გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.10.2018
საქმის ნომერი
330210018002378486
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/9730-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

 

მოსარჩელე - ე------------–--ე

მოპასუხე - მ-----–---------–---ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-13, 2018 წლის 19 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი):

1.1.1. 2015 წლის 4 აპრილის ხელწერილით, მოპასუხემ აღიარა ვალდებულება მისთვის გადაეხადა ვალი - 700 აშშ დოლარის ოდენობით;

1.1.2. მოგვიანებით, 2016 წლის 04 ოქტომბრის ხელწერილით, მოპასუხემ კვლავ აღიარა მის მიმართ ვალდებულების არსებობა და მიუთითა, რომ ვალს - 700 აშშ დოლარს გადაუხდიდა ეტაპობრივად ან სრული გადახდით დაუყოვნებლივ;

1.1.3. მიუხედავად მისი მრავალჯერადი მოთხოვნისა, მოპასუხე თავს არიდებს ხელწერილით აღიარებული ფულადი ვალდებულების შესრულებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 19-27, 2018 წლის 19 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი):

2.1.1. მას არ ეკისრება მოსარჩელის მიმართ თანხა, რადგან საცხოვრებლის ქირავნობასთან დაკავშირებით წარმოშობილი ვალდებულებების მის მიერ სრულად შესრულებულია და მას არ გააჩნია მოსარჩელის მიმართ გადასახდელი დამატებით რაიმე ვალი;

2.1.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი არ წარმოადგენს კონკრეტული ვალის აღიარებას და ამასთან, მასში არ არის გამოხატული მხარის მზადყოფნა რაიმე ტიპის ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით;

2.1.3. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ორივე ხელწერილი დაწერილია ერთი და იმავე დღეს, 2015 წელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2015 წლის 04 აპრილის ხელწერილით მ-----–---------–---მა აღიარა, რომ მას გააჩნია ე------------–--ის ვალი 700 აშშ დოლარის ოდენობით. იმავე დღეს შედგენილი მეორე ხელწერილით მ-----–---------–---მა კვლავ აღიარა, რომ მას გააჩნია ე------------–--ის ვალი 700 აშშ დოლარის ოდენობით და მიუთითა, რომ იგი აღნიშნულ თანხას ეტაპობრივად ან სრული გადახდით გადაიხდიდა სასწრაფოდ.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მეორე ხელწერილზე მითითებულია თარიღი 2016 წლის 04 ოქტომბერი, თუმცა სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს და სადაოდ არ გაუხდიათ, რომ ისიც შედგენილი იყო 2015 წლის 04 აპრილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილები (ს.ფ.14; 31)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მ-----–---------–---ს ე------------–--ისთვის გადასახდელი აქვს თანხა - 700 აშშ დოლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ 2015 წლის 04 აპრილის ხელწერილებით მ-----–---------–---მა აღიარა ე------------–--ის მიმართ არსებული ვალი 700 აშშ დოლარის ოდენობით და მიუთითა, რომ იგი აღნიშნულ თანხას ეტაპობრივად ან სრული გადახდით გადაიხდიდა სასწრაფოდ.

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულებაა, ამდენად ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში კი სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე.

წარმოდგენილი ხელწერილებით მ-----–---------–---მა წერილობითი ფორმით აღიარა ვალის არსებობა, გამოთქვა მისი დაფარვის ნება და მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების წესსა და ვადებზე, ამდენად, სადავო დოკუმენტი შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მოთხოვნებს. ამასთან, მოპასუხე არ უარყოფს წარმოდგენილი ხელწერილების ნამდვილობას და მათ შესრულებას მის მიერ. მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელისთვის აღნიშნული ხელწერილებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებას იმ საფუძვლით, რომ მას უკვე შესრულებული აქვს ვალდებულება მოსარჩელის მიმართ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მიუთითებს მის მიერ მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების შესრულების თაობაზე, თუმცა შეჯიბრებითობის პრინციპისა და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მას გარდა ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, ვალდებულების შესრულების სადავოობისას მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას ამ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, მ-----–---------–---ს ე------------–--ისთვის გადასახდელი აქვს თანხა - 700 აშშ დოლარის ოდენობით.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ არის დასაბუთებული, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 341-ე, 327-ე, 361 მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია ვალის აღიარების ხელშეკრულებები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 04 აპრილის ხელწერილებით მ-----–---------–---მა აღიარა, რომ მას გააჩნია ე------------–--ის ვალი 700 აშშ დოლარის ოდენობით და მიუთითა, რომ იგი აღნიშნულ თანხას ეტაპობრივად ან სრული გადახდით გადაიხდიდა სასწრაფოდ.

სასამართლო მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ/წარმოშობენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. მარტივი აღიარება სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). კაუზალური ვალის აღიარება ასევე მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ და ბუნებრივია, უნდა შეიცავდეს დაპირების ელემენტს, ამასთან, იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა) (იხ. სუსგ ას-572-531-2017).

მოპასუხის მიერ შესრულებული ხელწერილები წარმოადგენს სწორედ ვალის აღიარების ხელშეკრულებას და, შესაბამისად, წარმოუშობენ მას მოსარჩელის მიმართ თანხის გადახდის ვალდებულებას.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მ-----–---------–---ს ე------------–--ისთვის გადასახდელი აქვს თანხა - 700 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამავე კოდექსის 39-ე და მე-14 მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-11, მე-14, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ე------------–--ის სარჩელი მოპასუხე მ-----–---------–---ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე მ-----–---------–---ს მოსარჩელე ე------------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ანაზღაურება;

 

3. მოპასუხე მ-----–---------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი