გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310017002136987
N3/1222-2017წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
მოსარჩელე – კ---------------ე
წარმომადგენელი - ე---------------------ე
წარმომადგენელი - გ-------–-----–--ე
მოპასუხე - ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თ-----------–--ე
წარმომადგენელი - დ-------–------–---–ი
მესამე პირი – დ----- ქ-------ი
წარმომადგენელი – ა-–---------- მ---------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
ა ღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 17 მარტის N41 290 ბრძანება.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო ბრძანებით კანონის დარღვევით დაკანონდა ქალაქ ბაღდათში, გ-----–--ის ქუჩა N4-ში დ----- ქ-------ის მიერ აშენებული ავტოსამრეცხაო. მოპასუხის მიერ არ იქნა გათვალისწინებული უშუალოდ შესაძლო დაინტერესებულ პირთა ინტერესები. არ იყო დაცული საჯაროობის პრინციპი, არ იქნა დამონტაჟებული სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ამსახველი დაფა. არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება კანონის შესაბამისად, არ გაითვალისწინეს ავტოსამრეცხაოს ექპლოატაციის მოსალოდნელი შედეგების ზემოქმედებას რა უარყოფითი გავლენა ექნებოდა მეზობლებთან მიმართებაში, როგორც მომიჯნავედ ასევე მოპირდაპირედ. არ იქნა გათვალისწინებული სავალი ნაწილიდან სამრეცხაოში შემავალი და გამომავალი უსაფრთხო სივრცისათვის ადგილის გამოყოფა პროექტში და რის შესახებაც საპატრულო პოლიციის თანხმობა აუცილებელია საქართველოს მთავარობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების თანახმად. მხარე მიუთითებს, რომ პროექტის საერთო ნახაზიდან ღერძულა ხაზიდან დაშორება არის 3.6 მ ტროტუარამდე, ტროტუარის ზომა 2.2. მ-ია, შემდეგ განლაგებულია სამრეცხაო, ანუ დაშორება არა 7.5 მეტრია არამედ 5.8 მეტრია, რაც არსებით დარღვევას წარმოადგენს. მოსარჩელე განმარტავს, რომ დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე არის განუწყვეტელი ხმაური, რომელსაც იწვევს სამრეცხაოს დანადგარები და მაღალი წნევის წყლის ჭავლი, მოსარჩელე განმარტავს, რომ მისი საცხოვრებელი სახლის და გზის სავალ ნაწილზე დგას ავტომანქანები, რაც ქმნის საავარიო სიტუაციებს და ზღუდავს გზაზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ქალაქ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
3. მესამე პირის პოზიცია.
3.1. მესამე პირმა დ----- ქ-------მა და მისმა წარმოდგენელმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო აქტი ზიანს არ აყენებს მოსარჩელე მხარეს, შესაბამისად მიაჩნიათ, რომ არ არსებობს აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.
4. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 5 სექტემბერს, დ----- ქ-------მა განცხადებით მიმართა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ითხოვა მისი კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთიდან 157კვ.მ. მიწის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში გადაყვანა, კომერციული საქმიანობის დაწყების მიზნით.
დადგენილია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 9 სექტემბრის N41/2571 პასუხით განმცხადებელს დ----- ქ-------ს ეცნობა, რომ მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 30.11.31.1--) არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთად გადაყვანა არ ეწინააღმდეგება სივრცითი-გეგმარების საკითხებს.
დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქალაქი ბაღდათი, გ-----–--ის ქ. N4ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი №30.11.31.1-- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით ირიცხება დ----- ქ-------ის (პ/ნ 090010235--) სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 84; 85-90);
- 2016 წლის 9 სექტემბრის N41/2571 პასუხი (იხ. ს.ფ. 91);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 97-98);
4.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ოქტომბერს დ----- ქ-------მა განცხადებით მიმართა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელს და ითხოვა ქ. ბაღდათში, გ-----–--ის ქ. N4ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე კომერციული ობიექტის მშენებლობისათვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ობიექტის მშენებლობის ნებართვაზე შუამდგომლობის გაწევა.
შპს ,,ბაღდათის ავტოგზის’’ დირექტორის წერილით ირკვევა, რომ 1. ინფრასტრუქტურის ობიექტის ზუსტი დანიშნულება - დ----- ქ-------ის ავტოსამრეცხაო და ავტოსერვისი; 2) საავტომობილო გზის დასახელება - ბაღდათი-ვანი-დაფნარის საავტომობილო გზა; 3) კილომეტრი, პიკეტი, გზის ღერძიდან დაშორება - კმ 0+144მ, ს/გზის ღერძიდან 3,6მ; 4) განთავსების ხმარე და ადგილი დასახლებული თუ დაუსახლებელი - საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, დასახლებული ტერიტორია.
დადგენილია, რომ დ----- ქ-------ის განცხადების საფუძველზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის 8 ნოემბრის N41/3469 განცხადებით მიმართა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და აცნობა, რომ ქ. ბაღდათში, გ-----–--ის ქ. N4ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი მდებარეობს ბაღდათი-ვანი-დაფნარის საავტომობილო გზის პკ 0კმ+144ნ-ზე დასახლებულ პუნქტში გზის მარჯვენა მხარეს, ღერძიდან 3,6 მეტრის მოშორებით. შესაბამისად, ითხოვა გზის კონტრაქტორ კომპანიასთან შეთანხმებული ობიექტის მშენებლობის გენგეგმა და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სათანადო ტექნიკური პირობების გაცემა.
დადგენილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2016 წლის 17 ნოემბრის N2-04/10228 წერილით მიმართა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელს და აცნობა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი არ არის წინააღმდეგი (N30.11.31.1--), ქ. ბაღდათში, გ-----–--ის ქ. N4ა-ში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაღდათი-ვანი-დაფნარის საავტომობილო გზის კმ 0+144მ-ში მარჯვენა მხარეს, საავტომობილო გზის ღერძიდან 7,50 მეტრს და არსებულ ტროტუარს მიღმა, განთავსდეს ავტოსამრეცხაო, ავტოტექმომსახურების ობიექტი და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის ნაგებობა, შემდეგი ტექნიკური პირობების დაცვით: 1. ავტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის წინ შენარჩუნებული იქნას საავტომობილო გზის ტროტუარი და წყალმომცილებელი საშუალებები. მიწის ვაკისსა და სავალ ნაწილზე წვიმების შედეგად წარმოშობილი ზედაპირული წყლების მოცილების უზრუნველსაყოფად ობიექტების ტერიტორიის ფარგლებში მოეწყოს წყალმომცილებელი საშუალებები. ავტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის წინა ტერიტორია მოშანდაკდეს ჰორიზონტალურად და მოასფალტდეს. 2. მშენებლობის პერიოდში აკრძალულია საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე საშენი მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა და სხვა, ასევე ავტოტრანსპორტის გაჩერება და დგომა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე და ტროტუარზე; 3. საავტომობილო ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, ავტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის მისასვლელთან ტექნიკური ნორმატივების შესაბამისად დაიდგას მხოლოდ მოძრაობის ორგანიზაციის მარეგულირებელი, ავცტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის მაუწყებელი შესაბამისი საგზაო ნიშნები შსს შესაბამის რეგიონალურ ქვედანაყოფთან შეთანხმებით. ავტოსამრეცხაოს და ტექმომსახურების ობიექტის მისასვლელთან თანახმად, საგზაო ნიშნების შესახებ ევროპის კონვენციისა (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ) და არსებული სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, აკრძალულია ფასების მაუწყებელი და სხვა დანიშნულების სარეკლამო ფირნიშების საავტომობილო გზის გასწვრივ მძღოლთა ყურადღების არეალის ფარგლებში განთავსება; 4. პირველ, მეორე და მესამე პუნქტებში აღნიშნული სამუშაოები (საგზაო ნიშნების განთავსება, ტერიტორიის მოასფალტება და სხვა) უნდა შესრულდეს დ----- ქ-------ის ძალებითა და სახსრებით; 5. ობიექტების მეპატრონე ვალდებულია ავტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის ტერიტორიის ფარგლებში, თავისი ძალებითა და სახსრებით უზრუნველყოს სისუფთავის და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვა. ავტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის ფუნქციონირების პერიოდში წყალმომცილებელი საშუალებების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენახვა; 6. ავტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის ზემოთ აღნიშნულ ადგილზე მოწყობის საკითხი უნდა შეთანხმდეს შსს-ს შესაბამის რეგიონალურ ქვედანაყოფთან; 7. საავტომობილო გზის ამ მონაკვეთის მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის შემთხვევაში თუ ამას საჭიროება მოითხოვს, ობიექტების დემონტაჟი მოხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 8. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობები (ავტოსამრეცხაოს, ავტოტექმომსახურების ობიექტის დ მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის ნაგებობის ადგილმდებარეობამ კმ და კპ საავტომობილო გზის ღერძის მიმართ დაშორება, საგზაო ნიშნების განთავსება, ტერიტორიის მოასფალტება და სხვა) უნდა იყოს მკაცრდა დაცული, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის მოწყობასთან დაკავშირებით, დეპარტამენტის მიერ გაცემული შეთანხმება ჩაითვლება გაუქმებულად; 9. დაცული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N41 დადგენილება ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ გათვალისწინებული მოთხოვნები; 10. წინამდებარე პირობების დარღვევის შემთხვევაში საავტომობილო გზის დეპარტამენტი იტოვებს უფლებას, მიმართოს შესაბამის უწყებებს ავტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის მშენებლობის შეჩერების ან დემონტაჟის შესახებ; 11. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ პირობებზე საერთო კონტროლის დაწესება ევლება საავტომობილო გზების ტექნიკური ზედამხედველობისა და მონიტორინგის სამმართველოს და N14 ზონის მიმდებარე შეკეთების კონტრაქტორ ორგანიზაციას; მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში N14 ზონის მიმდებარე შეკეთების სამუშაოების კონტრაქტორი ორგანიზაცია ვალდებულია მიმართოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და სხვა შესაბამის ორგანოებს, ავტოსამრეცხაოს, ავტოტექმომსახურების ობიექტის და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის ნაგებობის მშენებლობის პროცესში დეპარტამენტის მიერ გაცემული ტექნიკურ პირობებთან მიმდინარე მშენებლობის შეუსრულებლობის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (იხ. ს.ფ. 24);
- შპს ,,ბაღდათის ავტოგზის’’ დირექტორის წერილი (იხ. ს.ფ. 23);
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 8 ნოემბრის N41/3469 განცხადება (იხ. ს.ფ. 99);
- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2016 წლის 17 ნოემბრის N2-04/10228 წერილი (იხ.ს.ფ. 71-72);
4.1.3. ქ. ბაღდათში გ-----–--ის ქუჩაზე მდებარე დ----- ქ-------ის საკუთრებაში არსებული ავტოსამრეცხაოს სამშენებლო დოკუმენტის (განმარტებითი ბარათი) თანახმად დადგენილია, რომ ავტოსამრეცხაოსა და ავტოსერვისის პროექტი განკუთვნილია ქ. ბაღდათში, გ-----–--ის ქ. N4ა-ში მშენებლობის წარმოებისათვის. საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 30.11.31..1--. პროექტი შესრულებულია დ----- ქ-------ის დაკვეთით. ნაკვეთს დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ინდივიდუალური მიწის ნაკვეთები, ხოლო სამხრეთიდან ბაღდათი-ვანი-დაფნარის საავტომობილო გზა. შენობა წარმოადგენს 1 სართულიან კარკასული ტიპის დროებით ნაგებობას. შენობა შედგება: 1. ავტოსამრეცხაო 29.3 მ2; კონსტრუქციული თვალსაზრისით, ავტოსამრეცხაოს შენობა წარმოადგენს კარკასული ტიპის დროებითი ნაგებობას, რომლის ნაწილობრივ შემავსებლად გამოყენებულია თუნუქის პროფილირებული ფურცლები. იატაკები ბეტონის ქვიშა-ცემენტის მჭიდით. ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები: მიწის ნაკვეთის ფართობი - 157 მ2; განაშენიანების ფართობი - 29.5 მ2; კ 1 = 0,8 განაშენიანების ინტენსივობის ფართობი - 0,19; მათ შორის სასარგებლო ფართი - 29,3 მ2, სამშენებლო მოცულობა 113,28 მ3.
კარკასული ტიპის ნაგებობის აგებასთან ერთად უნდა მოეწყოს დროებითი სალექარები, როგორც მყარი მინარევების დასალექად, ასევე მსუბუქი მინერალების შესაკრებად; ძირითადი შენობის აგების შემდეგ მოეწყოს პროექტით გათვალისწინებული კაპიტალური სალექარი სისტემა.
საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით დადგენილია, რომ 1. საინჟინრო გეოლოგიური თვალსაზრისით სამშენებლო უბანი იმყოფება დამაკმაყოფილებელ პირობებში. უბანზე და მის მიმდებარედ არ აღინიშნება ნეგატიური გეოლოგიური მოვლენები; საინჟინრო-გეოლოგიური სირთულის მიხედვით, სნ და წ 1.02.07-87 მე-10 დანართის თანახმად საკვლევი ტერიტორია მიეკუთვნება I კატეგორიას (მარტივი); 2. ჩატარებული საველე სამუშაოების მონაცემების მიხედვით სამშენებლო უბანზე გამოიყოფა ერთი საინჟინრო-გეოლოგიური ელემენტი (სგე); 3. I სგე - თიხა, ნახევრად მყარი (ფენა 2); - სიმკვრივე Pნ=გ/სმ; - ხვედრითი შეჭიდულობა Cნ-35 კპა; შიგა ხახუნის კუთხე -Фნ=180; დეფორმაციის მოდელი E=15მპა; დენადობის მაჩვენებელი IL=0.10; საანგარიშო წინაღობა R0=230 კპა; 4. შენობის დაფუძნება უნდა მოხდეს ფენა 2-ის (თიხა ნახევრად მყარი) გრუნტებზე, რაც შეეხება საძირკვლის ტიპს, ეს საკითხი კონსტრუქციის პრეროგატივაა და უნდა მოხედეს სათანადო გათვლების საფუძველზე; 5. საქართველოს ტერიტორიის სეისმური დარაიონების მიხედვით, სმ და წ ,,სეისმომედეგი მშენებლობა’’ (პნ 01.01.09) საკვლევი ტერიტორია მიეკუთვნება 8 ბალიან სეისმურ ზონას; 6. დამუშავების სიძნელის მიხედვით სამშენებლო უბანზე გავრცელებული გრუნტი სნ და წ IV-5-82 ცხრილი I თანახმად მიეკუთვნება: - თიხა რბილპლასტიკური (ფენა 1) - დამუშავების სამივე სახეობისათვის - I ჯგუფს, საშუალო სიმკვრივის 1700 კგ/მ3; - თიხა ნახევრად მყარი (ფენა 2) - დამუშავების სამივე სახეობისათვის - III ჯგუფს საშუალო სიმკვრივის 1950 კგ/მ3.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– პროექტი, განთავსების სქემა, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა (იხ. ს.ფ. 49-96);
4.1.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 23 იანვარს დ----- ქ-------მა განცხადებით მიმართა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელს და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისთვის პროექტის შეთანხმება ითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– განცხადება (იხ. ს.ფ. 92);
4.1.5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 01 თებერვლის N41/386 შეთანხმების თანახმად დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების საფუძველზე შეთანხმდა ქალაქ ბაღდათში დ----- ქ-------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში (ს/კ 30.11.31.1--) ავტო-ტექ მომსახურების მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 1 თებერვლის N41/386 შეთანხმება (იხ. ს.ფ. 93);
4.1.6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 17 მარტის N 41 290 ბრძანების თანახმად დადგენილია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 01.02.2017 წლის N41/386 ნომრით შეთანხმდა მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები, ქ. ბაღდათში გ-----–--ის ქ-ზე მოქ. დ----- ქ-------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, ავტოსამრეცხაოს მშენებლობისათვის, თუმცა, მშენებლობის ბრძანების გარეშე თვითნებურად მოახდინა შენობის აშენება, გამომდინარე აქედან, დაირღვა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 96-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტი, რის გამოც დ----- ქ-------ს დაეკისრა საჯარიმო მოსაკრებელი. ამავე ბრძანების თანახმად, გადამოწმებული იქნა ქ. ბაღდათში, გ-----–--ის ქუჩაზე დ----- ქ-------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში ავტოსამრეცხაოს მშენებლობა, რის შედეგად დადგინდა, რომ მშენებლობა დასრულებულია და შესაბამისობაშია სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტთან, შესაბამისად ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქალაქ ბაღდათში, გ-----–--ის ქუჩაზე მდებარე დ----- ქ-------ის ავტოსამრეცხაოს შენობა საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზების მიხედვით, ფართით - 29,4 მ2.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 17 მარტის N41 290 ბრძანება (იხ. ს.ფ. 102).
4.1.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 31 ოქტომბრის MIA 7 17 02627106 წერილით დადგენილია, რომ ქ. ბაღდათში, გ-----–--ის ქუჩაზე N4ა-ში მდებარე ავტოსამრეცხაოსა და ავტოტექმომსახურების ობიექტის მოწყობის საკითხი, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონულ სამმართველოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 31 ოქტომბრის MIA 7 17 02627106 წერილი.
4.1.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 ოქტომბრის N5006037217 დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ქ. ბაღდათში, გ-----–--ის ქ. N15ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულის ოთახში საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ მდებარე ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებით, გამოწვეული ხმაურის დონე აღემატება (მეტია) დასაშვებ დღის, საღამოს და ღამის ნორმებს. ქ. ბაღდათში, გ-----–--ის ქ. N15ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ მდებარე ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებით, გამოწვეული ხმაურის დონე აღემატება (მეტია) დასაშვებ დღის, საღამოს და ღამის ნორმებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 26 ოქტომბრის N5006037217 ექსპერტიზის დასკვნა.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონი;
- ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
განსახილველ საქმეზე დავის საგანია ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 17 მარტის N41 290 ბრძანება, რომლითაც ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქალაქ ბაღდათში, გ-----–--ის ქუჩაზე მდებარე დ----- ქ-------ის ავტოსამრეცხაოს შენობა საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზების მიხედვით, ფართით - 29,4 მ2. აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო მიუთითებს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 264-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მშენებლობის (მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის) ნებართვის I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა, II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება და III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემის, მათ შორის, გამარტივებულად გაცემის, წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს ”მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება და ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1/1/1254 ბრძანება.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. ამავე დადგენილების 30-ე მუხლის თანახმად, ადგილობრივ დონეზე მშენებლობის ნებართვის რეგულირებას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე ზედამხედველობის განხორციელება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში.
7.3. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 01 თებერვლის N41/386 მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობი საგანს წარმოადგენს მხოლოდ დასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ბრძანების კანონიერება. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის კი, მნიშვნელოვანია შეფასება მიეცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონიერებას, კერძოდ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 17 მარტის N41 290 ბრძანებით დ----- ქ-------ის კუთვნილი ავტოსამრეცხაოს ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდა თუ არა მშენებლობის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების - ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილებისა მოთხოვნათა დაცვით.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების 33-ე მუხლი განსაზღვრავს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ცალსახად მიუთითებს მშენებლობის შესაძლებლობაზე და კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით. ამავე დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, ხოლო მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე);
მითითებული ნორმატიული აქტის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
ამდენად, მშენებლობის ნებართვა წარმოადგენს განსაკუთრებული იერარქიის ნებართვას, (მე-3 მუხლის 43-ე პუნქტი) რომელიც როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა;
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს 2017 წლის 01 თებერვლის N41/386 ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით შეთანხმდა ქალაქ ბაღდათში დ----- ქ-------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში (ს/კ 30.11.31.1--) ავტო-ტექ მომსახურების მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რაც მშენებლობის ნებართვის უფლების მსურველისათვის, ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით I სტადიას წარმოადგენდა. შესაბამისად, პირველი სტადიის გავლის შემდეგ დაინტერესებული პირი, იმის მიხედვით თუ რომელი კლასის ნაგებობას ეკუთვნოდა მისი ინტერესებში შემავალი შენობა-ნაგებობა, გადადიოდა შემდეგი სტადიისათვის განკუთვნილი შესაბამისი ნებართვის მოპოვების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში უნდა აისახოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო საქმიანობის სუბიექტს - დამკვეთს მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის - ავტოსამრეცხაოს განთავსების ინტერესი გააჩნდა. დ----- ქ-------ის მიმართ გამოცემული მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ 2017 წლის 01 თებერვლის N41/386 ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტში ასევე, მითითებულია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების კონკრეტული მუხლები, რომლითაც დგინდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების მეორე ეტაპზე, დამკვეთის დ----- ქ-------ის ინტერესს წარმოადგენდა II კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა. ის გარემოება, რომ დ----- ქ-------ს განზრახული ჰქონდა II კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა, მხარეებმა ასევე, დაადასტურეს საქმის ზეპირ განხილვაზე.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების მე-19 მუხლი ადგენს შენობა-ნაგებობების კლასებს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა - ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა - ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა - ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ) III კლასი – შენობა - ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა - ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე ) V კლასი – შენობა - ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა - ნაგებობები). შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით. ხოლო, მე-2 პუნქტის შესაბამისად, შენობა - ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა - ნაგებობის პარამეტრების მიხედვით, რეკონსტრუქციისას, იმ შემთხვევაში, როდესაც შენობა - ნაგებობის კლასი იზრდება, კლასი განისაზღვრება შენობა - ნაგებობის საბოლოო (სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული) პარამეტრების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ რეკონსტრუქციისას შენობა - ნაგებობის კლასი მცირდება, მაშინ შენობა - ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება არსებული სარეკონსტრუქციო შენობა - ნაგებობის პარამეტრების მიხედვით.
ამავე დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობის სუბიექტს წარმოადგენს დამკვეთი, რომელიც ვალდებულია: ა) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შედგენა; ბ) უზრუნველყოს შესაბამის ტერიტორიაზე/შენობა-ნაგებობაზე თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად; გ) მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; დ) უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება; ე) ორგანიზება გაუწიოს დადგენილი წესით დასრულებული შენობა - ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის შესაბამისი პროცედურების გავლას; ვ) სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისას მოახდინოს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია ამ დადგენილების 90-ე მუხლის შესაბამისად; ზ) სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი და ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით; თ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და თანამდებობის პირის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გაცნობა.
”მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების XV თავით მოწესრიგებულია II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის საკითხები.
”მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების 67-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, II კლასის შენობა-ნაგებობები ხასიათდება რისკის დაბალი ფაქტორით. ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, II კლასს განეკუთვნება: ა) განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც K-2 არ განისაზღვრება – სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 300 მ2-მდე ფართობის (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისათვის სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 500 მ2-მდე ფართობის), 5 მ-დან 12 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-დან 4 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; ბ) 60 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-დან 15 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-დან 15 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა; გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-ზე მეტი სიმაღლის ღობე; დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 7 მ-ისა; ვ) 1000 მ3-მდე მოცულობის წყალსაცავი; ზ) თხევადი ნივთიერების საცავი/ტერმინალი ავზების ჯამური მოცულობით 100 მ3-მდე; თ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია; ი) მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული დროებითი შენობა ან/და ნაგებობა.
7.4. სასამართლო მიუთითებს, რომ ბუნებრივია იმ პირობებში, როდესაც დ----- ქ-------მა, როგორც 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების სუბიექტმა - დამკვეთმა განხორციელდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შეთანხმება, რომელიც გულისხმობდა II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობას, იგი ვალდებული იყო ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიემართა არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება) მიზნით (II სტადია) და აღნიშნული ეტაპზე საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემდგომ მოეპოვებინა მშენებლობის ნებართვა (III სტადია გაცემა). ხოლო, ყოველი ეტაპის დადგენილი წესით გავლის შედეგად, დამკვეთი დ----- ქ-------ი ვალდებული იყო ორგანიზება გაეწია დასრულებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის სათანადო პროცედურების გავლას, რის შემდეგაც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება, რაც უფლებამოსილი ორგანოს მიერ სანებართვო პირობების შესაბამისად, დასრულებულ მშენებლობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას გულისხმობს და მთელი ამ პროცედურების დამამთავრებელ შედეგს წარმოადგენს. განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება კი, ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას, რაც ასევე მოწესრიგებულია ”მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებათვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების XXII თავით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არც დამკვეთის - დ----- ქ-------ის და არც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაცული არ ყოფილა ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტით დადგენილი წესები, კერძოდ: მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შეთანხმების შემდეგ დამკვეთის მხრიდან არ ყოფილა წარდგენილი ადმინისტრაციულ ორგანოში განზრახული მშენებლობის თაობაზე შენობა-ნაგებობის პროექტი, რომლის შეთანხმების შედეგადაც ადმინისტრაციული ორგანოს გასცენდა ახალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - მშენებლობის ნებართვას. სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეული პროცედურის გავლის სავალდებულობაა ნორმატიული აქტით არის დადგენილი და ის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს ეხება, რაც ბუნებრივია, გამორიცხავს დამკვეთის ან ადმინისტრაციული ორგანოს სუბიექტურ მიხედულებას ამ საკითხის მოწესრიგებასთან მიმართებაში. ხოლო, ნორმატიული აქტით დადგენილი პირობების დაუცველობა ეჭვქვეშ აყენებს არსებული შენობა-ნაგებობის კანონიერების საკითხს მესამე პირების (საზოგადოებისა და სახელმწიფოს) კანონით დაცული ინტერესების დაცვის ჭრილში.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ დამკვეთის განზრახვას წარმოადგენდა ქ. ბაღდათში, გ-----–--ის ქ. N4ა-ში დ----- ქ-------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში ავტოსამრეცხაოს, როგორც II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღების აქტით დგინდება, რომ დ----- ქ-------ის მიერ წარდგენილი მასალებისა და ადგილზე დათვალიერების შედეგად აშენებული შენობა მთლიანად აკმაყოფილებდა პირველი კლასის მშენებლობისათვის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პირობებს, რის გამოც ქ. ბაღდათში, გ-----–--ის ქუჩაზე დ----- ქ-------ის ავტოსამრეცხაო ექსპლუატაციაში იქნა მიღებული, როგორც პირველი კლასის შენობა-ნაგებობა.
7.5. რაც შეეხება I კლასის შენობა-ნაგებობების მიმართ მოთხოვნებს, სასამართლო ასევე, მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; ბ) 20 მ2-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა; გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე; დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა; ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზისა და ბიოგაზის დანადგარი); ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს); ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა; თ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები; ი) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზები; კ) ლანდშაფტური მშენებლობა; ლ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა; ნ) ბანკომატის განთავსება; ო) საჩრდილობლის მოწყობა; პ) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება; ჟ) ღია სათამაშო და სპორტული (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე) მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობა; რ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე განსათავსებელი ბაზრობა-გამოფენებისათვის, საზოგადოებრივი და სანახაობითი ღონისძიებებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა, რომელთაც არ გააჩნია საძირკველი და რომელთა მოწყობის შესახებ მიღებულია საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილება; ს) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა; ტ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე 25 მ3-მდე მოცულობის და არა უმეტეს 2.2 მ სიღრმის აუზის, ღია საცურაო აუზის, აგრეთვე ჭებისა და წყაროების მოწყობა; უ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2 მ3-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნეო კოშკების მშენებლობა; ფ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობა; ქ) გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრება; ღ) აბრებისა და რეკლამების განთავსება; ყ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ; შ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება.
აღნიშნული დადგენილების 66-ე მუხლით მოწესრიგებულია I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის საკითხები. კერძოდ, ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს.
კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დებულებები მეტყველებს იმის თაობაზე, რომ მშენებლობის მწარმოებელი სუბიექტი ვალდებულია დაიცვა შესაბამისი პირობები და ეს პირობები კონკრეტულადაა ჩამოთვლილი ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო/კანონქვემდებარე აქტებში. ამდენად, დ----- ქ-------ის მიერ განხორციელებული უნებართვო მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეკვლია მოითხოვდა თუ არა ფაქტობრივად არსებული შენობა-ნაგებობა (ავტოსამრეცხაო) ისეთ სახის ადმინისტრაციული წარმოების ეტაპების გავლას, რომლის დროსაც მიღებული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (II კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში) ან მშენებლობის ნებართვა (I კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში). ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოკვლეული უნდა ყოფილიყო ის გარემოება, რომ მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ნებართვის ეტაპზე განმცხადებლის მიერ არ იყო დაცული კანონის დანაწესები, უკვე აშენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება შეესაბამებოდა თუ არა სპეციალურ - სამშენებლო სფეროს მარეგულირებელ ნორმატიული აქტის მოთხოვნებს და იმ პირობებში, როდესაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილით ცალსახად იყო დადგენილი სავალდებულო ხასიათის მოთხოვნები, რომელთა დაცვა, იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობა საავტომობილო გზის პირას განხორციელდა, დამატებით ვალდებულებებს უდგენდა როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, ისე დამკვეთს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სამშენებლო სფეროში წარმოებულ საქმიანობის თითოეული საკითხის უგულვებელყოფა არ უნდა ქმნიდეს იმ მოცემულობას, როდესაც დამდგარი შედეგი არ იქნება კომპენსირებული და გაწონასწორებული სხვა ღონისძიებებით, რომელთა გატარება უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს, სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და სხვისი საკუთრების უფლების დაცვას და რეალიზაციას. ამგვარი წესების დაცვის გარშე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება არ უნდა უპირისპირდებოდეს სხვა პირის ან საზოგადოებრივი ინტერესებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ განხორციელდა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედება. დამატებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი N57 დადგენილების ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს ამ დადგენილების შესაბამისად II, III და IV კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას; მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს ამ დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩაბმის უზრუნველყოფას. ამავე დადგენილების 32–ე მუხლით განსაზღვრულია თუ რომელია ის ,,სხვა ადმინისტრაციული ორგანოები’’, რომლებიც მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში იღებენ მონაწილეობას.
დასახელებულ საკანონმდებლო დანაწესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ან/და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ჩართვის უზრუნველყოფა დადგენილი არ არის, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ,,საავტომობილო გზების შესახებ’’ საქართველოს კანონის ნორმებით, რადგან საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამასთან, ,,საავტომობილო გზების შესახებ’’ საქართველოს კანონი ადგენს საავტომობილო გზების მფლობელთა და საავტომობილო გზებით მოსარგებლეთა, აგრეთვე საგზაო-საინჟინრო ნაგებობების მფლობელ ორგანიზაციათა გზებით სარგებლობისა და დაცვის წესებს, გზათსარგებლობის (ინფრასტრუქტურის უტილიზაციის) საფასურის ოდენობას და გადახდის წესს, აწესებს მოთხოვნებს საავტომობილო გზების მოწყობილობისადმი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (კანონის პრეამბულა). ამავე კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვის, გასაჩერებელი და სამრეცხაო მოედნის მოწყობა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. ბაღდათში, გ-----–--ის ქუჩაზე N4ა-ში მდებარე ავტოსამრეცხაოსა და ავტოტექმომსახურების ობიექტის მოწყობის საკითხი, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონულ სამმართველოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. ასევე აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დროს დაცული არ ყოფილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული პირობების მოთხოვნები, კერძოდ: ავტოსამრეცხაო, ავტოტექმომსახურების ობიექტი განთავსებული უნდა ყოფილიყო საავტომობილო გზის ღერძიდან 7.50 მეტრსა და არსებული ტროტუარის მიღმა, ავტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის მოწყობის საკითხი უნდა შეთანხმებულიყო შსს-ის შესაბამის რეგიონულ ქვედანაყოფთან.
სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს მესამე პირთა (მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მესაკუთრეების) კანონიერი ინტერესების გათვალისწინება დაკავშირებული ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობასთან მიმართებით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის სადავო აქტის საფუძველზე დ----- ქ-------ის მიერ ავტოსამრეცხაოს აშენება და ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდა იმ საცხოვრებელი სახლის მოსაზღვრედ (მოპირდაპირედ), სადაც ცხოვრობს მოსარჩელე კ---------------ე.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ დ----- ქ-------ის მიერ ქ. ბაღდათში, გ-----–--ის ქუჩაზე N4ა-ში მდებარე ავტოსამრეცხაოსა და ავტოტექმომსახურების ობიექტის მოწყობის შედეგად კ---------------ის საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით ირკვევა, რომ ქ. ბაღდათში, გ-----–--ის ქ. N15ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულის ოთახში საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ მდებარე ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებით, გამოწვეული ხმაურის დონე აღემატება (მეტია) დასაშვებ დღის, საღამოს და ღამის ნორმებს. ქ. ბაღდათში, გ-----–--ის ქ N15ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ მდებარე ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებით, გამოწვეული ხმაურის დონე აღემატება (მეტია) დასაშვებ დღის, საღამოს და ღამის ნორმებს. საყურადღებოა, რომ ნორმატიული აქტი - ტექნიკური რეგლამენტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებით, გამოწვეული ხმაურის დონის განსაზღვრა, მიღებულია სადავო აქტის გამოცემის შემდეგ, ,,საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს N398 დადგენილებით, თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება ასევე, დამატებით ქმნის სადავო აქტის ბათილობის საფუძვლებს მესამე პირის კანონით დაცული პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის, უფლების ან ინტერესის უკანონოდ შეზღუდვასთან დაცვის უპირატესი მნიშვნელობით. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის განმარტებით და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით (ფოტომასალა) დასტურდება, რომ ავტოსამრეცხაოს მომხმარებლებს, მომსახურების მიღების რიგში ყოფნის დროს, უწევთ ავტომანქანების როგორც უშუალოდ ავტოსამრეცხაოს წინ არსებულ ტროტუარზე გაჩერება (რაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დადგენილი პირობების დარღვევას წარმოადგენს), ისე მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოს წინ არსებულ სივრცეში, აღნიშნული გარემოება კი ასევე ადასტურებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროს არ მომხდარა საქმის მასალების სრულყოფილად შესწავლა და გამოკვლევა, არ იყო შესრულებულიყო მატერიალური სამშენებლო კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების მოთხოვნები, რომელთა განუხორციელებლობა ქმნის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს.
7.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმეში მონაწილე მესამე პირისათვის დ----- ქ-------ისათვის წარმოადგენს აღმჭურველ აქტს. სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
სასამართლოს მოსაზრებით, ცალსახაა, რომ სახეზეა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელის საფუძველზეც განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება - დაიწყო და მიმდინარეობს უძრავი ნივთის შენობა-ნაგებობის ექსპლუატაცია, სამეწარმეო საქმიანობის მიზნით. თუმცა, ზემოაღნიშნული ნორმა, იმ აღმჭურველი აქტის ბათლად ცნობის აკრძალვასთან ერთად, რომლის მიმართაც არსებობს კანონიერი ნდობა, ითვალისწინებს გამონაკლისს, როდესაც, მიუხედავად კანონიერი ნდობისა, შესაძლებელია აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობა. ამგვარი ლეგიტიმური გამონაკლისია, თუ 1. აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, (კანონიერი ნდობა არ არსებობს) 2. თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
ამდენად, კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება Nბს-428-423(2კ-14)). იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ის იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ იყო გამოკვლეული მთელი რიგი გარემოებები და არ იყო დაცული ნორმატიული მოთხოვნები, სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს მესამე პირის კანონიერი ნდობის პრინციპის უპირატესობა მოსარჩელის (და შესაძლოა, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივ ((სადავო ტერიტორია მდებარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე) ინტერესებთან კონფლიქტის გამო.
სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ქალაქ ბაღდათში, გ-----–--ის ქუჩაზე მდებარე დ----- ქ-------ის ავტოსამრეცხაოს შენობის ექსპლუატაციაში მიღებას წინ უსწრებდა მთელი რიგი ისეთი სახის დარღვევები, რომელთა არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
7.6. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი, ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად მოცემულ საკითხზე იქნებოდა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო ასევე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში. იმავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ამასთან, მისაღები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირის სამართლებრივი მდგომარეობის შესაძლო გაუარესების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს ამ პირს და უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში მისი მონაწილეობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის №ბს-964-925(კ-07) და 2009 წლის 13 იანვრის №ბს-1113-1075(კ-08) განჩინებები).
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარეს არსებითი შედავება მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ არ განუხორციელებია.
7.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დ----- ქ-------ის ავტოტექმომსახურების ობიექტის ექსპლოატაციაში მიღება გამომდინარეობდა შესაბამის დოკუმენტებზე დაყრდნობით. ამდენად სარჩელი საფუძვლიანია ანუ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით არამართებულად იქნა მიღებული ექსპლოატაციაში ქალაქ ბაღდათში, გ-----–--ის ქუჩაზე მდებარე დ----- ქ-------ის ავტოსამრეცხაოს შენობა.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შესაბამისად ქალაქ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს კ---------------ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
რაც შეეხება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯს, ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას კ---------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის გონივრულ ფარგლებში, კერძოდ 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 32).
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 10-ე, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. კ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნას ცნობილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 17 მარტის N41 290 ბრძანება.
3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას კ---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.
4. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას კ---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი