გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/17841-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ხათუნა ბუცხრიკიძე
მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი"
წარმომადგენელი - ნ---- კ-------ა
მოპასუხე - დ----- ქ-----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე დ----- ქ-----ეს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს N1------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 17328,72 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 9200 ლარი, პროცენტი - 7428,72 ლარი, ჯარიმა - 700 ლარი;
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სს „ლ-------------სა“ და დ----- ქ-----ეს შორის 2016 წლის 29 ნოემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშძეკრულება N1------- და გაიცა სამომხმარებლო კრედიტი 9200 ლარის ოდენობით, საპროცენტო სარგებელი - 57%, პირგასამტეხლო - 0.5%, სესხის ვადა - 18 თვე.
მოპასუხე დ----- ქ-----ემ სს „ლ-------------ის“ მიერ გაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა და 2016 წლის 29 დეკემბრიდან, ანუ გრაფიკის პირველივე თვიდან, იმყოფება ვადაგადაცილებაში.
ბანკის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში მიწოდებულ იქნა ინფორმაცია არსებული დავალიანების ოდენობისა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ, თუმცა ამ წერილებს მხარისაგან რეაგირება არ მოჰყოლია.
სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხის დავალიანება შეადგენს - 22 316.07 ლარს, აღნიშნული თანხიდან სესხის ძირითადი თანხაა - 9200 ლარი, დარიცხული პროცენტი - 7428.72 ლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებისათვის - 5687.35 ლარი. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა და მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 700 ლარის გადახდის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სასარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ ძირითადი თანხის ნაწილში და აღნიშნა, რომ მან აღნიშნული სესხი აიღო თავისი ნათესავის, კერძოდ გერის თხოვნის საფუძველზე. ასევე აღნიშნავს, რომ ის არ გაურბის პასუხიმგებლობას და მუშაობის დაწყებისთანავე შეუდგება სესხის დაფარვას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 სს „ლ-------------სა“ და დ----- ქ-----ეს შორის 2016 წლის 29 ნოემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1------- და გაიცა სამომხმარებლო კრედიტი 9200 ლარის ოდენობით, საპროცენტო სარგებელი - 57%, პირგასამტეხლო - 0.5%, სესხის ვადა - 18 თვე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
3.1.2 სს „ლ-------------ის“ მიერ N1------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გაცემული კრედიტის თანხები მსესხებელმა აითვისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა;
- გადახდების ისტორია.
3.1.3 მსესხებელმა ზედიზედ სულ მცირე ორჯერ დაარღვია საკრედიტო ვალდებულებებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი და 2018 წლის 30 აპრილის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება სს „ლ-------------ის “ მიმართ N1------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 22 316.07 ლარს, აღნიშნული თანხიდან სესხის ძირითადი თანხაა - 9200 ლარი, დარიცხული პროცენტი - 7428.72 ლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებისათვის - 5687.35 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა.
3.1.4 2018 წლის 09 მარტს და 29 მარტს დ----- ქ-----ეს არსებულ დავალიანებასთან დაკავშირებით გაეგზავნა გაფრთხილების წერილები ბანკისათვის ცნობილ მისამართზე და განესაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების შესრულებისათვის. წერილები მოპასუხეს არ ჩაბარდა. ბანკის გაფრთხილებები დ----- ქ-----ის მიმართ ასევე გამოქვეყნდა საჯაროდ გაზეთში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გაფრთხილების წერილები;
- საგაზეთო პუბლიკაციის ასლი.
3.2.1 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება შეწყდა ვადამდე 30.04.2018 წელს.
2018 წლის 09 მარტს და 29 მარტს დ----- ქ-----ეს არსებულ დავალიანებასთან დაკავშირებით გაეგზავნა გაფრთხილების წერილები ბანკისათვის ცნობილ მისამართზე და განესაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების შესრულებისათვის. წერილები მოპასუხეს არ ჩაბარდა. ბანკის გაფრთხილებები დ----- ქ-----ის მიმართ ასევე გამოქვეყნდა გაზეთში. როგორც შესაგებელში, ისე მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა, რომ მის მიერ არ განცორციელებულა არცერთი გადახდა.
ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით არ დგინდება ხელშეკრულების შეწყვეტის ზუსტი თარიღი, სასამართლო ხელშეკრულებას შეწყვეტილად მიიჩნევს 30.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის მომეტიდან, ვინაიდან ამ დროისათვის ხელშეკრულებაზე ზედიზედ ორჯერ დარღვეული იყო გადახდის გრაფიკი და ბანკს წარმოეშვა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება, გარდა ამისა, სესხის სარგებელი დაანგარიშებულია სწორედ ამ თარიღამდე.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ლ-------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.
დადგენილია, რომ სს „ლ-------------სა“ და დ----- ქ-----ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტის სასარგებლოდ გაეცა საკრედიტო თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო თავის მხრივ - დ----- ქ-----ემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის ნაწილში, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობისათვის 2016 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო განაკვეთი - 57%.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია. ამ გარემოებებს არც მოპასუხე ხდის სადავოდ.
რაც შეეხება მოპასუხის მითითებას, რომ სესხი სინამდვილეში მისი გერის თხოვნით აიღო და სესხის თანხა მას არ გამოუყენებია, სასამართლო პასუხობს, რომ საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სესხის დაბრუნების ვალდებულება იკისრა მოპასუხემ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდება, რომ სესხის თანხა მესამე პირს გადაეცა და მან გამოიყენა, ეს გარემოება გავლენას არ ახდენს მოსარჩელის მოთხოვნის უფლებაზე მოპასუხის მიმართ.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, კერძოდ, 2016 წლის 29 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა და მოითხოვა მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 700 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო, დარღვეული ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი და მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
დ----- ქ-----ეს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 243,86 ლარის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სარჩელის ცნობის გამო, ასევე იმის გამო, რომ მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2 თანახმად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 669,48 ლარის ნაწილი - 425,62 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ლ-------------ის“ სარჩელი მოპასუხე დ----- ქ-----ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. დ----- ქ-----ეს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს N1------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 17328,72 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 9200 ლარი, პროცენტი - 7428,72 ლარი, ჯარიმა - 700 ლარი;
3. დ----- ქ-----ეს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 243,86 ლარის ანაზღაურება.
4. სს „ლ-------------ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 669,48 ლარის ნაწილი - 425,62 ლარი, რომელიც გადახდილი იქნა 30.05.2018 წლის N5--------- საგადახდო დავალებებით შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300 773 150.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია