გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/18699-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15.10.2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი
მოსარჩელე თ----–- ქ---------–---,მოპასუხე ზ---– ქ----–---–---–-,წარმომადგენელი დ----- გ-------,დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ზ---– ქ----–---–---–ს მოსარჩელე თ----–- ქ---------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო ჰონორარის სახით 43950 აშშ. დოლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეებს თ----–- ქ---------–---ს და ზ---– ქ----–---–---–ს შორის 04.09.2013 წელს დაიდო #14 საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ასევე ამავე დღეს ზ---– ქ----–---–---–ს და გ------- მ---------ს შორის დაიდო #15 საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. თითოეული ხელშეკრულების მე-6 პუნქტით მოპასუხეს მოსარჩელისათვის და გ------- მ--------ისათვის უნდა გადაეხადა ხელშეკრულების დადებისას 500 აშშ. დოლარი ჰონორარის სახით დაუყონებლივ, ხოლო ამავე ხელშეკრულებების მე-7 პუნქტით მოპასუხე ვალდებულია საქმის დადებითი შედეგით დამთავრებისთანავე ადვოკატს გადაუხადოს დაბრუნებული (ამოღებული) თანხის (ქონების) 7.5%. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხემ მოსარჩელეს და გ------- მ---------ს სხვადასხვა დროს გაუფორმა რწმუნებულებები 04.09.2013 წელს, ხოლო მოსარჩელეს 09.10.2015 წელს და 22.11.2016 წელს.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებების ასლები ს.ფ. 100; 102.
რწმუნებულების ასლები ს.ფ. 94-97. 101. 106-108.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.2. გ------- მ---------მ 24.11.2014 წელს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასცა/დაუთმო მოსარჩელე თ----–- ქ---------–---ს.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
24.11.2014 წლის ხელშეკრულება ს. ფ. 103.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.3. მოსარჩელის მონაწილეობით გამართული განხილვების შედეგად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.04.2017 წლის გადაწყვეტილებით ზ---– ქ----–---–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა და მოპასუხე გ------- ხ-----–---–ს ზ---– ქ----–---–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა 293 000 აშშ. დოლარის გადახდა.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
განჩინების ასლი ს. ფ. 251-270.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.4. მოპასუხე ზ---– ქ----–---–---–მა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ 29.05.2017 წელს ცალმხრივად მოსარჩელისათვის შეტყობინების გარეშე გაუუქმა რწმუნებულება, რის შესახებაც მოსარჩელემ შეიტყო 08.06.2017 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს წერილით, რა დროსაც მას უარი ეთქვა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემაზე. მოსარჩელესთან სატელეფონო კომუნიკაციისას მოპასუხემ განუმარტა, რომ მოსარჩელის მომსახურებით სარგებლობა აღარ ესაჭიროება და თავის ინტერესებს უზენაეს სასამართლოში თვითონ დაიცავდა.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
რწმუნებულების გაუქმების ასლი ს. ფ. 98-99.
სააპელაციო სასამართლოს წერილი ს. ფ. 93.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.5. მოპასუხე ზ---– ქ----–---–---–ს მოსარჩელე თ----–- ქ---------–--ისათვის ხელშეკრულების მე-7 პუნქტით შეთანხმებული ჰონორარი 7.5%+7.5% არ გადაუხდია მოთხოვნის მიუხედავად.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20.04.2017 წლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განასახილველად დაუბრუნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ძალში იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ზ---– ქ----–---–---–-ს სასარგებლოდ 293 აშშ. დოლარის დაკისრების შესახებ, რაც გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც 25.06.2018 წლის განჩინებით განუხილველად დატოვა ზ---– ქ----–---–---–-ს საკასაციო საჩივარი და გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 25.06.2018 წელს. მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ რწმუნებულების გაუქმების შემდგომ მოპასუხე სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში საქმეს აწარმოებდა სხვა წარმომადგენლების მეშვეობით.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
უზენაესი სასამართლოს განჩინება ს. ფ. 324-325.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ თ----–- ქ---------–--ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე, 90-ე, 98-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 709-ე, 710-ე, 720-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია დავალების ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც, რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი, სწორედ, ამ მხარეებს - რწმუნებულსა და მარწმუნებელს გააჩნიათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება ან/და რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ვალდებულებითი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის წარმოშობილი ურთიერთობაა, ამიტომ მას ფარდობითი ურთიერთობა ეწოდება. ვალდებულებით ურთიერთობებში პირის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით. კრედიტორს შეუძლია მხოლოდ მოვალისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. ,,მოთხოვნა” ვალდებულებითი ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას, ჯერ უნდა გაირკვეს მოთხოვნის საფუძველი, კერძოდ, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. სასამართლომ, მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, უნდა გაარკვიოს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს თუ არა იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომელთა შემოწმებაც სასამართლოს უფლებამოსილებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით. ამასთან, ''სამართალწარმოების'' ჯეროვნად განხორციელების მიზნით, შიდა სასამართლო ინსტანციებმა საკმარისი სიზუსტით უნდა განსაზღვრონ ის მოტივები, რომლებსაც ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში ეყრდნობიან. თუკი ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს, დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. 2009 წლის 24 თებერვლის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
სასამართლო განმარტავს, რომ უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მხარეთა შორის დაიდო იურიდიული მომსახურების შესახებ ორი ხელშეკრულება, რომლთაგან ერთზე მოთხოვნის უფლება მოთხოვნის დათმობის შედეგად გადავიდა მოსარჩელეზე, ხოლო მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება ისედაც მოსარჩელეს გააჩნდა. წინამდებარე შეთანხმების საგანია შემსრულებლის მიერ დამკვეთისთვის იურიდიული მომსახურების გაწევა.
დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი რწმუნებულის ძირითადი ვალდებულებაა შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, ხოლო მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დავალების ხელშეკრულებით უფლებამოსილების ფარგლებში რწმუნებული მოქმედებს მარწმუნებლის სახელით, ასრულებს რა დავალებულ მოქმედებას, აღნიშნული მოქმედების შედეგად წარმოშობილი მატერიალური სარგებლის მიღებაზე უფლებამოსილი პირი მარწმუნებელია. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის დათქმა „შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე“. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლში მითითებული ხარჯი არ მოიაზრებს რწმუნებულის მიერ შესრულებული მოქმედების საფასურს, იგი გულისხმობს იმ ხარჯს რაც უკავშირდება მარწმუნებლის მიერ დავალებული მოქმედების შესრულებას. რაც შეეხება გასამრჯელოს შესრულებული დავალებისათვის აღნიშნული რეგულაცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
უდაოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე მოქმედებდა მოპასუხის სახელითა და ხარჯით როფორც პირველი ინსტანციის სასამართლოში ასევე სააპელაციო სასამართლოში, რაც ადასტურებს, რომ მხარეებს შორის დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა.
სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნაა მისთვის ჰონორარის სახით გადასაცემი თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას, რაც მისი მონაწილეობით მიღწეულ იქნა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სანამ არ მოხდებოდა მოპასუხის მიერ ცალმხრივად რწმუნებულების გაუქმება, რადგან მოპასუხის მიერ არ შესრულდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-7 პუნქტით ნაკისრო ვალდებულების შესრულება. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების და ფაქტობრივი გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მსჯელობის საგანია, რას მოიცავდა მხარეთა შეთანხმება და შესრულდა თუ არა რწმუნებულის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
სასამართლო განმარტავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტო გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 720.1 მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. ამავე კოდესის 720.3 მუხლით თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ, მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო - გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მარწმუნებელმა ზ---– ქ----–---–---–მა 29.05.2017 წელს ცალმხრივად გააუქმა რწმუნებულება მოსარჩელესთან და უარი განაცხადა შემდგომში მის მომსახურების მიღებაზე, რის გამოც მოსარჩელეს როგორც მოპასუხის რწმუნებულს ამ მომენტიდან მოესპო შესაძლებლობა მონაწლეობა მიეღო ზემდგომ ინსტანციის სასამართლოში გამართულ განხილვებში, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს რწმუნებულს ხელშეკრულებით შეთანხმებული გასამრჯელო 29.05.2017 წლამდე არსებული მდგომარეობით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 90-ე მუხლის თანახმად, პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა - ამ მოვლენის დადგომისთანავე. ამავე კოდექსის 98.1. მუხლის თანახმად, თუ პირობის დადგომა არაკეთილსინდისიერად დააბრკოლა მხარემ, რომლისთვისაც პირობის დადგომა ხელსაყრელი არ არის, პირობა დამდგარად ჩაითვლება.
აღნიშნული ნორმის მიზანი არის იმ პირის ინტერესების დაცვა, ვისი უფლებებიც შეილახა იმის გამო, რომ გარიგების მეორე მონაწილემ არა კეთილსინდისიერად შეუწყო ხელი პირობის დადგომას ან არაკეთილსინდისიერად შეუშალა ხელი პირობის დადგომას.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული დავალების ხელშეკრულების მე-7 პუნქტი წარმოადგენს პირობას, რომლის დადგომაც დამოკიდებული იყო საქმის საბოლოოდ დამთავრებაზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე. კერძოდ, მეორე ინსტანციის სასამართლომ მიიღო თუ არა ზ---– ქ----–---–---–-ს სასარგებლო გადაწყვეტილება 293 000 აშშ დოლარის იმ საქმეში მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრების შესახებ, მოპასუხემ შეუწყვიტა მოსარჩელეს რწმუნებულება, რითაც ასევე შეწყვიტა დავალების ხელშეკრულება, როდესაც მოსარჩელის მომსახურების მიღებაზე უარი განაცხადა, რაც მიზნად ისახავდა თავი აერიდებინა საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებების მე-7 პუნქტით ნაკისრ ვალდებულებების შესრულებისათვის, რის გამოც ამ მომენტიდან ხელშეკრულების მე-7 პუნქტით გათვალისიწნებული პირობა სასამართლოს დამდგარად მიაჩნია. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის რომ არ გაეუქმებინა რწმუნებულება და მოსარჩელის მონაწილეობით საბოლოო შედეგი რომ დამდგარიყო ის რაც დადგა ამ შემთხვევაში მოპასუხეს მხოლოდ 293 აშშ დოლარის 15%-ის გადახდა მოუწევდა მოსარჩელისათვის, ხოლო ვინაიდან მან მოსარჩელე თავისი მოქმედებით ჩამოაცილა სამართალწარმოებას უკვე მასზე გადავიდა ზემდგომ ინსტანციებში საქმის მისთვის არასასურველი შედეგით დამთავრების რისკი, აღნიშნული სახის მსჯელობას ანვითარებს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლო მსგავსი კატეგორიის საქმეზე 12.10.2017 წელს მიღებული #ას-1161-1116-2016 წლის გადაწყვეტილებაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს საერთო ჯამში 2100 ლარი, ამასთან იმის გათვალისწინებით რომ მოსარჩელეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2100 ლარის გადახდა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 900 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.11.2017 წლის #2/18699-17 განჩინებით მოსარჩელე მხარის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე ზ---– ქ----–---–---–ს დაეკისროს მოსარჩელე თ----–- ქ---------–--ის სასარგებლოდ 43950 აშშ დოლარის გადახდა.
2. მოპასუხე ზ---– ქ----–---–---–ს დაეკისროს მოსარჩელე თ----–- ქ---------–--ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის 2100 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ზ---– ქ----–---–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 900 ლარის გადახდა.
4. ძალში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.11.2017 წლის #2/18699-17 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი