გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე №2/8695-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - ნ-------------–-ა
წარმომადგენელი - გ---–--–-----ა
მოპასუხე - ი-----–- ბ--------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ი-----–- ბ--------ას მოსარჩელე ნ-------------–-ას სასარგებლოდ დაეკისროს, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხის ძირითადი თანხის - 12 000 აშშ დოლარის, 0.07%-ს გადახდა, 2015 წლის 24 ნოემბრიდან 2016 წლის 24 ოქტომბრამდე (სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე), რაც შეადგენს 2 772 აშშ დოლარს.
1.2. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებად.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2015 წლის 24 ოქტომბერს, ნ-------------–-ას და ი-----–- ბ--------ას შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ-------------–-ამ ი-----–- ბ--------ას ასესხა 12 000 აშშ დოლარი, თვეში 3 %-იანი სარგებლით. სესხი უნდა დაბრუნებულიყო ექვსი თვის ვადაში - 24.04.2016 წელს. ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მსესხებელს ი-----–- ბ--------ას მსესხებლის ნ-------------–-ას სასარგებლოდ დაერიცხებოდა პირგასამტეხლო ძირი თანხის 1.12%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე. რადგან ი-----–- ბ--------ა არ ასრულებდა 2015 წლის 24 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ნ-------------–-ამ მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. ნოტარიუსმა ე-–-----–----–---–მა 2016 წლის 24 ოქტომბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობამ შეადგინა: სესხის ძირითადი თანხა 12 000 აშშ დოლარი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი და აღსრულების ხარჯი სრულად. იპოთეკის საგნის რეალიზაცია აუქციონზე. სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ზემოთ მითითებული ვალდებულება სესხის ძირითადი თანხისა და ყოველთვიური სარგებლის ნაწილში) ამჟამად აღსრულებულია.
ი-----–- ბ--------ას მიერ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ სრულდებოდა, ნ-------------–-ას მიადგა ზიანი, რის გამოც ი-----–- ბ--------ას უნდა დაეკისროს ნ-------------–-ას სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით - სესხის ძირითადი თანხის - 12 000 აშშ დოლარის ყოველდღიური 0.07%, 2015 წლის 24 ნოემბრიდან 2016 წლის 24 ოქტომბრამდე (სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე), რაც შეადგენს 2 772 აშშ დოლარს. მხარემ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად აღსრულებულია მისი მოთხოვა ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში, მას აქვს უფლება მოპასუხოს მოსთხოვოს 2015 წლის 24 ნოემბრიდან 2016 წლის 24 ოქტომბარმდე შუალედში ანუ სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დაკისრება, რომელსაც ამჟამად შემცირებული სახით ითხოვს (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ი-----–- ბ--------ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ნ-------------–-ას მოთხოვნა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი სრულად იქნა აღსრულებული, შესაბამისად, მოსარჩელეს არანაირი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი არ აქვს. მანვე მიუთითა, რომ მოსარჩელეზე გადაცემული აქვს იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ამას იგი ადასტურებს, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ვინაიდან აღსრულებულია გადაწყვეტილება და მხოლოდ ახლა ითხოვს პირგასატეხლოს დაკისრებას მოსარჩელე, აღნიშნული უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებაა, რომ 2015 წლის 24 ოქტომბერს მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში არსებული დავალიანება ამჟამად აღსრულებულია.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2015 წლის 24 ოქტომბერს, ნ-------------–-ამ ი-----–- ბ--------ასა და რ---- ბ--------ასთან გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ-------------–-ამ ი-----–- ბ--------ას ასესხა 12 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 3%-იანი საპროცენტო სარგებლის დარიცხვით, რომლის უზრუნველსაყოფად რ---- ბ--------ამ იპოთეკით დატვირთა მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ფ------ს ქუჩა #--, დაზუსტებული ფართობი: 270 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0---------------.
ხელშეკრულება დაიდო ექვსი თვის ვადით, 2016 წლის 24 აპრილამდე ვადით. სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, იპოთეკარს უფლება ჰქონდა შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა ძირითადი თანხის, დარიცხული სარგებლისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ვადაზე ადრე სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა შეადგენდა 14 160 აშშ დოლარს, რაც ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 34 053 აშშ დოლარს.
იპოთეკარს შეეძლო იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე დაეკმაყოფილებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნა მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებთან ერთად. დაუბრუნებელი კრედიტის, მასზე დარიცხული პროცენტების, შესაძლო პირგასამტეხლოს, ვალდებულების შეუსრულებელი ვალდებულების გამო გაწეული სასამართლო, სანოტარო, სააღსრულებო, რეალიზაციის იძულებით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 24 ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-19)
- 26/10/2015 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 22)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. 2016 წლის 24 ოქტომბერს, ნოტარიუსმა კრედიტორ ნ-------------–-ას მიმართვის საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც მოვალე ი-----–- ბ--------ას მიმართ აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა 12 000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებლის ჯამი 1800 აშშ დოლარი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად.
ამავე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე განისაზღვრა რ---- ბ--------ას თანასაკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია.
სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა მოპასუხეზე პირგასამტეხლოს დაკისრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 24 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 20-21)
- 26/10/2015 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 22)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
4.3. კერძო აღმასრულებლის 2016 წლის 27 ოქტომბრის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალე ი-----–- ბ--------ას მიეცა კანონით განსაზღვრული შვიდი დღის ვადა ნებაყოფლობით შეესრულებინა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ფულადი ვალდებულება, დავალიანების ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის ანაზღაურების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27.10.2016 წლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 25-27)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ნ-------------–-ას მოთხოვნა ი-----–- ბ--------ას მიმართ, რომელიც გამომდინარეობს მხარეებს შორის 2015 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან, აღსრულდა ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 24 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. რ---- ბ--------ას სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული, ნ-------------–-ას სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ფ------ს ქუჩა #--, ს/კ #0--------------- 2/5 წილი), 2017 წლის 25 მაისს, საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ---–- ჩ-------ის სახელზე და მასზე იპოთეკა მოხსნილია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04/04/2018 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 42-43)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა - ნ-------------–-ას სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 417-ე, 418-ე, 301-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეთა შორის შეთანხმებას (სახელშეკრულებო დათქმას), რომლის თანახმად მოვალე კისრულობს განსაზღვრული ფულადი თანხის გადახდას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. ამდენად, პირგასამტეხლო არის შეთანხმება (და არა მოვალის ცალმხრივი შეპირება!), მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების კისრება და არა უბრალოდ – „მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა“, როგორც ეს მითითებულია 417-ე მუხლში. სასამართლო პრაქტიკაში აღიარებული მოსაზრებით, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან; ამდენად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა როგორც ვალდებულების არაჯეროვნად, არასრულად შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2015 წლის 24 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება გარდა სარგებლის არსებობისა, ასევე ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს არსებობასაც (ხელშკრულების 13-ე პუნქტი).
შესაბამისად, მხარეს ზოგადად აქვს უფლება მოითხოვოს პირგასამტეხლოს მოპასუხეზე დაკისრება.
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მსგავსი მოთხოვნა წარმოადგინოს, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე ნ-------------–-ას მოთხოვნა ი-----–- ბ--------ას მიმართ, რომელიც გამომდინარეობს მხარეებს შორის 2015 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან, აღსრულდა ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 24 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. რ---- ბ--------ას სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული, ნ-------------–-ას სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ფ------ს ქუჩა #--, ს/კ #0--------------- 2/5 წილი), 2017 წლის 25 მაისს, საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ---–- ჩ-------ის სახელზე და მასზე იპოთეკა მოხსნილია.
წარმოდგენილ შემთხვევაში, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ, 2015 წლის 24 ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრედიტორ ნ-------------–-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ფაქტს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციით, მოვალე ი-----–- ბ--------ა გათავისუფლდა კრედიტორ ნ-------------–-ას მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებისაგან, ვინაიდან მოსარჩელის მიმართ დაიფარა თავად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა სრულად, რაც დაფიქსირდა სააღსრულებო ფურცელში და რომელიც ამჟამად სრულად აღშრულებულია. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ მოთხოვნის დაკმაყოფილების განსხვავებულ წესზე. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად კი, ნ-------------–-ას როგორც კრედიტორის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციით, სრულად დაკმაყოფილებულად უნდა ჩაითვალოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ნ-------------–-ას სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე ი-----–- ბ--------ასთვის პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 204 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლის აღსრულებასთან დაკავშირებით.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ნ-------------–-ას სარჩელი ი-----–- ბ--------ას მიმართ პირგასამტეხლოს სახით 2772 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე ნ-------------–-ას მიერ 2018 წლის 21 მარტს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 204 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე