გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030210117002219919
N 2/1316-2018
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 აგვისტო, 2018 წელი ქ.ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თ----- მგალობლიშვილი
მოსარჩელე სს ,,თ----- ბ----’’
წარმომადგენელი ნ--- გ----–--
მოპასუხე თ----- ხ---------
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თ----- ხ---------ს სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს:
- 2017 წლის 17 მაისის საბანკო კრედიტის N2635255-8941456 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4460.38 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3860 ლარი და ჯარიმა 600.38 ლარი.
- დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 27 ოქტომბრიდან) 2017 წლის 17 მაისის საბანკო კრედიტის N2635255-8941456 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 3860 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5 %-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 19.3 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.
სს ,,თ----- ბ-----“ და თ----- ხ---------ს შორის 2017 წლის 17 მაისს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2635255-8941456, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3860 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 368 დღე (12 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში 323.17 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. თ----- ხ---------ს მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის 20 ივნისს და არ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თ----- ხ---------მ სარჩელი ცნო ძირი თანხის 3860 ლარისა და ჯარიმის 600.38 ლარის ნაწილში, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში არ ცნო.
3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 17 მაისს სს ,,თ----- ბ-----“ და თ----- ხ---------ს შორის გაფორმდა N2635255-8941456 საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, კრედიტის თანხა განისაზღვრა 3860 ლარის ოდენობით, კრედიტის ტიპი ,,სწრაფი განვადება“, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.00 %.
კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიური შენატანის გადახდის გზით ყოველი კალენდარული თვის 20 რიცხვში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი და შესაგებელი;
-ხელშეკრულება;
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კრედიტის დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-30.10.2017 წლის ცნობა დავალიანების შესახებ;
-ხელშეკრულება;
-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 17 მაისს სს ,,თ----- ბ-----“ და თ----- ხ---------ს შორის გაფორმდა N2635255-8941456 საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის 2.9 პუნქტის თანახმად, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის განისაზღვრა 20 ლარის ოდენობით ყოველი დარღვევისას, ხოლო 2.10 პუნქტის შესაბამისად, ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის განისაზღვრა 0.5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი და შესაგებელი;
-ხელშეკრულება;
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა რეალიზაციის შედეგია სს ,,თ----- ბ-----’’ მოპასუხეს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების არსებობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. 2017 წლის 17 მაისს სს ,,თ----- ბ-----“ და თ----- ხ---------ს შორის გაფორმდა N2635255-8941456 საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, კრედიტის თანხა განისაზღვრა 3860 ლარის ოდენობით, კრედიტის ტიპი ,,სწრაფი განვადება“, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.00 %. ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის განისაზღვრა 20 ლარის ოდენობით ყოველი დარღვევისას, ხოლო 2.10 პუნქტის შესაბამისად, ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის განისაზღვრა 0.5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. აღნიშნული ვალდებულების შესრულება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე თ----- ხ---------მ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ძირი თანხის 3860 ლარისა და ჯარიმის 600.38 ლარის ნაწილში, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში არ ცნო. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობა კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლო აქცესორული ბუნებისაა. მისი ნამდვილობა დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების ნამდვილობაზე. არანამდვილი (ბათილი) ძირითადი ვალდებულების შემთხვევაში, არ არსებობს ის ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფასაც პირგასამტეხლო ემსახურება, შესაბამისად, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც არ წარმოიშობა. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არსებობს იქამდე, სანამ არსებობს ძირითადი ვალდებულების შესრულების მოვალეობა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის სახით მოპასუხეს დაეკისრა 600.38 ლარი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. რაც შეეხება დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 27 ოქტომბრიდან) 2017 წლის 17 მაისის საბანკო კრედიტის N2635255-8941456 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 3860 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5 %-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 19.3 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა, აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან კრედიტორის მიზანს უნდა წარმოადგენდეს დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის მიერ მართალია დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მაგრამ დავის გადაწყვეტისას უნდა იყოს გათვალისწინებული თანაზომიერება და გონივრულობა, მიყენებულ ზიანთან მიმართებაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. 7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სს ,,თ----- ბ----“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 193.81 ლარიდან (გადახდის თარიღი: 13.12.2017 წ. საგადასახადო დავალება 166) 163.81 ლარი, ხოლო 30 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად. მოპასუხეს სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარისა და მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის 258.41 ლარის გადახდა. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით თ----- ხ---------ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების წილის, მდებარე: ქ.ფოთი, ზ-----------ს ქ.N-- საკადასტრო კოდი: 0------------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,თ----- ბ----ს“ სარჩელი თ----- ხ---------ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე თ----- ხ---------ს სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 4460.38 ლარის (საიდანაც სესხის თანხაა 3860 ლარი, პროცენტი - 600.38 ლარი) გადახდა.
3. სს ,,თ----- ბ----“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 193.81 ლარიდან (გადახდის თარიღი: 13.12.2017 წ. საგადასახადო დავალება 166) 163.81 ლარი, ხოლო 30 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად. მოპასუხეს სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარისა და მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის 258.41 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე