გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/26982-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - შპს „კა-----------–ი“
წარმომადგენელი - რე------------–---–ი
მოპასუხე - იმ------------–---–ი
წარმომადგენელი - ცო-------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხის იმ------------–---–ისათვის შპს „კა-----------–ის“ სასარგებლოდ 297 000,00 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2015 წლის 21 იანვარს შპს „კა-----------–სა“ და იმ------------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოპასუხეს გადაეცა ნაღდი ანგარიშსწორებით 300 000,00 ლარი, შესაბამისი პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო 150 000,00 კილოგრამი პო-–----–--------–---ის შესაძენად. მოპასუხეს ვალდებულების შესასრულებლად შეთანხმებით განესაზღვრა სამი თვე, თუმცა მან ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
2015 წლის 01 სექტემბერს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლითაც მოპასუხემ აღიარა და დაადასტურა 300 000,00 ლარის გადახდის ვალდებულების არსებობა მოსარჩელის წინაშე.
2015 წლის 19 სექტემბერს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შესასრულებლად იმ------------–---–ისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრაზე, 2016 წლის 01 აპრილამდე, შეთანხმდა ასევე საქონლის მიწოდების კონკრეტული გრაფიკიც.
2017 წლის 2 აგვისტოს გი--------------–---–მა (იმ------------–---–ის ძმამ) გადასცა მოსარჩელეს 3 000,00 ლარი მოპასუხის დავალიანების ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით, თუმცა მას წერილობით დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებელში განმარტებულია, რომ მხარეთა შორის გარიგება დაიდო იმ მიზნის გარეშე, რომ შეთანხმებას შედეგი მოჰყოლოდა. ამასთან, ფიქციურია 2015 წლის პირველი სექტემბრის შედარების აქტი და 2015 წლის 19 სექტემბრის შეთანხმება საქონლის გრაფიკით მიწოდების შესახებ.
ურთიერთობის, რომელმაც წარმოშვა სავარაუდო დავალიანება, მონაწილეები არიან შპს „კა-----------–ი“ და შპს „ე-----, სადაც ელექტროსადენების გამყიდველის წარმოადგენდა შპს „კა-----------–ი“, ხოლო მყიდველს - შპს „ე-----. მათ შორის კავშირი გამყარებული იყო სანდო პირის იმ------------–---–ის ურთიერთობაში მონაწილეობის ფაქტორით. ისინი ერთმანეთთან დააკავშირა იმ------------–---–მა, რომელიც ხელს უწყობდა მათ შორის მოლაპარაკებებსა და სარფიანი გარიგებების დადებას.
2015 წლის 21 იანვარს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მატერიალური ფორმა და შინაარსი ცალსახად მიუთითებს, რომ მხარეებს არ ჰქონდათ იურიდიული ინტერესი შესაბამისი შედეგი დამდგარიყო. გარიგება დაიდო მარტოოდენ მოსაჩვენებლად, სავაჭრო ტრადიციებში და სამეწარმეო ურთიერთობებში დამკვიდრებული ხელშეკრულების ფორმების დაუცველად, ხელშეკრულებას არ გააჩნია დამცავი მუხლები, არ არის განსაზღვრული მიწოდების პირობები და საჯარიმო სანქციები ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, არ არის განსაზღვრული პროდუქციის მახასიათებლებიც.
მოპასუხის წარმომადგენელი შესაგებელში განმარტავს, რომ გასავლის ორდერი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. განსახილველ შემთხვევაში, გასავლის ორდერის ფიქციურობაზე მიუთითებს რამდენიმე ფაქტორი: მაკორესპონდიტებელი ანგარიში იძლევა ინფორმაციას თანხის მიმღები სუბიექტის ურთიერთობის შესახებ ორგანიზაციასთან, კერძოდ, ორდერი გაცემულია ორგანიზაციის თანამშრომელზე, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. იმ------------–---–ი არასოდეს ყოფილა შპს „კა-----------–ში“ დასაქმებული პირი და არც ანაზღაურება მიუღია. ამასთან, არარეალურია, რომ ორდერში მითითებული თანხის ოდენობა ნაღდი ფულის სახით ინახებოდეს ორგანიზაციაში.
2015 წლის 19 სექტემბრის თარიღით შედგენილი დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრა მოპასუხის მიერ საქონლის მიწოდების გრაფიკი, შედგენილია 150 000,00 ლარზე, რა ოდენობის პროდუქციის მიწოდებაც გადაუნაწილდა მხარეს. შესაბამისად, საბოლოო მოთხოვნის ოდენობა შეადგენდა 150 000,00 ლარს, მოსარჩელე კი უსაფუძვლოდ ითხოვს 297 000,00 ლარს.
მოსარჩელის მიერ 2015 წლის 21 იანვარს შპ---------ე“ გაცემული შემოსავლის ორდერი 300 000,00 ლარზე ასევე წარმოადგენს ფიქციურ დოკუმენტს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 21 იანვარს შპს „კა-----------–სა“, წარმოდგენილი დირექტორის ილ--------------ის მიერ და იმ------------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მარაგის შეძენის თაობაზე, რომლის თანახმად, შპს „კა-----------–ი“ იმ------------–---–ს აძლევდა 300 000,00 ლარს 150 000,00 კგ პო-–----–----–-------ის შესაძენად, შპს „კა-----------–ის“ წარმოებაში პროდუქციის გამოსაშვებად.
ამავე შეთანხმებით განისაზღვრა იმ------------–---–ის ვალდებულება სამი თვის ვადაში შპს „კა-----------–ისათვის“ მიეწოდებინა 150 000,00 კგ პო-–----–----–-------ი.
შეთანხმებას ხელს აწერს შპს „კა-----------–ის“ დირექტორი ილ--------------ი და იმ------------–---–ი. ხელშეკრულება დამოწმებულია კომპანიის ბეჭდით.
მოპასუხეს არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება და ასევე იმ------------–---–ის ხელმოწერის ნამდვილობა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
ხელშეკრულება მარაგის შეძენის თაობაზე (ს.ფ. 17).
3.1.2. შპს „კა-----------–ის“ 2015 წლის 21 იანვრის სალაროს გასავლის ორდერის თანახმად, 300 000,00 ლარი გაიცა იმ------------–---–ის სახელზე, ხელშეკრულების შესაბამისად პროდუქციის შესაძენად.
სალაროს გასავლის ორდერს ხელს აწერს ბუღალტერი მა---------–--ა და იმ------------–---–ი, ორდერი დამოწმებულია კომპანიის ბეჭდით.
მოპასუხეს არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება და ასევე იმ------------–---–ის ხელმოწერის ნამდვილობა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
2015 წლის 21 იანვრის სალაროს გასავლის ორდერი (ს.ფ. 17).
3.1.3. 2015 წლის 01 სექტემბერს შპს „კა-----------–სა“, წარმოდგენილი დირექტორის ილ--------------ის მიერ და იმ------------–---–ს შორის გაფორმდა „ურთიერთ-შედარების აქტი“, რომლითაც დადასტურებული იქნა იმ------------–---–ის ფინანსური ვალდებულებები შპს „კა----------–ის“ მიმართ, 300 000,00 ლარის ოდენობით.
ამავე აქტში აღნიშნულია დავალიანების წარმოშობის საფუძველი, კერძოდ, 2015 წლის 21 იანვარს შპს „კა-----------–სა“ და იმ------------–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად იმ------------–---–ის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით 300 000,00 ლარის მიღება 150 000,00 კგ პო-–------–--–-------ის შესაძენად.
აქტს ხელს აწერენ შპს „კა-----------–ის“ დირექტორი, ილ--------------ი, კომპანიის ბუღალტერი - მა----------–--ა, კომპანიის დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი - ნა---------–--ა და იმ------------–---–ი.
მოპასუხეს არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება და ასევე იმ------------–---–ის ხელმოწერის ნამდვილობა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
2015 წლის 01 სექტემბრის აქტი (ს.ფ. 17).
3.1.4. 2015 წლის 19 სექტემბერს შპს „კა-----------–სა“, წარმოდგენილი დირექტორის ილ--------------ის მიერ და იმ------------–---–ს შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი, რომლის თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს, რომ ამავე მხარეებს შორის 2015 წლის 21 იანვარს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, შპს „კა-----------–ისაგან“ იმ------------–---–ს გადაეცა 300 000,00 ლარი კომპანიისათვის 150 000,00 ლარის პო-–----–----–-------ის შესაძენად. იმ------------–---–ის ვალდებულების შესასრულებლად, გათვალისწინებული იყო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვე.
აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ------------–---–ს შპს „კა-----------–ის“ მიმართ ვალდებულების შესასრულებლად განესაზღვრა დამატებითი ვადა 2016 წლის 01 აპრილამდე.
გარდა ამისა, ამავე შეთანხმების აქტით მხარეთა მიერ განსაზღვრული იქნა გრაფიკი 150 000,00 ლარის ღირებულების პროდუქციის შესაძენად და შპს „კა-----------–ისათვის“ გადასაცემად, 2016 წლის 01 აპრილამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
2015 წლის 19 სექტემბრის აქტი (ს.ფ. 17).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2015 წლის 21 იანვარს შპს „კა-----------–სა“ და იმ------------–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას.
მოპასუხის წარმომადგენელმა სადავოდ გახადა გარიგების ნამდვილობა და მიუთითა მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოებების არსებობის შესახებ, კერძოდ, გარიგების დადებისას მხარეებს არ ჰქონდათ იურიდიული ინტერესი შესაბამისი შედეგი დამდგარიყო, გარიგება დაიდო მარტოოდენ მოსაჩვენებლად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგება, როგორც წესი, ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მისი უფლება შეილახა.
მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი, როგორც წესი, კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი (იხ, სუსგ, საქმე №ას-390-390-2018, 15 მაისი, 2018 წელი).
როგორც აღინიშნა, მოჩვენებითი გარიგების დროს გადამწყვეტია, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმება“ და საერთო მიზანი, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას, ეს კი უპირველესად გამოიხატება იმგვარად, რომ მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა. განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ მხარეებმა 2015 წლის 21 იანვარს გააფორმეს ხელშეკრულება, გარკვეული პირობებით, ხოლო შემდგომ 2015 წლის 01 სექტემბრის „ურთიერთშედარების აქტით“ მათ კვლავ გამოავლინეს ნება ხელმოწერით დაედასტურებინათ დავალიანების არსებობა და იმ------------–---–ის მიერ შეთანხმებით აღიარებული იქნა მისი ვალდებულება, მის მიერ შპს „კა-----------–ისაგან“ 300 000,00 ლარის მიღება 150 000,00 კგ პო-–------–--–-------ის შესაძენად. ამასთან, მხარეებმა 2015 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმების აქტით კვლავ აღიარეს იმ------------–---–ის დავალიანება, როლმაც ამავე შეთანხმებით გამოხატა ნება დავალიანების გარკვეულ ვადაში გადახდაზე. ამგვარად, მხარეებმა უკვე გამოვლენილ ნებას, რაც განხორციელდა 2015 წლის 21 იანვარს, თავისთავად, მისცეს მსვლელობა, ანუ სხვაგვარად რომ ითქვას მისი ნამდვილობა და ვალდებულების არსებობა კიდევ ერთხელ აღიარეს და დაადასტურეს. ამასთან, იმ------------–---–ის ხელმოწერის ნამდვილობა, თუნდაც ერთ რომელიმე შეთანხმებაზე, არ არის სადავო.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ შპს „კა-----------–ის“ მიერ თანხის გაცემა ფიზიკურ პირზე, როგორც კომპანიაში დასაქმებულ პირზე, მაშინ როდესაც იმ------------–---–ი არ იყო დასაქმებული ამ კომპანიაში, მიზნად ისახავდა მესამე პირის წინაშე, კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისაგან თავის არიდებას.
იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე. იმ პირობებში როდესაც სახეზეა ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე მოვალის მიერ ვალდებულების არსებობის აღიარება, ამასთან არ არის სადავო მოპასუხის ხელმოწერის ნამდვილობა, სასამართლოს მიჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებული მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოებები, რაც გარიგების ნების ნაკლზე მიუთითებდნენ, ვერ დაადასტურა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ისეთი აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის დადასტურება, რომლებიც მიუთითებდნენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ იქნებოდა შესაბამისი მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენასთან, კერძოდ, მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ მხარეთა შორის გარიგება ატარებდა მოჩვენებით ხასიათს და მიზნად ისახავდა მესამე პირის მოტყუებას ან მესამე პირის სასარგებლოდ დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდებას.
3.2.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ------------–---–მა ვერ უზრუნველყო დადასტურება იმისა, რომ მისთვის შპს „კა-----------–ს“ თანხა (300 000,00 ლარი) არ გადაუცია.
მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა მის მიერ შპს „კა-----------–ისაგან“ 300 000,00 ლარის მიღების ფაქტი და მიუთითა, რომ მისთვის თანხა არ გადაუციათ.
მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 21 იანვრის ხელშეკრულება, 2015 წლის 9 სექტემბრის ურთიერთშედარების აქტი და 2015 წლის 19 სექტემბრის შეთანხმება 150 000,00 ლარის ვალდებულების შესრულების გრაფიკის შესახებ. საქმეში არსებობს ასევე 2015 წლის 21 იანვრის სალაროს გასავლის ორდერი, გაცემული შპს „კა-----------–ის“ მიერ, ხელმოწერილი ბუღალტერის მა---------–--ასა და იმ------------–---–ის მიერ. ამ წერილობითი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მან იმ------------–---–მა მიიღო 300 000,00 ლარი.
2015 წლის 01 სექტემბრის ურთიერთშედარების აქტით მხარეებმა კვლავ, 2015 წლის 21 იანვრის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, დაადასტურეს იმ------------–---–ის ვალდებულება, მის მიერ 300 000,00 ლარის მიღება 150 000,00 კგ პო-–------–--–-------ის შესაძენად. არც ერთ შეთანხმებაზე იმ------------–---–ის ხელმოწერის ნამდვილობა არ არის სადავო. აღნიშნული წერილობით დოკუმენტებზე ხელმოწერით იმ------------–---–მა აღიარა შპს „კა-----------–ისაგან“ 300 000,00 ლარის მიღების ფაქტი.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ არ იზიარებს მოპასუხე მხარის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებას, 2016 წლის 19 სექტემბრის შეათანხმების აქტით იმ------------–---–ის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის 150 000,00 ლარით განისაზღვის შესახებ: ამავე შეთანხმებით მხარეთა მიერ დადასტურებული იქნა იმ------------–---–ის მიერ 300 000,00 ლარის მიღების ფაქტი და მთლიანი ვალდებულების შესასრულებლად მხარეს მიეცა დროის პერიოდი 2016 წლის პირველ აპრილამდე; ამასთან, მხარეთა მიერ დამატებით განისაზღვრა გრაფიკი მხოლოდ 150 000,00 ლარის ღირებულების პროდუქციის მისაწოდებლად, რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ მთლიანი დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 150 000,00 ლარით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამავე შეთანხმებით (და არა მხოლოდ ამ შეთანხმებით, როგორც აღნიშნულია ზემოთ) დადასტურებულია იმ------------–---–ისათვის 300 000,00 ლარის გადაცემის ფაქტი, ხოლო თავად მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია ვალდებულების თუნდაც ნაწილობრივ შესრულების შესახებ.
მაშასადამე, სასამართლოს მიაჩნია, რომ წერილობითი მტკიცებულებებით - მხარეთა მიერ ხელმოწერილი აქტებით, რითიც ისინი ადასტურებენ იმ------------–---–ისათვის 300 000,00 ლარის გადაცემასა და მისი ვალდებულების არსებობას, ასევე შპს „კა-----------–ის“ მიერ გაცემული სალაროს გასავლის ორდერით, დგინდება, იმ------------–---–ის მიერ თანხის (300 0000,00 ლარის) მიღების ფაქტი.
მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა მოწმემ, მა---------–--ამ, რომელიც მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს შპს „კა-----------–ის“ ბუღალტერი იყო, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო იმ------------–---–სა და კომპანიას შორის არსებული ურთიერთობის შესახებ, რაც გულისხმობდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის პო-–------–--–-------ის მიწოდებას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ თანხის 300 000,00 ლარის გადაცემის უშულო მონაწილე არ ყოფილა.
ილ--------------მა, ვინც მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს წარმოადგენდა შპს „კა-----------–ის“ დირექტორს, განმარტა, რომ მან, უშუალოდ, გადასცა იმ------------–---–ს 300 000,00 ლარი 150 000,00 პო-–------–--–-------ის შესაძენად, კომპანიის მიერ პროდუქციის შემდგომი წარმოების მიზნით. მოწმის ახსნა-განმარტების მიხედვით, საქონელი უნდა მიეწოდებინა უშუალოდ იმ------------–---–ს, შეთანხმებული პროდუქცია კი მყიდველს უნდა მიეღო საკუთრებაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
აღნიშნული ტვირთი ამ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ ზიდა, ვინაიდან მას არ წარმოუდგენია საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.
მხარე, რომელიც უთითებს მის სასარგებლო ფაქტზე, მანვე უნდა დაამტკიცოს ეს ფაქტი შესაბამისი მტკიცებულებით (სსსკ -ის მე-4, 102-ე მუხლები). მოპასუხე მხარე გარემოებას, რომ მას არ მიუღია 300 000,00 ლარი, ამყარებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რაც არაა საკმარისი წერილობითი მტკიცებულების უარსაყოფად. ამასთან, მის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებებისა და გასავლის ორდერის საპირწონე მტკიცებულება მას არ წამოუდგენია.
სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მითითებაზე, რომ შპს „კა-----------–ის“ გასავლის ორდერი გაცემულია როგორც კომპანიაში დასაქმებულ პირზე, რის გამოც ორდერი ფიქციურია. სამოქალაქო სამართლებრივი დავაში, მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის ფარგლებში, მოვალის მიერ ხელმოწერილი სადავო გარემოების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტების არსებობისას და ამასთან, იმგვარ ვითარებაში, როცა ხელმოწერის ნამდვილობა არ არის სადავო, სამოქალაქო სამართლებრივი დავის ფარგლებში სასამართლოს არარელევანტურად მიაჩნია იმსჯელოს გასავლის ორდერის საჯარო სამართლებრივ ბუნებასა თუ ელემენტებზე.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა 297 000,00 ლარის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და ემყარება წერილობით მტკიცებულებებს. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, იგი ამ შემთხვევაში ვერ ადასტურებს გარემოებებს, რომლებზეც ამყარებს შესაგებელს და შესაბამისად, ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. მოპასუხე შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითებებით და სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, მის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „კა-----------–ის“ სარჩელი მოპასუხის იმ------------–---–ის მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლოს, მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოებების არარსებობის დადასტურების პირობებში, მიზანშეწონილად მიაჩნია სამართლებრივად შეაფასოს მხარეთა შორის ხელმოწერილი დოკუმენტები მათი შინაარსის მიხედვით, მათი მტკიცების პროცესუალური მნიშვნელობისა და მოთხოვნის წარმომშობი სამართლებრივ ბუნების გათვალისწინებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარება ნების თავისუფალი გამოვლენის ერთ-ერთი გამოხატულებაა და თავისუფალი კონტრაჰირების ერთ-ერთი ელემენტია. ვალის არსებობის აღიარება გულისხმობს მოვალის ნებასა და მზაობას ვალდებულების შესრულების თაობაზე.
განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შეაფასოს საქმეში არსებლი წერილობითი მტკიცებულებები (2015 წლის 01 სექტემბრისა და 2015 წლის 19 სექტემბრის აქტები) ვალის აღიარებისა და ფაქტების დადასტურების მიხედვით, მათი სამართლებრივი ბუნებისა და მოთხოვნის წარმომშობი საფუძვლების თვალსაზრისით. ამისათვის საჭიროა გაიმიჯნოს რა სახის აღიარებასთან (კონსტიტუციური თუ დეკლარაციული) გვაქვს საქმე, თუ სახეზეა მხოლოდ ფაქტის აღიარება, ასევე რა ზეგავლენას ახდენს იგი მხარეთა შორის არსებული ურთიერთობების შედეგებზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 21 იანვარს შპს „კა-----------–სა“ და იმ------------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მარაგის შეძენის თაობაზე, რომლის თანახმად, შპს „კა-----------–ი“ იმ------------–---–ს აძლევდა 300 000,00 ლარს 150 000,00 კგ პო-–----–----–-------ის შესაძენად. ამავე შეთანხმებით განისაზღვრა იმ------------–---–ის ვალდებულება სამი თვის ვადაში შპს „კა-----------–ში“ შეეტანა 150 000,00 კგ პო-–----–----–-------ი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული შეთანხმებით მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარებოდა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებულ მოწესრიგებას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, შპს „კა-----------–ის“ მიერ იმ------------–---–ისათვის მარაგის შეძენის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის 300 000,00 ლარის გადაცემის ფაქტი.
ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 01 სექტემბერს შპს „კა-----------–სა“ და იმ------------–---–ს შორის გაფორმდა „ურთიერთ-შედარების აქტი“, რომლითაც დადასტურებული იქნა იმ------------–---–ის ფინანსური ვალდებულებები შპს „კა----------–ის“ მიმართ, 300 000,00 ლარის ოდენობით. ამავე აქტში აღნიშნულია დავალიანების წარმოშობის საფუძველი, კერძოდ, 2015 წლის 21 იანვარს შპს „კა-----------–სა“ და იმ------------–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, იმ------------–---–ის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით 300 000,00 ლარის მიღება 150 000,00 კგ პო-–------–--–-------ის შესაძენად.
სასამართლო განმარტავს, რომ 2015 წლის 01 სექტემბრის აქტი, რომლითაც დადასტურებული იქნა იმ------------–---–ის ფინანსური ვალდებულებები შპს „კა----------–ის“ მიმართ არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის აღიარების ხელშეკრულებას.
2015 წლის 01 სექტემბრის აქტით მხარეებმა დაადასტურეს არსებული სამართალურთიერთობიდან გამომდინარე დავალიანების არსებობა. ეს აქტი ახალი გარიგება არ არის და შეიცავს მხოლოდ ფაქტის ამსახველ ინფორმაციას. შესაბამისად, არც 341-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში ექცევა, თუმცა, მითითებული მტკიცებულებით დგინდება არსებული სამართალურთიერთობიდან გამომდინარე იმ------------–---–ის ვალის არსებობა, რაც წარმოადგენს ვალის დეკლარაციულ („კაუზალურ“) აღიარებას.
სამართლებრივი თვალსაზრისით, ვალის დეკლარაციული აღიარების დროს სახეზეა არა მხოლოდ აღიარება (ცალმხრივი ნების გამოვლენა, გამოხატული ამა თუ იმ ქმედებაში), არამედ ხელშეკრულება. დეკლარაციულ ვალის აღიარებას კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებს. იგი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის გამოვლინებად მიიჩნევა. დეკლარაციული ვალის აღიარება ახალ ხელშეკრულებას არ წარმოადგენს, შესაბამისად, იგი ახალი მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. იგი არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში წარმოქმნილ მოთხოვნას აღიარებს. დეკლარაციული ვალის აღიარების მიზანი და დანიშნულებაა არსებული ვალდებულებისა და სამართალურთიერთობის დადასტურება, მტკიცების პროცესის გამარტივება. შესაბამისად, დეკლარაციული ვალის აღიარება ფორმასავალდებულო გარიგება არ არის. დეკლარაციული ვალის აღიარების სამართლებრივი შედეგი ვალის არსებობის დადასტურება და შემდგომი დავების თავიდან აცილებაა, ხოლო დავის შემთხვევაში, მტკიცების პროცესის გამარტივება.
განსახილველ შემთხვევაში 2015 წლის 01 სექტემბრიოს აქტი სწორედ მტკიცების პროცესზე ახდენს გავლენას და ადასტურებს მხარეთა შორის სხვა სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობას. კაუზალურობის განმაპირობებელი ფაქტორი კი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ აღიარება დამოუკიდებელ თვითმყოფად საფუძველს კი არ ეყრდნობა, არამედ არსებულ საფუძველს (კაუზას), რაც მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას გულისხმობდა.
დადგენილია, რომ 2015 წლის 19 სექტემბერს შპს „კა-----------–სა“ და იმ------------–---–ს შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი, რომლის თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს, რომ ამავე მხარეებს შორის 2015 წლის 21 იანვარს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, შპს „კა-----------–ისაგან“ იმ------------–---–ს გადაეცა 300 000,00 ლარი კომპანიისათვის 150 000,00 ლარის პო-–----–----–-------ის შესაძენად. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ------------–---–ს შპს „კა-----------–ის“ მიმართ ვალდებულების შესასრულებლად განესაზღვრა დამატებითი ვადა 2016 წლის 01 აპრილამდე.
მხარეთა მიერ გამოხატული ნამდვილი ნება, მიმართული სამართალურთიერთობის დადასტურების, წარმოშობის, შეცვლისა, თუ შეწყვეტისაკენ, სამართალურთიერთობის შედეგების ფორმირებაში ყოველთვის მონაწილეობს.
აზრის გამოხატვა სუბიექტის სამართლებრივ ნებად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკვალიფიცირდეს, თუ აზრის გამომხატველი მის სამართლებრივ შედეგებს აცნობიერებს და აღიარებითა, თუ კონკლუდენტური მოქმედებით, მისი შესრულების მზაობას გამოხატავს.
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯერ უნდა დადგინდეს, ადამიანის მიერ გამოხატული მოსაზრება სამართალურთიერთობის დაზუსტების, შეცვლის, წარმოშობისა, თუ შეწყვეტისაკენ მიმართული ნამდვილი ნებაა, თუ, არა, ხოლო მას შემდეგ რაც გამოხატული ნების ნამდვილობა დადგინდება, ის სამართლებრივი შედეგები უნდა შეფასდეს, რაც მითითებული ნების გამოხატვას მოჰყვება.
განსახილველ შემხვევაში, სასმართლოს მიაჩნია, რომ 2015 წლის 19 სექტემბრის შეთანხმების აქტით, მხარეებმა გამოხატეს ნება და მზაობა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალის კონსტიტუციური („აბსტრაქტული“) აღიარება კანონით მოწესრიგებული სამართალურთიერთობაა, კერძოდ, მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი აწესრიგებს. ასეთ შემთხვევაში, სახეზეა მხარეთა ნება ახალი სამართალურთიერთობის ჩამოყალიბების თაობაზე. ვალის აღიარება კონსტიტუციურია, ანუ ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს ქმნის, თუ ვალის აღიარება ისეთი შინაარსისა, საიდაც მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძვლის არსებობა დგინდება.
2015 წლის 01 სექტემბრისა და 2015 წლის 19 სექტემბრის აქტები როგორც ვალის კონსტიტუციური („აბსტრაქტული“) და დეკლარაციული („კაუზალური“) აღიარება ერთმანეთისაგან ვალის აღიარების მიზნითა და დანიშნულებითაც განსხვავდება. როგორც ზემოთ აღინიშნა, 2015 წლის 01 სექტემბრის აქტი ადასტურებს ძველი სამართალურთიერთობის არსებობას, მაშინ, როდესაც 2015 წლის 19 სექტემბრის აქტი ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას განაპირობებს.
ვალის აღიარების ხელშეკრულება ფორმასავალდებულო გარიგებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნამდვილობისათვის კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვაა საჭირო. კანონით დადგენილი ფორმა კი მარტივი წერილობითია, რომელიც დაცულად ჩაითვლება, თუ მხარეები ვალის აღიარების ხელშეკრულებას ორმხრივად ხელს მოაწერენ.
განსახილველ შემთხვევაში ვალის არსებობის აღიარებიდან ჩანს, რომ მოვალის მხრიდან ვალის აღიარება განაპირობა, მხარეთა შორის უკვე არსებულმა ნასყიდობის სამართალურთიერთობამ.
ნასყიდობის ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, არ წარმოადგენს ფორმასავალდებულო გარიგებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არც სსკ-ის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით დადგენილი, კანონით გათვალისწინებული რაიმე ფორმის დაცვის ვალდებულება არსებობდა.
ვალის კონსტიტუციური აღიარების, როგორც დამოუკიდებელი გარიგების ბუნებაზე, ზეგავლენას არ ახდენს წინმსწრებ სამართალურთიერთობასთან მისი ფორმალური ბმა. მაგალითისათვის, ისევე როგორც განსახილველ შემთხვევაში, ვალის აღიარების ხელშეკრულებაში შეიძლება ჩანდეს, თუ რა სამართალურთიერთობა უძღოდა წინ მოვალესა და კრედიტორს, რამ განაპირობა მოვალის მხრიდან კრედიტორის სასარგებლოდ ვალის აღიარება, თუმცა, აღნიშნულ გარემოებას ვალის აღიარების ბუნების განსაზღვრის მიზნებისათვის სამართლებრივი დატვირთვა არ გააჩნია (სწორედ აღნიშნული პრინციპი განაპირობებს ხანდაზმულობის ვადის დენის თავიდან დაწყებას, განსხვავებით ვალის დეკლარაციული აღიარებისაგან). შესაბამისად, ვალის კონსტიტუციური აღიარება დამოუკიდებელია ვალის წარმოშობის საფუძვლებისაგან, რაც მის აბსტრაქტულ ბუნებას განაპირობებს.
ვალის აბსტრაქტული აღიარების, როგორც დამოუკიდებელი გარიგების, ინდიკატორია ასევე ის გარემოება, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება ნამდვილია, მიუხედავად იმისა, ნამდვილია, თუ არა ის გარიგება, რომლიდან გამომდინარე ვალდებულებაც მოვალემ ვალის აღიარების ხელშეკრულებით ცნო.
სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა მარაგის შეძენის შესახებ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მოჩვენებითობა, ეს ავტომატურად არ გამოიწვევდა ვალის აღიარების ხელშეკრულების 2015 წლის 19 სექტემბრის შეთანხმების აქტის, როგორც კონსტიტუციური ვალის აღიარების ხელშეკრულების არანამდვილობას და მოპასუხე მხარეს მოუწევდა უზუნველეყო ამ აღიარების არანამდვილობის დამტკიცება. უფრო მეტიც, წინმსწრები სამართალურთიერთობის ბათილობის შემთხვევაში, უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარებოდა მხარეთა მიერ მიღებული (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ვინაიდან ვალდებულების წარმოშობის საფუძველი ახალი ხელშეკრულება იქნებოდა.
ვალის კონსტიტუციური („აბსტრაქტული“) აღიარების დროს სამართალურთიერთობის ახალი საფუძველი ჩნდება, საიდანაც მოთხოვნა წარმოიშობა. უფლებამოვალეობათა ნამდვილობა ახალი გარიგების ნამდვილობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც თავიდან იწყება. ვალის აღიარება და შესაბამისად, ახალი სამართალურთიერთობის წარმოშობა (ვალის კონსტიტუციური „აბსტრაქტული“ აღიარება) ძველ სამართალურთიერთობას არ აქარწყლებს. შესაბამისად, მოთხოვნა შეიძლება ძველი სამართალურთიერთობიდანაც არსებობდეს, თუ იგი ხანდაზმული არ არის, რასაც ადგილი აქვს განსახილველ შემთხვევაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „კა-----------–ის“ მოთხოვნა საფუძვლია და უნდა დაკმაყოფილდეს, იმ------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 297 000,00 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 5000,00 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „კა-----------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს :
1.1. მოპასუხე იმ-------------–---–ს მოსარჩელის შპს „კა-----------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 297 000,00 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე იმ-------------–---–ს შპს „კა-----------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5 000,00 ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე