გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2210-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი - თამუნა დემურაშვილი, ბეჟან ნემსაძე
მოსარჩელე - ნ------------–-----ი
წარმომადგენელი - ნ--------–-----ი
მოპასუხე: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო
წარმომადგენელი - ბე------------
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 2----------ლის №0-----–------- გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ------------–-----ის დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მან მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების წესების სრული დაცვით, ასევე მოპასუხემ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მსჯავრდებულ ნ------------–-----ის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას იხელმძღვანელა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.12.2--- წლის განაჩენით ნ------------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 02.02.2--- წლის განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნ------------–-----ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.06.2--- წლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 2----------ლის №0-----–------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 101-104)
-№1- პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დამტკიცებული ნ-------------------------–---რის დახასიათება (ს.ფ. 92-95)
3.1.2. ნ------------–-----ს რისკების შეფასების გუნდმა განუსაზღვრა საშიშროების საშუალო რისკი და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით მოთავსებული იქნა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. რუსთავის N1- პენიტენციური დაწესებულებაში შეყვანილია 20.04.2--- წელს N1- პენიტენციური დაწესებულებიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 2----------ლის №0-----–------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 101-104)
-№1- პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დამტკიცებული ნ-------------------------–---რის დახასიათება (ს.ფ. 92-95)
3.1.3. მოსარჩელე ნ------------–-----ი წარსულში ნასამართლობის არმქონეა. იგი სასჯელის მოხდის პერიოდში ჩართული იყო ფსიქოსარეაბილიტაციო კურსში - ,,პოზიტიური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება“.
მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა. იგი დაწესებულებაში იცავს სარეჟიმო მოთხოვნებსა და კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. არ არის აგრესიული და კონფლიქტური. ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან აქვს ნორმალური დამოკიდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 2----------ლის №0-----–------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 101-104)
-№1- პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დამტკიცებული ნ-------------------------–---რის დახასიათება (ს.ფ. 92-95)
3.1.4. ნ------------–-----ს აქვს უმაღლესი განათლება. არის ინჟინერ-ეკონომისტი. მოსარჩელე დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი განმარტებით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებამდე ცხოვრობდა მისამართზე: თ---–----------------------------, ბინა N27 და გათავისუფლების შემდეგ იცხოვრებს იგივე მისამართზე. მსჯავრდებულის განცხადებით პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში გამოცხადდება თბილისის პრობაციის ბიუროში, ხოლო გათავისუფლების შემდეგ აპირებს მუშაობას და ოჯახზე ზრუნვას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 2----------ლის №0-----–------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 101-104)
-№1- პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დამტკიცებული ნ-------------------------–---რის დახასიათება (ს.ფ. 92-95)
3.1.5. ნ------------–-----ს ჩადენილი დანაშაული გაცნობიერებული აქვს. მასთან ინტერვიუირებისას რისკ-ფაქტორი არ გამოვლენილა. გამოვლინდა წარსულში ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ანამნეზი. ამჟამად წარსული გადაფასებულია და მსჯავრდებული მოტივირებულია ცვლილებებისკენ.
რაც შეეხება დამცავ ფაქტორებს, არ ვლინდება ადაპტაციის დარღვევები. არ აღენიშნება ემოციური სფეროს გასადავება. დროში, ადგილსა და სივრცეში ორიენტირებულია. ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. ძილ-ღვიძილის ციკლი მოწესრიგებული აქვს. არ ვლინდება ფსიქიკური სახის სირთულეები. აქვს სოციალური ქსელის მხარდაჭერა. პოზიტიური თვითაღქმით. შემუშავებული აქვს სტრესის დაძლევის ადაპტური სტრატეგიები. მომავალს გეგმავს საკუთარ ძალებზე დაყრდნობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 2----------ლის №0-----–------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 101-104)
-№1- პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დამტკიცებული ნ-------------------------–---რის დახასიათება (ს.ფ. 92-95)
3.1.6. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ 2018 წლის 2----------ალს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ------------–-----ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან მიმართებაში და სხვა პიროვნული მახასიათებლები, მათ შორის მისი სოციალური აქტივობა, მისი ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, ასევე ოჯახური პირობები, ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული ნასამართლობის არმქონეა, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ნარკოტიკული დანაშაული, კერძოდ, ნარკოტიკული დანაშაულის უკანონო შეძენა-შენახვა, რასაც თან ახლდა საზოგადოებისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი გასაღების ფაქტი. ვინაიდან, სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და დანაშაულის ხასიათი, საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს და ვერ გადაწონის სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმები. აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მსჯავრდებულ ნ------------–-----ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ------------–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება'' (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 08 ივლისის N320 ბრძანებით).
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო აქტის გამოცემის მომენტისთვის წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის - ნ------------–-----ის უფლებებსა და მოვალეობებს. ამასთან, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების“ 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საბჭოს გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა სხდომის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ვინაიდან სადავო აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.
პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.
პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლში რეგლამენტირებულია სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის წესი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე, ხოლო მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე მსჯავრდებულის შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება.
6.3. სასამართლო მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებაზე'', რომლის პირველი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში– საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.
მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება. ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, აგრეთვე მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი. ამავე დებულების მესამე მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიულ განსჯადობას, რომლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო განიხილავს თვითმმართველი ქალაქის რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა როგორც საგნობრივი, ისე ტერიტორიული უფლებამოსილება გადაწყვეტილება მიეღო სადავო საკითხთან დაკავშირებით.
საბჭო მსჯავრდებულის, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, აგრეთვე მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს შეფასების კრიტერიუმებით, რაც მოცემულია ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტის მე-13 მუხლში. კერძოდ, შეფასების კრიტერიუმებია:
ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში;
განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რასაც თან ახლდა გასაღების ფაქტი. კერძოდ, ნ------------–-----მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი აბები, წონით 0,1-65 გრამი, საიდანაც ნაწილს - 0,13 გრამს ინახავდა მის საცხოვრებელ ბინაში, ხოლო ნაწილი 0,0365 გრამი 2--- წლის ოქტომბერში 1400 ლარის საფასურად (შემდგომში გადახდის პირობით) უკანონოდ გაასაღა რ------------ეზე, რაც ამოღებული იქნა ამ უკანასკნელის და ლ-------------ის პირადი ჩხრეკისას.
ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა. იგი დაწესებულებაში იცავს სარეჟიმო მოთხოვნებსა და კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. არ არის აგრესიული და კონფლიქტური. ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან აქვს ნორმალური დამოკიდებულება.
გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ------------–-----ი წარსულში ნასამართლობის არმქონეა.
დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ------------–-----ს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი განმარტებით გათავისუფლების შემდეგ აპირებს მუშაობას და ოჯახზე ზრუნვას.
ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ------------–-----ი სასჯელის მოხდის პერიოდში ჩართული იყო ფსიქოსარეაბილიტაციო კურსში - ,,პოზიტიური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება“. მას ჩადენილი დანაშაული გაცნობიერებული აქვს. მასთან ინტერვიუირებისას რისკ-ფაქტორი არ გამოვლენილა. ამჟამად წარსული გადაფასებულია, მსჯავრდებული მოტივირებულია ცვლილებებისკენ და მომავალს გეგმავს საკუთარ ძალებზე დაყრდნობით.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთი მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის ბოლო წინადადება ადგენს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემული დანაწესი, სასამართლოს მოსაზრებით, აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
სასამართლო იზიარებს საბჭოს პოზიციას დანაშაულის ხასიათთან მიმართებაში, თუმცა ყურადღებას მიაქცევს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანსა და პრინციპებზე. სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან შინაპატიმრობა, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, ხოლო პირი, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან.
სასამართლო აქვე მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-31 ნაწილზე, რომლის თანახმად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს შეუძლია მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 471 მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილების მოთხოვნები. ამასთანავე, შესაძლებელია აღნიშნული მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის (გარდა ქონების ჩამორთმევისა) მოხდისაგან.
სასამართლო განმარტავს, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია კავშირშია ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან ანუ, თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. სასამართლოს მოსაზრებით, თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას მნიშვნელოვანია საბოლოოდ დადგინდეს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის საფუძველზე გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებული და მისი გამოსწორებისათვის საჭირო არის თუ არა, დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა ანუ, მიღწეულ იქნა თუ არა სასჯელის მიზანი მისი რესოციალიზაციის კუთხით, აღნიშნულთან მიმართებაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ ასრულებს ნ------------–-----ის დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ საკითხის გადაწყვეტაში მთავარ/გადამწყვეტ როლს კანონით (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებით) გათვალისწინებულ შეფასების რამდენიმე კრიტერიუმს შორის მხოლოდ ერთი კრიტერიუმი - დანაშაულის ხასიათი, მაშინ როდესაც მოსარჩელის საქმეში წარმოდგენილი არაერთი ფაქტი მიუთითებს ასევე კანონით (დებულებით) გათვალისწინებული სხვა კრიტერიუმების მის სასარგებლოდ განმარტების, გაგების და გამოყენების შესაძლებლობაზე. თუკი მოსარჩელის საქმეში წარმოდგენილი რამდენიმე კრიტერიუმიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მაშინ მოპასუხემ უნდა შეძლოს საქმესთან დაკავშირებული ყველა კრიტერიუმის, ყველა ფაქტის შედარებითი ანალიზის პირობებში იმის მტკიცება, რომ მოსარჩელის დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის მიზნებისათვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ის ფაქტი, რომ ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ნარკოტიკული დანაშაული, რომლის თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს, ვერ გადაწონის სხვა, დადებითი კონტექსტის კრიტერიუმები. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მოსარჩელე სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა (7 წლის განმავლობაში), ჩართული იყო სოციალურ აქტივობაში, იგი დაწესებულებაში იცავს სარეჟიმო მოთხოვნებსა და კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. არ არის აგრესიული და კონფლიქტური. ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან აქვს ნორმალური დამოკიდებულება. ასევე ნ------------–-----ი წარსულში ნასამართლობის არმქონეა და არ ვლინდება რაიმე რისკ-ფაქტორები. მოპასუხემ უნდა შეაფასოს მოსარჩელის პიროვნების გათვალისწინებით, ჰუმანიზმისა და დემოკრატიულობის პრინციპებზე დაყრდნობით ხომ არ არსებობს სადავო საკითხის დადებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა.
სასამართლო კვლავ მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების’’ მე-13 მუხლზე, რომელიც ადგენს იმ ფართო მნიშვნელოვან გარემოებათა ჩამონათვალს, როდესაც კრიტერიუმების შეფასებისას საბჭო ვალდებულია მიაქციოს ყურადღება მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას. სასამართლო ასევე მიუთითებს ამავე დებულების მე-13 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტზე, რომლითაც ასევე გაფართოვდა პიროვნების შესწავლისას იმ ძირითადი მახასიათებლებისათვის ყურადღების მიქცევის ვალდებულება, როდესაც მსჯავრდებულის სასიკეთო გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს ადმინისტრაციულმა ორგანომ, კერძოდ, აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაციას სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებს, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
6.5. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 2----------ლის №0-----–------- გადაწყვეტილება და უნდა დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ------------–-----თან მიმართებაში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს უნდა დაეკისროს ნ------------–-----ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-13, 271-ე, 32.4-ე 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ------------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 2----------ლის №0-----–------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ნ------------–-----თან მიმართებაში.
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა დაეკისროს მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს ნ------------–-----ის სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე მერი გულუაშვილი