გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.10.2018
საქმის ნომერი
330210018002314644
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/5368-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

 

მოსარჩელე - სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’

წარმომადგენელი - ჯ--------–-–---–ი

მოპასუხე - ი-----–----------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების სახით გადახდილი 7 056.36 ლარი.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-16, 2018 წლის 16 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი):

 

1.1.1. 2017 წლის 16 ოქტომბერს ი-----–----------–---–მა, რომელიც მართავდა ,,ბმვ’’-ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით ,,F--------’’, ვერ უზრუნველყო მოძრაობის წესების დაცვა, გადავიდა საპირისპორო ზოლში და შეეჯახა მ--------------–---–ის კუთვნილ ,,ტოიოტას’’ მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით ,,M--------’’, რომელსაც მართავდა ს--------------–---–ი;

1.1.2. 2017 წლის 16 ოქტომბრის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მიხედვით, აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო შემთხვევაზე პასუხისმგებელ მძღოლად ცნობილი იქნა ი-----–----------–---–ი;

1.1.3. მ--------------–---–ის საკუთრებაში არსებული ,,ტოიოტას’’ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით ,,M--------’’ დაზღვეული იყო მოსარჩელესთან;

1.1.4. დაზიანებული ავტომანქანა ზიანის განსაზღვრისათვის წარდგენილ იქნა შპს ,,ა-----------------აში’’;

1.1.5. შპს ,,ა-----------------ის’’ შეფასების თანახმად, დაზიანებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ძარის უკანა მხრიდან აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც ცალსახად გამოწვეული იყო სხვა ობიექტთან შეჯახებით. შეჯახების შედეგად როგოც ვიზუალურად შესამჩნევი, ასევე მათ ქვეშ განთავსებული ნაწილების და მათი შემადგენელი ცალკეული დეტალები საჭიროებდა სამღებრო და სარობოტე სამუშაოებს, რაც გამოწვეული იყო კონკრეტულად 2017 წლის 16 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად;

1.1.6. შპს ,,ა-----------------ის’’ ინვოისის თანახმად, დაზიანებული ავტომანქანის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანისათვის საჭირო თანხა განისაზღვრა 7 056.36 ლარით;

1.1.7. მოსარჩელის მიერ მ--------------–---–ისთვის გადახდილია 7 056.36 ლარი, შესაბამისად, მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 34-41, 2018 წლის 16 ოქტომბრის სხდომის ოქმი):

2.1.1. მისი სამართალდამრღვევად მიჩნევა მოხდა მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ მართვის მოწმობის გარეშე მართავდა ავტომანქანას;

2.1.2. ავტოსაგზაო შემთხვევისას არ დაურღვევია მოძრაობის წესები და შესაბამისად, არ უნდა დაეკისროს მისგან გამოწვეული ზიანის ანაზღაურება;

2.1.3. შეფასებაში წარმოდგენილი ავტომანქანის დაზიანებები, რომლებიც აღწერილია ხარჯთაღრიცხვაში არ შეესაბამება რეალურ დაზიანებებს და შესაბამისად მათი გამოცვლის აუცილებლობაც არ იდგა, ამასთან, ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ნაწილების მითითებული ფასები არ შეესაბამება მათ საბაზრო ღირებულებას და გადაჭარბებულადაა შეფასებული.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2017 წლის 16 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანა მარკა/მოდელი - ,,ბმვ’’ (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №F--------), რომელსაც მართავდა მოპასუხე ი-----–----------–---–ი შეეჯახა ს--------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას მარაკა/მოდელი - ,,Toyota RAV 4’’, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №M--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ავტოსაგზაო შემთხვევის სქემა (ს.ფ. 17)

- ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 18-19)

 

3.1.2. 2017 წლის 16 ოქტომბერს გამოწერილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის თანახმად, აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად ცნობილ იქნა ი-----–----------–---–ი და იგი დაჯარიმდა 1 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (ს.ფ.20)

 

3.1.3. მ--------------–---–ის საკუთრებაში არსებული ავტომობილი ავტომობილი მარაკა/მოდელი - ,,Toyota RAV 4’’, (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №M--------), რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მართავდა ს--------------–---–ი, დაზღვეული იყო სს ,,ს--------------------------------------–-----ში’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 21)

 

3.1.4. 2017 წლის 16 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილს მარაკა/მოდელი - ,,Toyota RAV 4’’, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №M--------, ძარას მარცხენა მხრიდან აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც გამოწვეული იყო სხვა ობიექტთან შეჯახებით. შეჯახების შედეგად როგორც ვიზუალურად შესამჩნევი, ასევე მათ ქვეშ განთავსებული დაზიანებული ნაწილების და მათი შემადგენელი ცალკეული დეტალების (მაგ. სამაგრები, პლასტმასის დამატებითი დეტალები, კანტები და სხვა) სათუნუქე, სამღებრო, სარობოტე და სხვა სახის სამუშაოების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 7 135 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეფასება (ს.ფ. 22-23)

- ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 24-25)

 

3.1.5. მოსარჩელემ სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე მ--------------–---–ს აუნაზღაურა 2017 წლის 16 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილისათვის მარაკა/მოდელი - ,,Toyota RAV 4’’, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №M--------, მიყენებული ზიანი 7 056.36 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 26)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს 7 056.36 ლარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ - ,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სადაზღვევო კომპანიას, რომელმაც დაზღვეულს აუნაზღაურა მესამე პირის მიერ მიყენებული ზიანი, გააჩნია მოთხოვნის უფლება მესამე პირის მიმართ, ამასთან, მესამე პირის ვალდებულება არ არის ავტომატურად, რეგრესის წესით აანაზღაუროს სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილი თანხა, არამედ მესამე პირის ვალდებულება გამომდინარეობს დელიქტური პასუხისმგებლობიდან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

დელიქტური ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, მტკიცების შესაბამისი სქემის გათვალისწინებით, სადაც ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროს.

დელიქტურ დავებზე მტკიცების ტვირთის განაწილებას გარკვეული თავისებურება ახასიათებს, კერძოდ, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში მოსარჩელემ უზრუნველყო ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის დადასტურება წარმოდგენილი უტყუარი წერილობითი მტკიცებულებებით. კერძოდ, წარმოდგენილია შპს ,,ა-----------------ის’’ მიერ 2017 წლის 19 ოქტომბერს გაცემული შეფასება და ასევე ცხრილი დაზიანებული ნაწილების ღირებულების და მათ აღსადგენად აუცილებელი სამუშაოების შესახებ. აღნიშნული შეფასების თანახმად დადგენილია, რომ ავტომობილს მარაკა/მოდელი - ,,Toyota RAV 4’’, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №M--------, ძარას მარცხენა მხრიდან აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც გამოწვეული იყო სხვა ობიექტთან შეჯახებით. შეჯახების შედეგად როგორც ვიზუალურად შესამჩნევი, ასევე მათ ქვეშ განთავსებული დაზიანებული ნაწილების და მათი შემადგენელი ცალკეული დეტალების (მაგ. სამაგრები, პლასტმასის დამატებითი დეტალები, კანტები და სხვა) სათუნუქე, სამღებრო, სარობოტე და სხვა სახის სამუშაოების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 7 135 ლარი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ აღნიშნული შეფასების თანახმად, ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრულია, რომ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესწავლის შედეგად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ყველა ის დაზიანებული დეტალი, რომელიც აღნიშნულია ცხრილში, დაზიანებულია უშუალოდ ამ კონკრეტული შეჯახების შედეგად. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ დაზღვეულისათვის ანაზღაურებულია ზიანი 7 056.36 ლარის ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოპასუხეს არ განუხორციელებია კვალიფიციური შედავება მოსარჩელის მიერ მითითებული და სასარჩელო მოთხოვნით მოთხოვნილი ზიანის ოდენობასთან მიმართებით. იგი წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით შემოიფარგლა მხოლოდ იმის მითითებით, რომ შპს ,,ა-----------------ის’’ შეფასებაში მოცემული დაზიანებები არ შეესაბამებოდა ავტომობილის რეალურ დაზიანებებს. შესაბამისად, მოპასუხე, როგორც ფაქტის უარმყოფი მხარემ, მხოლოდ შემოიფარგლა სარჩელის საწინააღმდეგო პოზიციის მითითებით და არ განუხორციელებია მის მიერ მითითებული ფაქტის მტკიცება. ყოველივე აღნიშნულის და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა შეადგენს 7 056.36 ლარს.

ამასთან, მოპასუხის მიერ მითითებული პოზიციით იგი არ წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს გამოწერილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის თანახმად, აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად ცნობილ იქნა ი-----–----------–---–ი და იგი დაჯარიმდა 1 000 ლარით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

გასათვალისწინებელია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება თუნდაც ის ფაქტი, რომ მოპასუხე არ დაეთანხმა წარმოდგენილ საჯარიმო ქვითარს და გამოიყენა მისი გასაჩივრების უფლება. შესაბამისად, მისივე უმოქმედობით, იგი დაეთანხმა გამოწერილ ქვითარს, რომლის თანახმადაც იგი მიიჩნევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად - პასუხისმგებელ პირად მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა შეადგენს 7 056.36 ლარს.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 326-ე, 408-ე, 409-ე, 832-ე, 992-ე, 999-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს თუ რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება თუ რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს მოპასუხის პოზიცია (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ზიანის მიყენების საფუძველზე, შესაბამისად, საქმე გვაქვს არასახელშეკრულებო ზიანთან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მოცემული მუხლით პირს ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

როგორც უკვე აღინიშნა, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე №ას-191-183-2016).

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. შესაბამისად, განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა, ასევე განსაზღვრულია მის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი. კერძოდ, დადგენილია, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა შეადგენს 7 056.36 ლარს.

სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით) (იხ. სუსგ №ას-581-549-2011, №ას-380-364-2016). ამდენად, სუბროგაციის პრინციპის რეალიზაცია დამოკიდებულია მესამე პირის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილებაზე.

განსახილველ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე მ--------------–---–ს აუნაზღაურა 2017 წლის 16 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილისათვის მარაკა/მოდელი - ,,Toyota RAV 4’’, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №M--------, მიყენებული ზიანი 7 056.36 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბროგაციის პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელეს წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

აღნიშნულიდან, ასევე სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 212 ლარის ოდენობით (ს.ფ.30), ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ს--------------------------------------–-----ის’’ სარჩელი მოპასუხე ი-----–----------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე ი-----–----------–---–ს მოსარჩელე სს ,,ს--------------------------------------–-----ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 7 056.36 ლარის ანაზღაურება;

 

3. მოპასუხე ი-----–----------–---–ს მოსარჩელე სს ,,ს--------------------------------------–-----ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 212 ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი