განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002600930
საქმე #1-762/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ა-–-------------------ის
ბრალდებულის - რ---- ტ----ის
ადვოკატის _ შ-----------–--ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171080718003 საქმე :
ბრალდებულ რ---- ტ----ის მიმართ
მამის სახელი: თ---------
დაბადებული: 07.07.1----–ელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: მქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ხ--–----------------–----–----------------–---------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქ/პუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. 2018 წლის 07 ივლისს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ. ბათუმში, ქათამაძის ქუჩა N11-ში მდებარე ინფექციური საავადმყოფოს მესამე სართულზე არსებულ მე-20 პალატაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს განჩენით ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა რ---- ტ----ემ, არაერთგზის, თავის არეში ხელის დარტყმით, კედელზე მიჯახებით და სახის არეში ხელის დარტყმით, მ------ დ-------ეს - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს (ოჯახის წევრს) მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
2. ბრალდებულმა რ---- ტ----ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. სასამართლოს მიაჩნია, რომ რ---- ტ----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
5. დაზარალებულ მ------ დ-------ის ჩვენება, მოწმეების: გ---–------–----------------–------–-------–--------–--------------------------------------–-----------------------------ის ჩვენებები, 2018 წლის 07 ივლისს შედგენილი N013633 შემაკავებელი ორდერი; საინფორმაციო ცენტრი 112-დან მოწოდებული ინფორმაცია ერთ ცალ დისკზე; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენი რ---- ტ----ის მიმართ, რომლის თანახმად, რ---- ტ----ეს, სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენისათვის, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
6. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
7. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
8. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
9. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით რ---- ტ----ის ბრალდების დადასტურება.
10. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
12. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
13. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
14. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
15. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
16. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
18. როგორც წარმოდგენილი, მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურდა, ბრალდებული რ---- ტ----ე და დაზარალებული მ------ დ-------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები არიან, რომლებსაც ჰყავთ საერთო მცირეწლოვანი შვილი, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ითვლებიან ოჯახის წევრებად და სახეზეა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანი შვილის (გერის) თანდასწრებით მისი დედის (ოჯახის წევრის) მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება), 118-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) ან 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით) გათვალისწინებული შედეგი.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
ქმედების ჩადენა არაერთგზის :
20. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს განაჩენით, რ---- ტ----ე მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 60 საათის ვადით.
21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით თანახმად, პირობით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ.
22. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს განაჩენით და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 09 ივლისის წერილით დასტურდება, რომ რ---- ტ----ე 2017 წლის 07 სექტემბრიდან აღრიცხვაზე იმყოფება პრობაციის ბიუროში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენის საფუძველზე, ანუ დანაშაულის ჩადენის დღისთვის - 2018 წლის 7 ივლისისთვის, მოქმედებდა პირობითი მსჯავრი და შესაბამისად, ნასამართლობა გაქარწყლებული არ ყოფილა.
23. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად - არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსით იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამდენად, დადგენილია, რომ ტ----ე გასამართლებული იყო სსკ-ის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით და ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდინა იგივე დანაშაული. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სწორედ არაერთგზის ჩადენილი ოჯახური ძალადობისათვის.
24. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ---- ტ----ემ ჩაიდინა არაერთგზის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
25. ამდენად, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ რ---- ტ----ემ არაერთგზის, თავისი ოჯახის წევრის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის -მეუღლის მ------ დ-------ის მიმართ, ჩაიდინა ძალადობა - მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
26. რ---- ტ----ის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება, სსკ-ის 531 მეორე ნაწილის თანახმად, თავად წარდგენილი ბრალდების არსში მდგომარეობს.
27. რ---- ტ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება, მონანიება, შერიგება დაზარალებულთან.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
29. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
30. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
31. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
32. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
33. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
34. სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
35. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იყოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესი, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს რ---- ტ----ის მიმართ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით - 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული რ---- ტ----ე იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს განაჩენით, რ---- ტ----ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სრულად შთანთქოს ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა; საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ---- ტ----ეს, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
37. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე და ზომა უნდა გახდეს საფუძველი მომავალში ბრალდებულმა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
38. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - საინფორმაციო ცენტრ 112-დან მოწოდებული ინფორმაცია ერთ ცალ CD დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული: რ---- თ---------ს ძე ტ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენისათვის რ---- ტ----ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სრულად შთანთქოს ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ---- ტ----ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ რ---- ტ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 ივლისიდან.
ნივთმტკიცება - საინფორმაციო ცენტრ 112-დან მოწოდებული ინფორმაცია ერთ ცალ CD დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი