გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.09.2018
საქმის ნომერი
080310017001851498
კატეგორია
დავის ტიპი
საერთო სახელმწოფო და ადგილობრივ გადასახადებთან დაკავშირებით
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310017001851498

N3/321-2017წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე, გიორგი ესაძე, ქეთევან კირიაკიდი

მოსარჩელე - დ----- გ--------ე

წარმომადგენელი - პ----------–--------------------------–-–---–ი

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ა--------–---–ი

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო

წარმომადგენელი - გ-----------------ე

მესამე პირი (ასკ-ის მე-16.2 მუხლი) – ო----- დ------ე

მესამე პირი (ასკ-ის მე-16.1 მუხლი) – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი – ანა ხუჯაძე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება.

ა ღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის N35076 ბრძანება;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის N03/26818 გადაწყვეტილება;

1.3. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს, როგორც კრედიტორი მოითხოვს იძულებითი აღსრულების შეწყვეტა დ----- გ--------ის მიმართ.

 

მოსარჩელის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განაჩენით დაკმაყოფილდა ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა და სსსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის საფუძველზე დ----- გ--------ეს როგორც შპს ,,ე--------------------ის’’ დირექტორს და ო----- დ------ეს სოლიდარულად, დაკისრა 157 150 ლარის ანაზღაურება; გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების თაობაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. მოსარჩელემ 2016 წლის 8 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და ითხოვა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე დავალიანების ჩამოწერა და აღსრულების ბიუროდან სააღსრულებო ფურცლის გამოთხოვა. თუმცა, სსიპ შემოსავლების სამსახურმა უარი უთხრა სააღსრულებო ფურცლის გამოთხოვაზე და სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტაზე. აღნიშნული უარი მოსარჩელემ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 17 თებერვლის N03/26818 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

2.1. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენელმა სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

3. მესამე პირების პოზიცია.

 

3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ჩაბმულმა მესამე პირმა ო----- დ------ემ სრულად გაიზიარა სასარჩელო მოთხოვნა.

 

3.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჩაბმულმა მესამე პირმა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვინაიდან სახეზე არ არის კრედიტორ სსიპ შემოსავლების სამსახური განცხადება სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ, აღსრულების ეროვნული ბიურო მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილი არ არის შეწყვიტოს სააღსრულებო წარმოება.

 

4. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. დადგენილია, რომ 2005 წლის 15 თებერვლის N28 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,ე--------------------ის’’ ბიუჯეტსა და სახელმწიფო სპეციალურ ფონდებთან ანგარიშსწორების მდგომარეობის შემოწმება, შესამოწმებელი პერიოდი: 01.01.2004-01.02.2005წწ; შემოწმების შედეგად შპს ,,ე--------------------ს’’ გადასახდელად დაერიცხა: ჯამში - 157 151, 59 ლარი; მათ შორის ჯარიმა - 18 397, 46 ლარი; საურავი - 35 715, 00 ლარი; სულ დარიცხულია - 211 264, 05 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემოწმების აქტი;

 

4.1.2. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს N-1-506 განაჩენით დ----- სერგოს ძე გ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, დ----- გ--------ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა 2 წლით პირობით გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დ----- გ--------ეს დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. დ----- გ--------ეს დაეკისრა სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 157 150 ლარი სოლიდარულად ო----- დ------ესთან ერთად, ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 იანვრის განაჩენით უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განაჩენი სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის - 157 150 ლარის ანაზღაურების ნაწილში. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 7 სექტემბრის N450აპ განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ო----- დ------ის საკასაციო საჩივარი.

 

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განაჩენზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2009 წლის 3 სექტემბერს გაიცა N-1-506 /06 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, სამოქალაქო სარჩელები დაკმაყოფილდა და ო----- დ------ეს დაეკისრა სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 157 150 ლარი სოლიდარულად დ----- გ--------ესთან ერთად, ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ. კრედიტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია); მოვალეები: ო----- დ------ე; დ----- გ--------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განაჩენი (იხ. ს.ფ. 26-33);

- სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 39);

 

4.1.3. დადგენილია, რომ აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია N02/09-03-00808 სააღსრულებო საქმე, 2009 წლის 3 სექტემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული და კრედიტორის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი N1-506/06 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესახებ. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და ო----- დ------ეს დაეკისრა სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 157 150 ლარი, სოლიდარულად დ----- გ--------ესთან ერთად ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 2 მარტის წერილის თანახმად, 2017 წლის 2 მარტის მდგომარეობით დ----- გ--------ის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ მიმდინარე დავალიანება აღსრულების საფასურის ჩათვლით შეადგენს - 56228.3 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N72285 წერილი (იხ. ს.ფ. 37-38);

