გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.08.2018
საქმის ნომერი
330210016001618265
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 3-----------------

N 2/35939-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02.08.2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეა ბერაია

სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე თ----- ც-----–---–ი

წარმომადგენელი ხ------- ხ----–--–--ა

მოპასუხე შპს ,,I--------"

წარმომადგენელი თ------ თ--------ი

დავის საგანი ბრძანების ბათილად ცნობა; სამუშაოზე აღდგენა;

განაცდურის ანაზღაურება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,I--------”-ის დირექტორის 2016 წლის 1 ივლისის ბრძანება თ----- ც-----–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;

 

1.2. მოსარჩელე თ----- ც-----–---–ი აღდგენილ იქნას შპს ,,I--------”-ის წარმომადგენლის თანამდებობაზე;

 

1.3. მოპასუხე შპს ,,I--------”-ს მოსარჩელის თ----- ც-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 1 ივლისიდან ყოველთვიურად 1328 ლარის ოდენობით 5 თვის განმავლობაში, რაც შეადგენს 6640 ლარს.

 

სარჩელის საფუძვლები

 

მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში 2008 წლის 15 აპრილიდან სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე. ბოლო შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა 2015 წლის 01 ნოემბერს. ფეხმძიმობის გამო, მოსარჩელე 2016 წლის 25 მარტს გავიდა დეკრეტულ შვეულებაში. 2016 წლის 1 აპრილს მოსარჩელეს შეეძინა შვილი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარდაიცვალა 2016 წლის 2 აპრილს. მოსარჩელე 40 დღის შემდეგ გავიდა სამსახურში, თუმცა მას უთხრეს, რომ იგი გათავისუფლებულია სამსახურიდან და მას შეუწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება. 2016 წლის 30 მაისს, მოსარჩელეს გაეგზავნა შეტყობინება მისი გათავისუფლების თაობაზე ხოლო ბრძანება ჩაბარდა 2016 წლის 8 აგვისტოს. მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა მის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას ვალდებულება უხეშად არ დაურღვევია შესაბამისად მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე წამოდგენილი შესაგებლებით სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ მოსარჩელე 2016 წლის 25 მარტიდან 2015 წლის 1 ივლისამდე სამსახურში არ გამოცხადებულა. მას დამსაქმებელისათვის არ წარმოუდგენია ცნობა რაც შეიძლება გამხდარიყო ორსულობისა და მშობიარობის შვებულების საფუძველი. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა მის მიერ შრომითი ხელშეკრულების და შინაგანაწესის სისტემატიური და უხეში დარღვევის გამო, რაც გამოწვეული იყო მის მიერ სამსახურში გამოუცხადებლობით და შესაბამისად მისი გათავისუფლების ბრძანება კანონიერი და დასაბუთებულია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში 2008 წლის 15 აპრილიდან სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე. ბოლო შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა 2015 წლის 01 ნოემბერს. 2016 წლის 1 აპრილს მოსარჩელეს შეეძინა შვილი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარდაიცვალა 2016 წლის 2 აპრილს.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2015 წლის 01 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

3.1.2. 2016 წლის 30 მაისს, მოსარჩელეს მოპასუხის მიერ გაეგზავნა შეტყობინება 2015 წლის 01 ნოემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. 2016 წლის 1 ივლისის ბრძანებით მოპასუხემ გაათავისუფლა მოსარჩელე თანამდებობიდან ვალდებულების სისტემატიური და უხეში დარღვევის საფუძვლით.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

- 2016 წლის 30 მაისის შეტყობინება;

- 2016 წლის 1 ივლისის ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. მოსარჩელე თ----- ც-----–---–ი, 2016 წლის 25 მარტიდან 2016 წლის 01 ივლისამდე მოპასუხე კომპანიაში სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გამოცხადდა 2-ჯერ 2016 წლის 11 და 13 მაისს.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

- 2016 წლის 01 ივლისის აქტი თანამშრომლის სამსახურში დასწრების შესახებ.

3.1.4. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 5--- ცნობის თანახმად, მოსარჩელე სტაციონარში მოთავსებულ იქნა 2016 წლის 25 მარტს, ხოლო სტაციონარიდან გაწერილ იქნა 2016 წლის 5 აპრილს.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N----.

3.1.5. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მოპასუხისთვის ცნობა ან სხვა რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მისი დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის საფუძვლიანობას. ასეთი მტკიცებულება, მოსარჩელეს არც სასამართლოსთვის წარმოუდგენია.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

- მოპასუხის განმარტებით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით;

3.1.6. 2015 წლის 6 ნოემბერსა და 2015 წლის 2 დეკემბერს, კომპანიის შიდა-წესდების თანახმად, მოსარჩელეს გაეგზავნა შეტყობინებები შინაგანაწესის დარღვევის შესახებ. კერძოდ, 2015 წლის 5, 16, 28, 29 და 30 ოქტომბრის გაცდენილი დღეების გამო, მოსარჩელეს დაეკისრა ჯარიმა 20 ლარის ოდენობით. ასევე 2015 წლის 2,3 და 20 დეკემბრის გაცდენილი დღეების გამო, მოსარჩელეს დაეკისრა ჯარიმა 30 ლარის ოდენობით. აღნიშნული შეტყობინებები ჩაბარდა მოსარჩელეს, რომელიც თავადვე ეთანხმება აღნიშნულ აქტებს ხელმოწერით.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

- 2015 წლის 6 ნოემბრის და 2015 წლის 2 დეკემბრის შეტყობინებები შინაგანაწესის დარღვევის შესახებ.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 მოსარჩელე სისტემატურად და უხეშად არღვევდა შრომის შინაგანაწესით დადგენილ ნორმებს, კერძოდ არასაპატიოდ არ ცხადდებოდა სამსახურში დეკრეტული შვებულების ვადის ამოწურვის შემდგომ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ზომის, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, კერძოდ მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიერ ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივ მოვალეობათა უხეშ და სისტემატიურ დარღვევას.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევა გამოიხატა მის მიერ არასაპატიო მიზეზით სამსახურის სისტემატურ გაცდენაში.

 

უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე თ----- ც-----–---–ი, 2016 წლის 25 მარტიდან 2016 წლის 01 ივლისამდე მოპასუხე კომპანიაში სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გამოცხადდა 2-ჯერ 2016 წლის 11 და 13 მაისს, რაც დასტურდება შესაბამისი აქტით (იხ. 3.1.3 უდავო ფაქტ. გარემოება).

 

უდავოდ დადგენილია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 5--- ცნობის თანახმად, მოსარჩელე სტაციონარში მოთავსებულ იქნა 2016 წლის 25 მარტს, ხოლო სტაციონარიდან გაწერილ იქნა 2016 წლის 5 აპრილს (იხ. 3.1.4. უდავო ფაქტ. გარემოება).

 

უდავოდ დადგენილია, რომ 2015 წლის 6 ნოემბერსა და 2015 წლის 2 დეკემბერს, კომპანიის შიდა-წესდების თანახმად, მოსარჩელეს გაეგზავნა შეტყობინებები შინაგანაწესის დარღვევის შესახებ. კერძოდ, 2015 წლის 5, 16, 28, 29 და 30 ოქტომბრის გაცდენილი დღეების გამო, მოსარჩელეს დაეკისრა ჯარიმა 20 ლარის ოდენობით. ასევე 2015 წლის 2,3 და 20 დეკემბრის გაცდენილი დღეების გამო, მოსარჩელეს დაეკისრა ჯარიმა 30 ლარის ოდენობით. აღნიშნული შეტყობინებები ჩაბარდა მოსარჩელეს, რომელიც თავადვე ეთანხმება აღნიშნულ აქტებს ხელმოწერით (იხ. 3.1.6. უდავო ფაქტ. გარემოება).

საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე დეკრეტულ შვებულებაში გავიდა 2016 წლის 25 მარტიდან, ხოლო შვილი შეეძინა 2016 წლის 1 აპრილს, რომელიც გარდაიცვალა 2016 წლის 2 აპრილს. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული პერიოდის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში 2016 წლის 1 ივლისამდე, მოსარჩელე მხოლოდ ორჯერ გამოცხადდა სამსახურში და მას არ ჰქონდა დეკრეტული შვებულების გაგრძელების საფუძველი 2016 წლის 2 აპრილიდან. შესაბამისად, მისი სამსახურში გამოუცხადებლობა იყო არასაპატიო და აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაქმებულის უფლება-მოვალეობების განსაზღვრის ძირითად დოკუმენტს წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ცალსახად განსაზღვრავდა მოსარჩელის ვალდებულებებს. გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი წესების დარღვევის ფაქტს. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ ადგილი ჰქონდა ვალდებულების უხეშ და სისტემატურ დარღვევას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სამსახურიდან განთავისუფლდა შრომითი კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს ბრძანებების ბათილად ცნობის, მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე, 32-ე, 37-ე, 38-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს.

 

მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” და ,,თ“ ქვეპუნქტები - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა და დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

დავის განხილვისას სასამრთლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო ამოწმებს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას.

 

მოცემულ შემთხვევაში, გამოსაკვლევია შეწყდა თუ არა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების შემადგენლობის სრული დაცვით, რაც, თავის მხრივ, დამსაქმებლის ბრძანების ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამომრიცხველი გარემოებაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნიშანდობლივია, დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებული უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში ,,Ultima Ratio“-ს პრინციპი ითხოვს დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე, მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევას (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერ მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის.“

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები (იხ. 3.2.1. სავადო ფაქტობრივი გარემოება).

 

ამასთან უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე სისტემატურად არღვევდა შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს, რასთან დაკავშირებითაც მას 2-ჯერ უკვე დაკისრებული ჰქონდა გათავისუფლებამდე არაუგვიანეს 1 წლისა, 2 დისციპლინური პასუხისმგებლობა.

 

მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 7.2.1 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება წინასწარი შეტყობინების გარეშე დასაქმებული პირის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ან ნებისმიერი განმეორებითი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან შრომით ურთიერთობის შეწყვეტა არ ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნებს. შესაბამისად, არ არსებობს სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კანონიერია, შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის სამსახურში აღდგენის საფუძველი.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენისას დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, სახეზე არ არის დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს თ----- ც-----–---–ის სარჩელი შპს ,,I--------"-ის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

თეა ბერაია