განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100118002579534
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
საქმის # 1/213-2018 წ.
23 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი დავით ხარძეიშვილი,დაცვის მხარე - ადვოკატი ნური თებიძე,ბრალდებული - ლ----------------ე (დაბ. 2--------- წელს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ს-–----–ო განათლებით, ნასამართლევი, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები დაბა ქედა, თ----------------------------).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილი - ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ლ----------------ემ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, კუსტარული წესით დამზადებულ ,,Browning’’ მოდელის პისტოლეტს მიმსგავსებულ (ნომერი არ გააჩნია), 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის (მაკაროვის) ვაზნების გასასროლ პისტოლეტს, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა გადაადგილებისას 2018 წლის 5 ივლისს. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი, 2018 წლის 05 ივლის ქ. ბათუმში, ა-----------------------–--–-------–ი მდებარე ე.წ. ავტოსერვისის ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მისგან იქნა ამოღებული.
2013 წლის 17 იანვრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ლ----------------ე წარმოადგენდა რა განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევ პირს, 2018 წლის 5 ივლისს, ქ. ბათუმში, ა-----------------------–--–-------–ი მდებარე ე.წ. ავტოსერვისის ტერიტორიაზე ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
ბრალდებულმა ლ----------------ემ სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, პატაკი, ნ--------------ის, გ-------------ის, გ----------–--ის, კ------------–--ის, ბ--------------ის გამოკითხვის ოქმები, პირადი ჩხრეკის ოქმი, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნა, დაკავების ოქმი, ნიმუშის აღების ოქმი, 17.01.2013 წლის განაჩენი, ნივთმტკიცებები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა ლ----------------ემ განმარტა, რომ სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარებს და ინანიებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს.
დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ პუნქტით ტერმინში ,,იარაღი“ იგულისხმება – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. ლ----------------ისგან ამოღებული საგანი ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღს.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,ტ” პუნქტით იარაღის ბრუნვას განეკუთვნება იარაღის რეგისტრაცია, შეძენა, შენახვა და ტარება, ხოლო ,,ფ“ პუნქტით იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება;
,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლში მითითებულია იმ პირთა წრე რომლებსაც გააჩნიათ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება, ასევე იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი პირი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ასეთი ნებართვა ლ----------------ეს არ გააჩნდა, შესაბამისად მას მასთან არსებული ცეცხლსასროლი იარაღი შეძენილი ჰქონდა და ინახავდა მართლსაწინააღმდეგოდ.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში იგულისხმება ისეთი შემთხვევა, როდესაც გადაადგილებისას ასეთი საგანი თან დააქვს პირს.
იარაღის შესახებ საქართველოს კანონის კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. შესაბამისად ასეთი იარაღი და საბრძოლო მასალა კანონით დადგენილი წესით უნდა იქნეს შეძენილი და რეგისტრირებული, რომ შემდეგ გაიცეს ნებართვა მის ტარებაზე, ასეთი ნებართვა ლ----------------ეს არ გააჩნდა.
ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოთ დასახელებული რელევანტური, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ლ----------------ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.
სასამართლოს ასევე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ----------------ე, როგორც განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი ატარებდა ცივ იარაღს დანას.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ლ----------------ემ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებით - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
ბრალდებულმა ლ----------------ემ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებით - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებისაა, ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღი და დანა წარმოადგენს ისეთ საშუალებას, რომლითაც შესაძლებელია ხელყოფილი იქნეს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ან გამოყენებული იქნეს სხვა დანაშაულის ჩადენის საშუალებად, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილი ძირითად სასჯელად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას სხვა ალტერნატიული სასჯელის გარეშე და ამავე დროს არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით (სახეზე უნდა იყოს შემდეგი გარემოებები: ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან) და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო გარემოებები (დანაშაული მიეკუთვნება მძიმე კატეგორიას). შესაბამისად ბრალდებულს სასჯელად უნდა დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.
სასჯელის ზომის შერჩევისას თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ სახეზეა განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ერთობლიობა, ქმედებას არ გამოუწვევია რაიმე მატერიალური ან არამატერიალური ზიანი. ლ----------------ეს არ გამოუყენებია ცეცხლსასროლი იარაღი, არ გაუწევია წინააღმდეგობა, აღიარებს ჩადენილს. სხვა რაიმე მნიშვნელოვანი დადებითი გარემოებები მისი წარსული ცხოვრებიდან არ არსებობს.
სასჯელის ზომის შერჩევისას მხედველობაშია მისაღები საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლებით დადგენილი წესი, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის რეციდივი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განაჩენით ლ----------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 03 წლით და 06 თვის ვადით, რომლის მოხდისგანაც განთავისუფლდა 2015 წლის 11 დეკემბერს.
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით - დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მიხედვით მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ნასამართლობა გაქარწყლდება მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს და დანაშაულის ჩადენის მომენტში 2018 წლის 05 ივლისს ლ----------------ე ითვლებოდა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ პირად.
აღნიშნულიდან გამომდინარე ლ----------------ის მიმართ სანქციის ფარგლებში უნდა დაინიშნოს მინიმალურ ვადაზე სულ მცირე 1 წლით მეტი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, კერძოდ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელად უნდა დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საბოლოო სასჯელი უნდა განისაზღვროს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელთა შთანთქმის წესით.
ნივთმტკიცების საკითხი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” პუნქტით - თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, – ნადგურდება, შესაბამისად ნივთმტკიცების სახით არსებული ცეცხლსასროლი იარაღი და დანა უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ----------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
ლ----------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
ლ----------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ ლ----------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
ლ----------------ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2018 წლის 05 ივლისიდან.
ნივთმტკიცებად წარმოდგენილი ცეცხლსასროლი იარაღი და დანა გადაეცეს სახელმწიფოს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი