გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/6388-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი 2018წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე - შ---------------------------ი"
წარმომადგენელი - ა-----------–---–ი, ნ------------–---–ი
მოპასუხე - ო-------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ო-------------–---–ს მოსარჩელე შ---------------------------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით - 5000 ლარის ოდენობით;
1.2. მოპასუხე ო-------------–---–ს მოსარჩელე შ---------------------------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის სახით 2988 ლარი;
1.3. მოპასუხე ო-------------–---–ს მოსარჩელე შ---------------------------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო - 2028 ლარის ოდენობით;
1.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 12 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N-----------, რომლის საფუძველზე გაცემული საკრედიტო შეთანხმება #------------ით მოპასუხეს სესხად გადაეცა 5000 ლარი ყოველთვიურად 5.4%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი: მ-–----–----------სი.
მოპასუხე ვალდებული იყო სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა უზრუნველეყო 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად - ყოველთვიურად 318 ლარის ოდენობით.
მოპასუხემ ვერ/არ უზრუნველყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით განსაზღვრული ფულადი ვალდებულებების შესრულება, კონკრეტულად კი, მის მიერ გადახდილი არ არის არცერთი თვის გადასახადი. შესაბამისად, წინამდებარე სარჩელის აღძვრის მომენტისთვის, მას შ---------------------------"-ს მიმართ ერიცხება შემდეგი დავალიანება: სესხის დარჩენილი ძირი თანხა - 5000 ლარი, სარგებელი - 2017 წლის 24 აპრილის და ყოველი მომდევნო თვის 24 რიცხვისთვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5.4%, რაც შეადგენს 270 ლარს; შესაბამისად, ვინაიდან წინამდებარე სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გასულია სრული 11 თვე (24.03.2017; 24.04.2017; 24.05.2017; 24.06.2017; 24.08.2017; 24.08.2017; 24.09.2017; 24.10.2017; 24.11.2017; 24.12.2017; 24.01.2018) და 02 კალენდარული დღე (2018 წლის 24 თებერვლიდან), რიცხული სარგებელი შეადგენს 2988 ლარს (270X11 + 2 დღის სარგებელი 18 ლარი) და პირგასამტეხლო - ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6 ლარის ოდენობით. ვინაიდან 2017 წლის 25 მარტიდან დღემდე (სარჩელის სასამართლოში შეტანის დღემდე) გასულია 338 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 2028 ლარს (338X6).
მოსარჩელის განმარტებით, ავტომობილის მფლობელობაში გადაცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით შ------------------------------"-ს მიერ 0--------- გაცემული გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომობილი იძებნებოდა. თუმცა, ავტომობილი დაზიანებულია და წარმოადგენს გამოძიების საგანს.
2018 წლის 16 თებერვლის ხელშეკრულებით დადგენილი წესით მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება და გაფრთხილებულ იქნა, რომ ნებაყოფლობით დაეფარა დავალიანება, თუმცა მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულებულა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ო-------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის 5000 ლარის ნაწილში.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ო-------------–---–მა განმარტა, რომ მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, რაც უკავშირდება ავტოავარიას ვერ ახერხებს დავალიანების დაფარვას. ყავს ერთი მცირეწლოვანი და ორი არასრულწლოვანი შვილი. იმისათვის რომ შეძლოს დაზიანებული ავტომანქანის აღდგენა და მისი რეალიზაციის გზით, მოსარჩელის დავალიანების გასტუმრება მას ესაჭიროება გარკვეული დრო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 12 დეკემბერს მოპასუხე ო-------------–---–სა და შ---------------------------ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N-----------, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 5000 ლარი, 36 თვის ვადით, თვიური 5.4% სარგებლის დარიცხვის პირობით. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - მ-–----–----------სი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N N----------- (ს.ფ. 17-22);
- შეთანხმება სესხის გაცემის შესახებ და ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 24-25);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 26);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).
3.1.2. 2017 წლის 24 მარტს მოპასუხე ო-------------–---–სა და შ---------------------------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება 2016 წლის 12 დეკემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის საფუძველზეც შეიცვალა მსესხებლის მიერ სესხის ვადაზე ადრე დაფარვის წესი, ასევე მსესხებლის მიერ სესხის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში ფინანსური სანქციის (პირგასამტეხლოს) ოდენობა და განსაზღვრის წესი.
შეთანხმება წარმოადგენს 2016 წლის 12 დეკემბრის N----------- ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (ს.ფ. 27-28);
3.1.3. მოპასუხე ო-------------–---–ის მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გრაფიკის შესაბამისად გადახდის ვალდებულება; მას არ განუხორციელებია არცერთი თვის შენატანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 38);
- გაფრთხილების წერილი (ს.ფ. 40).
3.1.4. დაგირავებული ავტომანქანა, რომლის რეკვიზიტებია: მ--------------–-----–----–-------------------–------–--–----------------------–-------------------------------------------------------–--------------------------------------------------–-------–----------------, დაზიანდა ავტოავარიის შედეგად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადაგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე პირებს - მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები და ამ უფლებათა დაცვის საშუალებები. მოსარჩელის უფლებაა აღძრას საქმე, განსაზღვროს სარჩელის საგანი, საფუძველი და ა.შ. ანალოგიურად ვრცელდება პროცესის დისპოზიციურობა მოპასუხეზე, რომელსაც დასახელებული პრინციპის ფარგლებში შუძლია ცნოს სარჩელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, შესაგებელშივე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 2016 წლის 12 დეკემბერს შ---------------------------სა“ და ო-------------–---–ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 5000 ლარის ნაწილში, რაც ამ ნაწილში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 12 დეკემბერს მოპასუხე ო-------------–---–ს და შ---------------------------ს“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N----------- ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 5000 ლარი, 36 თვის ვადით, თვიური 5.4% სარგებლის დარიცხვის პირობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა უზრუნველეყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის ვალდებულებია და არცერთი თვის შენატანი არ განუხორციელებია.
შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2988 ლარის ოდენობით სარგებლის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3 სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში, საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-4 პუნქტის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ჯარიმასთან ერთად, გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებელს დააკისროს მის (გამსესხებლის) სასარგებლოდ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0.5%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდეს გამსესხებლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მისი მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ამასთან, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 6 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოპასუხის ინტერესის, მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზის გამო, მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების ფაქტის გათვალისწინებით, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, რის გამოც შ---------------------------ი“-ს მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს ყოველდღიურად ერთი ლარის, ჯამში 338 ლარის გადახდა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, მხედველობაში იღებს ო-------------–---–ის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობას _ ყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, იმ გარემოებას რომ მოპასუხე ნაწილობრივ ცნობს სარჩელს, გამოთქვამს მზაობას მორიგებისათვის და ითხოვს ვადას დაზიანებული ავტომანქანის აღსადგენად, რომელიც მხარის განმარტებით მისი ოჯახის შემოავლის ძირითადი წყაროა და მიიჩნევს, რომ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოთ მოყვანილი ნორმით გათვალისწინებული საფუძველი გადაწყვეტილების აღსრულების ერთჯერადად გადადებისათვის, რის საფუძველზეც მოპასუხეს 3 თვემდე ვადით უნდა გადაუვადდეს გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, ამავე არგუმენტაციით სასამართლო არ აკმაყოფილებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წინამდებარე გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, შ---------------------------ი“-ს მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 304.98 ლარის ოდენობით; შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით შ---------------------------ს“ უნდა დაუბრუნდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი თანხიდან _ 150 ლარი, ხოლო მოპასუხეს - უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის - 99.78 ლარის ანაზღაურება, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად; სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
7.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გაღებულ იქნა ხარჯი გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებისათვის - 100 ლარის ოდენობით და გირავნობის მოწმობის საზღაური 50 ლარის ოდენობით, რომელიც ასევე უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 263-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შ---------------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე ო-------------–---–ს მოსარჩელე შ---------------------------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2016 წლის 12 დეკემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის N----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8326 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5000 ლარი, სარგებელი - 2988 ლარი და პირგასამტეხლო 338 ლარი;
2. მოპასუხე ო-------------–---–ს შ---------------------------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი გირავნობის მოწმობის საზღაურის _ 50 ლარის და სააღსრულებო წარმოების ხარჯის _ 100 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე ო-------------–---–ს მოსარჩელე შ---------------------------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _99.78 ლარის ანაზღაურება.
4. შ---------------------------ს“ (ს/კ 4--------) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (304.98 ლარი) - 150 ლარი, რომელიც გადახდილია 2018 წლის 26 თებერვალს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; ანგარიშის №200 122 900; სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადასახადო დავალება #1---------).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულება გადაიდოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადით;
6. გადაწყვეტილება აღსრულების გადადების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მხარისათვის განჩინების გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი