გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.10.2018
საქმის ნომერი
180310017002111552
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #3/249-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.10.2018 წ. ქ.მცხეთა

შესავალი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი

მოსარჩელე: ;ელაიდ გლობალო ტობაკო ლიმიტიდ;

წარმომადგენელი: ქ-----------------–---

მოპასუხე: სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტი

წარმომადგენლები: გ------------–---–---------------------------–-----------

დავის საგანი: ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სრულად საქპატენტის 26/07/2017 წლის ხელახალი ექპერტიზის #01-01/17 გადაწყვეტილება ;ელაიდ გლობალო ტობაკო ლიმიტიდ;-ის (Allied Global Tobacco Limited) გამოგონების ;უფილტრო სიგარეტი; (#GE P 2011 5311B) გაუქმების თაობაზე, მისი ძალაში შესვლის დღიდან".

 

1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

სარჩელის საფუძვლები

 

მოსარჩელის განმარტებით, დაპირისპირებული დოკუმენტი R------------ საქპატენტის მიერ მიღებული იქნა მხედველობაში ექსპერტიზის ჩატარების დროს და მასზე დაყრდნობით გაანალიზდა გამოგონების სიახლეც და საგამომგონებლო დონეც. ექსპერტიზამ ერთხელ უკვე დაადგინა, რომ სადავო გამოგონებას გააჩნია სიახლე და საგამომგონებლო დონე, იმავე დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც ხელახალი ექსპერტიზისთვის არის წარმოდგენილი. დაუშვებელია უკვე განხილულ წყაროზე დაყრდნობით, იმ საკითხის გადამოწმება, რომელზეც უწყებამ უკვე გამოიტანა გადაწყვეტილება. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 102-ე მუხლის პირველი ნაწილით: „განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას“. მისივე განმარტებით, სადავო გამოგონება აკმაყოფილებდა სიახლის კრიტერიუმს, იქედან გამომდინარე, რომ გამოგონების სიახლეზე ექსპერტიზისას ხელმძღვანელობდნენ „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ინსტრუქციის“ 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით: „თუ ექსპერტიზის საფუძველზე გამოვლინდა ობიექტი, რომელიც შეიცავს გამოგონების ფორმულაში მოყვანილი არსებითი ნიშნების იმავე ერთობლიობას, ექსპერტიზა გამოიტანს დასაბუთებულ დასკვნას, იმის თაობაზე, რომ გამოგონება არ აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს“. მისივე პოზიციით, სადავო გამოგონებისა და დაპირისპირებული სასარგებლო მოდელის ფორმულების შედარებისას, ცხადია, რომ მათ არ აქვთ ერთი და იგივე არსებითი ნიშნების ერთობლიობა, რაც იმის დასტურია, რომ სადავო გამოგონება აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს. აღნიშნული გარემოება ნათლად არის წარმოჩენილი საქპატენტის ძიების ანგარიშში: „ცნობილია დოკუმენტი R------------, რომელშიც წარმოდგენილია მოსაწევი ნაკეთობა, რომელიც შეიცავს მუნდშტუკს, რომელიც შეერთებულია სიგარეტთან გარსაკრავი ქაღალდით, ეს არსებითი ნიშანი არ უკარგავს სიახლეს შემოთავაზებულ გამოგონებას და ამიტომ მას მიენიჭა Y-----------ია“. ექსპერტიზას არ შექმნია სრული შთაბეჭდილება, რომ სადავო გამოგონება ცხადად გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან. შესაბამისად, ექსპერტს დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანხმობით, საპატენტო კანონის 35-ე მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, წერილობით არ მიუმართავს საქპატენტის ხელმძღვანელობისათვის საგამომგონებლო დონის შეფასების თაობაზე. ძიების ანგარიშის შედეგად ექსპერტმა გამოავლინა და გააანალიზა დამატებით 2 დოკუმენტი. ექსპერტი აღნიშნული სამი დოკუმენტის საფუძველზე, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო გამოგონება აკმაყოფილებს საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს. მოსარჩელის განმარტებით, დაინტერესებული მხარემ საგამომგონებლო დონის უარყოფას მოითხოვა საქპატენტში მხოლოდ ერთი დოკუმენტის დაპირისპირებით და ისიც იმ დოკუმენტის დაპირისპირებით, რომელიც შესწავლილი და განხილული იქნა სადავო გამოგონებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საგამომგონებლო დონე უნდა შეფასდეს სულ მცირე ორი დოკუმენტის დაპირისპირების საფუძველზე. აღნიშნული ნათლად ჩანს ძიების ანგარიშის ფორმიდან. კერძოდ, იმ ნაწილში სადაც მითითებულია, თუ რას ნიშნავს Y--------------------------------- რომელიც ყველაზე ახლო კავშირშია ძიების ანგარიშთან და სხვა მსგავს დოკუმენტებთან ერთობლიობაში ცხადია, ტექნიკის ამ დარგის სპეციალისტისათვის.“ ასევე მოსარჩელის განმარტებით „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „ხელახალი ექსპერტიზის ჩასატარებლად საქპატენტი ქმნის საექსპერტო კოლეგიას. საექსპერტო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქპატენტის თავმჯდომარე“. ამგვარი დათქმა არაორაზოვნად გულისხმობს მხოლოდ ექსპერტთა (ანუ კონკრეტულ დარგში სპეციალიზირებულ პირთა) შემადგენლობის არსებობას. კიდევ უფრო კონკრეტულად, ამგვარ კოლეგიაში დაუშვებელია მონაწილეობდეს ვინმე სხვა, გარდა განსახილველი დარგის ექსპერტისა. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული დათქმის საწინააღმდეგოდ, 2017 წლის 26 ივლისს დანიშნული ხელახალი ექსპერტიზისთვის დანიშნული კოლეგიის არც ერთი წევრი არ წარმოადგენდა ექსპერტს, კერძოდ კი - თამბაქოს წარმოების ტექნოლოგს. სხვა პირთა მიერ, და მითუმეტეს იურისტების მიერ, სრულიად დაუშვებელია და ფაქტობრივად შეუძლებელია შეფასდეს გამოგონების პატენტის სიახლე და საგამომგონებლო დონე. შესაბამისად, კოლეგია არაუფლებამოსილი იყო ჩაეტარებინა ხელახალი ექსპერტიზა და მიეღო გადაწყვეტილება პატენტის ბათილობასთან მიმართებით. საქართველოს საპატენტო კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „სააპელაციო პალატა .... იხილავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე საქპატენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, ასევე მათი დაცვის კრიტერიუმებთან, პატენტის გაცემასთან და სამრეწველო საკუთრების სხვა ობიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებს“. ამავე კანონის 404 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „დაუშვებელია პატენტის გაცემასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის განხილვისას სააპელაციო პალატის შემადგენლობაში იყოს პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებაში“. „საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სააპელაციო პალატის თავმჯდომარეა საქპატენტის თავმჯდომარე“, მე-3 პუნქტის საფუძველზე, „სააპელაციო პალატის კოლეგია იქმნება ბრძანებით“. ამავე დებულების მე-15 მუხლის მე-8 პუნქტით, „სააპელაციო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას ბრძანებით ამტკიცებს სააპელაციო პალატის თავმჯდომარე“. მოცემულ შემთხვევაში ხელახალი ექპერტიზის გადაწყვეტოლების მიღებაში საქპატენტის თავმჯდომარე მონაწილეობდა საექსპერტო კოლეგიის შემადგენლობაში და თავის მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებას, შემდგომში ხელახლა თავადვე ამტკიცებს ბრძანებით სააპელაციო პალატის მეშვეობით, რომელიც ასევე მის მიერაა დაკომპლექტებული. თუმცა აღნიშნული მოთხოვნაც არ იქნა გაზიარებული საქპატენტის მიერ. სადაო აქტით მოსარჩელეს, რომელსაც სრულიად მართლზომოერად ჰქონდა მიღებული პატენტი, გაუუქმეს კუთვნილი განსაკუთებული უფლება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებლის საფუძვლები:

 

„გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც საქპატენტის თავმჯდომარეს ანიჭებს უფლებამოსილებას თავად განსაზღვროს საექსპერტო კოლეგია, გულისხმობს მასში საპატენტო სფეროს სპეციალისტების მონაწილეობას და არა კონკრეტული ვიწრო სპეციალობის მქონე, ამ შემთხვევში, თამბაქოს წარმოების სფეროს სპეციალისტის მონაწილეობას. ამასთან, სადავო პატენტით დაცული ობიექტი არ განეკუთვნება რთულ ტექნოლოგიურ პროცესს, რომელიც საჭიროებს სპეციალურ ცოდნას შესაბამის დარგში, არამედ იგი წარმოადგენს ნაკეთობას, რომელიც შესაძლოა განხილულ იქნას მოწყობილობის ჭრილში, შემადგენელი ელემენტების, მათი ურთიერთგანლაგებისა და დასამზადებელი მასალის მხრივ. ასეთი მოწყობილობის შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება სირთულეს არ წარმოადგენს ინჟინრის კვალიფიკაციის მქონე პირისათვის. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც აღნიშნული პირი წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროს სპეციალისტს. გარდა ამისა, კოლეგიის შემადგენლობაში იურისტების მონაწილეობა, აუცილებელია მათ შორის იმ სამართლებრივი საკითხების გადასაწყვეტად, რომელიც მხარეების მიერ წამოიჭრება საკითხის განხილვისას. ამას მოწმობს თავად სადავო პატენტის მფლობელის მიერ ზეპირი მოსმენის გამართვისას დაყენებული საკითხები, რომელზე მსჯელობაც სათანადო სამართლებრივ ცოდნას მოითხოვს. შესაბამისად, ამგვარი შემადგენლობით საექსპერტო კოლეგიას აქვს კომპეტენცია სრულყოფილად იმსჯელოს, როგორც საკითხის ტექნიკურ, ისე მის სამართლებრივ მხარეებზე და ამდენად, სადავო პატენტის მფლობელის წარმომადგენლის მიერ დაყენებული მოთხოვნა კოლეგიის შემადგენლობის აცილების თაობაზე სრულად მოკლებულია საფუძველს. საქპატერტი ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის პოზიციას საექსპერტო კოლეგიის შემადგენლობაში საქპატენტის თავმჯდომარის მონაწილეობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით. საქპატენტის სააპელაციო პალატაში გასაჩივრების წესი და საფუძვლები ამომწურავადაა განსაზღვრული „საქართველოს საპატენტო კანონის“ მე-403 მუხლით. ამასთან, აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს ხელახალი ექსპერტიზის გადაწყვეტილების სააპელაციო პალატაში გასაჩივრების შესაძლებლობას, იგი საჩივრდება სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატენტო კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქპატენტის სააპელაციო პალატაში საჩივრდება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების განაცხადებზე ექსპერტიზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და არა რეგისტრირებულ ობიექტებთან დაკავშირებული დავები. შესაბამისად, არ არსებობს საქპატენტის თავმჯდომარის ხელახალი ექსპერტიზის განმხილველი კოლეგიის შემადგენლობაში მონაწილეობის დაუშვებლობის კანონდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. საქპატენტის განმარტებით საექსპერტო კოლეგიამ განიხილა რა მხარეთა არგუმენტაცია და სადავო გამოგონების პატენტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, გამოარკვია, რომ სადავო პატენტის გამოგონების ფორმულის ერთი დამოუკიდებელი მუხლი ხასიათდება შემდეგი არსებითი ნიშნებით:ა) თამბაქოს ღერო; ბ) თამბაქოს ღერო მოთავსებულია სიგარეტის ქაღალდში; გ) ქაღალდის ცილინდრული ელემენტი (მუნდშტუკი); დ) ქაღალდის ცილინდრული ელემენტი (მუნდშტუკი) სიგარეტის ღეროს დიამტრისაა; ე) მუნდშტუკი სიგარეტთან მიერთებულია გარსაკრავი ქაღალდით; ვ) ქაღალდის ელემენტში (მუნდშტუკში) მთელ სიგრძეზე ან სიგრძის ნაპირა მესამედებში ჩაყენებულია პლასტმასის მილი (მუნდშტუკი); მოპასუხის პოზიციით სადავო პატენტის მასალებში „ქაღალდის ელემენტი“ და „პლასტმასის ელემენტი“ დახასიათებულია სხვადასხვა ტერმინებით (შესაბამისად: „მუნდშტუკი“ და „მილი“), ისინი ერთობლიობაში და ცალ-ცალკე წარმოადგენენ მუნდშტუკს, რომელიც უზრუნველყოფს ნაკეთობის დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას. მათივე პოზიციით, დამოუკიდებელ მუხლში ნიშნების ზემოაღნიშნული ერთობლიობის ანალიზმა აჩვენა, რომ მასში ზოგიერთი არსებითი ნიშანი გადმოცემულია ალტერნატიული ფორმით (არსებით ნიშანთა ჩამონათვალის „ვ“ პუნქტი), რითაც უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი მუხლით გადმოცემული ნაკეთობის რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტის (კერძო შესრულების ფორმის) დაცვა. ამასთან, დარგში არსებული მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, ფორმულაში ალტერნატიული ცნებებით ნიშნის დახასიათება შესაძლებელია, მხოლოდ იმ პირობით, თუ ხსენებული ალტერნატიული ფორმები, ფორმულაში ჩართულ სხვა ნიშნებთან ერთობლიობაში, ცალ-ცალკე უზრუნველყოფენ ერთსა და იმავე შედეგს (წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნებოდა გამოგონების ერთიანობის დარღვევას) შესაბამისად, პატენტუნარიანობის შემოწმება უნდა მოხდეს არსებითი ნიშნების თითოეული ერთობლიობის მიმართ, რომელიც შეიცავს ერთ ასეთ ალტერნატიულ ცნებას. სადავო პატენტის აღწერილობის და გრაფიკული მასალების ანალიზის საფუძველზე საქპატენეტმა მიიჩნია, რომ სადავო პატენტის არსებით ნიშანთა ერთობლიობის „ვ“ პუნქტში მოყვანილია შემდეგი ორი ალტერნატივა: ვ1) პლასტმასის მილი (მუნდშტუკი) ჩაყენებულია ქაღალდის ელემენტის (მუნდშტუკის) მთელ სიგრძეზე და ვ2) პლასტმასის მილი (მუნდშტუკი) ჩაყენებულია ქაღალდის ელემენტის (მუნდშტუკის) სიგრძის მესამედებში. აღნიშნული ალტერნატივები, ცალ-ცალკე, „ა“-„ე“ პუნქტებში გადმოცემულ ნიშნებთან ერთობლიობაში უზრუნველყოფენ ერთი და იგივე შედეგს. კერძოდ, „საექსპლუატაციო მახასიათებლების გაუმჯობესებას“, „მუნდშტუკის სიხისტის გაზრდას“ და ყველა მოსაწევი ნაწარმისათვის ერთი და იგივე მუნდშტუკის გამოყენების და მისი დროდადრო წმენდის აუცილებლობის გამორიცხვას. ვინაიდან, „სიგარეტთან კონსტრუქციულ ერთიანობაში მყოფი მუნდშტუკი (ქაღალდის ელემენტი-პლასტმასის მილი), ფაქტიურად წარმოადგენს ერთჯერად მუნდშტუკს“. კოლეგიამ განიხილა და გააანალიზა რა დაპირისპირებული დოკუმენტი R------------, გამოარკვია, რომ მასში აღწერილია მოსაწევი ნაწარმი, რომელიც განეკუთვნება თამბაქოს მრეწველობას და შესაძლოა გამოყენებული იქნეს მუნდშტუკიანი მოსაწევი ნაწარმის დასამზადებლად. დაპირისპირებული დოკუმენტის მიხედვით მოსაწევი ნაწარმი შექმნილია იმგვარად, რომ შეიცავს კონსტრუქციული ნიშნების შემდეგ ერთობლიობას: ზ) თამბაქოს ღეროს; თ) თამბაქოს ღერო მოთავსებულია პერანგში (სიგარეტის ქაღალდში); ი) ცილინდრული მილი (მუნდშტუკი); კ) ცილინდრული მილი (მუნდშტუკი) სიგარეტის დიამტრისაა; ლ) მუნდშტუკი სიგარეტთან მიერთებულია გარსაკრავი ქაღალდით; მ) ცილინდრული მილი (მუნდშტუკი) დამზადებულია პოლიმერული საკვები მასალისაგან (განხორციელების ერთ მაგალითში პოლისტიროლისაგან); საქპატენტის აზრით რომ ობიექტის საგამომგონებლო დონე შეფასებული უნდა იქნეს, სულ მცირე, ორი დოკუმენტის მიმართ. არსებობს არა ერთი მეთოდოლოგიური მასალა, რომელიც ამტკიცებს საპირისპიროს. საპატენტო კოოპერაციის შესახებ ხელშეკრულების (რომლის მონაწილეც არის საქართველო) სახელმძღვანელო „საერთაშორისო მოძიებისა და საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“, შეიცავს ინსტრუქციებს იმ პრაქტიკის მიმართ, რასაც უნდა მისდიონ საერთაშორისო ორგანოებმა ძიებისა და ექსპერტიზის ჩატარებისას. ხსენებული სახელმძღვანელოს პირველი თავის 1.02 პუნქტში ცალსახად არის მითითებული, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული სახელმძღვანელო განკუთვნილია საერთაშორისო განაცხადებისათვის, იგი შესაძლოა გამოყენებული იქნას „mutatis mutandis“ ეროვნული საპატენტო უწყებების მიერ ადგილობრივი განაცხადების განხილვისას“. ხსენებული სახელმძღვანელოს მე-13 თავში, რომელიც ეხება საგამომგონებლო დონეს მოყვანილია შემთხვევები, როდესაც ერთ დოკუმენტს შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს საგამომგონებლო დონის საკითხი. ამ დოკუმენტის მიხედვით, ასეთი შემთხვევა შესაძლებელია დადგეს, როდესაც: (i)ტექნიკური ნიშანი, ცნობილი ერთ ტექნიკურ დარგში, გამოიყენება მეორე დარგში და მისი გამოყენება ცხადია სპეციალისტისათვის; (ii) განსხვავება დოკუმენტის შემცველობასა და გაცხადებულ ობიექტს შორის იმდენად კარგადაა ცნობილი, რომ დოკუმენტური მტკიცებულების საჭიროება არ არის; (iii) გაცხადებული ობიექტი განეკუთვნება ცნობილი პროდუქტის გამოყენებას და ასეთი გამოყენება ცხადად გამომდინარეობს პროდუქტის ცნობილი თვისებებიდან; (iv) გაცხადებული გამოგონება განსხვავდება ცნობილი ტექნიკის დონისაგან მხოლოდ ეკვივალენტების გამოყენებით, რომლებიც იმდენად კარგადაა ცნობილი, რომ დოკუმენტური მტკიცებულება არ სჭირდება. მოპასუხის პოზიციით „საქართველოს საპატენტო კანონის“ 421 მუხლის თანახმად, „დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, პატენტის მოქმედების ვადის განმავლობაში მოითხოვოს გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება იმ საფუძვლით, რომ გამოგონება არ აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს“. ამავე კანონის მე-2 პუნქტის თანახმად, გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადებას უნდა ერთვოდეს: წერილობითი დასაბუთება, რომ გამოგონება არ აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს; ყველა იმ ადრე გაცემული პატენტის ან პუბლიკაციის ასლი, რომელსაც დაინტერესებული მხარე ეყრდნობოდა დასაბუთებისას ...“. შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს საკუთარი პოზიციის დასაბუთებისას დაეყრდნოს ნებისმიერ დოკუმენტს, იმ დოკუმენტების ჩათვლით, რომელზეც უკვე იმსჯელა ექსპერტიზამ, ხოლო ხელახალი ექსპერტიზის კოლეგია ვალდებულია იმსჯელოს პატენტის ობიექტის პატენტუნარიანობის კრიტერიუმების შესაბამისობაზე დასაბუთებაში მოყვანილი ნებისმიერი დოკუმენტის მიმართ და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. საქპატენტმა ასევე განმარტა რომ სადავო პატენტით დაცულ ობიექტზე საპატენტო განაცხადი საქპატენტში წარდგენილი იქნა 2010 წლის 2 მარტს, ხოლო „საქართველოს საპატენტო კანონში“ ცვლილებები განხორციელდა 2010 წლის 24 ივნისს. 2010 წლის 4 მაისის „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „განაცხადი, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქპატენტში მიმდინარეობს საქმის წარმოება, განიხილება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით“. ამდენად, სადავო გამოგონების განაცხადზე ექსპერტიზა მიმდინარეობდა „საქართველოს საპატენტო კანონის“ ძველი რედაქციის შესაბამისად. კანონის აღნიშნული რედაქციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „...საქპატენტი აწარმოებს კვლევას განაცხადში აღწერილი გამოგონების ტექნიკის დონის დასადგენად, რის საფუძველზედაც ატარებს სიახლის ექსპერტიზას და ადგენს დოკუმენტურ დასკვნას“. ამავე კანონის ამავე რედაქციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „თუ დოკუმენტური დასკვნის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში განმცხადებელმა არ წარადგინა შესწორება ან დასაბუთებული შეპასუხება და განაცხადი აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმის მოთხოვნებს, „საქპატენტს“ გამოაქვს წინასწარი გადაწყვეტილება გამოგონების პატენტის გაცემის თაობაზე“. აღნიშული მუხლების საფუძველზე, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არ არსებობის გამო, სადავო გამოგონების განაცხადზე ექსპერტიზის დროს „საქპატენტი“ არ ახდენდა საგამომგონებლო დონის შეფასებას. მისივე განმარტებით, სადავო გამოგონების ძიების ანგარიშში „-- კატეგორიით დოკუმენტების მონიშვნა შეესაბამება ი--------------- სტანდარტს, რომლის საფუძველზე განმცხადებელს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, შესაფასებლად ეცნობა ინფორმაცია იმ დოკუმენტების შესახებ, რომლებსაც სავარაუდოდ შეეძლოთ სადავო გამოგონების ობიექტის საგამომგონებლო დონის უარყოფა. საქპატენტმა მიიჩნია, რომ სადავო პატენტით დაცულ ობიექტს არ გააჩნდა საგამომგონებლო დონე დაპირისპირებულ დოკუმენტში გახსნილი ნაწარმის მიმართ. ამასთანავე, მან არ გაიზიარა სადავო პატენტის მფლობელის მოსაზრებას მასზედ, რომ სადავო პატენტით დაცულ მეორე ალტერნატიულ შესრულების ფორმაში პლასტმასის „მილის ნაპირა მესამედებში ჩასმა უზრუნველყოფს წრიულ ღარს სადაც თამბაქოს ნაწილაკები ილექება“ და ასეთი კონსტრუქცია ანიჭებს ხსენებულ ფორმას საგამომგონებლო დონეს, რადგან აღნიშნული მომენტი არამარტო არ არის გახსნილი სადავო პატენტის აღწერილობაში (რაც იმავდროულად მიუთითებს იმაზე, რომ საპატენტო განაცხადის წარდგენის თარიღისათვის განმცხადებელს ნათელი წარმოდგენა არ ქონდა დამატებით შედეგზე), არამედ ეწინააღმდეგება თვით ალტერნატიული ნიშნების ჩამოყალიბების პრინციპსაც, რამეთუ პირველი ალტერნატიული შესრულების ფორმა (პლასტმასის მილი მთელ სიგრძეზე) ვერ უზრუნველყოფს ამგვარ შედეგს, განსხვავებული ტექნიკური შედეგების მიმღწევი ნიშნები ალტერნატიულად ვერ ჩაითვლება და მათი ამგვარად გადმოცემა მიიყვანდა ერთიანობის დარღვევამდე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2011 წლიდან კომპანია ;ელაიდ გლობალო ტობაკო ლიმიტიდ; წარმოადგენს გამოგონებაზე პატენტის ;უფილტრო სიგარეტის მფლობელს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- პატენტი P 5311 მხარეთა ახსნა-განმარტება; გამოგონებაზე პატენტის აღწერილობა

 

3.1.2. 2017 წლის 05 ივნისს შპს ;პ და ლ;-ს მიერ ზემოთ მითითებულ პატენტზე მოთხოვნილი იქნა ხელახალი ექპერტიზის ჩატარება და პატენტის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა პატენტუნარიაონობის კრიტერიუმებს სიახლესა და საგამომგონებლო დონეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქპატენტის 2017 წლის 09 ივნისის შეტყობინება შპს ;პ და ლ;-ის 2017 წლის 05 ივნისის განცხადებით - მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. 2017 წლის 03 ივლსის საქპატენტის თავჯდომარის #62 ბრძანების საფაუძველზე ხელახალი ექპერტიზის ჩატარების მიზნით შეიქმნა საექპერტო კოლეგია შემდეგი შემადგენლობით; ნ-----–-----------–--- (საქპატენტის თავმჯდომარე პროფესიით იურისტი) მ--------------- საქპატენტის იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი პროფესიით იურისტი) ვ----–----------ე (საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის მექანიკოსი განყოფილების უფროსი პროფესიით მექანიკოს-მანქანათმშენებელის).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქპატენტის თავმჯდომარის 2017 წლის 03 ივლისის #62 ბრძანება.

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. საქპატენტის მიერ 26/07/2017 წელს მიღებული იქნა #01-01/17 გადაწყვეტილება კომპანიის ;ელაიდ გლობალო ტობაკო ლიმიტდ;-ის (Allied Global Tobacco Limited) გამოგონებაზე ;უფილტრო სიგარეტი; (-----------------------ლად გაუქმების თაობაზე იმ საფუძვლით რომ მას არ გააჩნდა საგამომგონებლო დონე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

საქპატენტის 2017 წლის 26 ივლსის ხელხალი ექპერტიზის #01-01/17 გადაწყვეტილება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ მოისმინა რა მხარეთა ახსნა–განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, გაანალიზა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ურთიერთშეაჯერა ფაქტობრივი გარემოებები თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

- საპატენტო კანონი, სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია, საქართველო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

მოსარჩელე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სრულად საქპატენტის 26/07/2017 წლის ხელახალი ექპერტიზის #01-01/17 გადაწყვეტილება ;ელაიდ გლობალო ტობაკო ლიმიტდ;-ის (Allied Global Tobacco Limited) გამოგონების ;უფილტრო სიგარეტი; (#GE P 2011 5311B) გაუქმების თაობაზე, მისი ძალაში შესვლის დღიდან".

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასაქონლო ნიშანი საქართველოს კონსტიტუციის დაცული საკუთრების უფლების ობიექტია. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის თანახმად, ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.

 

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმოს) დამფუძნებელი კონვენციის მე-2 (VIII) მუხლით, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს (სხვა ობიექტებთან ერთად) მიეკუთვნება გამოგონება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პატენტი გამოგონებაზე არის დოკუმენტი, რომელსაც გასცემს სახელმწიფო პატენტმფლობელზე და ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებას გამოგონებაზე. გამოგონება გულისხმობს ტექნიკურ გადაწყვეტას მრეწველობის ნებისმიერ დარგში, რომელიც შეიძლება იყოს პროდუქტი (მაგ. მოწყობილობა, ნივთიერება, მიკროორგანიზმთა შტამი), ხერხი (პროცესი), ან პროდუქტის გამოყენება. პატენტში გახსნილი უნდა იყოს დასახული ამოცანის გადაჭრის გადაწყვეტილება და დადებითი შედეგის მიღწევის გზა. აღსანიშნავია, რომ პატენტი გაიცემა ტექნიკურ გადაწყვეტილებაზე და არა ამოცანაზე. პატენტი გამოგონებაზე გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური გადაწყვეტა არის ახალი, აქვს საგამომგონებლო დონე (არ არის ცხადი სპეციალისტისთვის) და არის სამრეწველოდ გამოყენებადი.

 

პატენტი გამომგონებელს ანიჭებს უფლებას გარკვეული დროის განმავლობაში ისარგებლოს და მიიღოს სარგებელი თავისი გამოგონებით იმ ქვეყნის (ან რეგიონის) ტერიტორიაზე, სადაც შეიტანა საპატენტო განაცხადი, ამ ქვეყნის (ან რეგიონის) კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ, პატენტი მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, აუკრძალოს სხვა პირებს თავისი ნებართვის გარეშე პატენტით დაცული პროდუქტის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა, პატენტით დაცული ხერხის გამოყენება ან გასაყიდად შეთავაზება და, აგრეთვე, პატენტით დაცული ხერხით უშუალოდ მიღებული პროდუქტის გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა.პატენტმფლობელს შეუძლია უფლება მისცეს ან გასცეს ლიცენზია სხვა პირებზე პატენტის გამოყენების შესახებ, ურთიერთშეთანხმებული პირობებით.

 

საქართველოს საპატენტო კანონის მე-16 მუხლის თანახმად, პატენტი შეიძლება გაიცეს გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე, რომლის ობიექტს წარმოადგენს:ƒ მოწყობილობა (მანქანა-მექანიზმები, დანადგარები, ხელსაწყოები, ელექტრონული სქემები და ა.შ.); ƒ ნივთიერება (ხსნარები, შენადნობები, ქიმიური ნაერთები, ნარევები და ა.შ.);ƒ ბიოლოგიური მასალა (მიკროორგანიზმების შტამი, მცენარეთა და ცხოველთა ასოციაციები, უჯრედების კულტურები და ა.შ.);ƒ ხერხი (ტექნოლოგიური პროცესები, ილეთები, ოპერაციები და ა.შ.). დაპატენტების საგანი შეიძლება იყოს ტექნიკის არსებული დონით ცნობილი ნივთიერებებისა და ნარევების, აგრეთვე მოწყობილობების ახალი დანიშნულებით გამოყენებაც.

 

ამავე კანონის 32-35-ე მუხლების მიხედვით საქპატენტი ატარებს განაცხადის საპატენტო ექსპერტიზას, რომლის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ. საპატენტო ექსპერტიზა მოიცავს განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებას, ფორმალური მოთ-ხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებას. ექსპერტიზის მსვლელობისას საქპატენტს შეუძლია მოსთხოვოს განმცხადებელს განაცხადში ცვლილების ან შესწორების შეტანა, ან განმარტების წარმოდგენა, რომლის გარეშეც შეუძლებელია განაცხადის განხილვის გაგრძელება და საგანაცხადო მასალების გამოქვეყნება. განმცხადებელმა საქპატენტის მოთხოვნა უნდა შეასრულოს შეტყობინების მიღების დღიდან 2 თვის ვადაში. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში უდაოა ის გარემოება, რომ 2011 წლიდან მოსარჩელე კომპანია ;ელაიდ გლობალო ტობაკო ლიმიტიდ; წარმოადგენს გამოგონებაზე პატენტის ;უფილტრო სიგარეტის მფლობელს;

 

6.2. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას მოცემულ დავასთან მიმართებაში, კერძოდ “გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, “..ხელახალი ექსპერტიზის ჩასატარებლად საქპატენტი ქმნის საექსპერტო კოლეგიას. საექსპერტო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქპატენტის თავმჯდომარე”. ამგვარი დათქმა არაორაზროვნად გულისხმობს მხოლოდ ექსპერტთა (ანუ, კონკრეტულ დარგში სპეციალიზირებულ პირთა) შემადგენლობის არსებობას. კიდევ უფრო კონკრეტულად, ამგვარ კოლეგიაში დაუშვებელია მონაწილეობდეს ვინმე სხვა, გარდა განსახილველი დარგის ექსპერტისა. კომპანია "ელაიდ გლობალ ტობაკო ლიმიტიდ"-ის მიერ საექსპერტო კოლეგიის აცილების შუამდგომლობასთან დაკავშირებით, კოლეგიის მიერ არასწორად განიმარტა, რომ "საექსპერტო კოლეგია" გულისხმობს მასში საპატენტო სფეროს სპეციალისტების მონაწილეობას და არა კონკრეტული ვიწრო სპეციალობის მქონე, ამ შემთხვევაში, თამბაქოს წარმოების სფეროს ექსპერტის მონაწილეობას და ამდენად, სხვა დარგის ინჟინრის კვალიფიკაციის მქონე პირისთვისაც ასეთი მოწყობილობის შეფასება სირთულეს არ წარმოადგენდა, ხოლო იურისტების მონაწილეობა აუცილებელი გახლდათ სამართლებრივ მხარეზე მსჯელობის წარმართვის მიზნით.

 

აღნიშნულ საკითხთან მიმართებით "სპეციალისტი" შეიძლება იყოს მხოლოდ ტექნიკის მოცემული დარგის სპეციალისტი და არა ზოგადად ინტელექტუალური სამართლისა, კერძოდ საპატენტო სამართლისა (თანახმად ზემოხსენებული ინსტრუქციის 6.1, 13.3 და 29.1.ბ მუხლებისა). სპეციალისტი განმარტებულია საქპატენტის მიერვე გამოყენებულ (იხ. გადაწყვეტილების გვ. 11) საპატენტო კოოპერაციის შესახებ ხელშეკრულების (PCT) სახელმძღვანელოში (თავი 13 - "საგამომგონებლო დონე") სადაც აღნიშნულია, რომ "პირი კვალიფიცირებული იყო პრობლემის გადაჭრისათვის"; სპეციალისტი განმარტებულია ასევე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო, WIPO) სამაგიდო წიგნშიც (2.24 პუნქტი), რომ "გამოგონება ცხადი უნდა იყოს პირისათვის მისი არსებითად განხილვისათვის" და "ამგვარი პირი მოცემულ დარგში უნდა იყოს სათანადო გამოცდილების მქონე". როგორც მითითებული ნორმებიდან და განხილული საერთაშორისო სტანდარტებიდან ირკვევა, საექსპერტო კოლეგიის შემადგენლობა აუცილებელია დაკომპლექტებული იყოს მხოლოდ სპეცლიასტებით, ანუ იმ პირებით, რომლებსაც იმ დარგში, რომელსაც უშუალოდ ეკუთვნის გამოგონება, აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება. მოცემულ შემთხვევაში კი, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქპატენტის მიერ ხელახალი ექსპერტიზისთვის დანიშნული კოლეგიის არც ერთი წევრი არ წარმოადგენს დარგის სპეციალისტს, კერძოდ კი - თამბაქოს წარმოების სპეციალისტს. სხვა პირთა მიერ, და მითუმეტეს იურისტების მიერ, სრულიად დაუშვებელია და ფაქტობრივად შეუძლებელია შეფასდეს გამოგონების პატენტის სიახლე და საგამომგონებლო დონე. შესაბამისად, კოლეგია არაუფლებამოსილი იყო ჩაეტარებინა ხელახალი ექსპერტიზა და მიეღო რაიმე გადაწყვეტილება პატენტის ბათილობასთან მიმართებით.

 

გარდა აღნიშნულისა, თავად გადაწყვეტილებაშივეა მითითებული, სადავო გამოგონების განაცხადზე ექსპერტიზის დროს საქპატენტი არ ახდენდა საგამომგონებლო დონის შეფასებას (იხ. გადაწყვეტილების გვ. 12-13). მოცემული კი ცხადად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ვინაიდან საქპატენტს პატენტუნარიანობის განხილვის დროს არ ჰქონდა საკანონმდებლო საფუძველი, შეემოწმებინა მოცემული კრიტერიუმი, ხელახალი ექსპერტიზის ფარგლებში იგი დაუბრუნდა განაცხადის ეტაპს, პირველად შეისწავლა და შეაფასა მოცემული საკითხი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. განაცხადის ეტაპი კი ცალსახად გულისხმობს მასში მხოლოდ ექსპერტთა და არა მაგ. იურისტების, მონაწილეობას. მოცემული ცხადყოფს, რომ ამგვარი არაკვალიფიციური და არაუფლებამოსილი პირებით დაკომპლექტებული საექსპერტო კოლეგია, ვერ იმსჯელებდა სათანადოდ პატენტის ბათილობაზე და ასეთი დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, დარგის სპეციალისტის - ექსპერტის მიერ მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საპატენტო კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, “..სააპელაციო პალატა, ..იხილავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე საქპატენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, ასევე მათი დაცვის კრიტერიუმებთან, პატენტის გაცემასთან და სამრეწველო საკუთრების სხვა ობიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებს”. ამავე კანონის 40(4) მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, “დაუშვებელია პატენტის გაცემასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის განხილვისას სააპელაციო პალატის შემადგენლობაში იყოს პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებაში”. “საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულების” მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად კი, “სააპელაციო პალატის თავმჯდომარეა საქპატენტის თავმჯდომარე”, მე-3 პუნქტის საფუძველზე კი “სააპელაციო პალატის კოლეგია იქმნება თავმჯდომარის ბრძანებით..”. ამავე დებულების მე-15 მუხლის მე-8 პუნქტით, “სააპელაციო კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბრძანებით ამტკიცებს სააპელაციო პალატის თავმჯდომარე”.

 

კომპანია "ელაიდ გლობალ ტობაკო ლიმიტიდ"-ის მიერ საექსპერტო კოლეგიაში საქპატენტის თავმჯდომარის მონაწილეობის დაუშვებლობის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, კოლეგიის მიერ არასწორად განიმარტა, რომ საპატენტო კანონი ხელახალი ექსპერტიზის მუხლში არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების სააპელაციო პალატაში გასაჩივრების შესაძლებლობას და რომ იგი საჩივრდება სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ხოლო სააპელაციო პალატაში საჩივრდება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების განაცხადებზე ექსპერტიზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და არა რეგისტრირებულ ობიექტებთან დაკავშირებული დავები (იხ. გადაწყვეტილების გვ. 7).

 

მოცემულ საკითხზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია გავთვალისწინებული იყოს საქპატენტშივე არსებული პრაქტიკა. საქართველოს საპატენტო კანონში 2010 წლის 04 მაისს დამატების განხორციელების შედეგად ხელახალი ექსპერტიზის თაობაზე 42(1) მუხლის ძალაში შესვლის შემდგომ 2012 წელს ჩატარებული პირველი ხელახალი ექსპერტიზების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სარეზოლუციო ნაწილით გათვალისწინებულია ბრძანების/გადაწყვეტილების როგორც პირდაპირ სასამართლოში, ასევე სააპელაციო პალატაში გასაჩივრების შესაძლებლობა. ნიშანდობლივია, რომ კანონში დამატების განხორციელებისას ცხადი იყო ამგვარი ინსტიტუტის გაჩენის მიზანი და იგი ცალსახად არ გულისხმობდა პატენტის მფლობელისათვის პატენტზე უფლების გაუქმებას იმგვარად, რომ მას არ ჰქონოდა შესაძლებლობა გამოეყენებინა სააპელაციო წესით ამგვარი ზიანის მიმყენებელი აქტის გასაჩვირების უფლება - რაც არის კიდეც დაფიქსირებული საქპატენტის 2012 წლის 26 იანვრის ბრძანებასა და ამავე წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილებაში.

 

ყურადღებაა გასამახვილებელი იმ ფაქტზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქპატენტმა შეუზღუდა მოსარჩელეს სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, იგი ზემოთ მითითებული საპატენტო კანონის მე-9 მუხლში არსებული ჩანაწერის - "პატენტის გაცემა" - განმარტებისას, განამტკიცებს მოსარჩელის პოზიციას, რომ სააპელაციო პალატაში საჩივრდება "განაცხადებზე ექსპერტიზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები". როგორც ეს ნათელია, საექსპერტო კოლეგია შეიქმნა და გადაწყვეტილებაში ასახული ექსპერტიზა განხორციელდა სწორედ დაინტერესებულ პირის განაცხადის საფუძველზე; ხოლო განაცხადზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა როგორც პატენტის გაცემაზე - დადებითი, ასევე უარყოფითი. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დაფიქისრებულ უზუსტობაზე.

 

გარდა იმისა, რომ საექსპერტო კოლეგია არაუფლებამოსილი იყო ამგვარი შემადგენლობით ემსჯელა განსახილველ საკითხზე, მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაინტერესებული პირის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრების შემთხვევაში, ადგილი ექნებოდა იმგვარ შემთხვევას, როდესაც საქპატენტის თავმჯდომარე მონაწილეობს საექსპერტო კოლეგიის შემადგენლობაში სრულიად უსაფუძვლოდ და არამართებულად და თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, შემდგომში ხელახლა თავადვე ამტკიცებს ბრძანებით სააპელაციო პალატის მიერ განხილულ საქმეზე და სააპელაციო პალატის კოლეგია მის მიერაა დაკომპლექტებული. მსგავსი რამ სრულიად შეუსაბამოა საკანონმდებლო დანაწესთან, იწვევს პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტს და შესაბამისად, კოლეგიის შემადგენლობის აცილების უპირობო საფუძველს წარმოადგენს. ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ მოსარჩელეს შეეზღუდა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით; ხოლო კვალიფიციურად დაკომპლექტებული ექსპერტების მიერ ალბათობის მაღალი ხარისხით, მიღებული იქნებოდა სხვაგვარი შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს, ვინაიდან არასწორადაა განმარტებული სათანადო ნორმები ტექნიკის დონის, საგამომგონებლო დონისა და ექვივალენტობის საკითხებთან მიმართებით. კერძოდ: ტექნიკის დონის თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

საქპატენტმა ისმო-ს სახელმძღვანელოზე მითითებისას სტანდარტზე უფრო მაღლა დააყენა რეკომენდაციული ხასიათის PCT-სახელმძღვანელო, მაშინ როცა სტანდარტი სავალდებულოა, ხოლო სახელმძღვანელო - რეკომენდაციული, რაც პირდაპირ არის გამოხატული თუნდაც მოხმობილ ციტატაში, სადაც მის დისპოზიციურ - შესაძლო გამოყენებაზეა მითითებული ოღონდ mutatis mutandis და არა პირდაპირ (იხ. გადაწყვეტილების გვ. 11); მაგრამ საქპატენტმა ამ სახელმძღვანელოს 1.02 პუნქტიდან ციტატა შეგნებულად შეამოკლა და არ დაასრულა იმ სიტყვებით, რომლებითაც მას არ აწყობდა - კერძოდ, ციტატა ბოლოვდება სიტყვებით „თუ ნებადართულია ეროვნული კანონმდებლობით“. საქართველოს საპატენტო კანონმდებლობის არც ერთი მუხლი თუ პუნქტი არ ადგენს ამ სახელმძღვანელოს გამოყენების რაიმე თუნდაც ალტერნატიულ გამოყენებაზე ოფიციალური გადაწყვეტილების გამოტანისას. შესაბამისად, მათზე დაყრდნობით დასკვნის გამოტანა ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, ანუ დაუშვებელია (იხ. ინსტრუქციის მუხლი 35). თავის მხრივ სტანდარტის წესრიგზე დაყრდნობა კი იქნებოდა კანონთან შესაბამისი და, რაც მთავარია, განსახილველი შემთხვევის სათანადო, რადგან იგი რეკომენდაციას იძლევა თუ რა ფორმით უნდა იყოს მითითებული გამოვლენილი, ტექნიკის დონის განმსაზღვრელი დოკუმენტები ძიების ანგარიშში, არსობრივ კრიტერიუმთან არსობრივი შესაბამისობის გათვალისწინებით.

 

სწორად მოიქცა საქპატენტის ექსპერტი, რომ იმ კატეგორიით აღნიშნა მოძიებული საბუთები, რომელიც სხვა საბუთთან კომბინაციაშია გამოსაყენებელი საგამომგონებლო დონის შესაფასებლად, საქპატენტი უთითებს, რომ „ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შესაფასებლად ეცნობა ინფორმაცია იმ დოკუმენტების შესახებ, რომლებსაც სავარაუდოდ შეეძლო გამოგონების ობიექტის საგამომგონებლო დონის უარყოფა“. გაურკვეველია საქპატენტის ლოგიკა, ვინაიდან შეფასების გარეშე ბუნებრივია, ვერც ვარაუდი ვერ გამიოთქმებოდა რაიმე საკითხთან დაკავშირებით. საქპატენტის მსჯელობა არ არის მართალი, რადგან საქპატენტისგან მიღებულ ძიების ანგარიშს ახლდა ექსპერტიზის მიერ მომზადებული დოკუმენტური დასკვნა, რომელიც გათვალისწინებული იყო საპატენტო კანონის 35-ე მუხლით; საქპატენტი, ამ დროს, აცხადებს, რომ საერთოდ არ შეუფასებია საგამომგონებლო დონე (იხ. გადაწყვეტილების გვ. 13) - თუ ეს ასე იქნებოდა, მაშინ ტექნიკის დონეც არ იქნებოდა განსაზღვრული საქპატენტის მიერ, რაც საპატენტო კანონის დარღვევა იქნებოდა. ტექნიკის დონის დადგენა კი იმას ნიშნავს, რომ წინასწარ საბუთდება შედეგები და დასკვნის სახით ეგზავნება - გაეგზავნა კიდეც განმცხადებელს ძიების ანგარიშთან ერთად, რაც საქართველოს საპატენტო კანონთან სრულ შესაბამისობაშია (იხ. ინსტრუქციის 34-ე მუხლი).

 

აღსანიშნავია, რომ ძიების ანგარიში და დოკუმენტური დასკვნა საერთაშორისო ძიების ანგარიშისა და დასკვნის შესაბამისია შინაარსითაცა და ფორმითაც (თანახმად PCT 16.01 პუნქტისა). ამდენად, საგამომგონებლო დონე წინასწარ იყო შეფასებული ექსპერტიზის მიერ, თუმცა მას ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია. რადგან დოკუმენტურ დასკვნაში მითითებული საბუთებია საფუძველი დასკვნის შედგენისთვის, თუ დადგებოდა ამ გადაწყვეტილების მიღების საჭიროება, ექსპერტი შეფასებას გააკეთებდა მის მიერ მითითებული დოკუმენტების ერთობლივად განხილვის საფუძველზე. მრავალი საბუთის მითითებით მან უკვე გამორიცხა ისეთი გამონაკლისის არსებობა, რომელიც მოითხოვს მხოლოდ ერთი დოკუმენტის ანალიზს საგამომგონებლო დონის შესაფასებლად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამოგონება სპეციალისტისათვის იმ სიაშკარავით არ იყო ცხადი, რომ ექსპერტს მიემართა ხელმძღვანელობისადმი საგამომგონებლო დონის Ex-Oficio შეფასების თხოვნით.

 

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ძიების ანგარიშში 3 წყაროა დასახელებული, ხოლო დაინტერესებული პირის მიერ მხოლოდ ერთი წყაროა არჩეული. მეტად სავარაუდოა, რომ იგი დარწმუნდა მათი კომბინაცია საგამომგონებლო დონეს ვერ უაყრყოფდა და შეეცადა PCT-სახელმძღვანელოში მოყვანილ გამონაკლისს (სახელმძღვანელოს მე-13 თავი) დაყრდნობოდა, არსებითი ნიშნების ერთობლიობა უკიდურეს მარტივ შემთხვევამდე დაეყვანა და დაერწმუნებინა საექსპერტო კოლეგია რომ გამოგონების ნიშანთა ერთობლიობა სრულიად და უალტერნატივოდ ცხადია „ტექნიკის მოცემული დარგის ჩვეულებრივი სპეციალისტისთვის“. საქპატენტმა, თავის მხრივ, ამგვარი დაუსაბუთებელი განცხადების განსახილველად, იმოქმედა ისე, როგორც უნდა ემოქმედა განაცხადის განხილვისას, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქპატენტი თავადვე მიუთითებდა, რომ მისი გადაწყვეტილება ეხებოდა გაცემულ პატენტს და ამიტომ იგი აპელაციას აღარ ექვემდებარებოდა.

 

ვინაიდან არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წინაპირობები და საქპატენტს უკვე ჰქონდა სათანადო შეფასებები განხორციელებული მის მიერ პატენტის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დაუშვებელია მის მიერ დანიშნულიყო ხელახალი ექსპერტიზა მის მიერ უკვე შეფასებული საკითხების ხელახალი განხილვის მიზნით იმავე წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც უკვე შეადარა განაცხადში აღწერილ გამოგონებას და გამოიტანა დადებითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემაზე, რადგან მიიჩნია, რომ გამოგონება პასუხობდა გააჩივრების საფუძვლად აღებულ პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს.

 

საგამომგონებლო დონის თაობაზე საქპატენტმა მიუთითა ის გამონაკლისი შემთხვევები, როცა მართებულია ერთი დოკუმენტის საფუძველზე ტექნიკის დონის შეფასება, მაგრამ, რატომ დაეთანხმა ხელახალი ექსპერტიზის მომთხოვნს, რომელმაც ერთ დოკუმენტზე დაყრდნობით მეტად არადამაჯერებლად დაასაბუთა ამ კრიტერიუმისადმი შეუსაბამობა. სპეციალისტმა საკუთარი ჩვეულებრივი დარგობრივი ცოდნისა და იმ ცოდნის კომბინაციიდან გამომდინარე უნდა შეაფასიოს საგამომგონებლო დონე, რაც ტექნიკის დონიდან გამომდინარეა მისთვის ცნობილი, ანუ მსჯელობა ასეთ შემთხვევაში ეყრდნობა მხოლოდ ერთ გამოვლენილ საბუთს და ჩვეულებრივი (არა საუკეთესო) სპეციალისტის ცოდნას ერთად აღებულს. ოღონდ, სპეციალისტმა აუცილებლად უნდა იმსჯელოს მხოლოდ იმ ცოდნიდან გამომდინარე, რაც მას ჰქონდა მანამ, სანამ გაეცნობოდა შესაფასებელ გამოგონებას, რადგან სადავო გამოგონების პრიორიტეტის შემდგომი ახალი ცოდნა რა მარტივიც არ უნდა იყოს ახალი ცოდნაა და შეფასებისას მასზე დაყრდნობა დაუშვებელია იმის გამო, რომ აღნიშნულ თარიღამდე ტექნიკის დონეს არ ეკუთვნის „Ex Post Facto Analysis" (სახელმძღვანელოს მე-13 თავის 13.15 პუნქტი).

 

მცდარია საქპატენტის მიერ საგამომგონებლო დონის შეფასებისას გამოყენებული მეთოდოლოგია და დასკვნა, რადგან დასკვნები გამოიტანა ცალ-ცალკე ალტერნატიულ ნიშანთა ერთობლიობის მიმართ. ამით საქპატენტი გასცდა იმ საკანონმდებლო დანაწესს, რომ გამოგონების ფარგლებს განსაზღვრავს გამოგონების ფორმულა, ანუ მასში მოყვანილი არსებითი ნიშნების ერთობლიობა და არა ცალკეული ნიშნების კერძო კომბინაცია ან კომბინაციები. არსებითი ნიშნების კომბინაციების გამოყოფით გამოგონების კრიტერიუმების შეფასება ცალკე აღებული ნიშანთა კომბინაციისათვის დაუშვებელია. ის, რომ საგამომგონებლო დონე უნდა შეფასდეს მხოლოდ ნიშანთა ერთობლივად განხილვის შედეგად საერთაშორისოდ მიღებული საპატენტო სამართლებრივი წესია, რაც ასახულია PCT-რეკომენდაციებშიც (რეკომენდაციის მე-13 თავის 13.01 პუნქტი).

 

საქპატენტმა მცდარი დასკვნები გამოიტანა არა მარტო მცდარი მეთოდოლოგიის არჩევის გამო, არამედ ტექნიკური შინაარსის მცდარი გაგების გამოც, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოცემული, განსაზღვრული ტექნიკის დონიდან და სპეციალისტის ცოდნიდან უნდა ირკვევოდეს, რომ შეთავაზებული ნიშანთა ერთობლიობა (გამოგონება) ცალსახად ცხადია და ამ ერთობლიობამდე სპეციალისტი ყოველგვარი სიახლის შექმნაზე მიმართული შემოქმედებით მივიდოდა - თორემ გამომგონებელიც ის იქნებოდა. მათ შემთხვევაში საქპატენტს არ უნდა ემსჯელა სხვა რაიმე ვითომდა არსებულ ან სპეციალისტის ჰიპოთეტურ დაშვებაზე, რომ განსახილველი გამოგონება იმდენად მარტივია, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს სხვაც და რომ ეს ნათელია. ასეთი დაშვება მართებულია მხოლოდ მაშინ, თუ გამოგონების არსებული ანალოგებიდან გამომდინარეობს (და არა განიჭვრიტება, როგორც საქპატენტი უთითებს) სადაო გამოგონების ყველა არსებითი ნიშნის ერთობლიობა. უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ხელახალი ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი დოკუმენტით. მიუხედავად იმისა, რომ გამოგონების ფორმულაში აღწერილია უფილტრო სიგარეტი და მისი უკლებლივ ყველა არსებითი ნიშნის ერთობლიობა პირდაპირ არ გამომდინარეობს ცნობილი ტექნიკის დონიდან, საქპატენტმა მაინც „განჭვრიტა“, თითქოს ასეთი გამოგონების შექმნა ცხადია, მაგრამ მხედველობაში არ მიიღო, რომ „განჭვრეტა“ მეცნიერული ვარაუდია და არა ნიშანთა არსებული ერთობლიობის პირდაპირი კომბინირებით მიღება - სწორედ ეს ნიშნავს „გამომდინარეობს“; ეს ტერმინი ტექნიკის დონიდან ცნობილი გეზის გამომხატველი ცნებაა და არა „განჭვრეტისა“ (გამომგონებელს და საშუალო დონის ჩვეულებრივ სპეციალისტს არ მოეთხოვება მეცნიერული უნარები). მათ შემთხვევაში ეს გეზი არ არსებობს, რადგან უცნობია განსახილველი ტექნიკის დონიდან. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქპატენტის გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგოა ტექნიკური შინაარსთან მიმართებითაც და მცდარ მსჯელობაზე აგებული შედეგები ასახულია გადაწყვეტილების მე-14 გვერდიდან ვიდრე საბოლოო დასკვნამდე.

 

ეკვივალენტობის თაობაზე თავის მსჯელობას საქპატენტი აძლიერებს ჰიპოტეტურ ეკვივალენტობაზე დაყრდნობით. იგი უთითებს, რომ სადავო პატენტისა და დაპირისპირებული პატენტის მუნდშტუკები ეკვივალენტურია. ეს მითითება ნაწილობრივ არის სწორი - იმ შემთხვევისთვის, თუ სადაო გამოგონებას შემოვფარგლით მხოლოდ ქაღალდის მუნდშტუკის მთელ სიგრძეზე ჩადგმული პლასტმასის მუნდშტუკით, რადგან დაპირისპირებულ საბუთში პლასტმასის მილი მთელ სიგრძეზეა მოთავსებული ოღონდ მას დამატებით ქაღალდის მუნდშტუკი არ აკრავს გარს, ანუ ერთი მილით არის წარმოდგენილი მუნდშტუკად, ხოლო პატენტში ორი მილია - ქაღალდის და პლასტამასისა. პატენტის უარსაყოფად ამ ერთი ვარიანტის განხილვა რომ საკმარისი არ არის საქპატენტს ესმის და იგი ეკვივალენტად თვლის იმ შემთხვევასაც, როცა გამოგონების მიხედვით, ქაღალდის მუნდშტუკში მოთავსებულია ორი მილი, შუა მესამედი კი მილის გარეშეა, ანუ პლასტმასის ორი მოკლე მილია მოთავსებული განაპირა მესამედებშია. ამით ახალი ტექნიკური შესაძლებლობა ჩაიდო პატენტში. პლასტმასის მილაკებიცა და უშუალოდ ქაღალდის მუნდშტუკიც ეხება და ატარებს ბოლს, განსხვავებით დაპირისპირებულისგან, რომელშიც გარსაკრავი ქაღალდი ასეთ ფუნქციას ვერ ასრულებს. ასეთი ნიშან-თვისების მქონე სიგარეტის ღერი ტექნიკის დონიდან ცნობილი არ არის. გარდა აღნიშნულისა, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ახალი პროდუქტია შეთავაზებული და ამ ახალი შედეგების გამო ეკვივალენტობაზე მსჯელობა მცდარია.

 

ეკვივალენტურად ითვლება ნიშნები, თუ ისინი ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებენ და ერთსა და იმავე შედეგს იძლევიან. მაგალითად, ეკვივალენტური იქნებოდა მილი გამოყენებული წყლის გასატარებლად და მილი, რომელშიც ატარებენ გაზს. თუმცა, ეკვივალენტურად ვერ იქნებოდა მიჩნეული ერთთმთლიანი მილის გამოყენება გაზის ან წყლის გასატარებლად ორ ნაწილად გაყოფილი მილების გამოყენების შემთხვევაში, რადგან აუცილებლად მოგვიხდებოდა დამატებითი საგამომგონებლო შემოქმედების გაწევა და ახალი ნიშნის/ნიშნების შემოტანა - მილები უნდა შეგვეერთებინა დაშორიშორებით ისე, რომ წარმოიქმნილიყო ახალი შევიწროებული ან გაფართოებული სივრცე, რასაც მათ შემთხვევაში აქვს ადგილი და შედეგი სხვა დადგებოდა - იმავე წნევით გაზი ან წყალი ნაკლები ან მეტი მოცულობით გაივლიდა ამ ორ მილში. შედეგი განსხვავებული იქნებოდა, თუმცა ფუნქცია ერთი - გაზის ან წყლის გატარება. განსახილველი შემთხვევა ზუსტად მსგავს ვითარებას ეხება - სიგარეტის ღერის ასეთი აგებულება, როგორც სადაო პატენტშია ცნობილი, პატენტის ეკვივალენტი ვერ იქნება, რადგან მთლიანი მილის მქონე მუნდშთუკისგან განსხვავებულ შედეგს იძლევა.

 

ეკვივალენტობაზე მსჯელობა მეტკანკლებად შესაძლებელია, თუ ცნობილი იქნებოდა ქაღალდის მუნდშტუკში ჩაყენებული მილი თუნდაც ერთ რომელიმე მესამედში. მაშინ ორ განაპირა მესამედებში მილების ჩაყენება მართლაც ცნობილიდან გამომდინარე იქნებოდა თავის შედეგებით. მაგრამ განსახილველ დავაში ასეთ შემთხვევას ადგილი არა აქვს. ახალი ეფექტი რომ მიიღება განპირობებულია იმით, რომ სიგარეტის ღერთან მიბჯენილი მილის გავლის შემდეგ სივრცე ფართოვდება ქაღალდის მილის შიდა დიამეტრამდე, რაც იწვევს ბოლის გამოსვლის სიჩქარის ვარდნას, რაც ხელს უწყობს დალექვას, თუ რამე ახლავს ბოლს. გარდა ამისა, ასეთი შესრულება შესაძლებლობას იძლევა უკეთესი გახადოს სიგარეტის ამ ნაწილის ხელით დაჭერა მწეველის მიერ, რადგან ამ ადგილას ჩაიზნიქება (შენარჩუნებული აქვს გარკვეული დრეკადობა, რაზეც მოსარჩელის მიერ ყურადღება გამახვილდა საქპატენტისთვის მიწოდებულ მოსაზრებებში ხელახალი ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით) და მასთან (ქაღალდის მილთან) შეხება უფრო კომფორტულ შეგრძნებას ბადებს ვიდრე პლასტმასის მილთან. მთლიანობაში, ასეთი სიგარეტი, წარმოადგენს გაუმჯობესებულ, ახალ, გამოგონების განაცხადის შეტანამდე უცნობი ნაწარმის შეთავაზებას, რაც სრულიად აკმაყოფილებს გამოგონების ეფექტისადმი წაყენებულ საპატენტო სამართლებრივ, საქპატენტის მიერ მტკიცებად მოხმობილ PCT სახელმძღვანელოში ასახულ საერთაშორისო მოთხოვნებს (სახელმძღვანელოს მე-13 თავის დანართის A13.08.6 პუნქტი).

 

მცდარია საქპატენტის დასკვნები (იხ. გადაწყვეტილების გვ. 16 და შემდგომი). საქპატენტის მითითება, რომ აღნიშნული ორი ეფექტი არ არის გახსნილი აღწერილობაში გამომდინარეობს იქიდან, რომ კოლეგიური დასკვნა გაკეთდა იურისტების და არა თამბაქოს მრეწველობის დარგის საშუალო დონის (ჩვეულებრივი) სპეციალისტების მიერ, მანქანათმშენებელი ექსპერტის დახმარებით, რომელსაც მოცემულ დარგში განათლება არ მიუღია და არც საქმიანობის გამოცდილება აქვს. მათ საკუთარი ცოდნიდან გამომდინარე ვერ ან არ გაიგეს, რომ ზოგადად მითითებული ტექნიკური შედეგი „საექსპლოტაციო თვისებების გაუმჯობესება“ სწორედ ასეთი ეფექტებით არის განპირობებული და მათი ახსნა დარგის სპეციალისტს არ ესაჭიროება. ხოლო ის, რომ ახალი სახის ნაწარმია შეთავაზებული, როგორც ტექნიკური შედეგი, საერთოდ არც კი განიხილა საქპატენტმა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირადაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს. დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს, რომ მოცემული სარჩელის მიზნებისათვის კომპანია "ელაიდ გლობალ ტობაკო ლიმიტიდ", როგორც მართლზომიერად გაცემული პატენტუნარიანი პატენტის მფლობელი წარმოადგენს ერთადერთ დაინტერესებულ პირს. კანონით გარანტირებული განსაკუთრებული უფლებით მოსარგებლე სწორედ მოსარჩელეა, ხოლო ამგვარი დაუსაბუთებელი და არაკვალიფიციური გადაწყვეტილებით მას ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი, გაუქმდება მისის პატენტი.

 

მოცემულ დავასთან მიმართებაში სასამართლო მოიშველიებს მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალში შესულ 2018 წლის 27 თებერვლის საქმე#2/23527 გადაწყვეტილებას სადაც მოსარჩელეს წარმოადგენდა ;ბრიზი ფოინთ მენეჯემენტ ლტდ; ხოლო მოპასუხე მხარეს ;ელაიდ გლობალო ტობაკო ლიმიტიდ; დავის საგანი გაცემული პატენტების ბათილად ცნობა მათ შორის #5311-ის რომლითაც 2011 წლიდან კომპანია ;ელაიდ გლობალო ტობაკო ლიმიტიდ; წარმოადგენდა გამოგონებაზე პატენტის ;უფილტრო სიგარეტის მფლობელს; სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ პატენტის სრულად აკმაყოფილებდა პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს. კერძოდ, სადავო პატენტით დაცული გამოგონებას აქვს სიახლე რადგან არსებითი ნიშნების ერთობლიობა არ არის იგივე. რადგან საქმეში წარმოდგენილი ;რუსეთის პატენტიდან ცნობილი არ არის, რომ სიგარეტი შეიძლება გაკეთდეს ქაღალდის მუნდშტუკით, რომელშიც იქნება ჩადგმული გასაჩივრებული გამოგონებით შემოთავაზებული პლასტმასის მილი ან/და ჩაყენდეს პლასტმასის ორი მილი მუნდშტუკის სიგრძის განაპირა მესამედებში. ასეთი რამ არც სპეციალისტმა არ იცოდა დასაპატენტებლად შეტანილი განაცხადის პრიორეტეტამდე და მას არ ჰქონდა ცოდნა სიგარეტის ასეთი არსებითი ნიშნების შესახებ. შესაბამისად, ის ვერაფერ ცნობილს ვერ მოიხმობდა რომლებსაც მიამატებდა დაპირისპირებული რუსული პატენტის არსებით ნიშნებს და მარტივი კომბინირებით მიიღებდა გასაჩივრებული არსებითი ნიშნების ერთობლიობას. სიცხადე ახალმა გამოგონებამ შემოიტანა მას შემდეგ, რაც მის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გამოქვეყნდა და სპეციალისტის ცოდნა გახდა.

 

ტექნიკური შედეგი ქართული გამოგონებისა არის უფილტრო სიგარეტის საექსპლოატაციო მახასიათებლების გაუმჯობესება. ერთ-ერთი გამოვლინება ამ შედეგისა არის ის, რომ უფილტრო სიგარეტი ერთჯერადი მუნდშტუკით აღიჭურვება, რომელიც სამნაირი კონსტრუქციისა შეიძლება გაკეთდეს მოცემული გამოგონების განხორციელების შედეგად: 1) ქაღალდისგან დამზადებული; 2) ერთისა და იმავე სიგრძის ქაღალდისა და პლასტმასისგან დამზადებული; 3) ქაღალდის მილის სიგრძის განაპირა მესამედებში ორი პლასტმასის მილის ჩაყენებით დამზადებული.

 

პირველ ორ შემთხვევაში, შედეგი არის ის, რომ თამბაქოს ნაწილაკები ვერ შეაწუხებენ მწეველს და მას ექნება ჩვეულებრივ, მრავალჯერად მუნდშტუკთან მიახლოებული თვისებები (ანუ, სპეციალისტისთვის ცხადია, რომ მუნდშტუკის მილის შიგა დიამეტრი იქნება მცირე, ისეთი ზომის, რომ გაუძლოს მოცემული სიგარეტის მოწევას, ხოლო მისი გაბიდნვა პრობლემას არ ქმნის, რადგან შემდეგ ის საჭირო აღარ არის. დიამეტრის ზომა აღწერილი არ არის - წარმოადგენს პატენტმფლობლის ნოუ-ჰაუს). გარდა აღნიშნულისა, უკვე ამგვარი მუნდშტუკით უფილტრო სიგარეტის შეთავაზება წარმოადგენს ახალი სახის პროდუქტის წარმოჩენას - ეს კი უკვე საგამომგონებლო შედეგია. დაპირისპირებულისგან განსხვავებული არსებითი ნიშნების ერთობლიობა უზრუნველყოფს დასახულ მიზანსა და ტექნიკურ შედეგს. ერთი და იმავე შედეგის მიღწევა, ცნობილია, რომ უამრავი, ტექნიკურად განსხვავებული ობიექტის შექმნით შეიძლება იყოს შესაძლებელი. პროგრესი მოცემულ შემთხვევაში ქართული პატენტით დაცული გამოგონებით უზრუნვეყოფილია თუნდაც იმით, რომ უფილტრო სიგარეტის მწეველთათვის „ერთჯერადიანი მუნდშტუკის“ მქონე სიგარეტია შეთავაზებული, რომელიც იქნება ქაღალდის მუნდშტუკიანი ან მასში მთელს სიგრძეზე ჩადგმული პლასტმასის მილიანი. სპეციალისტი ამ პროგრესს ადვილად ამოიცნობს და ამიტომ აღწერილობაში მასზე ყურადღება არ არის გამახვილებული.;

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ლ” ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

6.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღნიშნულიყო შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების, იგნორირება წარმოადგენდა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა სწორად შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო სამართალურთიერთობა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის № ბს-301-292 (2კ-13) განჩინება).

 

გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო, უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით. მას უნდა შეეძლოს, იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. ამასთან, სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის № ბს-201-199 (კ-14) განჩინება).

 

6.7. სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2. მუხლების შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე.

 

სასამართლო თვლის, რომ იმისთვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება და ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისთვის, რომ, თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა დაინტერესებული პირის მიერ საქპატენტში წარდგენილი განცხადების სრულყოფილი გამოკვლევა და სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სასამართლო ასევე ყურდღებაა ამახვილებს კანონიერ ნდობასთან დაკავშირებით, კერძოდ; კანონიერი ნდობა სასამართლოს აზრით ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, ვერ დააბრკოლებს სასამართლოს ფართოდ განმარტოს აღნიშნული საკითხი. კანონი უნდა განიმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მიიჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტი, შესაძლოა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებებისა (რეალაქტის) და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სახით; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს მოსაზრებით, კანონმდებლის მიზანიკანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არა მარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებისა (რეალაქტი) თუ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაუქმებისაგანაც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში 2011 წლიდან კომპანია ;ელაიდ გლობალო ტობაკო ლიმიტიდ; წარმოადგენს გამოგონებაზე პატენტის ;უფილტრო სიგარეტის მფლობელს; მასზე გაცემული პატენტი P 5311 წარმოადგენდა აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭებოდა, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენდა კანონიერი ნდობა. შესაბამისად სახეზე არ იყო სზაკ-ის 601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებების ან ინტერესების არსებითი დარღვევა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

6.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სადაოდ ქცეული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, შესაბამისად არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი;

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-10 მუხლის მეორე ნაწილით, 22-ე, 23-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა;

 

1. ;ელაიდ გლობალო ტობაკო ლიმიტიდ-ის; სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სრულად საქპატენტის 26.07.2017 წლის ხელახალი ექპერტიზის #01-01/17 გადაწყვეტილება ;ელაიდ გლობალო ტობაკო ლიმიტიდ;-ის (Allied Global Tobacco Limited) გამოგონების ;უფილტრო სიგარეტი; (#GE P 2011 5311B) გაუქმების თაობაზე, მისი ძალაში შესვლის დღიდან".

 

3. მოპასუხეს - სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრს საქპატენტს დაეკისროს მოსარჩელის ;ელაიდ გლობალო ტობაკო ლიმიტიდ;-ის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) მცხეთის რაონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა სამხედროს ქ.#17) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე კობა გოცირიძე