- N02.03.20177 წლის წერილი (იხ. ს.ფ. 46-47);

 

4.1.4. შემოსავლებისა სამსახურის 2016 წლის 4 ივლისის ცნობით დადგენილია, რომ 2016 წლის 21 ივნისის მდგომარეობით შპს ,,ე--------------------ს’’ სალდო საანგარიშო პერიოდის დასასრულს ერიცხება ზედმეტობა - 1 425.24 ლარი.

 

შემოსავლებისა სამსახურის 2016 წლის 4 ივლისის ცნობით ასევე დადგენილია, რომ ფ/პ დ----- გ--------ეს, შემოსავლებისა სამსახურის საინფორმაციო სისტემების მონაცემების მიხედვით, 2016 წლის 4 ივლისის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტობა - 120 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შედარების აქტი (იხ. ს.ფ. 34);

- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან (იხ. ს.ფ. 35-36);

 

4.1.5. დადგენილია, რომ დ----- გ--------ემ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 აგვისტოს ბრძანებით დ----- გ--------ის განცხადება დარჩა განუხილველი. აღნიშნული ბრძანება გაუქმდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სსიპ შემოსავლების სამსახურს, იმ მოტივით, რომ ვინაიდან 03.09.2009 წლის N1-506/06 სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად წარდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიერ საგადასახადო ინსპექციის აქტის მიხედვით დარიცხული თანხების ამოღების მიზნით, ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად მითითებულია შემოსავლების სამსახური, ხოლო ის დავალიანება, რომლის გადახდევინების უზრუნველსაყოფადაც გამოიცა აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი ჩამოიწერა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის საგანი არ სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს.

 

შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის N35076 ბრძანებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოდან ხელახლა განსახილველად დაბრუნებული დ----- გ--------ის განცხადება, რომლის ფარგლებშიც, საკითხის განხილვის მიზნით 2016 წლის 2 ნოემბრის N30111 ბრძანებით შეჩერდა საჩივრის განხილვა.

 

ხოლო, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის სასამართლო დავების სამმართველომ 2016 წლის 16 ნოემბრის N21-04/124630 განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და განაჩენის განმარტება მოითხოვა, კერძოდ, განცხადებაში მითითებულია, რომ საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის თანახმად, დ----- გ--------ეს და ო----- დ------ის მიერ დაფუძნებულ შპს ,,ე--------------------ს’’ ხანდაზმულობით ჩამოეწერა დაბეგვრის პირად ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შექმნილი სირთულიდან გამომდინარე აღსრულების ხელშეწყობის მიზნით ითხოვეს სსსკ-ის 262-ე მუხლის საფუძველზე განემარტოთ: შპს ,,ე--------------------ის’’ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შედეგად, ჩაითვლება თუ არა შესრულებულად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დ----- გ--------ეზე დაკისრებული, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. აღნიშნული განცხადების პასუხად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის წერილით შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების (განაჩენის) განმარტებას არ ითვალისწინებს.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 8 დეკემბრის N35076 ბრძანებით დ----- გ--------ეს უარი ეთქვა მოთხოვნის - სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ, დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული ბრძანება დ----- გ--------ემ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. 2018 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმ მოტივით, რომ ვინაიდან საგადასახადო ორგანოს ჩამოწერილი აქვს 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და 01.06.2016 წლამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება და მასზედ დარიცხული საურავი, და არა სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხა 157 150 ლარი, რომელიც დ----- გ--------ეს სოლიდარულად აქვს დაკისრებული სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების კუთხით, რაც საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე ჩამოწერას არ ექვემდებარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2016 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 41-44);

- განცხადება, განცხადების პასუხი;

- N35076 ბრძანება (იხ. ს.ფ. 16-18);

- 17.02.2017 წლის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 20-23);

 

4.1.6. დავების დეპარტამენტის 2018 წლის 6 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათის თანახმად დადგენილია, რომ მომსახურების დეპარტამენტის 2016 წლის 16 ივნისის N74043-21-11 დასკვნით შპს ,,ე--------------------ს’’ 2018 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩამოეწერა 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანება სრულად. აღნიშნული დავალიანება წარმოშობილია გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2005 წლის 15 მარტის შემოწმების აქტის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N99910-21-11 წერილი;

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავოა ის გარემოება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობისა და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს საგადასახდო კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის N35076 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის N03/26818 გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

7.2. დადგენილია, რომ 2005 წლის 15 თებერვლის N28 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,ე--------------------ის’’ ბიუჯეტსა და სახელმწიფო სპეციალურ ფონდებთან ანგარიშსწორების მდგომარეობის შემოწმება, შესამოწმებელი პერიოდი: 01.01.2004-01.02.2005წწ; შემოწმების შედეგად შპს ,,ე--------------------ს’’ გადასახდელად დაერიცხა: ჯამში - 157 151, 59 ლარი; მათ შორის ჯარიმა - 18 397, 46 ლარი; საურავი - 35 715, 00 ლარი; სულ დარიცხულია - 211 264, 05 ლარი;

 

საქმეში წარმოდგენილი განაჩენით ირკვევა, რომ დ----- გ--------ეს (შპს ,,ე--------------------ის’’ დირექტორი) ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისათვის, განზრახ თავის არიდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, კერძოდ დ----- გ--------ემ, როგორც შპს ,,ე--------------------ის’’ დირექტორმა 2004 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში განზრახ აარიდა თავი 157 150 ლარის ოდენობით ძირითად გადასახადს.

 

სასამართლო მიუთითებს (სადავო პერიოდში მოქმედი) სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, 1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება ოცდახუთი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – როდესაც თანხა აღემატება სამოცდათხუთმეტ ათას ლარს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შეტყობინების მიღებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში გადახდილი იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა.

 

კონკრეტული დანაშაულის უშუალო ობიექტს სახელმწიფოს ფინანსური/საბიუჯეტო ინტერესები წამოადგენს, ხოლო დანაშაულის ობიექტურ მახრე დიდი ოდენობით გადასახადისგან თავის არიდებაში (ქმედება/უმოქმედობა) გამოიხატება. აღსანიშნავია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის დადგომის აუცილებელი პირობას წარმოადგენს გადაუხდელი გადასახადების დიდი ოდენობა/განსაკუთრებით დიდი ოდენობა. ამსრულებელი არის - გადასახადის გადამხდელი, პირი რომელიც ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი, მაგრამ მისი განზრახვაა, სხვადასხვა მოტივით არ შეასრულოს საგადასახადო ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით აღნიშნული დანაშაულის სუბიექტ(ებ)ს დ----- გ--------ე (მესამე პირი ო. დ------ე) წარმოადგენდა, რომელმაც როგორც შპს-ს დირექტორმა ისარგებლა შესაძლებლობით თავი აერიდებინა შპს-ს ვალდებულებას განეხორციელებინა საგადასახადო ანგარიშსწორება სახელმწიფოს წინაშე. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს აღნიშნული მუხლის შენიშვნას, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არდაეკისრების შესაძლებლობას იძლეოდა იმ შემთხვევისათვის, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შეტყობინების მიღებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში გადახდილი იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა. ანუ, სახელმწიფო, ინტერესების თვალსაზრისით, პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობასთან შედარებით პრიორიტეტულობას საგადასახადო ვალდებულების შესრულებას ანიჭებდა, რისთვისაც საშეღავათო პერიოდს 45 დღის ვადით განსაზღვრავდა.

 

იმავე დროს მოქმედი (1998 წლის 20 თებერვლის) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რედაქციის IV თავი არეგულირებდა სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო სარჩელის საკითხებს. კოდექსის 30-ე მუხლით განსაზღვრული იყო სამოქალაქო სარჩელს და მისი წარდგენის საფუძვლები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება აქვს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იურიდიულ პირს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლება აქვს მოითხოვოს ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქონებრივი ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით, პირდაპირი ზიანისა და ანაცდენი სარგებლის სახით, საშუალო-საბაზრო ფასებით ინდექსაციის გამოყენებით.

 

ამავე კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო სარჩელის საფუძვლის მტკიცება და ფასის განსაზღვრა ხდება სისხლის სამართლის პროცესის წესით. კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სამოქალაქო სარჩელის განხილვისას ზიანის ანაზღაურების საფუძველს, პირობას, მოცულობასა და წესს განსაზღვრავს სამოქალაქო, შრომისა და სხვა კანონმდებლობა.

 

დადგენილია, რომ დ----- გ--------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ წარდგენილი იქნა სამოქალაქო სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განაჩენით და დ----- გ--------ეს დაეკისრა სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 157 150 ლარის გადახდა სოლიდარულად ო----- დ------ესთან ერთად, ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდება სისხლის სამართლის საქმეზე, აღსრულდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესებით.

 

მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განაჩენით დ----- გ--------ეს საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის 157 150 ლარის ანაზღაურება (სოლიდარულად ო----- დ------ესთან ერთად), ამ განაჩენის საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2009 წლის 3 სექტემბერს გაიცა N1-506/06 სააღსრულებო ფურცელი.

 

შპს ,,ე--------------------ისათვის’’ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება: ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2011 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება);

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოაწეროს 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს საკითხის გარკვევა: 1. წარმოადგენს თუ არა დ----- გ--------ისათვის განაჩენით დაკისრებული ზიანის თანხა, იმავე თანხას, რაც საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დაერიცხა შპს ,,ე--------------------ს’’ და 2. საგადასახადო კოდექსის საფუძველზე შპს ,,ე--------------------ისათვის’’ თანხის ჩამოწერა ასევე, გულისხმობს თუ არა დ----- გ--------ის, განაჩენით დაკისრებული ზიანის ანაზღაურებისაგან განთავისუფლებას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დასადგენია განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი და მიმდინარე კანონმდებლობა მოიაზრებს თუ არა, რომ შპს-ს მხრიდან საგადასახადო ვალდებულების შესრულება და დ----- გ--------ის მიერ ზიანის თანხის ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს დარიცხული/დამალული თანხის ოდენობის - 157 150 ლარის ფარგლებში სახელმწიფოსათვის დაბრუნებას ფიზიკური პირის ან შპს-ს მიერ, თუ ორ სუბიექტს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა შეესრულებინა ვალდებულება - ერთი მხრივ შპს-ს ვალდებულება გადაიხადოს დარიცხული გადასახადი და, მეორე მხრივ, ფიზიკური პირის მიერ განაჩენით დაკისრებული ზიანის ანაზღაურება, რომლის შესრულების შემთხვევაში, ბიუჯეტში ორმაგი შენატანით აისახება.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის გარემოება, რომ შპს ,,ე--------------------ს’’ (13 მაისი 2016 წლის N5092-IIს კანონი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩამოეწერა 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანება სრულად. აღნიშნული დავალიანება წარმოშობილია გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2005 წლის 15 მარტის შემოწმების აქტის საფუძველზე. ასევე, სადავო არ არის ის გარემოება, რომ შემოწმების შედეგად შპს ,,ე--------------------ს’’ გადასახდელად დაერიცხა: ჯამში - 157 151, 59 ლარი;

 

დადგენილია, რომ აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია N02/09-03-00808 სააღსრულებო საქმე, 2009 წლის 3 სექტემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული და კრედიტორის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი N1-506/06 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესახებ. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, სამოქალაქო სარჩელები დაკმაყოფილდა და ო----- დ------ეს დაეკისრა სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 157 150 ლარი სოლიდარულად დ----- გ--------ესთან ერთად, ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ. კრედიტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია); მოვალეები: ო----- დ------ე; დ----- გ--------ე.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ 2006 წლის 4 აგვისტოს განაჩენზე, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა განმარტა შემდეგი: ,,2005 წლის 15 მარტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის შემოწმების აქტით შპს ,,ე--------------------ის’’ ხელმძღვანელების მიერ 2004 წლის იანვრიდან 2005 წლის 1 თებერვლამდე ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 157 150 ლარის ძირითადი გადასახადისგან განზრახ თავის არიდებას, რაც გამოწვეული იყო საქონლის შეძენის დამადასტურებელი პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის არარსებობით. ასეთ დოკუმენტაციას არ აწარმოებდა შპს, არ აწარმოებდა არასრულყოფილად, რამაც გამოიწვია განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადის დამალვა და სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ამიტომ ითხოვა აღნიშნული თანხა დაეკისროს განსასჯელებს გადასახადათ სახელმწიფოს სასარგებლოდ“.

 

ამდენად იმ პირობებში, როდესაც შპს ,,ე--------------------ს’’ (13 მაისი 2016 წლის N5092-IIს კანონი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩამოეწერა 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანება სრულად, კერძოდ 157 150 ლარი, სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა დ----- გ--------ის მიერ (საგადასახადო შემოწმების შედეგად შპს-სათვის დარიცხული თანხების ოდენობის იდენტურობის გათვალისწინებით) სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის 157 150 ლარის ანაზღაურების შესახებ სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია, რადგან აღნიშნული არის ის თანხა რაც კანონის საფუძველზე ჩამოეწერა შპს ,,ე--------------------ს’’ და რომელიც თავის მხრივ, როგორც სახელმწიფოზე მიყენებული ზიანი დაეკისრა დ----- გ--------ეს, როგორც შპს ,,ე--------------------ის’’ დირექტორს, რომლის უკანონო ქმედების გამო სახელმწიფო ბიუჯეტი არ შეივსო ბიუჯეტში სავალდებულო, უპირობო შენატანით 157 150 ლარით.

 

სასამართლო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიზნებიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსაზღვრისა და კონკრეტული ურთიერთობის რეგულირების მასშტაბი არ არის ზოგადი და ერთიანი ყველა შემთხვევისათვის, იგი დამოკიდებულია მოსაწესრიგებელი სფეროს თავისებურებებზე, საგადასახადო სამართლიანობის ინტერესების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. აქ მნიშვნელოვანს, საყურადღებოს წარმოადგენს თუ რა მასშტაბით, ფორმითა და ინტენსიურობით ვრცელდება კონკრეტული ნორმის მოქმედება სუბიექტზე და რამდენად შემზღუდველი თუ შემამსუბუქებელი შეიძლება იყოს ადრესატებისათვის, რომელიც რიგ შემთხვევებში ადამიანის ძირითად უფლებებს ეხება.

 

აღნიშნული ნორმა თავისი არსით წარმოადგენს ,,ამნისტიას“, ,,პატიებას“ და ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, შესაბამისი ზომები მიიღოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების შესამსუბუქებლად. დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე, კანონმდებელი კანონში განხორციელებული ცვლილებით ამგვარი უფლებამოსილებას ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მისი ქმედების კანონიერების შეფასების თვალსაზრისით სასამართლო უფლებამოსილია კანონის ზუსტი განსაზღვრება მოახდინოს.

 

ზემოთ აღნიშნული განსაკუთრებით ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო, კანონის გამოყენებისას აღიჭურვება უფლებამოსილებით მოაწესრიგოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევები და, აქედან გამომდინარე, გარკვეულ წილად, შესაძლებელია ყურადღების მიღმა დარჩეს სუბიექტი, რომლის ვალდებულებებზეც პირდაპირ ასახვას ჰპოვებს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების თანაბარი განაწილებისა და განვრცობის პრინციპი. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი ადმინისტრაციულ ორგანოს მის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში, ანიჭებს გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციას, განახორციელოს თუ არა კანონით ცალსახად მოწესრიგებული ჩარევის შესაძლებლობა. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მოვალისა და კრედიტორის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესთა ურთიერთშეფარდება მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოვალის კონსტიტუციური უფლებიდან (საკუთრების უფლება) გამომდინარე ინტერესები, რომლებიც უპირისპირდება იძულებითი აღსრულების წარმოებას, აშკარად და არსებითად გადასწონის იმ მოთხოვნილებებს, რომლებსაც ემსახურება სახელმწიფო სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელების თვალსაზრისით, სასამართლო ვალდებულია დაპირისპირებული ინტერესების შინაარსის გამოკვლევის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მოსაზრებით, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ,,შეღავათების“ არსი მდგომარეობს ადამიანის ძირითად უფლებების დაცვასა და განმტკიცებაში. სახელმწიფოს მიერ მიღებული საშეღავათო ნორმების სხვაგვარი ინტერპრეტაცია, განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის ტოლფასად, რადგან საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადაუხდელი თანხების ჩამოწერა სახელმწიფო ორგანოებს აყენებს ვალდებულების წინაშე: შეძლებისდაგვარად შეამცირონ შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებებით დაკისრებული პასუხისმგებლობა, იმ დროს როდესაც მათი შეუსრულებლობა (დროში განვრცობილი საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობა მათი სიმძიმის გამო) გადასახადის გადამხდელს (მოვალეს) უმძიმეს ტვირთად აწევს.

 

სასამართლოს მოსაზრებით, წინამდებარე შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოებმა თავიანთი წარმოების სტრუქტურის ფარგლებში სათანადოდ არ გაითვალისწინეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე ადამიანის საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპის მოთხოვნები. სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- გ--------ის მიმართ განაჩენით დაკისრებული თანხის გადახდა, რომელიც შპს ,,ე--------------------ისათის’’ ,,ამნისტირებული“ იყო საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ფიზიკური პირის მიმართ წარმოშობს დამატებით მოვალეობას, რომელიც სცდება საქართველოს კანონმდებლობას და კონსტიტუციით ნორმირებულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ მოვალეობებს. რადგან, იმის დაშვება, რომ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ მოსარჩელის მიმართ განაჩენით დადგენილი კონკრეტული ვალდებულება მაინც ვრცელდება ფიზიკურ პირზე, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების საწინააღმდეგო მოსაზრებას წარმოადგენს.

 

რაც შეეხება თავად სისხლის სამართლებრივი ქმედების დასჯადობას და სანქცირებას დ----- გ--------ეს მისი ქმედებისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. მასვე სსკ-ის 63-64-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა 2 (ორი) წლით პირობით გამოსაცდელი ვადით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ხოლო სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის სახით დაეკისრა 157 150 (ასორმოცდაჩვიდმეტი ათას ასორმოცდაათი) ლარი, (სოლიდარულად ო. დ------ესთან ერთად) ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ დ----- გ--------ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დანაშაულისათვის შეფარდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელი, ხოლო ზიანის ანაზღაურება არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის კანონით დადგენილ სასჯელის სახეს.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების დროს უნდა ხელმძღვანელობდნენ კონკრეტული საკანონმდებლო დანაწესით და მათი ქმედება, მით უფრო როდესაც ის ეხება ადამიანის ძირითად უფლებებს, უნდა ექვემდებარებოდეს კანონმდებლის შინაარსობრივი ნორმირებას და არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ზოგად პრინციპებზე მითითებით, რადგან დაუკონკრეტებელი და არამკაფიოდ განსაზღვრული ზოგადი ხასიათის დათქმა, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს უფლებამოსილებას, ცალკეულ შემთხვევაში თვითონ განსაზღვროს ქმედების თავისუფლების ფარგლები, არ შეესაბამება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონიერების პრინციპის დაცვას.

 

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, მოქალაქის თავისუფლების უპირატესობის ვარაუდთან ერთად, მოითხოვს თითოეულის დაცვას საჯარო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული არასაჭირო, ზედმეტი შეზღუდვებისაგან; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უფლების ამგვარი ხელყოფა გამოწვეულია კანონით გათვალისწინებული პრინციპისა თუ აკრძალვის აუცილებლობით, მაშინ სავალდებულოა, მოქალაქეს განემარტოს მისი წინაპირობები და მისთვის გასაგები ფორმით მიეწოდოს ამასთან, რაც უფრო მეტად ეხება კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა ადამიანის თავისუფალი მოქმედების გამოვლენის ელემენტარულ ფორმას, მით უფრო ზედმიწევნითა და სიფრთხილით უნდა მოხდეს მოქალაქის თავისუფლების, უფლების, როგორც ძირითადი პრინციპისა, და აღნიშნული შეზღუდვის გამამართლებელი საფუძვლების ურთიერთშეფარდება. ყოველივე აღნიშნული, პირველ რიგში, გულისხმობს, რომ შეზღუდვის საშუალებები შეესაბამებოდეს კანონით გათვალისწინებულ მიზანს და ზედმეტად არ ზღუდავდეს ცალკეულ მოქალაქეს.

 

7.3. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარუდგენლობა, უკანონოა, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის N35076 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის N03/26818 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე და მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურს დავალდებულება მოითხოვს სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა დ----- გ--------ის მიმართ (03.09.2009 წლის N1/506/06 სააღსრულებო ფურცელი) საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.4. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოტანილია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რომლის არარსებობისას საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად სახეზეა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალდებულების პირობები.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ – დ----- გ--------ემ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 100 (ასი) ლარი; სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა

 

1. დ----- გ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის N35076 ბრძანება.

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის N03/26818 გადაწყვეტილება.

 

4. დაევალოს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს მოითხოვს სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა დ----- გ--------ის მიმართ (03.09.2009 წლის N1/506/06 სააღსრულებო ფურცელი).

 

5. სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს დ----- გ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი