გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.09.2018
საქმის ნომერი
330210018002460045
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/15030-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი - ხათუნა ბუცხრიკიძე

მოსარჩელე - ე---------- ბ----ე

წარმომადგენელი - თ-- ბ----ე, გ------- ზ-----–---–ი

მოპასუხე - თ------ ჭ--–---

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თ------ ჭ--–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის - 9500 ლარის ანაზღაურება.

 

1.2. თ------ ჭ--–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის - საჯარიმო ავტოსადგომიდან ავტომანქანის გაყვანის ხარჯის - 522 ლარის ანაზღაურება.

 

1.3. თ------ ჭ--–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯის - ექსპერტიზის ჩატარების საფასურის - 242 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 27 დეკემბერს გამომძიებელმა შეატყობინა მოსარჩელეს, რომ მის კუთვნილ ავტომანქანას შეეჯახა თ------ ჭ--–---. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალით, ვინაიდან მას ავტომანქანის მართვისას ჩაეძინა. ეს გარემოება დასტურდება შესაბამისი დადგენილებით. შეჯახების შედეგად, საჭირო გახდა ავტომანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანა. ევაკუატორის მომსახურებისათვის მოსარჩელემ გადაიხადა 522 ლარი. 2017 წლის 22 თებერვალს მოსარჩელემ მიმართა სს----–----------------–--------–----ს ექსპერტიზის ე---------– ბიუროს. ბიუროს დასკვნით ირკვევა, რომ, დაზიანების გათვალისწინებით, ავტომანქანის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით მოზანშეწონილი არ იყო. ასევე დასკვნაში მითითებულია, რომ ავტომობილის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე შეადგენდა 16 500 ლარს, ხოლო დაზიანების შემდეგ - 7000 ლარს. ავტომანქანის ღირებულება შემცირდა 9500 ლარით. მოსარჩელემ ავტომანქანა ჯართში ჩააბარა და 2018 წლის 25 აპრილს მოახდინა მისი ჩამოწერა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები შედგენილია მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით და მის მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაციის საფუძველზე. ექსპერტის დასკვნა „მიზანშეუწონელია ავტომანქანის აღდგენა ტექნიკური თვალსაზრისით“ ბუნდოვანია. ამ დასკვნიდან არ გამომდინარეობს, რომ აღდგენა შეუძლებელი იყო. ასევე არასწორია ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ავტომანქანის საბაზრო ღირებულება ავტოსაგზაო შემთხვევამდე. ავტომანქანა მანამდეც დაზიანებული იყო, და, სავარაუდოდ, ტექნიკურად გაუმართავი. არასწორია ექსპერტის ის დაკვნა, რომ ავტომანქანის ღირებულება 9500 ლარით შემცირდა და მისი მტკიცებულებად გამოყენება არ შეიძლება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 00:15 საათზე, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნიდან რობაქიძის გამზირის მიმართულებით, მოძრაობდა ავტომანქანა „ჰ------“ სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით X------, რომელსაც მართავდა თ------ ჭ--–---. ხეივანზე, N4 ელ. განათების ბოძის მიმდებარედ მოძრაობისას, თ------ ჭ--–---ს საჭესთან ჩაეძინა, რის გამოც გადავიდა სავალი ნაწილიდან და შეეჯახა პარკირებულ „ბ----“ მარკის ავტომანქანას სახელმწიფო- სარეგისტრაციო ნომრით U------, რომელიც რეგისტრირებული იყო ე---------- ბ----ის სახელზე.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რომელიც 19.02.2018 წლის დადგენილებით შეწყდა. დადგენილების თანახმად, შეჯახება გამოწვეული იყო თ------ ჭ--–---ს ბრალით, რომელმაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

 

3.1.2. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ე---------- ბ----ის კუთვნილი ავტომანქანა გადაყვანილი იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე. ევაკუატორის მომსახურებისათვის ე---------- ბ----ემ გადაიხადა 522 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 22.04.2018 წლის ქვითარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შეჯახების შედეგად ე---------- ბ----ის ავტომანქანამ მიიღო იმგვარი დაზიანება, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი იყო.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015).

 

განსახილველი დავა დელიქტიდან გამომდინარეობს. მტკიცების ტვირთი დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ნაწილდება:

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი;

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

4. მოპასუხე უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ არ ხდის არც შეჯახების ფაქტს, არც მის ბრალეულობას ავტოსაგზაო შემთხვევაში, არც მოსარჩელისათვის ზოგადად ზიანის მიყენებას, არამედ სადავოდ ხდის ზიანის ფარგლებს, კერძოდ, ავტომანქანის დაზიანების ხარისხს (მიიჩნევს, რომ მისი აღდგენა შეიძლებოდა) და ზიანის ოდენობას.

 

სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ამ გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა ორივე მხარეს, კერძოდ, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა ავტომანქანის დაზიანების ხარისხი, ხოლო მოპასუხეს - ის გარემოება, რომ ავტომანქანა უფრო მსუბუქად დაზიანდა.

 

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო.

 

საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა N---------, რომლის თანახმადაც 2008 წლის „ბ----“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით U------, ძარაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად განვითარებული დაზიანებების გათვალისწინებით, მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.

 

დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, ავტომანქანის ძარის მარცხენა გვერდის მაკომპლექტებელ დეტალებზე აღინიშნებოდა ავარიული ხასიათის, მექანიკური სახის დაზიანებები, დეფორმიებული იყო მარცხენა უკანა ფრთა, მარცხენა წინა და უკანა კარი, მარცხენა ლავგარდანი, მარცხენა შუა ვერტიკალური დგარი, მარცხენა უკანა ორი ვერტიკალური დგარი, მარცხენა ჰორიზონტალური დგარის უკანა ნაწილი, საბურავის ნაკვეთურის თაღი, ძარის იატაკის მარცხენა უკანა ნაწილი, ძარის ოთხივე კარის ირგვლივ დარღვეული იყო ქარხანა-დამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული ღიობების ზომები.

 

სწორედ აღნიშნული დაზიანებების გათვალისწინებით, ექსპერტი მივიდა დასკვნამდე, რომ ავტომანქანის აღდგენა მიზანშეწონილი არ იყო ტექნიკური თვალსაზრისით.

 

მოპასუხეს რაიმე საპირისპირო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ დასკვნა ბუნდოვანია და ჩანაწერი „მიზანშეუწონელია ავტომანქანის აღდგენა ტექნიკური თვალსაზრისით“ არ ნიშნავს აღდგენის შეუძლებლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის საფუძველზე, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გულისხმობს ზიანის მიყენებამდე არსებული ვითარების აღდგენას, ანუ, იმ ფაქტობრივ-სამართლებრივი მოცემულობის აღდგენას, რაც იარსებებდა, რომ არა ზიანის მიყენების გამომწვევი გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გულისხმობს ავტომანქანის შეკეთება-აღდგენას იმგვარად, რომ იგი არა უბრალოდ ვარგისი იყოს ექსპლუატაციისათვის, არამედ ტექნიკური თვალსაზრისით იყოს გამართულ მდგომარეობაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებს. იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანის ასეთ მდგომარეობაში მოყვანა შეუძლებელია დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე ან შეკეთაბ უკავშირდება ისეთ არათანაზომიერ დანახარჯებს, რომ მესაკუთრისათვის აზრს კარგავს, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გამორიცხულია.

 

წარმოდგენილი დასკვნით, ექპსერტმა შეაფასა შეჯახების შედეგად გამოწვეული დაზიანებები და სწორედ დაზიანების ხარიხსი გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ავტომანქანის აღდგენა მიზანშეწონილი არ იყო, ვინაიდან, დაზიანების სიმძმიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა მოყვანილი ტექნიკურად გამართულ, უსაფრთხო მდგომარეობაში.

 

მოპასუხემ მხოლოდ სიტყვიერად განმარტა, რომ ავტომანქანის აღდგენა შესაძლებელი იყო. მას არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ ავტომანქანის აღდგენა, დაზიანებების გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო და იგი, აღდგენის შემდგომ, ვარგისი იქნებოდა უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის. მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას კი სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

3.2.2. ავტოავარიის შედეგად, მოსარჩელეს მიადგა 9500 ლარი მატერიალური ზიანი.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე და თითოეული მხარე თავადაა პასუხისმგებელი, დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ემყარება მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების პრინციპს. თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის გარემოებები, რომელიც მისი მტკიცების საგანია და რისი დადასტურების შესაძლებლობაც მას ობიექტურად გააჩნია.

 

დელიქტიდან გამომდინარე სსარჩელო მოთხოვნებზე მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ისე ზიანის ოდენობა.

 

როგორც უკვე აღნიშნიშნა, მოპასუხე სადავოდ არ ხდის მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებას, არამედ არ ეთანხმება ზიანის გაანგარიშებას.

 

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო.

 

მოსარჩელემ წარმოადგინა N--------- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ე---------- ბ----ის კუთვნილი ავტომანქანის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ შეადგენდა 16 500 ლარს, ხოლო დაზიანების შემდგომ - 7000 ლარს.

 

მოპასუხე არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნას და აღნიშნავს, რომ ავტომანქანის ღირებულება შეჯახებამდე 16 500 ლარი არ იყო, რადგან მანქანა მანამდეც დაზიანებული იყო.

 

ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილით ირკვევა, რომ ექსპერტმა გაითვალისწინა იმავე მარკა-მოდელის, ტექნიკურად გამართული ავტომანქანის საბაზრო ღირებულება კორექტირებით. ამასთან, ელ.სისტემის გაუმართაობის გამო, გარბენის ამოკითხვა ვერ მოხერხდა და გათვალისწინებულია მსგავსი ავტომობილის საშუალო წლიური გარბენი. ავტომობილს ასევე ეტყობოდა ექსპლუატაციისათვის დამახასიათებელი მექანიკური დაზიანებები - განაკაწრები და ძარის წინა ნაწილზე აღინიშნებოდა წარსულში ჩატარებული სამღებრო სამუშაოების კვალი. ექსპერტის მიერ ფასი დაკორექტირდა ავტომანქანის ვიზუალური დაზიანებების გათვალისწინებით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ ავტომანქანა ავარიამდეც დაზიანებული იყო და მისი ღირებულება 16 500 ლარი ვერ იქნებოდა.

 

საქმეში არ არის წარმოდგენილი ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ვიზუალური ხარვეზები (განაკაწრები, სამღებრო სამუშაოების კვალი) ექსპერტმა გაითვალისწინა, ხოლო იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ავტომანქანას სხვა დაზიანებებიც ჰქონდა, წარმოდგენილი არ არის. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას ელ. სისტემის გაუმართაობაზე, რაც ექსპერტიზის დასკვნაშიცაა აღნიშნული, წარმოდგენილი არ არის იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სისტემა შეჯახების შედეგად არ დაზიანებულა და მანამდეც გაუმართავი იყო.

 

სასამართლო იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მოსარჩელემ მოითხოვა ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ფასთა შორის სხვაობა და არა სხვაობა დაზიანებამდე ავტომანქანის საბაზრო ღირებულებასა და იმ ფასს შორის, რა ფასადაც მისი რეალიზაცია მოხდა. შესაბამისა,დ დავის გადაწყვეტისათვის არავითარი მნიშვენლობა არ აქვს მოპასუხის მითითებას, რომ ავტომანქანის რეალიზაცია ძალიან იაფად მოხდა.

 

რაც შეეხება მოპასუხის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ ავტომანქანის რეალიზაცია მოახდინა სასამართლოში დავის დასრულებამდე, რითაც მტკიცებულება გაანადგურა და მას არ მიეცა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა: სასამართლო სხდომაზე თავად თ------ ჭ--–---მ დაადასტურა, რომ იგი არ დაკავშირებია მოსარჩელეს, არ მიუმართავს, რომ სურდა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება, ან ზოგადად, ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობა, არამედ „ელოდებოდა მოსამართლეს“, ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ არ იმოქმედა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, არ უზრუნველყო მტკიცებულებების შეგროვება და სასამართლოსათვის წარდგენა, შესაბამისად მის ამ განმარტებას დავის გადაწყვეტისათვის მნიშვენლობა ვერ ექნება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 326-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დელიქტური ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია მითითებული ნორმით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობები: თ------ ჭ--–---ს ბრალეული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ე---------- ბ----ის ქონების დაზიანება და მიზეზობრივი კავშირი ავტოავარიას და ქონების დაზიანებას შორის.

 

სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ვინაიდან დელიქტური პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი ნორმები ზიანის გაანგარიშების სპეციალურ წესებს არ ადგენს, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის თანახმად კი თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

„ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა) (იხ. სუსგ №ას-459-438-2015). ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. მოპასუხე პასუხისმგებელია ზიანზე, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების ბუნებრივი და თანმდევი შედეგია. ქონების დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებზე, ჩვეულებრივ, ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება დაზიანებული ნივთის საბაზრო ღირებულებით (დაზიანების ხარისხის შესაბამისად). სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ე---------- ბ----ის კუთვნილი ავტომანქანა ისე დაზიანდა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი იყო, ანუ, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობა გამოირიცხა და ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული მატერიალური ზიანი ფულადი კომპენსაციით.

 

სამოქალაქო საქმის განხილვისას მოდავე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედ-იტორის) მხარეზეა. ამასთან, ზიანი ობიექტური მოცემულობით უნდა შეფასდეს და არა სუბიექტური დამოკიდებულებით.

 

იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე წარმოადგენს მტკიცებულებებს იმის თაობაზე, თუ რა ზიანი მიიღო მოპასუხის მართლსაწინააღმეგო ქმედების შედეგად და მოპასუხე სადავოდ ხდის ზიანის ოდენობას, მტკიცების ტვირთი გადადის მასზე.

 

სასამართლომ სწორედ ამგვარად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი და დადგენილად მიიჩნია, რომ ავტომანქანის დაზიანებით მოსარჩელემ განიცადა 9500 ლარის ზიანი. გარდა ამისა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოსარჩელის ავტომანქანა გადაყვანილი იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე. 112-ის მომსახურებისათვის მოსარჩელემ გადაიხადა 522 ლარი. ეს უკანასკნელი გარემოება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნული ხარჯი ასევეა პირდაპირ კავშირში მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან, ვინაიდან სწორედ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მოხდა ავტომანქანის გადაყვანა საჯარი ავტოსადგომზე და, დაზიანებიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო ევაკუატორის მომსახურება.

 

რაიმე საპირისპირო გაანგარიშება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, ამდენად მისი პრეტენზია ზიანის მოცულობასთან დაკავშირებით გაიზარებული ვერ იქნება და მოპასუხე ვალდებულია, სრულად აანაზღაუროს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებბეით დადასტურებული ზიანი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხემ მოსარჩელეს სრულად უნდა აუნაზღაუროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ამასთან, სარჩელზე ზედმეტადაა გადახდილი 90 ლარი, ვინაიდან დავის საგნის ღირებულებაა 10 022 ლარი, რომლის 3% არის 300 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს ექსპერტიზის ჩატარების ხარჯის ანაზღაურებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ საკუთარი მოთხოვნის დასასაბუთებლად ჩაატარა ორი ექსპერტიზა. საქმეში წარმოდგენილია საექსპერტო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სასმაართლოს გარეშე ხარჯის - 242 ლარის ანაზღაურება

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 37-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე---------- ბ----ის სარჩელი მოპასუხე თ------ ჭ--–---ს მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. თ------ ჭ--–---ს ე---------- ბ----ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის -9500 ლარისა და ავტომანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე განთავსების ღირებულების - 522 ლარის გადახდა;

 

3. თ------ ჭ--–---ს ე---------- ბ----ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის და ექსპერტიზის ჩატარების ხარჯის - 242 ლარის ანაზღაურება;

 

4. ე---------- ბ----ეს დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 90 ლარი, რომელიც გადახდილი იქნა 23.01.2018 წლის სს „თ-----------“ საგადასახადო დავალებით შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300 773 150;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია