გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/8501-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ე-–---’’
წარმომადგენლები - პ-------–---–---ძე, კა-----–-------ი, შალ------------იძე
მოპასუხე - ააიპ ,,თ---–--------------–--------------’’
წარმომადგენლები მი---------------–---ი, გიო--------------–-–--ლი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
შეგებებული სარჩელით მოსარჩელე - ააიპ ,,თ---–--------------–--------------“
შეგებებული სარჩელის მოპასუხე - შპს „ე-–---“
შეგებებული სარჩელის დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
პირვანდელი სარჩელის ავტორის სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. ააიპ ,,თბ--–--------------–--------------“, შპს „ე-–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 14 110.9 ლარის გადახდა.
1.2. ააიპ ,,თბ--–--------------–--------------“, შპს „ე-–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 1078 ლარის გადახდა;
1.3. ააიპ ,,თბ--–--------------–--------------“, შპს „ე-–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო გარანტიის თანხა - 2397 ლარი.
სარჩელის მიხედვით, 2017 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელესა და აა----------–--------------–---------------’-ს შორის დაიდო ხელშეკრულება მოპასუხისათვის 312 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული პროცედურა, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე.
ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო 312 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1. მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის, კერძოდ, 2397 ლარის ოდენობით.
2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 14 110.9 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე. მოპასუხემ 08.01.2018 წლის #03/01 წერილით აცნობა, რომ მოსარჩელის მიერ არ წარმოებდა მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე სურსათის გამოყენებით, რითაც შპს „ე-–---ს“ მიერ არსებითად დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
შესაბამისად არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა. ამასთან, მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%, რამაც შეადგინა 78.58 ლარი.
მოსარჩელეს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს 2017 წლის 22 დეკემბრის N09/13262 წერილით ეცნობა, რომ სსიპ „ სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებულ იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.
მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შპს „---------------–------–------------- და შპს „ნ---------–----- ისაგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულიად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გამოთხოვა.
1.2. მოთხოვნა შეგებებულ სარჩელში
შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნაა:
შპს „--–----, ააიპ ,,თ---–--------------–--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის სახით - 22 975 ლარის ანაზღაურება.
შეგებებული სარჩელის მიხედვით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი უზრუნველყოფის მომსახურების მიზნით ელექტრონულად გამოცხადებული შესყიდვის პროცედურის მეშვეობით გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ე-–---’’, რომელთანაც საბავშვო ბაგა-ბაღების მიერ გაფორმდა შესაბამისად 18 016 131,84 და 13 627 246,08 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები.
გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 31 643 377.92 ლარი. შესყიდვის ელექტრონული პროცედურების ტექნიკური დოკუმენტაციისა და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, შპს „--–---- ჰქონდა ვალდებულება სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების გაწევისას გამოეყენებინა ყველი, რომელიც დააკმაყოფილებდა შემდეგ პირობებს :
„თითოეული მოწოდებული პარტია უნდა ყოფილიყო დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არაუმცირეს 52%-ია, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40 %, მარილი 0,5-1,5 %. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული მანქანა რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მოწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რძე არის სასოფლო-სამეურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფიზიოლოგიური რეკრეციის პროდუქტი, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად, რაიმე ნივთიერების დამატების, ან მოცილების გარეშე და გამიზნულია, მე-4 მუხლის „ჰ 37“ ქვეპუნქტის თანახმად. ყველი არის რძისგან დამზადებული პროდუქტი, მომწიფებული ან მოუმწიფებელი, ნახევრად მაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში.
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში შემოსული 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 წერილის თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი „იმერული’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავო ფაქტია, რომ შპს „ელფს’’ საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვებისათვის უნდა გამოეყენებინა ყველი, რომელიც დამზადებული იქნებოდა ნატურალურ რძეზე, ხოლო რეალურად გამოიყენა აღდგენილ რძეზე დამზადებული ყველისმაგვარი პროდუქტი.
დასახელებულ ფაქტს ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს თავად ყველის მწარმოებლის „შპ------------– +’’ -ის წერილიც, სადაც „შპ------------– +’’ აღნიშნავს, რომ გარკვეულ პერიოდში, ვიდრე ძალაში შევიდოდა მთავრობის ზემოაღნიშნული რეგულაცია, შპს „--–---- ამარაგებდა პროდუქტით, რომელსაც ეწერა „იმერული ყველი’’, თუმცა როგორც წერილშივეა მითითებული აღნიშნული პროდუქტიც მზადდებოდა აღდგენილ რძეზე. რაც კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებს შპს „ე-–---’’-ს მიერ შეტანილი პროდუქტის შეუსაბამობას კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან მიწოდების სრულ პერიოდზე.
შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ტექნიკური დოკუმენტაციისა და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „--–---- ჰქონდა ვალდებულება სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების გაწევისას გამოეყენებინა კარაქი, რომელიც დააკმაყოფილებდა შემდეგ პირობებს:
,,თითოეული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისაგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული მანქანა რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მოწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
მომწოდებელი ვალდებულია მოწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები). მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს“.
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში შემოსული 2017 წლის 19 დეკემბრის N-------- წერილის თანახმად, წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს.
აქედან გამომდინარე, უტყუარადაა დადასტურებული, რომ შპს „ე-–---’’-ს მიერ საბავშვო ბაგა-ბაღში შეტანილი პროდუქტები (ყველი და კარაქი) არ შეესაბამებოდა საბავშვო ბაგა-ბაღსა და შპს „--–---- შორის კვებით მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით მოთხოვნილ სურსათის - ყველის, კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. შპს „ე-–---’’-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითადაა დარღვეული მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, რამაც ზიანი მიაყენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და საბავშვო ბაღს.
მოსარჩელისთვის, შპს „ე-–---’’-ს მიერ მოწოდებულ იქნა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტები რომელთა ღირებულების ანაზღაურებასაც მოითხოვს შეგებებული სარჩელის ავტორი.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. ა-----------–--------------–---------------- წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
მომწოდებლის მიერ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულებით ვალდებულება სრულდებოდა არასათანადო ხარისხის მქონე სურსათის (ყველი, კარაქი) გამოყენებით და მომწოდებლის მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად არ წარმოშობილა შპს „ე-–---’’-სათვის მომსახურების გაწეულად ჩათვლის ვალდებულება და არ შექმნილა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა, რის გამოც მოპასუხის მხრიდან არ უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის დეკემბრის თვის კვების მომსახურებაზე შპს „ელფთან’’ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და ფინანსური ანგარიშსწორება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან შემოსული 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 წერილითა და 2017 წლის 19 დეკემბრის 09/13126 წერილით დადგინდა, რომ ქ--–--------–----------–----–------------------–-------------- და შ-------–----- შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის პარამეტრები შპს „ე-–---’’-ს მიერ მუდმივად ირღვეოდა. სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების შესყიდვის პროცესში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევა-ნაკლოვანებებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ მიღებული სხვა გადაწყვეტილებების გამო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა 2017 წლის 9 ნოემბრის დასკვნა და 2017 წლის 10 ნოემბრის N 1------------- წერილით გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას. აღნიშნული გარემოება საფუძვლად დაედო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოში გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის 0----------- საქმეზე.
მოპასუხის მითითებით, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელის მიერ არაჯეროვნად შესრულდა ხელშეკრულება, არ დამდგარა მიღება-ჩაბარების გაფორმების პირობა და გადახდის ვალდებულება, ეს გარემოება გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრებას.
მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა უარყო საბანკო განარტის დაკისრების ნაწილშიც და დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამორიცხავს საბანკო გარანტიის დაბრუნების ვალდებულებას.
2.2. შპს ,,ე-–---ს“ წარმომადგენელმა შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი:
მოსარჩელეთა განცხადება შპს „ე-–---’’-ს მიერ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტების მიწოდების თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს. მხარესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შპს „ე-–---’’-ს მიერ კვებითი მომსახურების გაწევის პროცესში მოსარჩელე მხარისათვის მიწოდებული პროდუქტები სრულად პასუხობდა სახელშეკრულებო მოთხოვნებს, რისი გათვალისწინებით მხარეებს შორის დგებოდა გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები. დღეის მდგომარეობით აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტები დავის საგანს არ წარმოადგენს.
მოსარჩელეთა განცხადება შპს „ე-–---’’-ს მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის თაობაზე დაუსაბუთებელია და მოკლებულია ფაქტობრივ საფუძვლებს.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნის თანახმად სამსახურის მიერ შეფასდა წარმოდგენილი კარაქის ეტიკეტი და არა მისი ქიმიური შემადგენლობა და დადგინდა, რომ მისი ეტიკეტი არ შეესაბამებოდა პროდუქტ ,,კარაქისადმი’’ დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს. აღნიშნული კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არანაირი კვლევა აღნიშნული პროდუქტის შემადგენლობასთან მიმართებაში არ ჩატარებულა და არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მიწოდებული კარაქის ხარისხობრივ ნაკლს.
ამასთანავე, უსაფუძვლოა მოსარჩელეთა პოზიცია იმის თაობაზე, რომ მიწოდებული ყველის პარამეტრები არ შეესაბამებოდა ამ სახის პროდუქტისადმი კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აპრილის N152 დადგენილებაში ცვლილებების შეტანამდე ყველი წარმოადგენდა რძისაგან ან/და მშრალი რძისაგან (რძის ფხვნილი) დამზადებულ ნაწარმს, რისი გათვალისწინებითაც მოსარჩელეთა განცხადება შპს „ე-–---’’-ს მხრიდან სახელშეკრულებო მოთხოვნების დარღვევის თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
საყურადღებოა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში წარმოებდა მუდმივი მონიტორინგი შპს „ე-–---’’-ს მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაზე. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში მოწმდებოდა მიწოდებული სურსათის შესაბამისობა სახელშეკრულებო პარამეტრებთან და კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ჩატარებული შემოწმების შედეგად მიწოდებული კვების პროდუქტების შეუსაბამობა არსებულ მოთხოვნებთან ფიზიკო-ქიმიური თუ ბაქტერიოლოგიური თვალსაზრისითა რ გამოვლენილა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის G-------------აფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბ--–--------------–--------------ა“ და შპს ,---–----- შორის გაფორმდა ხელშეკრულება.
ხელშეკრულების საგანია 312 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული მენიუს მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 78577.2 ლარს.
ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 312 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.
ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ ,,თბილისის #48 საბავშვო ბაგა-ბაღი“ და ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო’’-ს შესაბამისი სამსახურები.
ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის, კერძოდ - 2397 ლარის ოდენობით.
ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება ( ს.ფ. 19-24);
- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (ს.ფ. 25-34);
3.1.2. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს ,---–----- და ააიპ ,,-----–--------------–--------------’’ შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად შპს ,,ე-–---ს’’ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები); მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%;
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (ს.ფ 25-34);
3.1.3. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს ,---–----- და ააიპ ,,-----–--------------–--------------’’ შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს ,,ე-–---ს’’ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს;
შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები); მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%;
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (ს.ფ 25-34);
3.1.4. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს ,---–----- და ააიპ ,,-----–--------------–--------------“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა ს-----------------------------------------------------, სადაც პრინციპალია შპს ,,ე-–---’’, ბენეფიციარი - აა----------–--------------–---------------’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს - 2397 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო გარანტია (ს.ფ.39);
3.1.5. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ე-–---’’-ს მი----------------–--------------–--------------------- 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენს 14 110.9 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს. ფ.40);
3.1.6. ააი---------–--------------–--------------ს“ ადმინისტრაციამ უარი განაცხადა შპს ,,ელფთან’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (1 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შედარების აქტი (ს.ფ 41)
- მიმართვები (ს.ფ 43-44)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღში შპს ,,ე-–---’’-ს მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის N09/13005 თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი ,,იმერული’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა N09/13005 (ს.ფ 55-56)
3.1.8. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის #09/13126 მიმართვიდან ასევე ირკვევა, რომ წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა #09/13126 (ს.ფ 52-53)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ,,ე-–---ს’’ მხრიდან მოპასუხედ დასახელებულ ბაგა ბაღთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მათთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნატურალური რძის ნაცვლად დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.
საქმის მასალებში დაცულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის N-------- მიმართვა, რომლის მიხედვით შპს ,,ე-–---’’-ს მიწოდებული სურსათი ,,იმერული’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველის სავალდებულო პარამეტრებს.
მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოპასუხისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’ სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით დადგენილ ყველის პროდუქტის მახასიათებლებს, ვინაიდან იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მითითებული ნორმით გათვალისწინებული ფაქტის აღიარება სამოქალაქო საპროცესო სამართლით უტყუარ მტკიცებულებადაა მიჩნეული, რადგან იგი ფაქტის ამღიარებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ და მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ არის განხორციელებული, შესაბამისად, დავის პროცესში აღიარებული ფაქტი სასამართლომ უნდა ამორიცხოს დავის საგნიდან და, როგორც უდავო ფაქტი, მტკიცებას არ საჭიროებს. ფაქტის აღიარების ასეთ მტკიცებულებად შეფასება ემყარება რწმენას, რომ იგი ნამდვილად არსებობს და თვით ის მხარეც არ ხდის სადავოდ, რომელსაც ამ და სხვა ფაქტების საფუძველზე მეორე მხარის უფლებების დარღვევაში ედავებიან. ამასთან, აღიარების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დამდგენ და უდავო მტკიცებულებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი იმ მხარემ განახორციელოს, რომელთან მიმართაც შემდგომში იქნება გამოყენებული და რომელსაც აკისრია აღნიშნული ქმედებისათვის პასუხისმგებლობა.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ შპს ,,ე-–---ს’’ მიერ ააიპ ,------–--------------–-------------–-- ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს.
აქვე ირკვევა, რომ მიწოდებული პროდუქტის შესაბამისობა ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტთან მიმართებით გამოკვლეულია არა უშუალოდ მიწოდებული პროდუქციის მახასიათებლების გათვალისწინებით, არამედ ამავე პროდუქციის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა N09/13005 (ს.ფ 55-56)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით არ დასტურდება, რომ შპს „ე-–---ს“ მიერ მოპასუხე ბაგა-ბაღში 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’ მისი დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით არ შეესაბამებოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
საქმის მასალებში წარმოდგენილია წერილობითი დოკუმენტები, რომელთა თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა მოპასუხე ბაგა-ბაღში შპს ,,ე-–---’’-ს მიერ შესატანი კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის მიმართვის N-------- თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი ,,კარაქი’’-ს ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. ამავე წერილში მითითებულია, რომ ,,მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0,5).
ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #441 დადგენილების ,,სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ’’ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა მითითებულ იქნას შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ხილა, ნახშირწყლები.’’
სწორედ აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზეა შედგენილი ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 22 მაისის დასკვნა ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების გაწევის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. დასკვნის ანალიზის შედეგად გამომდინარეობს, რომ დამატებითი კვლევა მიწოდებული პროდუქტის - უშუალოდ კარაქის, დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით არ ჩატარებულა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილზე რომლითაც დგინდება, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შეფასებული იქნა რძის პროდუქტების ეტიკეტი, სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.
შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზი ცხადყოფს, რომ შესწავლილია არა უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები და მისგან გამომდინარე დარღვევა, არამედ დასკვნა ასახავს პროდუქტის ეტიკეტირების წესის დარღვევას. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პროდუქტისთვის აუცილებელ მახასიათებლებზე. აღნიშნულთან მიმართებით მიწოდებული პროდუქტის ნიშან-თვისებების შესწავლის ფაქტი კი საქმის მასალებით არ დგინდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა #09/13126 (ს.ფ 52-53)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 22 მაისის დასკვნა (ს.ფ 140-157)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების გაანალიზების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ე-–---ს’’ პირვანდელი სარჩელი მოპასუხის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამასთანავე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ არსებობს ააი---------–--------------–--------------ს“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 477-ე, 487-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 879-ე, 881-ე, 494-ე, 408-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 131-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურების გაწევა, ამ მიზნით კი მათთვის საკვები პროდუქტების მიწოდება.
სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. 488-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მისაწოდებელი პროდუქტების - კარაქის და ყველის სავალდებულო დამახასიათებელ პარამეტრებზე.
მხართა ახსნა-განმარტებების თანახმად უდავოა შპს ,,ე-–---ს’’ მიერ აღნიშნული პროდუქტების მიწოდების და მოპასუხის მიერ მათი მიღების და მოხმარების ფაქტი, ამავდროულად მოპასუხე ბაგა-ბაღი სადავოდ ხდის მიწოდებული პროდუქტების ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შესაბამისობას.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტაციის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, რძე არის სასოფლო-სამურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების სეკრეციის პროდუქტი, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისგან. ერთი ან მეტი წველის შედეგად, რაიმე ნივთიერების დამატების, ან მოცილების გარეშე და გამიზნულია, ადამიანის მოხმარებისათვის სასმელად ან შემდგომი გადამუშავებისათვის.
ამავე რეგლამენტის მე-4 მუხლის ,,ჰ 37’’ ქვეპუნქტის თანახმად, ყველი არის რძისგან დამზადებული პროდუქტი, მოწოდებული ან მოუმწიფებელი, ნახევრადმაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, რომელშიც შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში.
საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ შპს ,,ე-–---’’-ს მიერ მიწოდებული პროდუქტი ,,იმერული’’ არ აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული რეგლამენტაციით პროდუქტ ყველისათვის აუცილებელ სავალდებულო და ამასთანავე, ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს. შესაბამისად, შპს ,,ე-–---ს’’ მიერ მისაწოდებელი პროდუქტის - ყველის ნაწილში სახელშეკრულებო ვალდებულება შესრულებულია არაჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
მიუხედავად ამ ნაწილში ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა, რასაც აღიარებს თავად მოსარჩელე, სასამართლო აქვე იზიარებს იმ პოზიციას, რომ აღნიშნული მახასიათებელი უშუალოდ პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის გარეშე არ შეიძლება ჩაითვალოს არსებით ნივთობრივ ნაკლად, რომელიც გამორიცხავს მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს არც მიღებისას, არც პროდუქტის მოხმარებამდე მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში სადავო არ გაუხდია მიწოდებული პროდუქტის ხარისხი.
საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს ,,ე-–---სათვის’’ ყველის მიმწოდებლის შპს ,,ნატურალ +’’-ის განმარტება, რომლის თანახმადაც პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ახლდა ლაბორატორიული კვლევის ოქმები, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.
დასკვნის სახით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომლითაც დადგენილია მიწოდებული პროდუქტის ყველა მახასიათებლის არ არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მიმართებით, აღნიშნული არ შეიძლება განხილულ იქნეს არსებით ნაკლად, რაც მთლიან შესრულებას გახდის ნაკლიანს და მოპასუხეს გაათავისუფლებს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
მოპასუხის მხრიდან ასევე სადავოა კარაქის მახასიათებლების შეუსაბამობა ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებთან. თუმცა, საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ მოპასუხეს მიეწოდა ხელშეკრულებით განსხვავებული ნიშან-თვისებების მქონე პროდუქტი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ააიპ ,,თბ--–--------------–--------------“ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურება 14 110.9 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება გათვალისწინებულია. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა მოპასუხის მხრიდან მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების ვადის გადაცილების ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით საქმესთან დაკავშირებით შეკრებილი მტკიცებულებანი და დადასტურებული ფაქტები წარმოადგენენ მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამავე კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირვანდელი სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 1078 ლარი ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, შპს „ე-–---ს“ მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს - 100 ლარის გადახდა.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - ოდენობით. ასევე დადგნილია, ის გარემოება, რომ შპს ,,ე-–---ს’’ მიერ ვალდებულების უზრუნველყოფისათვის სს ,,ბა-----------’’ მიერ გაცემულია საბანკო გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. 881-ე მუხლის თანახმად, კი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის იგი გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან განსხვავებით, რიგი თავისებურებებით ხასიათდება. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან გამოარჩევს, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან.
საბანკო გარანტიის გაცემისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, პრინციპალსა და გარანტს შორის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბანკი (გარანტი) ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნისთანავე, ბენეფიციარს უპირობოდ გადაუხდის ფულად თანხას. მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს და მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში.
საბანკო გარანტია, მიუხედავად მისი სახისა და დანიშნულებისა, პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი სხვადასხვა სახის ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გარანტიას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია შპს ,,ე-–---’’-ს მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია თავისი მიზნიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე ერთმანეთისგან არ მიჯნავს ვალდებულების არსებით თუ არაარსებით დარღვევას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურებაზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე თავად აღიარებს ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რაც გამორიცხავს მოპასუხისთვის გამოყენებული საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნივთის ნაკლის ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.
განსახილველ შემთხვევაში, ააიპ ,,თ---–--------------–--------------ს“ მიერ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი ემყარება მსგავს ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის საფუძველზეც მათ მოთხოვნას წარმოადგენს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი უზოგადესი ნორმის განმარტების შედეგად დადგენილი წინაპირობების თანახმად, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს თავად ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურება. მტკიცების ტვირთი აღნიშნულის დადასტურებისას კი სწორედ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს ეკისრება.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება შეგებებული სარჩელის მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. მართალია დადგენილია შპს ,,ე-–---ს’’ მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, მაგრამ საქმის მასალებით არ დგინდება მისგან გამომდინარე მოსარჩელისთვის ზიანის, როგორც მატერიალური დანაკლისის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. სასამართლო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, შპს „ე-–---ს“ პირვანდელი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 426,67 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და ააიპ ,,თ---–--------------–--------------ს“ მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 263-ე, 364-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,, ე-–---ს“ თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ააიპ ,,თბ--–--------------–--------------“, შპს „ე-–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულება 14 110.9 ლარი.
1.2. ააიპ ,,თბ--–--------------–--------------“, შპს „ე-–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 100 ლარი;
2. შპს „ე-–---ს“ პირვანდელი სარჩელი ააიპ ,,თ---–--------------–--------------სთვის“ საბანკო გარანტიის თანხის 2397 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
3. შპს „ე-–---ს“ პირვანდელი სარჩელი ააიპ ,,თ---–--------------–--------------სთვის“ პირგასამტეხლოს ნაწილის 978 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. ააიპ ,,თ---–--------------–--------------ს“ შეგებებული სარჩელი შპს „ე-–---ს“ მიმართ 22975 ლარის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.
5. დაეკისროს ააიპ ,,თბ--–--------------–--------------“, შპს ,,ე-–---’’-ს სასარგებლოდ მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 426,67 ლარი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე