გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.10.2018
საქმის ნომერი
330210016001220211
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/847-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე): კო---------------------–---–ი

წარმომადგენელი: გი-------------ე

მოპასუხე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე): სს ,,არ--------------ა“

წარმომადგენელი: ნი-----–--------ა

დავის საგანი (თავდაპირველ სარჩელში) : მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრება

დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში): თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სს ,,არ--------------ა“-სთვის კო---------------------–---–ის სასარგებლოდ 31 500 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში წლიური 14,5%-ის დაკისრება, მიუღებელი შემოსავლის სახით 2014 წლის 23 სექტემბრიდან (ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის თარიღი) სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად მიქცევამდე პერიოდისათვის.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული N2/3305-15 გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა მოსარჩელე კ------------ ზ-------–---–ის სარჩელი და შპს ,,ს-----------------------------ი ჯ-----ს“ (სს ,,არ--------------ა) მის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით, დაეკისრა 31 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

 

2014 წლის 22 ივლისის ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისით განსაზღვრული სადაზღვევო თანხის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდაზე ს-----------------------------ი ჯ-----მა უარი განაცხადა 2014 წლის 23 სექტემბრის N1/14-1362 მოწერილობით.

 

მოპასუხის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, მოსარჩელეს შეეზღუდა უფლება ესარგებლა კუთვნილი ფულით, ავტონომიურად განეკარგა ის და მიეღო თუნდაც მინიმალური შემოსავალი, რასაც კრედიტორი ფულის საყოველთაოდ ცნობილი ფუნქციებიდან გამომდინარე, საბანკო დაწესებულებაში ანაბრის სახით განთავსების შემთხვევაში მიიღებდა.

 

საქართველოს ცნობილ და წამყვან კომერციულ ბანკებში, ასე მაგალითად, სს ,,ლიბერთი ბანკში“ სადავო თანხის ოდენობისა და იმ ვადის გათვალისწინებით, რა პერიოდითაც მოპასუხის მიერ დაყოვნდა სადაზღვევო თანხის გადახდა, ანაბარზე ლარის განთავსების შემთხვევაში წლიურ სარგებელს შეადგენს განთავსებული თანხის 14,5%;

 

(იხ. სარჩელი, ს.ფ. 2-6, მოისმინეთ 2018 წლის 24 სექტემბრის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 14:37:25-14:51:34).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

სადაზღვევო კ-------- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემას, ხოლო რაც შეეხება სადაზღვევო ანაზღაურების ფარგლებს გარეთ ანაზღაურების ვალდებულება გამოირიცხება, მით უფრო რომ საქმე ეხება მიუღებელ შემოსავალს, რომლის დაკისრება მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაშია შესაძლებელი. ავტომანქანის ღირებულების ანაზღაურების გაცემის ან მის გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში სადაზღვევო კ-------- მოკლებულია შესაძლებლობას განსაზღვროს ავტომანქანის ღირებულების შეძენის ფასად დამზღვევის მიერ თანხის ანაბარზე განთავსების ალბათობა.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

 

აღნიშნულ შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ავტომანქანის განადგურების შემთხვევაში პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა. სამოქალაქო კოდექსის 821-ე მუხლის შესაბამისად, მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში. სსკ-ს 824-ე მუხლის მიხედვით დაზღვევა ვრცელდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეულ მიუღებელ სარგებელზედაც, თუ ეს გათვალისწინებულია შეთანხმებით. ავტომობილის დაზღვევის პირობების შესაბამისად, აღნიშნულ პირობაზე მხარეთა შორის შეთანხმება არ მომხდარა, რაც გამორიცხავს მისი მოთხოვნის მართლზომიერებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს მის დაკამყოფილებას.

 

3. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

3.1. მოპასუხე კო---------------------–---–ისათვის სს ,,არ--------------ა“-ს სასარგებლოდ 16 255 ლარის დაკისრება;

 

შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:

 

ს-----------------------------ი ჯ-----სა და კო---------------------–---–ს შორის 2014 წლის 22 ივლისს გაფორმდა ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობები და გაიცა ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი.

 

2014 წლის 26 აგვისტოს დაზიანდა დაზღვეული ავტომობილი. შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე სადაზღვევო კ--------მ უარი განაცხადა.

 

სადაზღვევო კომპანიის მიერ 2018 წელს, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა, რის შემდგომაც მოთხოვნილი იქნა ავტომანქანის ნარჩენების კომპანიისათვის გადმოცემა. 2018 წლის 18 მარტს სპეციალისტის მიერ მოხდა ავტომანქანის ნარჩენების დათვალიერება და დადგინდა, რომ ავტოავარიის შემდგომ ავტომანქანის ნარჩენების ღირებულება შემცირებული იყო 16 255 ლარით.

 

პოლისის პირობების შესაბამისად (პუნქტი 2.3.) სრული ზიანის შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია მოსარგებლეს ჩაუნაცვლოს შესაბამისი ავტომანქანა. ამასთან, მოსარგებლემ უნდა უზრუნველყოს დადასტურებული ზიანის ოდენობიდან გამოსაქვითი თანხების (2.4 პუნქტი) დამატება, მათი არსებობის შემთხვევაში.

 

დადასტურებული ზიანის ოდენობიდან იქვითება: ა) პროპორციული დაზღვევის ნაწილი; ბ) ფრანშიზის ოდენობა; გ) სრული ზიანის შემთხვევაში: გ.ა) გადაუხდელი პრემიის ნაწილი; გ.ბ) რეალიზაციისთვის ვარგის ნარჩენთა ღირებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეთა შეთანხმებით, მიღება-ჩაბარების აქტისა და რეგისტრაციის საფუძველზე ავტომანქანა (ნარჩენები) გადაეცემა მზღვეველს.

 

4. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

 

4.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შესაძლებელია დაზიანებულ ავტომობილს (ნარჩენს) გააჩნდეს ან არ გააჩნდეს ღირებულება, თუმცა მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ავტომობილის დაუზიანებელი ნაწილების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თავდაპირველი (ავტოავარიის მომენტში) მდგომარეობისა და მათი ღირებულების დამდგენი მტკიცებულება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ დაზიანებული და არა დაუზიანებელი ნაწილების აღწერილობა და ფასი.

 

ავტომობილი ავარიის შემდეგ კვლავ დაზიანდა, კერძოდ, სს ,,არ--------------ასთან“ ამავე ავტომობილის სადაზღვევო საზღაურის ანაზღაურების შესახებ სასამართლო დავის დაწყების შემდგომ ავტომობილი განთავსდა ქ. თბილისში, ზუგდიდის ქუჩაზე არსებულ მუნიციპალურ ღია ავტოსადგომზე, სადაც ავტომობილის მიმართ დაუდგენელი პირის მიერ, გაურკვეველ ვითარებაში და დროს განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით ინკრიმინირებული დანაშაული. ფაქტთან დაკავშირებით კო---------------------–---–მა მიმართა პოლიციას და ელოდება შედეგებს.

 

2018 წელს, 2015 წლის 23 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის N2/3305-15 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის რეგულირების პროცესში, ვიდრე მოსარჩელე მოპასუხეს გადაუხდიდა სადაზღვევო ანაზღაურებასა და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯებს (გადახდა განხორციელდა 23.03.2018 წელს) მოსარჩელის მიერ 18.03.2018წ. დათვალიერებული იქნა დაზიანებული ავტომობილი, რომელიც აღიწერა, შეფასდა და დასურათდა, თუმცა მოპასუხე არ დაეთანხმა შეფასებას, ვინაიდან მოსარჩელეს არც მაშინ და არც ახლა, განსახილველ საქმეზე არ წარმოუდგენია ავტომობილის დაუზიანებელი ნაწილების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თავდაპირველი (ავტო ავარიის მომენტში) მდგომარეობისა და მათი ღირებულების დამდგენი მტკიცებულება. შესაბამისად გაუგებარი და დაუსაბუთებელია ამჟამად, დაუზიანებელი ავტონაწილების ჩამონათვალზე და მათ ფასის შემცირებაზე მითითება, მით უფრო კი 16 255 ლარის ოდენებით. როცა მოსარჩელისვე მითითებული ფაქტობრივი გარემოებით ავტომობილი, დაზღვევის პირობების გათვალისწინებით, ჩაითვალა განადგურებულად, ხოლო სადაზღვევო ანაზღაურების გადახდა განხორციელდა ავტომობილის ზემოაღნიშნული აღწერის, შეფასებისა და დასურათების შემდეგ, ნარჩენთა დანაკლისის ღირებულების გაქვითვის მოთხოვნების გარეშე.

 

5. ფაქტობრივი გარემოებები

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1.1. 2014 წლის 22 ივლისს კო---------------------–---–სა და შპს „------------- კ-------- ა----- ჯ-----ს“ შორის გაფორმდა ავტომანქანა „A------”-ს, სახელმწიფო ნომრით A------, დაზღვევის ხელშეკრულება (სადაზღვევო პაკეტი - ექსტრა), რის შესაბამისად გაიცა ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი.

 

კო---------------------–---–ის ავტომანქანის დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად, სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 35 000 აშშ დოლარით.

 

ხელშეკრულების 2.3. პუნქტის შესაბამისად სრული ზიანის შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია მოსარგებლეს ჩაუნაცვლოს შესაბამისი ავტომანქანა. ამასთან, მოსარგებლემ უნდა უზრუნველყოს დადასტურებული ზიანის ოდენობიდან გამოსაქვითი თანხების (2.4 პუნქტი) დამატება, მათი არსებობის შემთხვევაში.

 

დადასტურებული ზიანის ოდენობიდან იქვითება: ა) პროპორციული დაზღვევის ნაწილი; ბ) ფრანშიზის ოდენობა; გ) სრული ზიანის შემთხვევაში: გ.ა) გადაუხდელი პრემიის ნაწილი; გ.ბ) რეალიზაციისთვის ვარგის ნარჩენთა ღირებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეთა შეთანხმებით, მიღება-ჩაბარების აქტისა და რეგისტრაციის საფუძველზე ავტომანქანა (ნარჩენები) გადაეცემა მზღვეველს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 25);

- ავტომობილის დაზღვევის პირობები (ს.ფ. 26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

5.1.2. 2014 წლის 26 აგვისტოს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად დაზიანდა კო---------------------–---–ი კუთვნილი ავტომანქანა.

 

კო---------------------–---–ის კუთვნილი ავტომანქანის აღდგენის ღირებულებამ შეადგინა 73 335 ლარი, რაც მისი საბაზრო ღირებულების 70 პროცენტზე მეტი იყო და ავტომანქანა დაზღვევის პირობების შესაბამისად ჩაითვალა განადგურებულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 23.09.2015 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

5.1.3. კო---------------------–---–მა განაცხადით მიმართა სადაზღვევო კ--------ს და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება. სადაზღვევო კ--------მ უარი განაცხადა დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე, იმ საფუძვლით, რომ შემთხვევა გამოწვეული იყო ავტომობილის მართვისას საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების, კერძოდ, მანევრირების წესების უხეში დარღვევით, რამაც გამოიწვია ავტომობილის გზის დამცავ ჯებირთან შეჯახება. კო---------------------–---–ის ქმედება ცდებოდა სადაზღვევო დაფარვას და ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.

 

დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარი გახდა მხარეთა შორის სამოქალაქო დავის დაწყების საფუძველი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით კო---------------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ს-----------------------------ი ჯ-----ს” კო---------------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 31 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით შპს „ს-----------------------------ი ჯ-----ს“ კო---------------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროა 2076,26 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და 2768 ლარის გადახდა მოსარჩელის წარმომადგენლის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.09.2014 წლის წერილი (ს.ფ. 27);

- 23.09.2015 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-24);

- 07.06.2017 წლის განჩინება (ს.ფ. 114-125);

- 29.12.2017 წლის განჩინება (ს.ფ. 126);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

5.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სს ,,არ--------------ა“-ს მიერ 2018 წლის 23 მარტს განხორციელდა სადაზღვევო თანხის ანაზღაურება 81 565,66 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 128);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.2.1. სასამართლო იზიარებს მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის განმარტებას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილი თანხები მიმართული უნდა ყოფილიყო სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და ავტომანქანის შეძენისკენ. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის კო---------------------–---–ის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ ვალდებულების დროულად შესრულების შემთხვევაში, იგი მიღებული თანხების დეპოზიტზე განთავსებით მიიღებდა შემოსავალს .

 

5.2.2. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ავტომანქანის ნარჩენების ღირებულება ავტოავარიის შემდეგ შემცირებულია 16 255 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოპასუხე კო---------------------–---–ს სადავოდ არ გაუხდია ავტომობილის ღირებულების შემცირების ფაქტი. მოპასუხის განმარტებით, სიმართლეა, რომ ავტომობილი ავტოავარიის შემდეგ კვლავ დაზიანდა. სს ,,არ--------------ასთან“ ამავე ავტომობილის სადაზღვევო საზღაურის ანაზღაურების შესახებ სასამართლო დავის დაწყების შემდეგ ავტომობილი განთავსდა ქ. თბილისში, ზუგდიდის ქუჩაზე არსებულ მუნიციპალურ ღია ავტოსადგომზე, სადაც ავტომობილის მიმართ დაუდგენელი პირის მიერ, გაურკვეველ ვითარებაში და დროს, განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით ინკრიმინირებული დანაშაული (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება).

 

ავტომანქანის ღირებულების შემცირებასთან დაკავშირებით, შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოების დასადასტურებლად სს ,,არ--------------ა“-მ წარმოადგინა დაზიანებული ავტომობილის შეფასების აქტი ავტოავარიის შემდეგ და ავტომანქანის ჩამოწერის აქტი, რომლის თანახმად, დაზიანებული ავტომობილის ნარჩენების საბაზრო ღირებულება შეადგენს 500 აშშ დოლარს. შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა აგრეთვე 2018 წლის 19 მარტის დეფექტური აქტი, რომლითაც განხორციელდა ავტომობილის ინსპექტირება, ზიანის ოდენობისა და ნარჩენების ღირებულების დადგენა (ს.ფ.175).

 

ზიანის ოდენობისა და ნარჩენების ღირებულების განსაზღვრისას სპეციალისტის მიერ გათვალისწინებულია შეცვლილი და ნაკლული ავტონაწილების დასახელება და ღირებულება. კერძოდ, დეფექტური აქტის თანახმად, შეცვლილ ავტონაწილებს შეადგენს დისკები+საბურავი ღირებულებით 1200 ლარი და მუხრუჭის დისკი (აპორნი დისკები) ღირებულებით 1400 ლარი; რაც შეეხება ავტონაწილებს, რომელიც ინსპექტირების დროისათვის 2018 წლის 18 მარტს, ავტომანქანას აღარ ჰქონდა, ესენია: წინა ორივე პლემატური ამორტიზატორი - ღირებულებით 1500 ლარი, კარის სახელური - ღირებულებით 250 ლარი; მონიტორი - ღირებულებით 1225 ლარი; კლიმატკონტროლის დაფა - ღირებულებით 350 ლარი; მინის ამწევი მექანიზმი - ღირებულებით 200 ლარი; დინამიკები - ღირებულებით 200 ლარი; საწვავის ავზის ხუფი - ღირებულებით 200 ლარი; კარის საკეტი - ღირებულებით 150 ლარი; კარის სარკე - ღირებულებით 1000 ლარი; წინა მარცხენა პადკრილნიკი - ღირებულებით 250 ლარი; წინა ფრთის კანტები - ღირებულებით 400 ლარი; წინა მარცხენა ფარი - ღირებულებით 450 ლარი; წინა მარცხენა კარის სახელური - ღირებულებით 150 ლარი; ბაბინები+გაყვანილობა - ღირებულებით 600 ლარი; მაღალი წნევის ნოსოსი - ღირებულებით 1600 ლარი; მუხრუჭის ბლოკი (აბს)- ღირებულებით 1200 ლარი; ფარსონკები - ღირებულებით 500 ლარი; ძრავის საფარი - ღირებულებით 300 ლარი; ძრავის კომპიუტერი - ღირებულებით 1470 ლარი; სიჩქარეთა კოლოფის კომპიუტერი - ღირებულებით 980 ლარი; ძრავის თავსაფარის ხუფი - ღირებულებით 30 ლარი; უკანა მარჯვენა ფარი - ღირებულებით 150 ლარი; წინა მარცხენა კარის მინა - ღირებულებით 250 ლარი და წინა მარჯვენა კარის მინა - ღირებულებით 250 ლარი; რაც საერთო ჯამში შეადგენს 16 255 ლარს (ს.ფ. 164).

 

საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე 30.08.2014 წლის დეფექტური აქტი, რომლითაც განსაზღვრულია დაზიანებული ნაწილების აღდგენის ფასი და ავტომანქანის შეკეთების ღირებულება. სპეციალისტის მიერ განსაზღვრული იქნა ავტოავარიის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის ნაწილები, კერძოდ ესენია: საქარე მინა, წინა მარჯვენა ფარი, წინა მარჯვენა ფრთა, ტორპედო, აერბაგი, საჭის აერბაგი, მაბპერის სალასკა, კერხერი, კერხერის ხუფი, ცხაური, პარკინგი, წინა მარჯვენა ფრთის საფარი, წინა მარჯვენა ამორტიზატორი, წყლის რადიატორი და რადიატორის მილები, ძრავის შკივი, ძრავის ღვედი, ძრავის ღვედის საჭიმი, კონდიციონერის კომპრესორი, კონდიციონერის კომპრესორის მილი, კაპოტი, წინა ეკრანი, სანისლე ფარის ხუფები, ბამპერის ბალკა, ჰაერის ფილტრის ყუთი, ელექტროვენტილიატორი, ძრავის ბალიში, კარდანი, სიჩქარის კოლოფი, წინა მარჯვენა ლანჟერონი, მძღოლისა და მგზავრის ღვედები (ს.ფ.162).

 

ამდენად ცალსახაა, რომ 2018 წლის 19 მარტის აქტში არ არის შეტანილი იმ ნაწილების ჩამონათვალი, რომელთა დაზიანება ავტოავარიის შედეგად მოხდა. სპეციალისტის მიერ ავტომანქანის დაზიანების აღწერის აქტის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულ დოკუმენტში დაწვრილებით გაიწერა 2014 წლის 26 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილის დაზიანებული დეტალებისა და შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, ხოლო 2018 წლის აქტით განისაზღვრა შემცირებული ღირებულების ოდენობა, 2014 წელს პირველადი დათვალიერების შემდგომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

მოპასუხის განმარტებით, შესაძლებელია დაზიანებულ ავტომობილს (ნარჩენს) გააჩნდეს ან არ გააჩნდეს ღირებულება, თუმცა მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ავტომობილის დაუზიანებელი ნაწილების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თავდაპირველი (ავტოავარიის მომენტში) მდგომარეობისა და მათი ღირებულების დამდგენი მტკიცებულება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ დაზიანებული და არა დაუზიანებელი ნაწილების აღწერილობა და ფასი.

 

სასამართლო არ იზიარებს, შეგებებული სარჩელის მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ აღნიშნული დეფექტური აქტებით შეუძლებელია დაუზიანებელი ავტონაწილების იდენტიფიცირება და შესაბამისად მისი ღირებულების დადგენა.

 

მოპასუხეს აღნიშნული მტკიცებულებით დადასტურებული ფაქტების საწინააღმდეგოდ მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც, აღნიშნული მხარის მიერ არ იქნა უარყოფილი ავტოავარიის შედეგად დაზიანებული ავტონაწილების სია, რომელიც განისაზღვრა 2014 წელს განხორციელებული დათვალიერებითა და დასურათებით (იხ. დეფექტური აქტი ს.ფ. 162); 2014 წლის 30 აგვისტოს დეფექტური აქტით განსაზღვრულია იმ ავტონაწილების დასახელება, რომელიც ავტოავარიის შედეგად დაზიანდა, შესაბამისად 2018 წლის 19 მარტს შედგენილ დეფექტურ აქტში მითითებული ავტონაწილები წარმოადგენს იმ დაუზიანებელ ნივთებს, რომლის ღირებულებამაც 2014 წლის 05 სექტემბრის ჩამოწერის აქტის საფუძველზე შეადგინა 7000 აშშ დოლარი (იხ. ს.ფ. 142).

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. მარტოოდენ მითითება მტკიცებულების უსაფუძვლობაზე, საკმარისი არ არის და არ შეესაბამება მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, ვინაიდან, მტკიცებას ექვემდებარება როგორც სარჩელის, ასევე შესაგებლის საფუძვლები. ამდენად, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ ვერ შეძლო დეფექტური აქტით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოების გაქარწყლება, აღნიშნულ მტკიცებულებას სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც საპროცესო ნორმის დაცვით მიღებულ და მოწინააღმდეგე მხარის მიერ შეუცილებად წერილობით დოკუმენტს.

 

ამდენად, სასამართლო შესაბამის აქტში ჩამოთვლილი ნაწილების განადგურების, დაზიანებისა და შეცვლის გამო დაზიანებული ავტომობილის ღირებულების დასადგენად (ავტოავარიის შემდეგ შემცირებული ღირებულების ოდენობა) იზიარებს ზემოაღნიშნულ სპეციალისტის დეფექტურ აქტს.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ 2018 წლის 19 მარტის აქტში ჩამოთვლილი ნაწილების განადგურების, დაზიანებისა და შეცვლის გამო დაზიანებული ავტომობილის ღირებულება შემცირებულია ავტოავარიის შემდეგ 16 255 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 30.08.2014 ჩამოწერის აქტი (ს.ფ. 142);

- ფოტოსურათები (ს.ფ. 143-161);

- ავტომანქანის დაზიანების აღწერის აქტი (ს.ფ. 161);

- 30.08.2014 დეფექტური აქტი (ს.ფ. 162);

- 19.03.2018 დეფექტური აქტი (ს.ფ. 164);

- ფოტოსურათები (ს.ფ. 165-174);

- 19.03.2018 ჩამოწერის აქტი (ს.ფ. 175);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კო---------------------–---–ის სარჩელი სს ,,არ--------------ა“-ს მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია ავტოავარიის შემდეგ ავტომობილის ღირებულების შემცირების ფაქტი, ასევე დადგენილია, რომ დამზღვევის მიერ არ მომხდარა ავტომანქანის მდგომარეობის შენარჩუნება, რის გამოც შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე 105-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 316-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე, 830-ე მუხლები.

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლო, ფულადი ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით მოიხმობს საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ასახულ განმარტებას: „სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (შდრ. სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.15 წ.).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთებოდა.

 

მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რომ მის ინტერესს წარმოადგენდა მიღებული თანხის დეპოზიტზე განთავსება და მოგების მიღება იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხის მიერ თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში არ მიადგებოდა ზიანი მას. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო უნდა ამოვიდეს საქმის გარემოებების ობიექტური შეფასებიდან და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმგვარად, რომ ამ ტიპის ზიანის ანაზღაურება მოპასუხეს დაეკისროს სამართლიანად და არ გამოიწვიოს დაზარალებულის უსაფუძვლოდ გამდიდრება.

 

საქმის მასალებიდან შეუძლებელია იმის ცალსახად დადასტურება, რომ მოპასუხისგან მიღებული თანხას მოსარჩელე განათავსებდა დეპოზიტზე დამატებითი მოგების მიღების მიზნით. სასამართლო კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილი თანხები მიმართული უნდა ყოფილიყო სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და ავტომანქანის შეძენისკენ, შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის კო---------------------–---–ის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ ვალდებულების დროულად შესრულების შემთხვევაში, იგი მიღებული თანხების დეპოზიტზე განთავსებით, რაიმე სახის შემოსავალს მიიღებდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს რომ კო---------------------–---–ის სარჩელი მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების თაობაზე არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განამტკიცებს კერძო სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს - კეთილსინდისიერების პრინციპს, რომლის ძალითაც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

ამავე კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

 

დაზღვევის პრაქტიკა იცნობს არაკეთილსინდისიერი დამზღვევის ცნებას. ზოგადად დამზღვევის არაკეთილსინდისიერება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის ერთ-ერთი საფუძველია. დამზღვევის კეთილსინდისიერება დაზღვევის ობიექტზე ზრუნვის ვალდებულებასაც მოიცავს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მორალური რისკის კონცეფციის გათვალისწინება. კერძოდ, როდესაც სადაზღვევო შემთხვევა დამზღვევის გავლენის სფეროშია, მორალური რისკი იზრდება. ამ თვალსაზრისით საინტერესოა დაზღვევის ეკომონიკური ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომელიც დამზღვევის კეთილსინდისიერებას აფასებს. აღნიშნული მოსაზრების თანახმად, დამზღვევის მხრიდან დაზღვევით გათვალისწინებული მეტი და ძვირი მომსახურებით სარგებლობა მიიჩნევა არა არაკეთილსინდისიერ, არამედ რაციონალურ ეკონომიკურ საქციელად.

 

დამზღვევის კეთილსინდისიერების ანალიზისას მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს ზრუნვის ობიექტი. დამზღვევმა უნდა გამოიჩინოს ზრუნვა როგორც მესამე პირის უფლებებისა და ქონებისადმი, ასევე საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა თუ ქონების მიმართ. დამზღვევის კეთილსინდისიერების სიღრმისეული ანალიზი ცხადჰყოფს, რომ დაზღვევის ობიექტზე ზრუნვით ის საკუთართან ერთად მზღვეველის ფინანსურ ინტერესსაც იცავს. ამგვარი დასკვნა რისკის გადაკისრების კონცეფციიდან გამომდინარეობს. ასეთი ლოგიკით დაზღვევის ობიექტზე ზრუნვის ვალდებულება შეიძლება გულისხმიერების კატეგორიას მიეკუთვნოს. ყველა შემთხვევაში, „იმის მიუხედავად „გულისხმიერება“ კეთილსინდისიერების პრინციპიდან ნაწარმოებ, მისგან დამოუკიდებელ თუ მხოლოდ მის დამაკონკრეტებელ ინსტიტუტად განიხილება, სსკ-ის 316 მუხლის მე-2 ნაწილიდან, უდავოდ გამომდინარეობს ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ნებისმიერი მონაწილის ვალდებულება, გაუფრთხილდეს „მეორე მხარის უფლებებსა და ქონებას,“ და, შესაბამისი ურთიერთობის „შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით,“ არ დაუშვას მათი არათათანაზომიერი ხელყოფა.

 

8.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 830-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამზღვევი მოვალეა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს ან შეამციროს ზიანი და ამასთან დაკავშირებით შეასრულოს მზღვევლის მითითებები.

 

მითითებული მუხლი აწესებს დამზღვევის ვალდებულებას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას შეასრულოს მზღვეველის მითითებები. მართალია, აღნიშნულ მუხლს კანონმდებელი ქონების დაზღვევის ნაწილში ითვალისწინებს, თუმცა, მისი შინაარსის გათვალისწინებით ნორმა სხვა სახის დაზღვევასაც მოიცავს. განსახილველი ნორმა ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების მომწესრიგებელ ნორმებთან ერთად უნდა განიმარტოს, რადგან ლოგიკურად მითითება დამზღვევის მხრიდან მზღვეველის ინფორმირებას მოჰყვება. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს მზღვეველს.

 

მზღვეველისთვის რისკის გადაკისრება მას არ ათავისუფლებს დაზღვეული ობიექტის მიმართ ზრუნვის ვალდებულებისაგან. სსკ–ის 830 I მუხლის თანახმად, დამზღვევი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ვალდებულია შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს ან შეამციროს ზიანი და შეასრულოს მზღვეველის მითითებები. ასეთი ვალდებულების დაკისრებით კანონმდებელი დამზღვევს სწორედ გულისხმიერებისკენ მოუწოდებს. დაზღვევის არსებობამ არ უნდა შეამციროს დამზღვევის ინტერესი დაზღვეული ობიექტის მიმართ. დამზღვევმა ისეთივე ზრუნვა და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს დაზღვეული ობიექტის მიმართ, როგორსაც ის გამოიჩენდა დაზღვევის არარსებობის პირობებში. მაგალითად, თუ დამზღვევის თვალწინ ხანძარი გაუჩნდა მის საკუთრებაში არსებულ სახლს, გაუმართლებელია დამზღვევის უმოქმედობა იმ საფუძვლით, რომ სახლი დაზღვეულია და ის მაინც მიიღებს ანაზღაურებას. (იხ. ცისკაძე, ჭანტურია/ზოიძე/ნინიძე/შენგელია/ხეცურიანი (რედ.), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი II, 2001, 150.)

 

ზიანის პრევენციისა და მისი შემცირების ვალდებულების დაკისრებით ნორმა დამზღვევისგან მზღვეველის ინტერესების გათვალისწინებასაც მოითხოვს. მოცემულ მაგალითში დამზღვევის მიერ დროული რეაგირების შედეგად დამდგარი ზიანი შეიძლება მნიშვნელოვნად ნაკლები აღმოჩნდეს სახლის სრული განადგურების სახით დამდგარ ზიანზე. დამზღვევის მხრიდან ზიანის პრევენციისა და ზიანის შემცირების ვალდებულებები გათვალისწინებულია ევროპის დაზღვევის სახლშეკრულებო სამართლის პრინციპებში. (ix. PEICL, 9:101 3.); მზღვეველმა უნდა აუნაზღაუროს დამზღვევს ზიანის შემცირებასთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებისას გაწეული ხარჯები, თუკი ასეთი ქმედებები მზღვეველის მიერ გონივრულად მიიჩნევა, იმ შემთხვევაშიც კი ისინი წარუმატებელი აღმოჩნდა. ამასთან, აღნიშნული დასაშვებია თუ სადაზღვევო ანაზღაურებისა და დამატებითი ხარჯების კომპენსაციის ჯამური ოდენობა აღემატება სადაზღვევო თანხას. ასეთი შესაძლებლობის დაშვება ქონების დაზღვევაში გამონაკლისს წარმოადგენს და გამართლებულია დამზღვევის კეთილსინდისიერი ქმედებით.

 

დადგენილია, რომ კო---------------------–---–მა განაცხადით მიმართა სადაზღვევო კ--------ს და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება. სადაზღვევო კ--------მ უარი განაცხადა დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე, იმ საფუძვლით, რომ შემთხვევა გამოწვეული იყო ავტომობილის მართვისას საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების, კერძოდ, მანევრირების წესების უხეში დარღვევით, რამაც გამოიწვია ავტომობილის გზის დამცავ ჯებირთან შეჯახება. კო---------------------–---–ის ქმედება ცდებოდა სადაზღვევო დაფარვას და ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.

 

დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარი გახდა მხარეთა შორის სამოქალაქო დავის დაწყების საფუძველი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით კო---------------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ს-----------------------------ი ჯ-----ს” კო---------------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 31 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით შპს „ს-----------------------------ი ჯ-----ს“ კო---------------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროა 2076,26 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და 2768 ლარის გადახდა მოსარჩელის წარმომადგენლის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით.

 

დავის დასრულების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სს ,,არ--------------ა“-ს მიერ 2018 წლის 23 მარტს განხორციელდა სადაზღვევო თანხის ანაზღაურება 81 565,66 ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 30 მარტის წერილით სს ,,არ--------------ა“-მ მიმართა კო---------------------–---–ს და მოითხოვა დაზიანებული ავტომანქანის საკუთრებასა და ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა. ამდენად, მას შემდეგ რაც დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად იქნა ცნობილი სს ,,არ--------------ა“, მას გადახდილი სადაზღვევო თანხის გათვალისწინებით გაუჩნდა ავტომანქანის ნარჩენის გადაცემის მოთხოვნის უფლება, სადაზღვევო პირობების 2.4. პუნქტის საფუძველზე.

 

შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებული დავის პირობებში დამზღვევს გააჩნდა ზრუნვისა და წინდახედულობის გამოჩენის ვალდებულება დაზღვეული ობიექტის მიმართ, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. რაც შეეხება მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებულ გარემოებებს, რომ კერძო დაცულ ავტოსადგომზე ავტომანქანის გადაყვანა მოითხოვდა შეუსაბამო ხარჯებს, მას ზიანის პრევენციისა და ზიანის შემცირების მიზნით 2018 წლის 30 მარტმადე, სანამ მზღვეველმა არ მოითხოვა ავტომანქანის გადაცემა, სს ,,არ--------------ა“-სათვის არ მიუმართავს, ხოლო მსგავსი მოქმედების განხორციელების შემთხვევაში მას შეეძლო მოეთხოვა დამატებით ზიანის შემცირებასთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებისას გაწეული ხარჯები, რაც დაუსაბუთებელს ხდის ზიანის პრევენციისა და შემცირებისათვის შეუსაბამო ხარჯებთან დაკავშირებით მოპასუხის განმარტებას.

 

8.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ავტომანქანის ნარჩენების ღირებულება ავტოავარიის შემდეგ შემცირებულია 16 255 ლარით.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა ზრუნვისა და წინდახედულობის გამოჩენის ვალდებულება. ვინაიდან, ზიანის პრევენციისა და შემცირებისათვის მოქმედების განხორციელების შემთხვევაში, არ მოხდებოდა ავტომანქანის ნარჩენების ღირებულების შემცირება.

 

შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია სს ,,არ--------------ა“-ს აუნაზღაუროს ზრუნვისა და წინდახედულობის ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი 16 255 ლარის ოდენობით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები. მოპასუხემ ზიანი მიაყენა მოსარჩელეს, შესაბამისად არსებობს მისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

კო---------------------–---–ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 1003,98 ლარი (ს.ფ. 36-39); მოსარჩელე ითხოვს აგრეთვე იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 1100,16 ლარის დაკისრებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა..”

 

ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის გათვალისწინებით კო---------------------–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

გამომდინარე იქიდან, რომ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა კო---------------------–---–ს სს ,,არ--------------ა“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 487,65 ლარის გადახდა.

 

10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. კო---------------------–---–ის სარჩელი სს ,,არ--------------ა“-ს მიმართ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სს ,,არ--------------ა“-ს შეგებებული სარჩელი კო---------------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოპასუხე კო---------------------–---–ს მოსარჩელე სს ,,არ--------------ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 16 255 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე კო---------------------–---–ს მოსარჩელე სს ,,არ--------------ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 487,65 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. კო---------------------–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი