით მოპასუხე მა-------------- აეკრძალა მის სახელზე რიცხული ზუგდიდის რაიონის სოფ. ინგირში მდებარე უძრავი ქონების - ს.კ 43.18.04.074 (1/2 წილის) გასხვისება და სხვა უფლებრივი დატვირთვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 259-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სახ. ბაჟი დარჩეს შესაბამის ანგარიშზე.

3. გაუქმდეს საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 05.02.2017 წ განჩინებით /საქმე #020210017002185850 (2/2117-17)/ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა მის სახელზე რიცხული ზუგდიდის რაიონის სოფ. ინგირში მდებარე უძრავი ქონების - ს.კ 43.18.04.074 (1/2 წილის) გასხვისება და სხვა უფლებრივი დატვირთვა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა