გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.08.2018
საქმის ნომერი
330210016001611351
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
16.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/35585-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16.08.2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეა ბერაია

სხდომის მდივანი: ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე ი-----–-----–--ე

მოპასუხე სსიპ ს----------------------------ო

წარმომადგელი მ-------–---------ე ლ---------–----

დავის საგანი: ბრაძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და

იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ს----------------------------ოს უფროსის 2016 წლის 30 სექტემბრის ს/--- ბრძანება ი-----–-----–--ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;

1.2. მოსარჩელე ი-----–-----–--ე აღდგენილ იქნას სსიპ ს----------------------------ოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;

 

1.3. მოპასუხე სსიპ ს----------------------------ოს მოსარჩელის ი-----–-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 1 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1650 ლარის ოდენობით;

 

1.4. მოპასუხე სსიპ ს----------------------------ოს მოსარჩელის ი-----–-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 0.07% ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის, სამსახურში აღდგენამდე;

 

სარჩელის საფუძვლები

 

მოსარჩელე მუშაობდა სსიპ ს----------------------------ოში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. მის ფუნქციებში შედიოდა შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება და მხოლოდ დოკუმენტების პროექტების მომზადება, ხელმოწერისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება კი მინიჭებული ჰქონდა უფროსის მოადგილეს 2015 წლის 15 აპრილის ბრძანებით. მოსარჩელე მოპასუხის 2016 წლის 30 სექტემბრის ბრძანებით, 2016 წლის 1 ოქტომბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ვალდებულების უხეში დარღვევის გამო. განთავისუფლების საფუძველი გახდა 2016 წლის 13 და 30 მაისს მოპასუხესა და შპს ,,დ-------“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელიც მოსარჩელის განმარტებით ფორმალური წესის დარღვევით განხორციელდა, რაც გულისხმობდა იმას, რომ ფორმალური დანაწესის თანახმად შავ სიაში რეგისტრირებულ კომპანიასთან არ უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება. აღნიშნულ ხელშეკრულებას სამი თანამშრომელი აწერდა ხელს, ბიუროს უფროსის მოადგილე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი და მთავარი სპეციალისტი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ შპს ,,დ------ი“ აღმოჩნდა შავ სიაში თუმცა აღნიშნული ხელშეკრულების კონტროლი სამივე ზემოთაღნიშნულ პიროვნებას თანაბრად ევალებოდა, მაგრამ პასუხისმგებელი იყო ბიუროს უფროსი. შესაბამისად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონო და დაუსაბუთებელია.

 

მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე წამოდგენილი შესაგებლებით სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ მოსარჩელეს ს----------------------------ოში დაკისრებული ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციაზე პასუხისმგებლობა. ამასთან შპს ,,დ------თან: 2016 წლის 13 მაისსა და ამავე წლის 31 მაისს ხელშეკრულების დადების დროს, სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის N-- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ დარღვევის ფაქტი მოსარჩელის მიერ ცალსახად დასტურდება. მოპასუხე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვები ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საჯარო მმართველობით ფუნქციას წარმოადგენს, რომლის სამართლებრივი შედეგები აისახება როგორც მმართველობის კანონიერებაზე, სახელმწიფო სახსრების რაციონალურ განაწილებასა და ხარჯვაზე, სახელმწიფოს, როგორც კეთილსინდისიერი სახელშეკრულებო ურთიერთობის პატრნიორის იმიჯის ჩამოყალიბებაზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევა შეფასდა ბიუროს იმიჯისთვის და ავტორიტეტისთვის შემლახავ ქმედებად და შესაბამისად აღნიშნული წარმოადგენს მძიმე დარღვევას. გამომდინარე აღნიშნულიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება დასაბუთებული და კანონიერია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე მუშაობდა სსიპ ს----------------------------ოში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა ყოველთვიურად 1650 ლარს.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

3.1.2. მოსარჩელე მოპასუხის 2016 წლის 30 სექტემბრის ბრძანებით, 2016 წლის 1 ოქტომბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ვალდებულების უხეში დარღვევის გამო. განთავისუფლების საფუძველი გახდა 2016 წლის 13 და 30 მაისს მოპასუხესა და შპს ,,დ-------“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელიც განხორციელდა წესის დარღვევით, კერძოდ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის N-- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ თანახმად, ხელშეკრულება არ უნდა დადებულიყო შავ სიაში მყოფ კომპანიასთან. აღნიშნულ შემთხვევაში შპს ,,დ------ი“ აღმოჩნდა ე.წ. ,,შავ სიაში“.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

- 2016 წლის 30 სექტემბრის ბრძანება;

- სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის N-- ბრძანება;

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შრომის შინაგანაწესით დადგენილი ნორმები, კერძოდ დადგენილი წესის შესაბამისად არ გადაამოწმა ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის შავ სიაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

უპირველეს ყოვლისა, დასაქმებულის ვალდებულებების შეფასებისათვის, მნიშვნელოვანია სსიპ ს----------------------------ოს უფროსის 2013 წლის 20 აგვისტოს N28/სა ბრძანება, რომლის თანახმად, ს----------------------------ოს აპარატის მთავარ ანალიტიკოსს ი-----–-----–--ეს დაევალა ბიუროში სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაცია. მოგვიანებით სტრუქტურული რეორგანიზაციის საფუძველზე, მოსარჩელე 2014 წლის 25 თებერვალს გადაინიშნა ბიუროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, თუმცა არ მომხდარა მოსარჩელისთვის დაკისრებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ვალდებულების შესახებ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება და მოსარჩელის ამ სახის ვალდებულებისგან გათავისუფლება. შესაბამისად, დგინდება, რომ 2013 წლის 20 აგვისტოდან, სამსახურიდან გათავისუფლებამდე, 2016 წლის 30 სექტემბრამდე, მოსარჩელე წარმოადგენდა ბიუროში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ზომის, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, კერძოდ მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიერ ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივ მოვალეობათა უხეშ დარღვევას.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მიერ ჩადენილი გადაცდომა არ წარმოადგენს ვალდებულების უხეშ დარღვევას, ვინაიდან მის გარდა სხვა ორ პირს ევალებოდა შპს ,,დ------ის“ გადამოწმება, იყო თუ არა აღნიშნული კომპანია შავ სიაში.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვები ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საჯარო მმართველობით ფუნქციას წარმოადგენს, რომლის სამართლებრივი შედეგები აისახება როგორც მმართველობის კანონიერებაზე, სახელმწიფო სახსრების რაციონალურ განაწილებასა და ხარჯვაზე, სახელმწიფოს, როგორც კეთილსინდისიერი სახელშეკრულებო ურთიერთობის პარტნიორის იმიჯის ჩამოყალიბებაზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევა შეფასდა ბიუროს იმიჯისთვის და ავტორიტეტისთვის შემლახავ ქმედებად და შესაბამისად აღნიშნული წარმოადგენს მძიმე დარღვევას. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სსიპ ს----------------------------ოს თანამშრომლებმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურეს, რომ აღნიშნული იყო უშუალო და პირდაპირი მოვალეობა მოსარჩელისთვის და მხოლოდ იგი იყო ვალდებული გადაემოწმებინა შესაბამისი ბაზა კომპანიის შავ სიაში ყოფნის თაობაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის, როგორც ბიუროს შესყიდვების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის უშუალო, პირდაპირი და ინდივიდუალური ვალდებულება იყო მიმწოდებლის შერჩევისა და გამოვლენის მიზნით შესყიდვის პროცედურების დადგენილი წესით ჩატარება და ამ მიზნით რეგლამენტირებული წესების პრინციპების და სტადიების დაცვა, რაც მის მიერ უგულებელყოფილ იქნა 2-ჯერ, 2016 წლის 13 მაისსა და 31 მაისს. მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევის საფუძველი გახდა მის მიერ სამსახურებრივი საქმიანობის არაჯეროვანი შესრულება. გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ დადგენილი წესების დარღვევის ფაქტს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს მოპასუხესთან მუშაობის პერიოდში ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობა და მას მოეთხოვებოდა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ზედმიწევნით დაცვა. შესაბამისად ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ ადგილი ჰქონდა ვალდებულების უხეშ დარღვევას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სამსახურიდან განთავისუფლდა შრომითი კანონმდებლობის დაცვით, შესაბამისად არ არსებობს ბრძანებების ბათილად ცნობის, მოსარჩელის სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 31-ე, 32-ე, 37-ე, 38-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს.

 

მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტი - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

დავის განხილვისას სასამრთლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო ამოწმებს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას.

 

მოცემულ შემთხვევაში, გამოსაკვლევია შეწყდა თუ არა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის შემადგენლობის სრული დაცვით, რაც, თავის მხრივ, დამსაქმებლის ბრძანების ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამომრიცხველი გარემოებაა.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა მის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევის გამო. სასამართლო განმარტავს, რომ ნიშანდობლივია, დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებული უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში ,,Ultima Ratio“-ს პრინციპი ითხოვს დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე, მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევას (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერ მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის.“

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ უხეშად დაარღვია მისთვის ს----------------------------ოს უფროსის 2013 წლის 20 აგვისტოს N28/სა ბრძანებით დაკისრებული ვალდებულებები (იხ. 3.2.1. სავადო ფაქტობრივი გარემოება).

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან შრომით ურთიერთობის შეწყვეტა არ ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნებს. შესაბამისად, არ არსებობს სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კანონიერია, შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის სამსახურში აღდგენის საფუძველი.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენისას დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, სახეზე არ არის დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, სახეზე არ არის დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა, ასევე სახეზე არ არის ანაზღაურების ან ანგარიშსწორების დაყოვნება, მოსარჩელის მოთხოვნები მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის -მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ი-----–-----–--ის სარჩელი სსიპ ს----------------------------ოს მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებით განაცდურის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

თეა ბერაია