გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2018
საქმის ნომერი
330210118002403240
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/11246-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 ოქტომბერი, 2018 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი

მოსარჩელე - ლი--------–-----ი

წარმომადგენელი - ლე------------ე

მოპასუხეები - 1 - ბე--------–-----ი

2 - თა---–----–-----ე

3 - ნი----------–---–ი

4 - სს „პრ-----------------“

წარმომადგენელი - თ-----------–---–ი

დავის საგანი - მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ 6---- აქტით დაყადაღებული ნივთები: სარეცხი მანქანა BEKO-ს ფირმის; მაცივარი BEKO-ს ფირმის; ნაჭრის სამეული; კედელი ეგრეთ წოდებული „სტენკა“; მუსიკალური ცენტრი LG-ის ფირმის; ტელევიზორი LG-ის ფირმის.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2----–-–----------- აღმასრულებლის მიერ მოხდა მის კუთვნილ სახლში განთავსებული მოძრავი ქონების დაყადაღება, მოპასუხე ბე--------–-----ის დავალიანების გამო სს „პრ-----------------ს“ მიმართ, რომელსაც დანარჩენ მოპასუხეებთან ერთად, ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ თანხის გადახდა. აღმასრულებელს განემარტა ნივთის კუთვნილების თაობაზე, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა მოსარჩელის შეძენილს, თუმცა მაინც განხორციელდა აღწერა-დაყადაღება. მოპასუხე ბე--------–-----ი მართალია, ჩაწერილია მოსარჩელის ბინაში, თუმცა ფაქტობრივად არასდროს უცხოვრია მისამართზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარემ ითხოვა დაყადაღებული ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სს „პრ-----------------ს“ წარმომადგენელმა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო.

 

2.3. მოპასუხეებს ბე--------–-----ს, თა---–----–-----ესა და ნი----------–---–ს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სხდომაზე გამოცხადებულან. მათ სხდომის შესახებ ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–----------- შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, მოვალეების - ბე--------–-----ის, თა---–----–-----ისა და ნი----------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული N---------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე N--------- წარმოებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, ყადაღა დაედო მოვალე ბე--------–-----ის შემდეგ მოძრავ ნივთებს: სარეცხი მანქანა BEKO-ს ფირმის; მაცივარი BEKO-ს ფირმის; ნაჭრის სამეული; კედელი ეგრეთ წოდებული „სტენკა“; მუსიკალური ცენტრი LG-ის ფირმის, ტელევიზორი LG-ის ფირმის.

 

(მტკიცებულება: ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი, ს.ფ. 15-16)

 

3.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–------------–- გაცემული ინფორმაციის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია N--------- სააღსრულებო საქმე, რომლის მიხედვითაც თბილისის საქალაქო სასამართოს მიერ 2013 წლის 13 მარტს გაცემული N----------- სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ნი----------–---–ს, თა---–----–-----ესა და ბე--------–-----ს სს „პრ-----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისრათ თანხის გადახდა. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოვალის სახელზე რიცხულ ქ. თბილისში, დ. გ-------–---–--------------------------------ში მდებარე ქონებას. დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე 2018 წლის 18 აპრილის მდგომარეობით იძულებით აუქციონი გამოქვეყნებული არ არის.

 

(მტკიცებულება: თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–------------–- გაცემული ინფორმაცია, ს.ფ. 31)

 

3.2.4. საქმეში წარმოდგენილი „----------ის ინვოისით, ასევე საგარანტიო ტალონით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დაყადაღებული კედელი ე.წ. „სტენკა“ და „BEKO“-ს მარკის სარეცხი მანქანა წარმოადგენს ლი--------–-----ის საკუთრებას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი გუ-----–---–-----------------ში მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების მიერ წერილობით გაცემული განცხადებით და სხდომაზე მიცემული მხარეთა ახსნა-განმარტებების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლი--------–-----ი წარმოადგენს დაყადაღებული მაცივრის, ნაჭრის სამეულისა და მუსიკალური ცენტრის მესაკუთრეს.

 

(მტკიცებულება: განცხადება, სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება - 2018 წლის 17 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 24, 2-14, 39-46, 89-94)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექის 158-ე, 186-ე მუხლები;

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40 მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ნამდვილი უფლების არსებობა და ამ უფლების საფუძველზე შემძენისათვის ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა. მესაკუთრედ ყოფნის თაობაზე პრეზუმფცია კი გულისხმობს კანონისმიერ ვარაუდს, რომ ნივთის მფლობელი, მფლობელობის წარმოშობის მომენტიდან ნივთის მესაკუთრეა და საკუთრების უფლებას ახორციელებს მფლობელობის პერიოდში. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მფლობელი იმავდროულად მესაკუთრეა.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების - აკრძალვის

 

გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე აღძრული მოთხოვნისას, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს საკუთრების უფლება ყადაღადადებულ ქონებაზე, მოპასუხეს კი ეკისრება მოსარჩელის საკუთრების უფლების გაქარწყლების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეულ გარემოებათა შესაბამისად დადგენილია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს ლი--------–-----ის საკუთრებას. მოპასუხე სს „პრ-----------------ს“ წარმომადგენელმა (კრედიტორმა) საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო. სადავო მოძრავ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეებს ბე--------–-----ს, თა---–----–-----ესა და ნი----------–---–ს (მოვალეებს) არ წარმოუდგენიათ, ისინი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს სამართლებრივად დასაბუთებულად მიაჩნია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სს „პრ----------------მა“ სარჩელი ცნო საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე. დანარჩენ მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს (მოვალეებს) უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ლი--------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ 6---- აქტით დაყადაღებული ნივთები: სარეცხი მანქანა BEKO-ს ფირმის; მაცივარი BEKO-ს ფირმის; ნაჭრის სამეული; კედელი ეგრეთ წოდებული „სტენკა“; მუსიკალური ცენტრი LG-ის ფირმის; ტელევიზორი LG-ის ფირმის.

 

2. დაეკისროთ მოპასუხეებს ბე--------–-----ს, თა---–----–-----ეს და ნი----------–---–ს (მოვალეებს) სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ სახ. ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი